რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს თბილისის მერის, დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებული ხუშტურები, ციფრებში ძნელი გამოსახატია, მაგრამ მოსახლეობას რომ მძიმე ტვირთად დააწვება, ფაქტია. აი, იმ მოსახლეობის ჯიბეს დაარტყამს, რომელზე გულაჩუყებულმა მერმაც, თითქოსდა სოციალური ფონის შემსუბუქების მიზნით, 1 ივლისიდან, ნაგვის გადასახადი გახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით დაუწესა. «წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან», ჰოდა, სექტემბერ-ოქტომბერში გამოჩნდება როგორ და რამდენით გააძვირა უგულავამ ნაგვის გადასახადით ჩვენი ცხოვრება.
ფართის მიხედვით დაწესებული გადასახადი კომპანიებისთვის
მუზეუმების, ბიბლიოთეკების, გალერეებისა და არქივებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი 1 კვადრატულ მეტრზე, 2 თეთრით განსაზღვრეს. მნიშვნელოვანია, რომ ფართის მიხედვით დაწესებულ გადასახდში ინფრასტრუქტურული ფართი არ შედის. ოფისების, სააგენტოების, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციების, სახელმწიფო დაწესებულებების, ბანკების, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციებისთვის კი 1 კვადრატულ მეტრზე, 10 თეთრი დააწესეს.
კინოთეატრების, თეატრებისა და საკონცერტო დარბაზებისთვის კი მაყურებლის ერთი სავარძლის მიხედვით, 41 თეთრი იქნება. მოხუცებულთა სახლების, ბავშვთა სახლებისა და უმწეოთათვის უფასო სასადილოებისთვის მომსახურების ერთ ადგილზე, 16 თეთრი განისაზღვრა. სკოლების, ინსტიტუტების, კოლეჯების, საბავშვო ბაგა-ბაღებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ერთ მოსწავლეზე, 25 თეთრი დაადგინეს.
რაც შეეხება სასტუმროებს, მათი მფლობელები დასუფთავების მოსაკრებელს მომსახურების ერთეულის, ანუ ერთი საწოლის მიხედვით, 2 ლარისა და 15 თეთრის ოდენობით გადაიხდიან. საავადმყოფოებისთვის კი ერთ საწოლზე, 1 ლარი და 45 თეთრია განსაზღვრული, ხოლო პოლიკლინიკების, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრების, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტებისთვის 1 კვადრატულ მეტრზე, 20 თეთრი დაწესდა. სტადიონების, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების, ღია ტერიტორიების, მანეჟებისა და საჯინიბოებისთვის (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა), ღია ფართზე 1 კვადრატული მეტრის მიხედვით - 2 თეთრი, ხოლო დახურულ ფართზე 1 კვადრატული მეტრის მიხედვით - 10 თეთრი დაადგინეს.
სასურსათო საქონლის მაღაზიების სავაჭრო დარბაზში 1 კვადრატულ მეტრზე, 95 თეთრი, ხოლო სამრეწველო საქონლის, ზოო მაღაზიების, აფთიაქებისთვის 1 კვადრატულ მეტრზე, 31 თეთრი განისაზღვრა. აგრარული ბაზრების, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიებისთვის - 37 თეთრი, შერეული საქონლის ბაზრობებისთვის კი - 26 თეთრი.
ავტოსადგომები და საწყობები, პროდუქციის ხანგრძლივი დროით შენახვის საცავების გარდა, ღია ფართზე 1 კვადრატული მეტრის მიხედვით - 2 თეთრი, ხოლო დახურულ ფართზე - 10 თეთრი დაწესდა, დასუფთავების მოსაკრებელი ავტოგასამართ სადგურებზეც 10 თეთრი იქნება. რაც შეეხება მანქანის საჩვენებელ და გასაყიდ ნაგებობებს, ღია ფართზე 1 კვადრატული მეტრის მიხედვით - 5 თეთრი, ხოლო დახურულ ფართზე - 10 თეთრი დაწესდა. ავტომანქანების სარემონტო და სამრეცხაო სადგურების, ასევე ტექმომსახურების ადგილების ღია ფართზე 1 კვადრატული მეტრის მიხედვით - 2 თეთრი, ხოლო დახურულ ფართზე - 17 თეთრია.
აბანოებსა და საუნებში 1 კვადრატული მეტრის მიხედვით, 22 თეთრი, სადალაქოებსა და სილამაზის სალონებში კი - 43 თეთრი განისაზღვრა.
რესტორნების, პიცერიების, სასადილოებისთვის კი უმწეოთათვის უფასო სასადილოების გარდა, ასევე კაფეებისა და ბარებისთვის ერთ დასაჯდომ ადგილზე, 3 ლარი დააწესეს. საბანკეტო დარბაზებში სარიტუალო მომსახურებისთვის კი ერთ დასაჯდომ ადგილზე - 1 ლარი და 20 თეთრი. საცხობებსა და საოჯახო სამზარეულოებში 1 კვადრატული მეტრის მიხედვით, 32 თეთრი, ხოლო დისკოთეკების, ღამის კლუბების, კაზინოების, ტოტალიზატორების, სათამაშო და გასართობი ცენტრებისთვის კი - 45 თეთრი.
ვაგზლების, აეროპორტების, რკინიგზის, საავტომობილო და მეტროპოლიტენის სადგურებისთვის ღია ფართზე 1 კვადრატული მეტრის მიხედვით, 1 თეთრი, ხოლო დახურულზე - 10 თეთრი განსაზღვრეს. ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილებზე, სკვერებში, ბაღებსა და ატრაქციონებზე კვადრატული მეტრის მიხედვით, 1 თეთრი დადგინდა. რაც შეეხება სამხედრო ნაწილებსა და პენიტენციალურ სისტემებს, აქ დასუფთავების მოსაკრებელი ერთი ადგილის მიხედვით, 75 თეთრით განისაზღვრა. სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობებისთვის კი საწარმოო ნარჩენების გარდა, 1 კვადრატულ მეტრზე 5-თეთრიანი ტარიფი დაწესდა.
დასუფთავების მოსაკრებელი პროდუქციას გააძვირებს
რა პრინციპით დაადგინეს ეს გადასახადები, ძნელი სათქმელია. სადაა აქ ლოგიკა? რატომ რჩება უფრო მეტი ნაგავი, მაგალითად, საავადმყოფოს, რომელსაც ერთ საწოლზე 1 ლარი და 45 თეთრი დაუდგინეს და რატომაა უფრო ნაკლები ნაგავი აგრარულ ბაზარზე, სადაც 1 კვადრატული მეტრის მიხედვით, 37 თეთრი განსაზღვრეს. ალბათ, იმიტომ, რომ აგრარული ბაზრის ტერიტორია უფრო დიდია და თუ ფართის მიხედვით, 37 თეთრზე გადავამრავლებთ, თვის ბოლოს, ჯამში სოლიდური თანხა გამოვა. ზუსტად ეს ქმნის პრობლემას, რადგან აგრარული ბაზრის მფლობელი ადგება და გამყიდველს დახლის იჯარას გაუძვირებს, თავის მხრივ, გამყიდველიც გააძვირებს გასაყიდად გამოტანილ პროდუქტს და მერე, ამ გაძვირებულ პროდუქტს ზუსტად ის მოსახლეობა იყიდის, რომელიც ნაგვის გადასახადს გახარჯული დენის მიხედვით იხდის.
იგივე სიტუაციაა სუპერმარკეტებშიც. რამდენიმე მარკეტის მენეჯერმა არაოფიციალურად, დიქტოფონის გარეშე აღნიშნეს, თუ ივლისის ბოლოს დასუფთავების მოსაკრებელი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე აქამდე იყო, პროდუქტებს ფასს მოუმატებენ.
როგორ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე იურიდიული პირებისთვის დაწესებული დასუფთავების მოსაკრებელი? «ვერსია» პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრს, გურამ ჩახვაძეს დაუკავშირდა:
- თბილისის ხელისუფლება თვითონაც ვერ გარკვეულა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ტარიფია, თუ მოსაკრებელი. თქვეს, რომ ეს არის ტარიფი და ამას ასაბუთებენ იმით, რომ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, რომ ქალაქი არ უნდა იყოს ნაგავში, მაგრამ მოდით, ვნახოთ, რა პრობლემები შეიძლება ამან შექმნას. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო დაუცველი ქვეყნების სიაშია, აქ იგულისხმება ფასების მატება, იმპორტსა და ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება, ასევე მძიმე სოციალური ფონი და უმუშევრობის მაღალი დონე. ამის გათვალისწინებით, ცხადია, ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესს პრობლემები შეექმნებათ. თუ ეს გადასახადი ბიზნესს გაუძვირდება, რა თქმა უნდა, მოსახლეობას მომსახურებასა და საქონელს გაუძვირებს, ანუ იმას, რასაც აწარმოებს და ეს ისევ ჩვენს მოქალაქეებს დააწვება მძიმე ტვირთად.
ვფიქრობ, მხოლოდ ტარიფების გაზრდა პრობლემას ვერ მოხსნის, რადგან საყოფაცხოვრებო ნარჩენების დარგს ჩვენთან სულ სხვა მიმართულება აქვს, არ გვაქვს უტილიზაციის ცნობილი სისტემა, რომელიც ბევრ ქვეყანაშია დანერგილი. უტილიზაციის სისტემა ნაგვის არა მხოლოდ მოშორებას, არამედ - მის გადამუშავებასაც გულისხმობს, რაც საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია.
გეთანხმებით, ბატონო გურამ, ნაგვის გადამუშავებით ეკოლოგიურად სუფთა და რაც მთავარია, იაფი გაზი და დენი მიიღება.
- ის იძლევა მეორად ნედლეულს, რომელიც შეიძლება გაიყიდოს და თვითონ ეს დარგი წამგებიანი არ არის. ახლა ამ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ვაგროვებთ და ერთიანად ვყრით. თუ ამ დარგის განვითარებაზე არ ვიფიქრეთ, მაშინ მილიონნახევრიან ქალაქში, ეს პრობლემა ყოველთვის იქნება, რაც მოქალაქეებს და ბიზნესს მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს. სხვათა შორის, ამით კერძო ბიზნესიც უნდა დავაინტერესოთ, რომ ამ დარგში ინვესტიციები ჩადოს. ასეთ შემთხვევაში, ნარჩენების გატანის მომსახურება რენტაბელური, ანუ მოგებაზე ორიენტირებული გახდება. ბუნებრივია, ეს იქნება შეღავათი იგივე ბიუჯეტისთვის, რაც ხელს შეუწყობს ტარიფებისა და გადასახადების, თუ გნებავთ, მოსაკრებლის დაწევას. უფრო მეტიც, ბევრ ქვეყანაში ნარჩენებს მოსახლეობისგან ყიდულობენ და ასეთი პრაქტიკაც არის. ჩვენ თუ მარტო ნაგვის მოშორებაზე ვფიქრობთ, მაშინ ვერ განვვითარდებით, ამიტომ ქალაქის მესვეურებმა მხოლოდ ტარიფების გაზრდაზე კი არ უნდა იზრუნონ, რაც სოციალურ ფონს დაამძიმებს და ეკონომიკას გააძვირებს, არამედ - ამ დარგის განვითარებაზეც.
როგორ შეიძლება, რომ საავადმყოფოს ერთ საწოლზე 1,45 ლარი დავუწესოთ და აგრარულ ბაზარს კი კვადრატულ მეტრზე - 97 თეთრი?
- სამედიცინო ნარჩენების გაუვნებელყოფა, ან მისი დაგროვება და დამარხვა, უფრო ძვირადღირებულია, რადგან ეს დაკავშირებულია პრეპარატებთან, ან ისეთ ნარჩენებთან, რაც საშიშია გარემოსა და ადამიანებისთვის. სანიტარული ნორმები სრულიად განსხვავებულია სამედიცინო ნარჩენებისთვის, ვიდრე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ კრიტერიუმების შეფასება გამიჭირდება. ზედაპირულად რომ შევაფასოთ, რასაც თქვენ ამბობთ, ცოტა უცნაური მგონია.
ნებისმიერ შემთხვევაში, ამა თუ იმ ობიექტის მფლობელი, მას შემდეგ, რაც თვის ბოლოს დასუფთავების მოსაკრებელი მიუვა, ცალკეულ პროდუქციას არ გააძვირებს?
- გეთანხმებით, რა თქმა უნდა, მომსახურებას და საქონელს გააძვირებს. ჩემი აზრით, აქ კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი საკითხია - როდესაც ისეთი ტარიფი ან მოსაკრებელი შემოგაქვს, რომელიც იზრდება, ან სრულიად ახალ სისტემას ნერგავ, მას დრო სჭირდება, რათა ბიზნესმა ადაპტაცია მოახერხოს. არ შეიძლება ახალი სისტემის მყიფიერად შემოტანა. როდესაც გადასახადი იზრდება, ან ტარიფი იცვლება, გარკვეული პერიოდი უნდა დატოვო, ეს რეგულაცია ძალაში უნდა შესულიყო 2012 წლიდან, რადგან ბიზნესმა 2011 წელი არსებული ტარიფების ფარგლებში დაგეგმა. როდესაც ამას ცვლი და თან კომპენსაციასაც არ აძლევ, ბიზნესს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აგდებ. ესაა ელემენტარული, ეკონომიკური ლოგიკა, რადგან ასეთი მყისიერი გადაწყვეტილება ეკონომიკისთვის ყოველთვის არაჯანსაღია.