რატომ ეწინააღმდეგებოდა სტალინი გერმანიის დანაწევრებას

რატომ ეწინააღმდეგებოდა სტალინი გერმანიის დანაწევრებას

ხშირად ამბობენ, ერთმა ქართველმა დაშალა გერმანია, ხოლო მეორემ გააერთიანაო. თითქმის იგივე გაიმეორა შევარდნაძემ ორი წლის წინ „ინტერპრეს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში: „თუ ერთმა ქართველმა სტალინმა, გერმანია ორად გახლიჩა, მე შევეცადე, ვალი მომეხადა ამ ქვეყნის წინაშე და მისი გაერთიანებისთვის შემეწყო ხელი“.

იმისთვის, რომ დავადგინოთ სიმართლე, გავეცნოთ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის მოწყობის საკითხებს და საბოლოო პასუხი გავცეთ, თუ როგორ გაერთიანდა გერმანია.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როდის დაისვა პირველად საკითხი ომის შემდგომი გერმანიის მოწყობის შესახებ და როგორ დამთავრდა საბოლოოდ გერმანიის დანაწევრება?

აღნიშნული საკითხი პირველად განხილულ იქნა თეირანის კონფერენციაზე (1943 წლის 28 ნოემბერი-1 დეკემბერი), რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის მეთაურები: ფრანკლინ რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი და იოსებ სტალინი. გერმანიის დანაწევრების საკითხი პირველმა რუზველტმა დააყენა. მან განაცხადა, რომ საჭიროა, გერმანია ხუთ სახელმწიფოდ დაიყოს. ესენი იყვნენ: 1) პრუსია; 2) ჰანოვერი და ჩრდილო-დასავლეთის რაიონები; 3) საქსონია და ლაიფციგი; 4) ჰესენის პროვინცია, დადარმშტადტი, კასელი და რაინის სამხრეთით მდებარე რაიონები, აგრეთვე, ვესტფალის ძველი ქალაქები; 5) ბავარია, ვიურტენბერგი.

რუზველტის წარმოდგენილ გეგმას მხარი დაუჭირა ჩერჩილმა, ხოლო სტალინმა საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა, რომ „არ არსებობს რაიმე ისეთი ღონისძიება, რომელსაც შეეძლოს გამორიცხოს გერმანიის გაერთიანების შესაძლებლობა“. თეირანის კონფერენციაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

იალტის კონფერენციაზე (1945 წლის 4-11 თებერვალი) რუზველტმა კვლავ დააყენა საკითხი, ოღონდ, უკვე გერმანიის საოკუპაციო ზონებად დაყოფის შესახებ. სამი სახელმწიფოს მეთაურებმა გადაწყვიტეს, რომ საფრანგეთს გამოუყონ თავისი საოკუპაციო ზონა, ესე იგი, შეიქმნას ოთხი საოკუპაციო ზონა და ჩამოყალიბდეს საკონტროლო კომისია ოთხი წევრისგან.

სამი მოკავშირე სახელმწიფოს მეთაურთა იალტის კონფერენციაზე მიღებულ კომუნიკეში ნათქვამი იყო: „მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაციზმი და მილიტარიზმი აღმოიფხვრება, წარმოიშობა გერმანელი ხალხის ღირსეულად არსებობის იმედი და გამოინახება მისი ადგილი ერთა თანამეგობრობაში“.

პოტსდამის კონფერენციის (1945 წლის 17 ივლისი-2 აგვისტო) დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, მოულოდნელად გარდაიცვალა ფრანკლინ რუზველტი და იგი ავტომატურად შეცვალა ჰარი ტრუმენმა, რომელსაც მანამდე ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

პოტსდამში ჩერჩილმა დაჟინებით მოითხოვა გერმანიის სამ სახელმწიფოდ დაყოფა: 1) სამხრეთ გერმანია; 2) ჩრდილოეთ გერმანია და 3) დასავლეთ გერმანია. ჩერჩილის ამ წინადადებას მხარი დაუჭირა ტრუმენმა. კონფერენციაზე გამოსვლისას იოსებ სტალინმა კვლავ უარყო გერმანიის დანაწევრების საკითხი. აი, რა თქვა მან: „ამ წინადადებას ჩვენ უარვყოფთ, ის არაბუნებრივია. გერმანია კი არ უნდა დანაწევრდეს, არამედ ის უნდა გახდეს ერთიანი, დემოკრატიული და მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო“. ამასთან, სტალინმა თავის სიტყვაში დააყენა საკითხი გერმანიის სრული დემილიტარიზაციის შესახებ, რომ ამისთვის უნდა მოხდეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მთლიანი დემონტაჟი და მისი გატანა გერმანიიდან, რათა გერმანიამ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახდინოს თავისი სამხედრო პოტენციალის აღდგენა-განმტკიცება და არ გაუჩნდეს რევანშის სურვილი. გერმანიის ეკონომიკის აღდგენის შესახებ გადაწყდა, რომ მთავარი ყურადღება მიექცეოდა მშვიდობიანი დანიშნულების მრეწველობასა და სოფლის მეურნეობის განვითარებას. კონფერენციამ განსაზღვრა საკითხი გერმანიის სამხედრო პოტენციალის მოსპობის შესახებ. სტალინი სამართლიანად მოითხოვდა გერმანიისგან რეპერაციების მიღებას.

ცნობისთვის, აღვნიშნავთ, რომ 1945 წლის 28 ივლისს კონფერენციის მუშაობაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რანგში მონაწილეობა დაიწყო კლიმენტ ეტლიმ, რომელმაც არჩევნებში დამარცხებული კონსერვატორთა ლიდერი, ჩერჩილი შეცვალა. ისიც საინტერესოა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ეტლი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი იყო.

საბოლოოდ, პოტსდამის კონფერენციაზე გადაწყდა გერმანიის დაყოფა ოთხ საოკუპაციო ზონად, სადაც უმაღლეს ძალაუფლებას განახორციელებდნენ საბჭოთა კავშირის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლები: მარშალი ჟუკოვი, ფელდმარშალი მონტგომერი, გენერალი ეიზენჰაუერი და გენერალი დელარტ დე ტასინი.

გერმანიის დანაწევრების შესახებ ვრცელი და დაწვრილებითი ინფორმაციები მოცემულია წიგნებში: 1. „თეირანი, იალტა, პოტსდამი“ (დოკუმენტების კრებული. თბილისი, 1969 წელი); 2. გიორგი ჟუკოვი – „მოგონებები და ფიქრები“ (მოსკოვი, 1970 წელი).

პოტსდამის კონფერენციის მუშაობის შემდეგ გავიდა წელიწადზე ცოტა მეტი დრო და იოსებ სტალინმა 1946 წლის 23 ოქტომბერს ამერიკული სააგენტოს – „იუნაიტედ პრესის“ პრეზიდენტ ჰიუ ბეილისგან მიიღო ოცდათერთმეტი კითხვა, რომელთაგან შვიდი ეხებოდა ომის შემდგომი გერმანიის პრობლემებს. სტალინის პასუხები შესაბამისად და მთლიანად ეხებოდა გერმანიის გაერთიანებისა და მისი დემოკრატიზაციის პროცესებს. ქვემოთ მოგვყავს ჰიუ ბეილის მხოლოდ ორი კითხვა და მათზე იოსებ სტალინის საინტერესო პასუხები, თავიანთი სიზუსტითა და ლაკონურობით.

მე-9 კითხვა: „ფიქრობთ თუ არა თქვენ, რომ ახლო მომავალში გერმანიაში ოკუპაციის ოთხი ზონა უნდა გაერთიანდეს ეკონომიკური ადმინისტრაციის მხრივ, რათა აღდგენილ იქნეს გერმანია, როგორც მშვიდობიანი ეკონომიკური ერთეული და, ამრიგად, ოთხ სახელმწიფოს შეუმსუბუქოს ოკუპაციის სიმძიმე?“

პასუხი: „საჭიროა, აღდგენილ იქნეს გერმანიის არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ერთიანობა“.

მე-10 კითხვა: „მიგაჩნიათ თუ არა შესაძლებლად ამჟამად ერთგვარი ცენტრალური ადმინისტრაციის შექმნა თვით გერმანელთა ხელში, მაგრამ მოკავშირეთა კონტროლით, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, შეიმუშაოს გერმანიასთან საზავო ხელშეკრულება?“

პასუხი: „დიახ, მიმაჩნია“.

(გაზეთი „კომუნისტი“, ¹218. თბილისი, 1946 წლის 30 ოქტომბერი).

აი, ასეთი იყო სტალინის პოზიცია ერთიანი გერმანიის არსებობის შესახებ. აქ, რომ იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.

გავიდა ხანი და ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის კონტროლის ქვეშ მყოფი საოკუპაციო ზონები გაერთიანდა და შეიქმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ხოლო საბჭოთა საოკუპაციო ზონის საფუძველზე ჩამოყალიბდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. თუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა ბონი, მაშინ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქად გამოცხადდა ბერლინი.

დროთა განმავლობაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გამყოფ საზღვარზე წარმოიქმნა ეგრეთ წოდებული „ბერლინის კედელი“. ზოგიერთი ანტისტალინელი გვიმტკიცებს, რომ ბერლინის კედელი სტალინის გადაწყვეტილებით იქნა აგებული, არადა, ეს მტკნარი სიცრუეა და მოგონილია შოვინისტურად განწყობილი რუსეთის ნაციონალისტ-პატრიოტების მიერ. ბერლინის კედელი ნიკიტა ხრუშჩოვის პირადი განკარგულებით აიგო და, რაც მთავარია, კედლის ფუნდამენტში ბეტონის ხსნარი პირველმა ხრუშჩოვმა ჩაასხა. აქვე, ინტერესმოკლებული არ იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ, როდესაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, კონრად ადენაუერმა, ოფიციალურად მიმართა ხრუშჩოვს თხოვნით, ორივე გერმანიის გაერთიანების შესახებ, ამ უკანასკნელმა ცინიკურად უპასუხა: „მირჩევნია, 17 მილიონი იყოს ჩემი მომხრე, ვიდრე გაერთიანების შემდეგ 70 მილიონი მოწინააღმდეგე გერმანელი...“

ინტერესმოკლებული არ იქნება, თუ აღვნიშნავთ, რომ 1953 წლის 28 მაისს გაიმართა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც განიხილეს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საკითხი. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ იქ ხალხის მღელვარება გამოწვეულია გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელების მიერ დაშვებული პოლიტიკური შეცდომებით; რომ იქ სოციალიზმს აშენებდნენ დაჩქარებული ტემპებით; რომ ასეთი ფორსირებული გზა პოლიტიკურად მიუღებელია; რომ საჭიროა, საქმეს უფრო ფრთხილად მოეკიდონო. პრეზიდიუმის მაშინდელ სხდომაზე ბერიამ თქვა: „ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობიანი გერმანია, ხოლო იქნება იქ სოციალიზმი თუ არა, ჩვენთვის სულერთია... საჭიროა, შეიქმნას ნეიტრალური, დემოკრატიული და გაერთიანებული გერმანია“...

მიუხედავად ბერლინის კედლის დაბრკოლებისა, 1952-1953 წლებში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან დასავლეთ გერმანიაში გაიქცა ნახევარი მილიონი კაცი და ამ საკითხთან დაკავშირებით მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე ბერიამ გამოთქვა აზრი, რომ: „აღმოსავლეთ გერმანიაში სოციალიზმის აშენება საჭირო არ არის; აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანებას ხელი უნდა შეეწყოს, რომ ერთიანი გერმანია იყოს მშვიდობისმოყვარე ბურჟუაზიული სახელმწიფო კოალიციური მთავრობით, რომლის ჩამოყალიბებაში შესაბამისი თანაბარი და პარიტეტული მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა გამარჯვებულმა სახელმწიფომ“... (გაზეთი „სოვერშენნო სეკრეტნო“, ¹11, 1993 წელი).

გერმანიაში დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ყველაზე გასაიდუმლოებული საბჭოთა მზვერავი-აგენტი ოლღა ჩეხოვა. იგი 1922 წლიდან ბერლინში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა. მან კინემატოგრაფიის დარგში მიიღო განათლება და ცნობილი კინომსახიობი გახდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ოლღა ჩეხოვა ევა ბრაუნის ძალზე ახლო მეგობარი იყო და იგი ჰიტლერის ოჯახში დიდ დროს ატარებდა; აგრეთვე, ახლოს იყო გებელსთან და ნაცისტთა სხვა ლიდერებთან. ისიც ცნობილია, რომ ის 30-იანი წლების ბოლოს, ბერიას „ფარული აპარატის“ ერთ-ერთი აქტიური აგენტი იყო. საერთოდ, ლავრენტი ბერია 15 წლის განმავლობაში საბჭოთა სტრატეგიულ დაზვერვას ხელმძღვანელობდა.

1953 წლის დასაწყისში ოლღა ჩეხოვას პირადად ბერიასგან ჰქონდა დავალებული მოლაპარაკებების გამართვა დასავლეთ გერმანიის კანცლერ კონრად ადენაუერის გარემოცვასთან, რისთვისაც ჩეხოვას უნდა გამოეყენებინა ახლო და ფართო კონტაქტები. მასვე უნდა გამოერკვია, თუ რამდენად შესაძლებელი იყო ბერიას ინიციატივა გერმანიის გაერთიანების საკითხში და მისი რეალიზაცია. მაგრამ მან ეს ვერ მოასწრო, რადგან 1953 წლის 15 ივნისს აღმოსავლეთ გერმანიაში დაიწყო მღელვარება, ხოლო 17 ივნისს ბერლინის ქუჩებში უკვე იდგნენ საბჭოთა ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები, საღამოს კი „წესრიგის დასამყარებლად“ საბჭოთა ჯარებმა ცეცხლი გახსნეს...

გერმანიის გაერთიანება მხოლოდ 1990 წლის 3 სექტემბერს მოხდა, როცა საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა და უფსკრულისკენ მიექანებოდა. რუსი ჟურნალისტი ანდრეი კარაულოვი გაზეთ „სოვერშენნო სეკრეტნოში“ (1997 წლის იანვარი) წერდა, რომ იმჟამინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ჰელმუტ კოლმა საბჭოთა კავშირის პირველ და უკანასკნელ პრეზიდენტს, მიხაილ გარბაჩოვს, გერმანიის გაერთიანებისთვის 100 მილიარდი გერმანული მარკა შესთავაზა.

კარაულოვი თავის ინფორმაციაში არ აზუსტებს გერმანიის გაერთიანების სანაცვლოდ გაღებული თანხიდან ვის რა წილი ერგო, მაგრამ, სრული სიმართლეა ის, რომ სწორედ გორბაჩოვის გადაწყვეტილებით მოხდა ორი გერმანიის გაერთიანება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დროშის ქვეშ და მისი დედაქალაქი კვლავ ბერლინი გახდა.

ასე რომ, გერმანიის გაერთიანების მთავარი შემოქმედი იყო გორბაჩოვი, ხოლო ყველა დანარჩენი თანამებრძოლი ან თანამოაზრე ასრულებდა მის მითითებებს, განკარგულებებსა და ბრძანებებს.

ასეთია სიმართლე, რომელსაც ვერსად გავექცევით, რადგან ისტორია პირუთვნელია და ჭეშმარიტება ყოველთვის იღაღადებს.