"ხელისუფლების ზოგიერთი წევრი გენერალ ბორისოვს საქართველოდან პურმარილს უგზავნის“

"როცა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზეა ლაპარაკი, ნუ დაგვავიწყდება ერთი რამ: თუ სკოლაში ვასწავლით ბავშვებს, რომ ტოტლებენმა სპარსელებთან ბრძოლაში მიგვატოვა, ისიც ვასწავლოთ, რომ ხუთი წლის განმავლობაში რუსეთთან ომისთვის გვაქეზებდნენ და რომ დავმარცხდით, წყალი და რაღაც გამოგვიგზავნეს", - ამბობს ექსთავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც რუსეთზე საუბრისას ტონი საკმაოდ შეარბილა.

ისე, დღეს მოდურიც კი არის რუსეთის მაღალჩინოსნებთან (ან სპეცსამსახურებთან)  ოპოზიციის კავშირებზე საუბარი. "შავ სიაში"  მოხვდა ოქრუაშვილიც, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას ჩრდილოელ მეზობელზე  "მკვახე გამონათქვამებს" არ იშურებდა. თუმცა, მის ზოგიერთ ყოფილ თანამებრძოლს თუ დავუჯერებთ, ოქრუაშვილი ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრობისას ფარულად ხვდებოდა იგორ გიორგაძეს(?!). ასე რომ სავსებით შესაძლებელია, ხელისუფლების ამჟამინდელი არაერთი წევრიც რუსეთისადმი თავის დამოკიდებულებას სხვათა დასანახავად სიძულვილით ნიღბავდეს.

სხვათა შორის, ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომელიც გივი თარგამაძესაც იცნობს და გენერალ ბორისოვსაც (მათთან ურთიერთობის გაფუჭების თავიდან ასარიდებლად ვინაობის დასახელება არ ისურვა) საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა: "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის  ოკუპანტებთან კავშირი ღალატად ითვლება, თავად ხელისუფლების წევრებისთვის ეს დასაძრახი არ არის. მაგალითად, ვიცი, რომ გენერალ ბორისოვთან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს დღესაც აქვს ურთიერთობა.

თავად ბორისოვის ოჯახის წევრებმა მითხრეს, რომ მან პენსიაზე გასულ გენერალს შარშან ახალი წელი საქართველოდან გაგზავნილი პურმარილით, დაბადების დღე კი ძვირფასი საჩუქრებით მიულოცა. ეტყობა, ეს ძველი მეგობრობის შეხსენება და კეთილგანწყობის ნიშანი იყო. ბორისოვმა კი უხერხულობის თავიდან ასარიდებლად ტელეფონის ნომერი გამოიცვალა, მის საუბრებს რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები გამუდმებით უსმენდნენ. თუმც თარგამაძემ გენერლის ახალი ნომერი მოიძია და მასთან ურთიერთობა განაახლა".

ცხადია, ამ ინფორმაციის დაზუსტება ან უარყოფა ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარების გამო ბორისოვთან დაკავშირება ძნელია, ხოლო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დიდი ხანია არამეგობარ ჟურნალისტებს არ პასუხობს.

გენერლები ბორისოვი და კოლპაჩენკოვი გორის საოკუპაციო დაჯგუფებას ხელმძღვანელობდნენ. ქართველი მაღალჩინოსნებისა და მათი ურთიერთობა ომის დღეებში დაიწყო. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ქართულმა მხარემ ოკუპანტებს ფული გადაუხადა, რომ დანაღმული გორის ბაზა მიწისაგან პირისა არ აღეგავათ.

ირაკლი ალადაშვილისამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალისმთავარი რედაქტორი:

"როცა გორის ბაზაში რუსები და ოსები შევიდნენ, მასობრივი ძარცვა დაიწყეს, გადაიცვეს ჯარისკაცების გამონაცვალი უნიფორმები (რომელიც პირველ ქვეით ბრიგადას  ერაყში ყოფნისას ეცვა), თან წაიღეს მანამდე ხელუხლებელი მ-4 ტიპის ავტომატური კარაბინები, საჭურველი და  ათასი სხვა რამ, რაც კი ბაზაში ინახებოდა. როგორც ვიცი, რუს გენერლებს ზემდგომებისგან ნაბრძანები ჰქონდათ, გორის ბაზა აეფეთქებინათ. მათ ძირითადი კორპუსები ააფეთქეს, ინფრასტრუქტურის ნაწილი კი გადარჩა. რუსებმა კი, თუ არ ვცდები, 30 ათასი დოლარი  მოითხოვეს, რომ ინფრასტრუქტურა სრულიად არ გაენადგურებინათ. გენერლებმა იმდენად  ცოტა მოითხოვეს, ქართული მხარე განცვიფრდა კიდეც".

თავის დროზე "კვირის პალიტრის" შეკითხვას: - ქართველები რუსებს ფულს უხდიდნენ, რათა ინფრასტრუქტურა არ დაენგრიათ, მართლა ასე იყო თუ არა? - გაეროში საქართველოს ამჟამინდელმა ელჩმა კახა ლომაიამ უპასუხა: "გორში საჭირო იყო სამხედრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურის გადარჩენა. საკუთარი თვალით ვნახე პირველი ბრიგადის ბაზაში, შენობების სვეტებზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობები. ვისაც გორი 22 აგვისტოს, ოკუპანტების გასვლის შემდეგ უნახავს, იცის, რომ თითქმის დამთავრებული ოფიცერთა სახლების უდიდესი ნაწილი და სამხედრო ტექნიკური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ელემენტები გადარჩა.

ლაპარაკია ათეულობით მილიონ ლარად ღირებული ქონების გადარჩენაზე. ბორისოვსა და კოლპანჩეკოვს, როგორც საქართველოს მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, დღეში რამდენჯერმე ვხვდებოდი პირველი ბრიგადის ბაზაში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, კარალეთის გადასახვევთან, ეკლესიაში, ყველგან, სადაც ამას ჰუმანიტარული საჭიროება მოითხოვდა. რამდენჯერმე ერთად გვისადილია კიდეც".

ჩვენი ინკოგნიტო რესპონდენტი მოგვითხრობს: "ქართველმა თანამდებობის პირებმა სტალინის ძეგლის აფეთქება გენერალ ბორისოვს ერთ-ერთ რესტორანში სადილობისას შესთავაზეს. გენერალს ხუმრობით უთხრეს, გორს ბომბავდით და ბარემ სტალინის ძეგლიც დაგებომბათ, ამისთვის ფულსაც გადაგიხდითო. ეს ინფორმაცია ნაწილობრივ ვანო მერაბიშვილმაც დაადასტურა "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში, რომელმაც თქვა, გივი თარგამაძემ სტალინის ძეგლის ასაფეთქებლად ოკუპანტებს 50 ათასი დოლარი შესთავაზაო".

უცნაური ხალხი ვართ ქართველები, ჩვენთვის  საჩოთირო თემებზე მტრად შერაცხილი ქვეყნის მთავრობის კონტროლირებული მედიის წარმომადგენლებთან ვსაუბრობთ, იმას კი მონდომებით ვმალავთ, რაც დასაძრახი სულაც არ არის.

"ქართულ მხარეს რუსულ გენერალიტეტთან ურთიერთობა ინფორმაციის მოპოვებისთვის  სჭირდება და ის ამაში ფულსაც იხდის. ბორისოვი ახლა პენსიაზეა გასული და როგორც ჩანს, ამ საქმეს სიამოვნებით თანხმდება. მაგალითად, ქართულმა მხარემ რუსი გენერლებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს შეიარაღების და ტექნიკის შესწავლა, რომელიც გორიდან და სენაკიდან რუსებმა და ოსებმა გაზიდეს. ახლა ამ ტექნიკის ნაწილი ახალგორში, ნაწილი კი ცხინვალის რეგიონში ინახება. ზოგიერთ მათგანს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რათა დადგინდეს, რა გზით, რომელი ქვეყნებისგან შეისყიდა საქართველომ ისინი, ხელისუფლებას ძალიან კარგი რეზიდენტურა ჰყავს რუსეთშიც და პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც.

ხანდახან ქართველ თანამდებობის პირებს გენერლებთან ურთიერთობა პირადი ინტერესებიდან გამომდინარეც სჭირდებათ. მათ ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხებზეც აქვთ ინფორმაცია. მაგალითად, მე ხელისუფლებისთვის მაინცდამაინც საინტერესო ფიგურა დიდი ხანია აღარა ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ყოველთვის იციან ჩემი ადგილსამყოფელი, ვის ვხვდები..." - ამბობს ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, სამშობლოდან გადახვეწილი ვალერი გელბახიანი.