ვიღაცის ხოშს შეწირული ბაგრატის ტაძარი

ვიღაცის ხოშს შეწირული ბაგრატის ტაძარი

ქუთაისში ბაგრატის ტაძარს, როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, სექტემბერში ვხსნითო. ეტყობა, წითელი ლენტის გაჭრას აპირებს... და სანამ ეს საზეიმო ცერემონიალი დაიწყება, მოდით, ვთხოვოთ გამოჩენილ ქართველ არქიტექტორსა და მოღვაწეს - გიგა ბათიაშვილს, ორიოდ სიტყვა გვითხრას რესტავრაციის პრობლემების შესახებ: ღირს კი ტაშის დასაკრავად იმ „გახსნაზე“ მისვლა?

- ისტორიული ღირებულებანი, - ამბობს ბატონი გიგა, - სხვადასხვა მაჩვენებლის ერთობლიობაა: ასაკი, რომელიც ილუსტრაციაა იმ დროის, იმ ეპოქის, რომელშიც იგი დაიბადა, შეიქმნა და „ფეხზე დადგა“ - ისტორიის ძეგლია. მეორე, როცა მას გააჩნია მხატვრულ-კულტურული ღირებულება, და მესამე, როცა თავისთავად არც მხატვრული, არც არქიტექტურული თვალსაზრისით არავითარ ემოციებს არ იწვევს, სამაგიეროდ აქვს ბიოგრაფია, ანუ ამ შენობაში თუ ამ ადგილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ერისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა.

აი, მაგალითად, თბილისში, კალას უბანში, არის სახლი, სადაც პლატონ იოსელიანი ცხოვრობდა (პლატონ იოსელიანი - დიდი ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი, არქეოლოგიის მრავალმხრივი მკვლევარი, ძველი ქართული ლიტერატურული ძეგლების შემსწავლელი და გამომცემელი და ა.შ.), არაფრით გამორჩეული. მაგრამ სწორედ იქ დაწერა ამ შესანიშნავმა სწავლულმა თავისი ქრესთომატიული მნიშვნელობის ნაშრომები.

თქმულიდან რა უნდა დავასკვნათბატონო გიგა?

- ის, რომ ყველანაირი ჩვენი ქმედება იმ ეროვნული ღირებულებების მიმართ, რომელთა არაერთ გამოვლენაზე ეს-ესაა მიგანიშნეთ, ძალზე ფრთხილი, სათუთი და ყურადღებიანი დამოკიდებულება გვმართებს, რათა მეცნიერული ცოდნით შეიარაღებულებმა გავუხანგრძლივოთ სიცოცხლისუნარიანობა.

ნებისმიერ ასეთ ობიექტს რატომ ვუფრთხილდებით? იმიტომ, რომ სხვა თაობებმაც იხილონ, დააფასონ, შეისისხლხორცონ და იმ ქვეყნის ღირსეულ შვილებად იგრძნონ თავი, რომლშიც ეს ყველაფერი იქმნებოდა.

თქვენის ნებართვითკონკრეტიკაზე გადავიდეთ.

- გადავიდეთ, თორემ ლექციასავით გამომდის.

შეაფასეთთუ შეიძლებაამ კუთხით ჩვენი დღევანდელობა.

- ზოგ შემთხვევაში კმაყოფილი და აღტაცებულიც კი ვარ იმით, რაც ამ მიმართებით კეთდება, რადგან შედეგები მისაღებია. მაგრამ უმეტესად ვეწინააღმდეგები იმიტომ, რომ არ ჯდება იმ ჩარჩოებში, რომლებზეც ვილაპარაკეთ.

მე მესმის თქვენი ინტერესი, რომელიც ახალი ამბავია და ქუთაისის ბაგრატის ტაძართან არის დაკავშირებული.

ახალი - პირობითადრადგან ამ ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებრივი ინტერესის საგანიკარგა ხანიაარის.

- ჩემს დამოკიდებულებას გეტყვით. თუ კი ქალაქში, ამ შემთხვევაში ქუთაისში, შეიქმნება ადამიანის კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო პირობები, ამას რა სჯობს, რადგან კომფორტული არსებობა განაპირობებს პიროვნულ სიამაყესაც და თავისუფლებასაც, მაშასადამე, ადამიანების საქმიანობა უფრო სასარგებლო იქნება ქვეყნისთვისაც და ხალხისთვისაც.

ასეთი სიახლეები არ მაღიზიანებს.

მაგრამ, ამასთან ერთად, კეთდება ისეთი რამ, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია, სრულიად უცხოა ზოგადად ქართული კულტურისთვის და არ არის აღმოცენებული ქუთაისის არქიტექტურული სახის სპეციფიკიდან, ფესვიდან.

თბილისს თავისი სახე აქვს, ქუთაისს - თავისი. თუმცა ბევრიც საერთოა. მნიშვნელი შეიძლება საერთო ჰქონდეს, მაგრამ გამოვლენა - სხვადასხვა. ეს ისეთივე ნორმალური მოვლენაა, როგორც ქართული ენის განსხვავებული კილოკავები.

ჩვენ აღმოცენებულები ვართ ქრისტიანობის საფუძველზე, ვართ ფორმირებული რუსთაველის იდეოლოგიით, რომელმაც საუკუნე-ნახევრით გაუსწრო ევროპულ რენესანსს.

ქუთაისური არქიტექტურის ძირი და ფესვი ცოცხალია და მას ჰაიჰარად ვერ უარყოფ და ვერ შეცვლი. ისევე, როგორც თბილისთან დაკავშირებით მიუღებელია ძველის გარიყვით „ახალი ეპოქის“ შექმნა, ასევე, ქუთაისშიც აუცილებელია ტრადიციის, შთამომავლობითი პრინციპის დაცვა.

ახლა, კერძოდ, ბაგრატის ტაძარზე ვთქვათ, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული XI საუკუნის პირველ ოცწლეულში და რომლის ნანგრევების მეცნიერული შესწავლის, აღდგენა-კონსერვაციის სამუშაოები 1952 წლიდან მიმდინარეობდა.

ბაგრატ მესამემ, ყველამ ვიცით, საქართველოს სამეფოს გაერთიანება მოახერხა.

ტაძარი ამიტომ ერთიანი საქართველოს სიმბოლოდაა მიჩნეული.

- დიახ. აღმოსავლეთ საქართველოში - სვეტიცხოველი, დასავლეთში - ბაგრატის ტაძარი, ერთმანეთის საპირწონეები. ასეთი იყო ბაგრატ მესამის ზეობის ხელწერა...

მეოცე საუკუნემდე ამ ტაძარმა უმშვენიერესი, ულამაზესი ნანგრევების სახით მოაღწია.

ნაშთი ძველი დიდებისა“...

- საგანგებოდ ვერ მოაწყობდი იმ სცენას, იმ კომპოზიციას, ტაძრის ეზოში კაპიტელები და კოლონის ძირები რომ ეგდო ფრთამოტეხილი კედლების ფონზე.

შესანიშნავმა ქართველმა რესტავრატორმა, არქიტექტორმა ვახტანგ ცინცაძემ ბევრი იმუშავა ბაგრატის ტაძრის შესწავლაზე და მისი კონსერვაცია მოახერხა, გაუხანგრძლივა სიცოცხლე. საჭირო იყო მისი მეთოდების გამოყენებით მივდგომოდით ტაძრის ისტორიული ღირებულების შენარჩუნებას.

ისტორია კი გვასწავლის, რომ არსებობს არაერთი ძეგლი როგორც ჩვენს ეროვნულ, ისე ევროპის კულტურაში, როცა ძველ ტაძარს მიუშენებდნენ მეორეს - ახალს, მესამეს, პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, რომ ქრისტიანობამ შემოინახა ერი, სულიერების გადარჩენის ნიშნად.

ჩვენც ასე რომ მოვქცეულიყავით, აგვეგო მეორე ბაგრატი, იქვე, გვერდზე, რა დაშავდებოდა?! რატომ უცვლი ისტორიას? თუ ისტორიის გამდიდრება გინდა, შექმენი შენი. მოვა მესამე თაობა და, თუ საჭიროდ ჩათვლის, მიუშენებს თავის ტაძარს. ნუ წავშლით პირვანდელს, ნუ შევუცვლით სახეს.

ჩემი დამოკიდებულება უშუალოდ ტაძრისადმი ასეთია. ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ადამიანთა შორის, ვინც აღტაცებული იყო ბაგრატის ტაძრის დიდებული ნანგრევებით: თან გვეტირებოდა, თან გვიხაროდა, რომ ეს მშვენიერება, ვერსად სხვაგან ვერ განმეორდებოდა.

ესე იგიდაიკარგა ძველი ბაგრატი?

- ცხადია, წაიშალა. დარჩა ტექსტი, რომ ამ ადგილზე იყო ბაგრატის ტაძარი. შენობას რა სახითაც ამთავრებენ, სუბიექტური ხედვით გადაწყვეტაა. რაღაც ფრაგმენტებით დამაჯერებელია, რადგან ის ფრაგმენტები მიწაზე ეყარა და შენობას აშკარად ეტყობოდა, საიდანაც იყო ამოვარდნილი. ამის ზუსტად აღდგენა შეიძლება, მაგრამ ტაძრის დაგვირგვინება, მისი გუმბათი სუფთად სუბიექტური აღქმაა. რა უფლება მაქვს, ჩემი ხედვით წარმოდგენილი ისტორიის წაკითხვა გაიძულოთ?

სამშენებლო მასალაზე მინდა გკითხოთიტალიაშისაბერძნეთში არაფერი იციან თანამედროვე სამშენებლო მასალების შესახებარაფერი გაუგიათ რკინაბეტონზეარმატურაზემეტალოპლასტიკატზე და ამიტომ არც ფიქრობენ მათ გამოყენებას ძეგლების სარესტავრაციო სამუშაოების დროს?

- არ გამოუყენებიათ იმიტომ, რომ არც უცდიათ, ეს ძეგლები თანამედროვე ცხოვრების მწყობრში ჩაეყენებიათ.

ევროპის ტრადიციულ ქვეყნებში აქვთ მოწიწებული დამოკიდებულება თავიანთი ისტორიული სიწმინდეების, ძეგლების მიმართ და მხოლოდ და მხოლოდ მათ რესტავრაციაზე ზრუნავენ.

რესტავრაცია და კონსერვაცია კი და-ძმასავით არიან: რისი რესტავრაციაც შეუძლებელია, კონსერვაციას ექვემდებარება.

თუ რესტავრაცია გვინდა, ეს საქმე უნდა გავაკეთოთ იმ მასალით, რომლითაც შეიქმნა ეს ძეგლი. ეს ქრესთომატიულია. სამწუხაროდ, ბოდიშს კი ვიხდი, მაგრამ ბევრს, ვისაც ამ საქმისთვის ხელი აქვს მოკიდებული, განათლება აკლია. ან განათება აკლიათ ან არ ჰყოფნით პროფესიული პატივისცემა საკუთარი საქმისადმი და მიჰყვებიან სხვის ნაკარნახევს - როგორ გააკეთონ.

ტურისტებისთვის მიმზიდველი რომ გახდესო?

- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ცხოვრება ასე თუ ისე კალაპოტში ჩადგა და გაცხოველდა ტურიზმი, ბერძნებმა, ისტორიული პართენონი „ტურისტების შემოსევისგან“ რომ დაეცვათ, ძეგლის ტერიტორიაზე მარმარილოს ნატეხები დაყარეს, და მალემრწმენთა არმიაც კმაყოფილი დარჩა - „ისტორიული“ ნამუსრევი მიჰქონდათ და არავითარ ვანდალურ გამოვლენას ადგილი არ ჰქონია.

ბაგრატის ტაძრის ნანგრევები ერის სულიერების იმ ხელქმნილი ძეგლის ნაწილიარომელიც საკრალურ სიძლიერეს გამოასხივებსთანამედროვე სამშენებლო მასალების „სარკოფაგში“ მოქცეულს ხომ დაეკარგება თავისი ძალა და სიწმინდერწმენაზე ვლაპარაკობ.

- სხვა კუთხით შევხედოთ. ამ სიწმინდემ გადაარჩინა ქართველი ერი. დღეს საშუალება გვიჩნდება, რომ წინაპართა ნაკვალევზე უფრო ხმამაღლა ვთქვათ ჩვენი სიტყვა და გავაგონოთ დანარჩენ სამყაროს, რომ ვარსებობთ, ვაპირებთ ცხოვრებას და საქმის კეთებას, ისტორიას სახე კი არ შევუცვალოთ, არამედ დავტოვოთ ისეთად, როგორიც არის, როგორც ჩვენამდე მოაღწია, და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ვართ ძლიერი ერი, რომელიც ნანგრევებიდან აღვდექით. აგვეშენებინა იქვე ახლოს ახალი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ხოლო ისტორიულის რესტავრაცია-კონსერვაცია გაგვეხორციელებინა.

ვაშენოთ ახალი, მაგრამ მომავალ თაობებს დავუტოვოთ ის ძარღვი და ის ფესვი, რომელიც დღესაც გვაცოცხლებს.

ასეთია ეროვნული ყოფის ფილოსოფიის ჩემეული გაგება: გუშინდელის ამოკითხვა, გააზრება და ხვალინდელის გონივრული დაგეგმვა.

ისრაც ბაგრატთან დაკავშირებით გაკეთდა „კიჩია“?

- შეიძლება - კი. როცა არაპროფესიულია, „კიჩია“, როცა ისტორიულად, მეცნიერულ საფუძველზე არ არის წარმოდგენილი, „კიჩია“.

ქუთაისში ქუთაისობაზე ნასროლი იყო ფრაზა „ბაგრატს სექტემბერში გავხსნითო“. ასეთ დამოკიდებულებას (ტაძარი და გახსნა?!) ხომ არ ეწირება არქიტექტურაცრესტავრაციაცდა ბაგრატიც ამის მსხვერპლი ხომ არ არის?

- რა თქმა უნდა, არის.

საქართველოში ყველაფერი...

- ისევ ხოშით იმართება! პირველად თქვენთან საუბარში ვთქვი ასე, ხშირადაც გავიმეორე, რადგან საქართველოში მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.