ნაციონალური კრება შედგება (Türkiye Büyük Millet Meclisi) 550 დეპუტატისგან, რომლებიც ირჩევიან 4 წლის ვადით, პარტიული სიებით - პროპორციული წესით.
თურქეთის მმართველმა პარტიამ, თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ, პარლამენტში წინადადება შეიტანა, რომ საერთო-სახალხო არჩევნები 12 ივნისს დანიშნულიყო. აღნიშნული წინადადება პარლამენტმა 2011 წლის 3 მარტს დაამტკიცა.
ქვეყანა დაყოფილია 85 საარჩევნო ოლქად, რომლებიც წარმოადგენენ თურქეთის 81 პროვინციას (სტამბული დაყოფილია სამ საარჩევნო ოლქად, ხოლო ანკარა და იზმირი ორ-ორ საარჩევნო ოლქად). პარლამენტში ადგილების დასაკავებლად 15 პოლიტიკური პარტიის 7 492 და 203 დამოუკიდეველი კანდიდატი იბრძოდა. არჩევნებზე დარეგისტრირებული იყო 50 329 342 ამომრჩეველი, მათგან არჩევნებში მონაწილეობა 42.941.763 ამომრჩეველმა (85% მეტი) მიიღო. ამ მხრივ აღნიშნული არჩევნები მართლაც რომ რეკორდული იყო.
გასულ წელს, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რომლის მიზანიც ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება იყო, წლევანდელი არჩევნები ხასიათდებოდა რიგი სიახლეებით. კერძოდ:
დეპუტატის მინიმალური ასაკი შემცირდა 30-დან 25 წელზე; ხის გაუმჭვირვალე საარჩევნო ყუთები პლასტიკატისგან დამზადებული გამჭვირვალე ყუთებით შეიცვალა; ხმის მიცემის კაბინები მაქსიმალურად უზრუნველყოფდნენ ამომრჩეველთა უსაფრთხოებას და ნების გამოხატვის კონფიდენციალობას; საარჩევნო კონვერტი გახდა უფრო დიდი ზომის და სხვადასხვა ფერის, გამომდინარე საარჩევნო სპეციფიკიდან; თურქულის გარდა სხვა ენაზე აგიტაციის წარმოება აღარ გამოიწვევდა სისხლის სამართლებრივ დევნას, აღნიშნული ცვლილება საშუალებას აძლევდა პოლიტიკური ძალებს, ეწარმეობინათ ქურთულ ენაზე აგიტაცია; ამომრჩევლისთვის თავისუფალი ნების გამოხატვაში ხელის შეშლა დაისჯებოდა 3-5 წლით თავისუფლების აღკვეთით;უნდა ითქვას, რომ გამორჩეული იყო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის მიღებული ზომებიც. მარტო ანკარაში და სტამბულში წესრიგის დასაცავად სპეცსამსახურების 25 ათასზე მეტი თანამშრომელი იყო მობილიზირებული. არჩევნების დღეს სასტიკად აიკრძალა ყველა სახის სპირტიანი სასმელების გაყიდვა. მიუხედავად ამისა ინციდენტების გარეშე არჩევნებს მაინც არ ჩაუვლია. არჩევნების წინა დღეს თურქეთის პროვინცია ბიტლისში ნახეს დემოკრატიული მემარცხენე პარტიის კანდიდატის, 33 წლის ბედრი აიდინის გვამი. მკვლელობის ადგილიდან ამოღებულ იქნა ავტომატ კალაშნიკოვის ჰილზები.
ექსპერტების აზრით, ეს არჩევნები შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად თურქეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ისტორიაში, რადგან სწორედ ახლადარჩეულმა პარლამენტმა უნდა მიიღოს ქვეყნის ახალი კონსტიტუცია, რითაც განისაზღვრება თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებები. ეს კი თურქეთის განვითარების ამ ეტაპზე, მართლაც რომ უმნიშვნელოვანესი საკითხია არა მარტო თურქეთის რესპუბლიკისთვის არამედ მთლიანად რეგიონისთვისაც კი.
ექსპერტთა ნაწილი გამოთქვამდა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თურქეთში პოლიტიკური პარტიების წარმატება არჩევნებზე განსაკუთრებით იყო დამოკიდებული მათ ლიდერებზე. ამ ტენდენციის მიზეზად კი თურქი ერისთვის დამახასიათებელი კოლექტივისტური კულტურა სახელდება.
ისტორიულად, თურქები იშვიათად ერთიანდებოდნენ იდეოლოგიის გამო, ასევე - იშვიათად იღებდნენ გადაწყვეტილებას ოჯახის უფროსის, ლიდერის, სულთანის ან ნებისმიერი ავტორიტეტული ფიგურის გარეშე. ამ ფონზე საკმაოდ საინტერესოა 2010 წლის დეკემბერშიი თურქული ტრატეგიული და სოციალური კვლევების ცენტრის Metropol-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. გამოკითხულთა 40.6%-მა პოლიტიკური პარტიის სასურველ ლიდერად დაასახელა რეჯეპ ერდოღანი (სამართლიანობისა და განვითარების პარტია), 22.5%-მა ქემალ კილიჩდაროღლუ (სახალხო რესპუბლიკური პარტია), 8.6%-მა კი დევლეთ ბაჰჩელი (ნაციონალური მოძრაობა). ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მმართველ პარტიას, ერდოღანის მეთაურობით, ჰყავს ქარიზმატული ლიდერი, რაც მრავალი ექსპერტის აზრით, წარმატების ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო.
უნდა აღვნიშნოთ, რომ წინასაარჩევნი კამპანიაში პარტიები აქტიურად იყენებდნენ სომხურ და ქურთულ თემატიკას. იმდენად, რამდენადაც სომხური დიასპორა პატარაა, ერდოღანი არ გეგმავდა მისი მხარდაჭერის მოპოვებას. ქურთების საკითხში სიტუაცია საკმაოდ ჩახლართულია - სომხებისგან განსხვავებით, ისინი საკმაოდ ძლიერები არიან. 2007 წლის არჩევნებზე ქურთები გამოვიდნენ არა ერთიან პარტიად, როგორც 2002-ში, არამედ - ცალკეულ კანდიდატებად. ამან განაპირობა ის, რომ თურქეთის აღმოსავლეთ და, ძირითადად ქურთებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავეთ პროვინციებში მათ სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს და პარლამენტში 21 მანდატი მიიღეს.
ერდოღანის უმთავრესი მიზანი იყო, ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებამდე სერიოზული არეულობის გარეშე მიეყვანე, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი და მმართველი პარტიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდებოდა.
შიდაპოლიტიკრი სიტუაციის დესტაბილიზაცია ქვეყანაში შეეძლო ქურთების მუშათა პარტიას. თუმცა, 2010 წლის 13 ოქტომბერს ერდოღანმა ქურთების წინამძღოლის, სამუდამო პატიმრობაში მყოფი აბდულა ოჯალანის დახმარებით შეძლო პარტიასთან მოლაპარაკება საპარლამენტო არჩევნებამდე. როგორც თურქული მედია აღნიშნავს, ერდოღანმა შერიგების დასამყარებლად ოჯალანის მოთხოვნათა ნაწილი მიიღო.
რაც შეეხება თურქული საზოგადოების განწყობას ამ საკითხთან დაკავშირებით, იგი ქურთების საკითხს კვლავ ნომერ პირველ პრობლემად თვლის ქვეყანაში. ზემოთხსენებული Metropol-ის გამოკითხვის თანახმად, 52.1%-ის აზრით საბოლოდ ქურთები შეძლებენ შექმნან ცალკე სახელმწიფო. 59.9%-მა თურქეთის მუშათა პარტია დაასახელა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ. 64.5% გამოვიდა ოჯალანთან მოლაპარაკების წინააღმდეგ, 88% კი თვლის, რომ მმართველი პარტია ინარჩუნებს კავშირს ქურთების მუშათა პარტიასთან.
პირველი სერიოზული გამწვავება წინასაარჩევნო ბრძოლის დროს პროქურთული პარტიის კანდიდატების გამო მოხდა 19 აპრილს, რომდესაც უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ არჩევნებში მონაწილეთა სიიდან მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიის 7 კანდიდატი იმ მიზეზით ამოიღო, რომ ისინი ნასამართლევები იყვნენ, რაც არ აძლევდა მათ უფლებას, კენჭი ეყარათ პარლამენტში. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ თურქეთის მთელი რიგ პროვინციებში ქუჩაში ასეულობით დემონსტრანტი გამოვიდა. მმართველი პარტიის ოპონენტებმა ეს გადაწყვეტილება შეაფასეს, როგორც დემოკრატიულ პრინციპებთან წინააღმდეგობაში მყოფი. ამ ვერდიქტმა კრიტიკა ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდანაც დაიმსახურა.
წარმოქმნილი პრობლემის გადასაჭრელად პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტს, ა. გიულისა და დიდი ნაციონალური კრების სპიკერს, მეჰმეტ ალი შახინს შორის. შეხვედრამდე თავის განცხადებაში ა. გიულიმ განაცხადა: „პრობლემის გადასაჭრელად საკითხს ყველა კონსტრუქციულად უნდა მიუდგეს... ამასთან, მათი კანდიდატურები მოხსნილია გარკვეული დოკუმენტაციის არწარდგენის გამო. ვინაიდან ეს დოკუმენტები უკვე წარდგენილია, არავითარი პრობლემა არ უნდა შეიქმნას“. თავის მხრივ, შახინმა განაცხადა, რომ სურს ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს, თუ კანონმდებლობის მხრიდან არ არის რაიმე ბარიერი ამ კანდიდატებთან დაკავშირებით.
შეხვედრიდან 24 საათის შემდეგ პროქურთული პარტიის დეპუტატების კანდიდატურები აღდენილ იქნა.
ქურთული პრობლემა და მისი გადაჭრის გზები წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ბევრი პარტიისთვის პოტენციური მომხრეების რაოდენობის ზრდის სერიოზულ ბერკეტს წარმოადგენდა. სახალხო-რეპუბლიკურმა პარტიამ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პროგრამა გამოაქვეყნა. დოკუმენტში შეთავაზებული იყო მთელი რიგი ცვლილებები პოლიტიკური, სოციალური, კულტურულ და ეკონომიკური სფეროებში. განსხვავებით მმართველი პარტიისგან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონების ეკონომიკური განვითარება გადაჭრის თურქეთში მცხოვრები ქურთების ყველა პრობლემას, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის გენერალურმა თავმჯდომარემ, ქემალ კილიჩდაროღლუმ ხაზი გაუსვა სერიოზული პრობლემების არსებობას დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების კუთხით.
მისმა მოადგილემ, სეზგინ ტანრიკულუმ, თავის მხრივ, გააკრიტიკა მმართველი პარტიის პოზიცია ქურთების საკითხში და განაცხადა, რომ მათი ყველა დაპირება და გეგმა დარჩება ქაღალდზე, და პრობლემა პრობლემად დარჩება, თუმცა, რეგიონის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულობას სახალხო-რესპუბლიკურ პარტიაშიც აღიარებენ.
ალბათ მნიშვნელობის ამ მაღალმა ხარისხმაც განაპირობა ის, რომ ეს არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიური არსენალის მრავლფეროვნებითა და სიუხვითაც გამოირჩეოდა: - მკაცრი საინფორმაციო დაპირსპირებები მრავალნაირი კომპრომატიული მასალების გამოყენებით, სატელეფონო მოსმენებზე ბრალდებები, სექსუალური სკანდალები, სასამართლო გარჩევეის სიუხვე და ტერქატებიც კი.
გარდა ამისა, არჩევნების წინა პერიოდში ნაციონალური მოძრაობის გარშემო საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა (გამოქვეყნდა სკანდალური ვიდეოები). ექსპერტების წრეში საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა ვერსია, რომ ეს სკანდალები ინიცირებული იყო კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ იმ მიზნით, რომ ნაციონალებს დაეკარგათ 10%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი. არიელ კოენმა (ექსპერტული საბჭოს, Trend-ის წევრი) გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს აჟიოტაჟი ყველაზე მეტად ხელს მმართველ პარტიას აძლევდა, ვინაიდან თუკი ნაციონალები ვერ გავიდოდნენ პარლამენტში, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ რეალური შანსი ექნებოდა მოეპოვებინა საკონსტიტუციო უმრავლესობა.
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ არჩევნებისთვის პარტიების მზადების პროცესის ანალიზი გვაძლევს საშუალებას გამოვიტანოთ დასკვნა, რომ წინასაარჩევნო ეტაპი ყველაზე წარმატებით და ორგანიზებულად მმართველმა პარტიამ გაიარა. რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობდა ადმინისტრაციული რესურსიც, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს ამ პარტიის წინასაარჩევნო ბრძოლის ყველა მიმართულებით გამოყენებული მოქნილი ტაქტიკა და სტრატეგია.
ამ დასკვნას ამყარებს სხვადასხვა წინასაარჩევნო გამოკითხვები. მაგალითად, თურქული კვლევითი ცენტრის, Andy-ar ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აშკარად ჩანს, თუ როგორ იმატა მმართველი პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობამ 2010 წლის სექტემბრის შემდეგ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს მართლაც წარმატებული წინასაარჩევნო კამპანიის შედეგია.
(აქ მოყვანილია ის პარტიები, რომელთაც წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად 10%-ზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვეს)
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს მონაცემებით სავალდებულო 10% ბარიერი მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა. დამაჯერებელი გამარჯვება მმართველმა პოლიტიკურა ძალამ, „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ მიიღო-ხმათა 49, 83% (21 399 082 ხმა) . შედარებისთვის აღნიშნულმა პარტიამ 2002 წლის არჩევნებზე 34,28%, ხოლო 2007 წლის არჩევნებზე 46,58% მიიღო. შესაბამისად პარტიამ თავისი წარმომადგენლობა პარლამენტში 327-მდე გაზარდა. ეს გამარჯვება პრემიერ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტიას უფლებას აძლევს ერთპარტიული მთავრობის ფორმირებაზე.
მეორე ადგლი, 25, 98 პროცენტით (11 155 972 ხმა), ძირითადმა ოპოზიცირმა „სახალხო-რესპუბლიკურმა“ პარტიამ დაიკავა. მან შესაბამისად პარლამენტში 135 მანდატი მოიპოვა.
მესამეზეა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ , რომელმაც 13,01პროცენტის (5 585 513) საფუძველზე 53 ადგილი მოიპოვა.
ახალი მოწვევის პარლამენტში 35 ადგილი მოიპოვეს დამოუკიდებელმა კანდიდატებმა, რომლებიც პროქურთულ „მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიას“ წარმოადგენენ. პარტიამ აირჩია უკვე გამოცდილი და წარმატებული ტაქტიკა და თავისი წარმომადგენლები დამოუკიდებელ კანდიდატებად წარადგინა. კანონით ეს ნებადართულია. სამხრეთ-აღმოსავლეთ საარჩევნო ოლქებში, რომლებიც უპირატესად ეთნიკური ქურთებით არის დასახლებული, ამ კანდიდატებს გამარჯვების პრაქტიკულად სრული გარანტია ქონდათ. ახალი პარლამენტის მუშაობის დაწყების შემდეგ ეს დეპუტატები ჩამოაყალიბებენ საკუთარ ფრაქციას და დააფიქსირებენ, რომ წარმოადგენენ მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიის ინტერესებს.
ახლად არჩეული პარლამენტის შემადგენლობა ძალიან მრავალფეროვანია. პალამენტის თითქმის მეხუთედს იურისტები შეადგენენ- 107 ადგლი, 71 ადგილი ინჟინრებმა მოიპოვეს, 37-ექიმებმა, 10 ჟურნალისტებმა. არჩეულთა შორის არიან მასწავლებლები, არქიტექტორები, პოლიტოლოგები, ფინანსისტები, ეკონომისტები, ბიზნესმენები, სოციოლოგები, ფარმაცევტები, პროგრამისტები, ვეტერინარები, ფერმერები, დიასახლისები, თეოლოგები, მუსიკოსები, პროდიუსერები, მწერლები, სპორტსმენები და სხვა. ქალთა წარმომადგენლობა 50-დან 78-მდე გაიზარდა, რაც პარლამენტის 14% შეადგენს ( ქალები 1934 წლიდან მონაწილეობენ თურქეთის საარჩევნო-პოლიტიკურ ცხოვრებაში). ახლად არჩეულ ქალ დეპუტატთა შორისაა ლეილა ზანა, ქურთების უფლებების დამცველი, რომელმაც 10 წელი გაატარა თურქეთის ციხეში.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგად ციხიდან პირდაპირ პარლამენტში გადაინაცვლებს რამდენიმე პირი, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულებისთვის იყვნენ ბრალდებულები ეგრეთწოდებულ „ ერგენეკონისა“ და „ბალიოზის“ (ურო) საქმეებზე. კერძოდ: ჟურნალისტი მუსტაფა ბალბაი არჩეულ იქნა ინგდირიდან სახალხო-რესპუბლიკური პარტიის სიით. ამავე პარტიის სიით მოხვდნენ პარლამენტში უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი მეხმედ ხაბერალი და პატიმრობიდან ხელწერილით გათავისუფლებული ილხან ჯიხანერი, პროკურორი რომლის მიერაც იყო ინიცირებული მმართველი პარტიის დახურვის საქმე. სტამბულში, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სიებით დეპუტატი გახდა „კვიპროსის ლეგენდად“ წოდებული გადამდგარი გენერალი ენგინ ალანი.
პარლამენტში მოხვდა მკვეთრად ანტი-სომხური განწყობების ორი კანდიდატიც. მმართველი პარტიის მიერ ანკარის მეორე საარჩევნო ოლქში წარდგენილი იყო ერთადერთი სომხური ენის მცოდნე თურქი ისტორიკოსი სეით სერტჩელიკი, რომელმაც დაწერა სომეხთა გენოციდის უარმყოფელი წიგნი. კონიას პროვინციაში, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით პარლამენტში მოხვდა ასევე თავისი „ანტი-გენოციდური“ განწყობების ცნობილი, თურქეთის ისტორიკოსთა საზოგადოების ყოფილი ხელმძღვანელი, იუსუფ გალაჩო.
თურქეთის სამ უდიდეს ქალაქს, სტამბულს, ანკარასა და იზმირს პარლამენტში 132 წარმომადგენელი ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ სტამბულში (85 მანდატი) და ანკარაში (31 მანდატი) დამაჯერებელი გამარჯვება მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ მოიპოვა, მაშინ როცა იზმირში (16 მანდატი) წარმატებას ოპოზიციურმა „სახალხო რესპუბლიკურმა“ პარტიამ მიაღწია. მმართველმა პარტიამ თურქეთის 12 პროვინციაში აბსოლიტურად ყველა საპარლამენტო მანდატი წაიღო, მაშინ როცა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის სამ პროვინციაში ( ხაკიარი, იგდირი, ტუნჯელი) მათ ვერცერთი მანდატი ვერ მოიპოვეს. შედარებისთვის დანარჩენმა ორმა ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიამ, სახალხო-რესპუბლიკურმა და ნაციონალურმა მოძრაობამ, შესაბამისად ქვეყნის 33 და 47 პროვინციაში ვერცერთი საპარლამენტო მანდატი ვერ მოიპოვა. ეს ფატები გარკვეულწილად თურქეთის პროვინციების მკვათრ პოლარიზაციაზე მეტყველებს.
ახლადარჩეული პარლამენტის 201 დეპუტატი წინა მოწვევის შემადგენლობაშიც იყო, ხოლო 349 დეპუტატი, პარლამეტის შემადგენლობის 63%, პირველად იქნა პარლამენტში არჩეული. ამ ფაქტიდან შეგვიძლია დავასკვნათ რომ თურქეთის წამყვან პარტიებს თვითგანახლებისა და ამომრჩევლებისათვის სიახლის შეთავაზების უნარი გააჩნიათ.
ზემოთ აღნისნული მოსალოდნელი საკონსტიტუციო რეფორმიდან გამომდინარე პრემიერ ერდოღანის პარტიას ამ არჩევნებზე პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი გააჩნდა. პროგრამა მინიმუმი გულისხმობდა პარტიის მიერ ზედიზედ ისეთი უმრავლესობის აღებას, რომელიც შესაძლებლობას მიცემდა მათ ერთპარტიული მთავრობის შექმნისა. პროგრამა მაქსიმუმის მიზანი კი იყო საკონსტიტუციო რეფორმის გატარებისათვის საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობის, პარლამენტის შემადგენლობის 2/3 აღება. მიხედავად იმისა რომ თითქმის ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მმართველ პარტის დაუჭირა მხარი, მათ მაინც ვერ შეძლეს საკონსტიტუციო უმრავალესობის მოპოვება, თუმცა ერთპარტიული მთავრობის ფორმირებისათვის საჭირო მანდატების რაოდენობა მოიპოვეს. პრემიერ ერდოღანის პარტია იძულებული იქნება საკონსტიტუციო რეფორმის გატარებისათვის საჭირო ხმების მოსაგროვებლად საპარლამენტო ოპოზიციასთან გარკვეულ პოლიტკურ კომპრომისებზე წავიდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ პროქურთული ორიენტაციის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ერთობლიობაში ამორჩეველთა თითქმის სამი მილიონი ხმა მიიღეს, შეძლევა დავასკვნათ რომ „ქურთული საკითხი“ კვლავ აქტუალურ და მტკივნეულ საკითხად რჩება თურქული საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.
საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს თემას წარმოადგენდა პარტიების წინასაარჩევნო კამპანიაში, მმართველი პარტიის ხედვით, ორ ძირითად საკითხს ეხება.
პირველი საკითხია თურქეთის არმიის გავლენის მაქსიმალური შესუსტება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. თურქეთის არმიის გენერალიტეტს ჰქონდა და აქვს პრეტენზია ითვლებოდეს სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ძალად. ამ ამბიციებიდან გამომდინარე არმია აქტიურად ერეოდა ქვეყნის პოლიტკურ ცხოვრებაში. ფაქტია რომ გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან მოყოლებული არმიამ რამდენჯერმე (1960, 9171, 1980, 1997წ.წ) მოახდინა სამხედრო გადატრალება. ამჟამად მოქმედი კონსტიტუცია 1982 წელს არის მიღებული და ის 1980 წლის 12 სექტემბრის სამხედრო გადატრიალების პოლიტიკური-სამართლებრივი პროდუქტია.
პრემიერ ერდოღანის მთვარობამ უკვე გადადგა პრაქტიკული და ქმედითი ნაბიჯები სამხედროთა გავლენის შესასუსტებლად. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ეგრეთწოდებული „ბალოზისა“ და „ერგენეკონის“ საქმეები, რომელთა სფუძველზეც ამჟამად 30-ზე მეტი თურქი გენერალი და ადმირალი იხდის სასჯელს. სხვათაშორის თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად, ეს უკანსკნელი სწორედ სამხედროების ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის შესუსტებას აყენებს. ექსპერტების აზრით ამ ამოცანის პრაქტიკული და სამართლებრივი გადაწყვეტის ყველანაირი წინაპირობა ამჟამად სახეზეა. ახლა ამ ამოცანის რეალიზაციის დროა და სავარაუდოდ ამისთვის მმართველი პარტია უკან არაფრის გამო არ დაიხევს.
მეორე საკითხი საკონსტიტუციო რეფორმისა სახელმწიფო მმართველობის ფორმის ცვლილებას ითვალისწინებს. დღევანდელი მდგომარეობით აღმასრულებელი ხელისუფლება პრაქტიკულად მთლიანად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელშია კონცეტრირებული. პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობის კანდიდატი (ლიდერი) ხდება. ერთიდაიგივე პირეს შეუძლია ეს პოსტი არაუმეტეს სამჯერ ზედიზედ ეკავოს. საქმე ის არის რომ პრემიერი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, ამ არჩევნების შედეგად, ბოლო მესამე ვადით გახდა პრემიერი. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მას მოუწევს „პოლიტიკურ პენსიაზე“ გასვლა. არადა მოქმედი პრემიერი ხალხში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეიძლება ითქვას, რომ „თურქთა მამის“ ქემალ ათათურქის შემდეგ ქვეყანას არ ყოლია ისეთი გამორჩეული ლდერი, როგორიც ერდოღანია. ფაქტია რომ მისი პრემიერობის პერიოდში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 3 ათასიდან 10 ათას დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მ.შ.პ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდამ 2010 წელს 8,9% შეადგინა, უმუშევრობა 13%-დან 10%-მდე შემცირდა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით თურქეთის ეკონომიკური ზრდა 2011 წელს 4,1% იქნება, მაშინ როდესაც იმავე ბანკის პროგნოზით ევროზონის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 1,5-2% ფარგლებში იმერყევებს. სახეზეა ეკონომიკური პროგრესი.
წარმატებით ხორციელდება მმართველი გუნდის მიერ აღებული ქვეყნის ეგრეთწოდებული „პოლიტიკური ისლამიზაციის“ კურსიც. ერთი შეხედვით პარადოქსია, რომ იმ დროს როცა თურქეთის სამხედრო ელიტა ითვლებოდა ქვეყნის საერო სახელმწიფო დარჩენისა და დასავლურ ფასეულობათა გარანტად, სწორედ მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ მიერ დეკლარირებული აღნიშნული პოლიტიკური კურსის შედეგად ხდება კანონმდებლობისა და სასამართლო სისტემის დემოკრატიზაცია, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებების გაზრდა და დაცვა.
თურქეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა თავისი სამხედრო ძლიერებით თვით NATO-შიც კი. ქვეყანა სულ უფრო მეტად დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებს. ქვეყანა მტკიცედ ადგას საგარეო პოლიტიკაში „ნული პრობლემები მეზობლებთან“ დოქტრინას. მრავალ ვექტორიანი ეფექტური საგარეო პოლიტიკა თურქეთს უდავოდ სძენს რეგინალური ლიდერის სტატუს.
ყოველივე ამანა განაპირობა პრემიერ ერდოღანის მზარდი პოპულარობა. ბუნებრივია რომ როგორც მმართველ გუნდს ისე თავად ერდორანს სურს საზოგადოების მხარდაჭერის გამოყენება და საკონსტიტუციო ცვლილებების გზით ქვეყნის მმართველობის შეცვლა. კერძოდ ახალი ცვლილებების მიზანია ქვეყნის პრეზიდენტის ამჟამინდელი სიმბოლური ძალაუფლებიდან რეალურ და ძლიერ გაზრდილ ძალაუფლებამდე გაზრდა. მოკლევადიან პერსპექტივაში ამა რეფორმას ძალიან კონკრეტული პოლიტიკური მიზანი გააჩნია, მიეცეს პრემიერ ერდოღანს შესაძლებლობა დაიკაოს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი, რაც მას დღევანდელი გადმოსახედიდან შესაძლაბლობას მიცემს პრემიერობის ვადის ამოწურვის შემდეგ კიდევ 10 წლით (5+5) დარჩეს ხელისუფლების სათავეში.
თუ „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ ვერ მოახერხებს პარლამენტში ოპოზიციის დარწმუნებას და საკონსტიტუციო რეფორმისთვის საჭირო სრული შემადგენლობის 2/3 ხმების შეგროვებას მას მოუწევს დაადგეს საყოველთაო რეფერენდუმის გზას. ამ გზაზე თურქეთისა და ზოგადად მსოფლიოს დინამიური და ცვალებადი პოლიტიკის პირობებში მმართველი პარტია შეიძლება სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგეს. მითუმეტეს გამოკითხვების შედეგები, რომელიც სააგენტო IKSara-მ ჩაატარა, მოწმობს, რომ ერდოღანის ამ ინიციატივას ამომრჩევლებში საკმარისი მხარდაჭერა არ ექნება. 2000-ზე მეტი რესპოდენტიდან 42%-მა უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, 36%-მა - დადებითი, ხოლო 22%-ს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. იმ ამომრჩეველთა უმრავლესობამ (60%-ზე მეტმა), რომელიც ტრადიციულად არჩევნებზე ძირითად ოპოზიციურ პარტიებს უჭერს მხარს, ეს ინიციატივა არ მოიწონეს.
არჩევნების შედეგები ყველა წმყვანმა პოლიტიკურმა ძალამ აღიარა. ოპოზიციური „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ქემალ კილჯდაროღლუმ აღნიშნა რომ მათი მხარდაჭერთა რიცხვი ბოლო ნახევარწელიწადში 3,5 მილიონამდე გაიზარდა, რაც მათი პარტიისთვის ბოლო 30 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია. თვის მხრივ მეორე ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დევლეტ ბახჩელმა განაცხადა „ ჩვენი პარტია პატივისცემით ეკიდება დიდი თურქი ხალხის არჩევანს. დღეიდან ჩვენი პარტია იქნება ეღტიანი მთლიანი, რათა მივიღოთ ჩვენი ხალხის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა და აუცილებლად გავხდეთ ლიდერი ძალა“
და ბოლოს, თუქეთში ჩატარებული არჩევნები ეუთოსა და ევროპის საბჭოს მიერ აღიარებულ იქნა როგორც კარგად ორგანიზებული, დემოკრატიული და პლურალისტური არჩევნები, თუმცა ხაზი გაესვა ზოგადად ძირითადი თავისუფლებების გაუმჯობესებას.
როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა პია კრისმას-მილერმა (დანია) განაცხადა „თურქეთმა იმისათვის რომ სრულად შეასრულოს თავისი დემოკრატიული ვალდებულებები, უნდა გააკეთოს უფრო მეტი, ვიდრე ხმის მიცემის დღეს არჩევნების ეფექტურ-პროფესიონალური პროცედურებია“
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის კერსტინ ლუნდგრენის (შვეცია) განცხადებით კი 10% ბარიერი ყველაზე მაღალია ევროპაში და იგი კვლავ რჩება არჩევნებთან დაკავშირებულ ცენტრალურ საკითხად. მისი თქმით „ქვეყანაში სადაც მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანებისა ეროვნულ უმცირესობებს მიეკუთვნება, ამ ბარიერმა შეიძლება გააძნელოს ურთიერთობაქმედაბა მოსახლეობასა და საკანომდებლო ხელისუფლებას შორის“.
არჩევნებს თურქეთში 30 ქვეყნის 61 პარლამენტარი აკვირდებოდა. დამკვირვებლებმა კმაყოფილება გამოთქვეს არჩევნების უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მიმართ.