მთავარმა პროკურატურამ "ელიზი-ჯგუფის" პრეზიდენტი, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი 7 წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის დააკავა. მასთან ერთად დაკავებული არიან - ბიზნესმენის რძალი (შვილის ცოლი) სალომე ივანიშვილი და მისი მძახალი. დაკავებული არიან ასევე, ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ოთხი ექიმი-ფსიქიატრი. მათ შორის, ცნობილი ექიმი, გოგი ნანეიშვილი.
როგორც "მედიანიუსს" ელიზბარაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველმა, სალომე ივანიშვილის ადვოკატმა, დავით ხაჟალიამ უთხრა, ოჯახის წევრების დაკავება ორშაბათს მოხდა. ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ეჭვმიტანილის სტატუსით არიან დაკავებული. სავარაუდოდ, მათი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება, რომელიც წინასწარი პატიმრობის მისჯაზე გამოიტანს განაჩენს.
ხაჟალიას განცხადებითვე, ექსპერტების დაკავებაც გუშინვე მოხდა.
როგორც ხაჟალიამ "მედიანიუსს" უთხრა, ფსიქიატრები ეჭვმიტანილები არიანი ყალბი დასკვნის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის აღებაში. ელიზბარაშვილის ოჯახი კი, შესაბამისად, ქრთამის მიცემაშია ეჭვმიტანილი.
კერძოდ, საუბარია ამჟამად პატიმრობაში მყოფ გურამ ელიზბარაშვილზე, რომელიც თამაზ ელიზბარაშვილის შვილია და რომელმაც 7 წლის წინ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ახალგაზრდა კაცი მოკლა მისავე დაბადების დღისადმი მიძღვნილ სუფრაზე, იუბილარის რამდენიმე თანამეინახე კი მძიმედ დაჭრა. სწორედ გურამ ელიზბარაშვილზე გაცემულ ფსიქიატრიულ დასკვნაზეა საუბარი, რომელიც ექსპერტებმა შეურაცხადად შეაფასეს, გამოძიების ვერსიით - ქრთამის სანაცვლოდ. გამოძიების ინფორმაციით, იმ კომისიის ხელმძღვანელი, რომელმაც ყალბი დასკვნა გასცა, გოგი ნანეიშვილი იყო.
ამჟამად გურამ ელიზბარაშვილი გლდანის მე-8 საპყრობილეში სასჯელს მკვლელობის მუხლით იხდის. მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ ელიზბარაშვილისა და მისი ოჯახის წევრების დაკავების ფაქტს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს არ აკეთებენ. ამ დრომდე უცნობია აღიარებენ თუ არა დაკავებულები დანაშაულს. როგორც დაკავებული სალომე ივანიშვილის ადვოკატი დავით ხაჟალია ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ დაკითხულა და შესაბამისად არაა ცნობილი, აღიარებს თუ არა დანაშაულს. დაკავებულები მოდულის შენობაში იმყოფებიან.
ბიზნესმენის დაკავებასთან დაკავშირებით არაფერი იციან, "ფირმა ელიზში", რომელიც თამარაშვილის 19-ში მდებარეობს. დაცვის სამსახურის წარმომადგენელი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მათთვის არაფერია ცნობილი. "ჩვენ არაფერი არ ვიცით, ვინ გითხრათ, რომ დაკავებული არიან? აქ არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს."
თამაზ ელიზბარაშვილის ფირმა სიგარეტის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. ის საზოგადოებისთვის კიდევ იმითაა ცნობილი, რომ უპატრონო ძაღლების თავშესაფარს ინახავს. ელიზბარაშვილს რამდენიმე წლის წინ კონფლიქტი ჰქონდა სამართალდამცველებთან, რომლებმაც მას და მამამისს "იქს-5" მარკის "ბეემვეს" ჯიპები ჩამოართვა. თავად ბიზნესმენი აცხადებდა, რომ ეს უკანონოდ მოხდა. შემდეგ ეს მანქანები, პრეზიდენტის განკარგულებით, ფინანსურ პოლიციას გადაეცა.