ლიტვამ საქართველო ბოლოს და ბოლოს აღიარა

ლიტვამ საქართველო ბოლოს და ბოლოს აღიარა

საქართველოს მოსახლეობისათვის ცოტა არ იყოს გასაკვირი იქნება  იმის შეტყობა, რომ ბალტიის სახელმწიფოებთან (ლიტვა-ლატვია-ესტონეთთან) ჩვენს ქვეყანას დღემდე არა აქვს სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობა.

თქვენ წარმოიდგინეთ, არათუ საელჩოები არ გახსნილა, არამედ „მესამე ქვეყნებში არსებულ საელჩოებშიც“ კი არ ასრულებენ ამ დიპლომატიურ ფუნქციას, როგორც ეს მიღებულია ხოლმე იმ შემთხვევაში, როდესაც რაიმე ტექნიკური მიზეზით ან ფინანსური პრობლემების გამო, სახელმწიფოს არ ძალუძს საელჩო გახსნას.

როგორც ჩანს, აქ მიზეზი სულ სხვა ხასიათისაა და იგი სწორედ ბალტიისპირელთა დამოკიდებულებაში უნდა ვეძიოთ და არა საქართველოს პოზიციაში.

საქართველო, რასაკვირველია, დღესვე აღმოფხვრიდა ორმხრივ ურთიერთობებში ყოველგვარ ნაკლოვანებას და სიხარულით შეავსებდა ვაკუუმს, მაგრამ ბალტიისპირელები დღემდე „ცივად ეკიდებიან“ შესაბამის თხოვნებს.

არადა, თუ გავიხსენებთ, როგორ იწყებოდა ჩვენი ურთიერთობა 1988-1989 წლებში, ამგვარი მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. იმ წლებში თუ ვინმე უჭერდა მხარს ბალტიის ქვეყნებს, - ეს საქართველო იყო.

მხოლოდ საქართველოში განვითარდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ისე რადიკალურად (ალბათ, უფრო რადიკალურადაც), როგორც ბალტიისპირეთში. მაგალითად, თუ ესტონეთში, „ეროვნული კონგრესი“, როგორც ალტერნატიული წარმომადგენლობითი (და არა საკანონმდებლო, რა თქმა უნდა) ორგანო 15-20 ათასმა მოქალაქემ აირჩია, ჩვენი „მოძრაობის“ ლიდერებმა, გადაწყვიტეს კონგრესისათვის ლამის პირველი პარლამენტის ფუნქცია მიენიჭებინათ (არათუ წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანოსი) და ლამის აღმასრულებელი სტრუქტურებით და შეიარაღებული ძალით („მხედრიონის“ სახით) აღჭურვეს.

გარდა ამისა, „კონგრესი“ საქართველოში (როგორც გვიმტკიცებენ) მთელმა მოსახლეობამ აირჩია. საქართველოს „ეროვნული კონგრესის“ ბრიყვული იდეის ადეპტებს ალბათ ახლაც ჰგონიათ, თითქოს ესტონელები (თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ) ბოიკოტს ვერ გამოუცხადებდნენ საბჭოთა არჩევნებს და საყოველთაო კენჭისყრით ვერ აირჩევდნენ „კონგრესს“, მაგრამ ეს მათ მიზანშეწონილად არ ჩათვალეს.

ჭკვიან ბალტიისპირელებში, რომლებიც ყოველთვის მიზანშეწონილობის რაციონალური პრინციპის შესაბამისად მოქმედებდნენ, ზიზღის მეტს არაფერს იწვევდა ქართველების ბრიყვული რადიკალიზმი.

9 აპრილის, აგრეთვე ე.წ. „სახალხო ფრონტის“ მარაზმატული „დამფუძნებელი ყრილობის“ შემდეგ ისინი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ საქართველოსთან საქმის დაჭერა არ შეიძლება – ეს უსარგებლოც იყო და გარკვეულწილად საშიშიც.

მათი ვარაუდი გამართლდა – კრემლის სპეცსამსახურებმა ქართველ პოლიტიკოსთა, მთლიანად ქართული პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოების უკულტურობის გამოყენებით, ადვილად მოახერხეს შეურიგებელი დაპირისპირების, საბოლოოდ კი, სამოქალაქო ომის პროვოცირება.

ასეთ ქვეყანასთან, ასეთ საზოგადოებასთან საქმის დაჭერა, რასაკვირველია, არავის ეპიტნავებოდა. თუმცა ბალტიისპირელებს ალბათ სხვა მოტივებიც ჰქონდათ: რაკი თავად გაინაღდეს დამოუკიდებლობა (მათ შორის 9 აპრილს დაღვრილი სისხლის მეშვეობითაც) - აღარ სურდათ საქართველოს გამო რუსეთის გაღიზიანება, მაგრამ რომ არა ჩვენივე სიბრიყვე და არაკონსოლიდირებულობა, - ლიტველ, ლატვიელ და ესტონელ პოლიტიკოსებს ასეთი ცინიკური პოლიტიკის გატარების საშუალება არ ექნებოდათ.

ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ლიტვა, ლატვია და ესტონეთი საქართველოს არ ცნობდნენ იმ საბაბით (ეს, რასაკვირველია, მხოლოდ საბაბი იყო), რომ „საქართველო არ ამჟღავნებს სწრაფვას დემოკრატიისაკენ და არღვევს ადამიანის უფლებებს“. ხოლო შემდგომ პერიოდში უკვე იმ მოტივით, რომ „საქართველოში ძალადობით დაამხეს კანონიერად არჩეული ხელისუფლება“. სინამდვილეში, ჭეშმარიტი მოტივი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე იყო, - მათ არ სურდათ რუსეთის „ზედმეტად“ გაღიზიანება.

ასეთ ცინიზმსა და უსინდისობაზე მხოლოდ ჩვენისთანა ხალხი შეიძლება რეაგირებდეს აღშფოთებით, თორემ საერთაშორისო პოლიტიკა და სახელმწიფოთა ურთიერთობები მხოლოდ და მხოლოდ ამგვარ საფუძველზე იგება.

პოლიტიკა ინტერესთა თანხვედრაა. ვიდრე ამგვარი თანხვედრა არსებობდა (ანუ ბალტიისპირელთა ინტერესები ემთხვეოდა საქართველოს ინტერესებს), ისინი ერთმნიშვნელოვნად გვიჭერდნენ მხარს, მაგრამ უმალვე დავავიწყდით, როგორც კი აღარ დავჭირდით.

იგივე ვიტაუტას ლანდსბერგისი, რომელიც ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს (როდესაც თავად ლიტვის ხელმძღვანელი იყო) საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარსაც არ კადრულობდა (საქართველოს დე-იურედ ან თუნდაც დე-ფაქტოდ ცნობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო), შემდგომ, როცა გამსახურდია კრიმინალურმა ხროვამ დაამხო, მოულოდნელად „ზვიადისტად“ იქცა და აცხადებდა, „საქართველოსთან ლიტვას არავითარი საქმე არ ექნება, ვინაიდან, ამ ქვეყანაში „კანონიერად“ არჩეული ხელისუფლება დაამხეს და მის მომხრეებს დევნიანო!“

ზვიად გამსახურდიას დაღუპვის შემდეგ, მან სპეციალური ესსეც კი უძღვნა საქართველოს პირველ პრეზიდენტს.

ამჟამად ლანდსბერგისი ლიტვის ხელმძღვანელი აღარ არის, აქედან გამომდინარე, მანევრისათვის მეტი სივრცე აქვს. მაგრამ მისი ჩამოსვლა საქართველოში უეჭველად მიანიშნებს ორ გარემოებაზე: ჯერ ერთი, ცივმა და პრაგმატიკოსმა ლიტველებმა საქართველოს პოლიტიკაშიც დაინახეს რაციონალური მარცვალი. გარდა ამისა, მათ ჩვენი ქვეყანა კვლავ რაღაცაში დასჭირდათ, ვინაიდან ევროპაში შექმნილი რეალობის გამო, ისევ მოხდა „ინტერესთა თანხვედრა“.