(იბეჭდება შემოკლებით)
მაია ნადირაძემ, „ტრადიციონალისტმა“ ქალბატონმა „ექსტრავაგანტული“ გადაწყვეტილება მიიღო და „ნაციონალების“ საარჩევნო სახე გახდა.
ქალბატონო მაია, უკვე ოფიციალურად „განაციონალისტდით“, თუ უბრალოდ, „სააკაშვილის სიაში“ „ჯდებით“?
- მგონი, არ შეიძლება, რომ ერთ პარტიაში იყო და კენჭი მეორე პარტიიდან იყარო. ნაციონალური მოძრაობის წევრი არა ვარ. ისე, დავფიქრდები, კიდევ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციაში გავწევრიანდე თუ არა, მაგრამ ტრადიციონალისტები, რა თქმა უნდა, არ გამრიცხავენ. უბრალოდ, მოვლენები ისე განვითარდა, იქ თავი ზედმეტად ვიგრძენი.
რატომ?
- ჩემი მოსაზრებები პარტიის სხვა წევრებთან, შეიძლება, ბოლომდე უნისონში არ იყო. არც ჩხუბი ყოფილა და არც - დაპირისპირება. უბრალოდ, ვთქვი - თუ ის არ გამოგვივა, რაც გვინდა, იქ ვიქნები, სადაც ყველაზე მეტად საჭირო ვარ-მეთქი.
ნაციონალურმა მოძრაობამ რით მოგხიბლათ? სააკაშვილი ქარიზმატულ-რეიტინგული ლიდერია, მაგრამ ვინ-ვინ და, ფსიქოლოგმა - მაია ნადირაძემ ალბათ ყველაზე უკეთესად უწყის, სინამდვილეში ვინ არის ბატონი სააკაშვილი?
- რა თქმა უნდა... მას ჩემი ზომბირების მცდელობა არც აქვს, მაგრამ იგი უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ და მისი ამოცანა ჩემი გადაყლაპვა არ არის. ჩემთვის ყველაზე დიდი ფასეულობა თავისუფლებაა და პირველ რიგში, ამან მომხიბლა, თანაც, ნაციონალური მოძრაობა არსებულ რეჟიმთან ყველაზე თანმიმდევრულადაა დაპირისპირებული.
არ გეკამათებით, მაგრამ ნაციონალებს ულტრარადიკალიზმი ახასიათებთ. პარტიულ წესს თქვენც დაემორჩილებით და პრეზიდენტის გინებას დაიწყებთ?
- სააკაშვილს ჩემი მისადმი დამსგავსების ტენდენცია არა აქვს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. თანაც ცხოვრების წესს, ლაპარაკის სტილს თუ დამოკიდებულებას არავის და არაფრის გამო შევიცვლი!
ისე, მასთან საკუთარი ინიციატივით მიხვედით, თუ შემოთავაზება იქიდან იყო?
- ვამბობ, რომ არ მახსოვს-მეთქი. არც დიდხანს მიფიქრია - არიქა, ტრადიციონალისტებიდან წავიდე-მეთქი. როცა მივხვდი, იქ დარჩენა უპრიანი აღარ იყო, ქალაქიდან გავედი, ბევრი რამ ავწონე და ეს ინფორმაცია ახლობლებმა გაიტანეს, მის ყურამდეც მივიდა და რა თქმა უნდა, შემეხმიანა, მაგრამ ახლა თქვენ განსაზღვრეთ, ვინ იყო პირველი.
ასეა თუ ისე, მიხეილ სააკაშვილის პირველი „პოლიტიკური და“ ხართ. რას მიიტანთ ნაცმოძრაობაში?
- რაც გამაჩნია!
რა გაგაჩნიათ?
- ჩემს თავზე რა ვთქვა?! ალბათ აქტიურობა და აზრის გამოხატვის ჩემი მანერა!
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ბატონ სააკაშვილს „იყენებთ“, პარლამენტში მეორედ მოსახვედრად...
- ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან რომ ვყოფილიყავი, პარლამენტში არ მოვხვდებოდი? თანაც, ნაციონალურ მოძრაობაში წასვლით, ვფიქრობ, საკუთარი თავი უფრო დიდი რისკის წინაშე დავაყენე.
ქალბატონო მაია, თქვენს ადგილას რომ ვიყო, ბატონ მიხეილს აუცილებლად ვკითხავდი, თუ რატომ აქებდა შევარდნაძეს?
- თქვენ გგონიათ, რომ არ მიკითხავს? ყველას პასუხი ერთნაირია, თანაც იქ ჟვანია, ბარამიძე, მაჭავარიანი და ბურჯანაძეც ისევე იყვნენ, როგორც სააკაშვილი.
კი, მაგრამ ქალბატონი ბურჯანაძე მოქკავშირის გამოკვეთილი ლიდერი არასოდეს ყოფილა...
- ასე გახსოვთ? არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს შევარდნაძეზე გადაბრუნებული სიტყვა ეთქვა და ნინო ბურჯანაძეს, მეორე მიკროფონიდან, პასუხი არ გაეცა, თუმცა ამას სამართლიანობისთვის ვამბობ. გაუთავებლად გაიძახიან - გუშინ შენ შევარდნაძესთან იყავი და რა უფლება გაქვს, რომ ახლა რამეს ამბობო. ასეთი დამოკიდებულება იმას ჰგავს, რომ ქათამი ყოველთვის კვერცხი გვეგონოს, რადგან კვერცხიდან გამოიჩეკა. სისხლით დაძმობილება და ვენდეტა პოლიტიკაში არ შეიძლება და ვინც ამას აკეთებს პოლიტიკოსი არ არის!
სახურავებზე სეირნობის გამო ბატონ სააკაშვილს რატომ აკრიტიკებენ და „გიჟს“ რატომ ეძახიან?
- ერთი მხრივ, დიდი იმპერიის პროვინციის მოქალაქეებს სიახლის ძალიან ეშინიათ და სნობურ დამოკიდებულებაზე თამაშიც ადვილია - ეს გიჟია და დაგვანგრევს. ამიტომაც „ობივატელი“ ფიქრობს - მის მხარეს არ ვიქნები, რადგან შეიძლება, დამაბრალონ, რომ გიჟი ვარ. მეორეც, ყველაფერი, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებს, ხშირ შემთხვევაში, სწორია. ამიტომაც საჭიროა, შეიქმნას აურა, რომ ეს პრესტიჟული და მომგებიანი არ არის, თორემ წარმოიდგინეთ, თუ იმ ადამიანების გულს მოიგებს, რომლებსაც სოციალურად უჭირთ და თან ამის რეკლამირება მოხდება, ე.წ. „ელიტური წრეებიც“ მას მიუერთდებიან და მის ოპონენტებს რა შანსიღა რჩებათ? ამიტომაც ასეთი შეფასებები ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ვერ გავიგე, სად არის ეს სიგიჟე?
ერთხანს გაჩნდა ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი თითქოს სახმინისტრთან თანამშრომლობდა. თქვენს ახალ პარტიულ „შეფთან“ ამ თემაზეც გისაუბრიათ?
- რა თქმა უნდა, მაგრამ სააკაშვილი, ამგვარად თუ იმგვარად, ხელისუფლებას წარმოადგენს და ის რომ გააკეთოს, რასაც ხალხს შეჰპირდა, უნდა თუ არა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან რაღაც კონტაქტები უნდა დაამყაროს. ასე რომ არ მოიქცეს, ქოსატყუილა იქნება.
კობა ბექაურის დარად, ბრალი ადამიანის გატაცებაში არ დაგედებათ, მაგრამ პირადად თქვენ რა კომპრომატებს „დაგილაგებენ“?
- რა ვიცი... ეს რომ გამოვიცნო, მათ ტყავში უნდა ჩავძვრე, მაგრამ ამას არასოდეს ვიზამ! ამ ქვეყანაზე შუბლის ძარღვგაწყვეტილ ადამიანებს რა გამოლევს.
ე.ი. ბატონი მიხეილი „ჭორის საწინააღმდეგო ტრენინგებს“ არ გიტარებთ?
- სულ რამდენიმე დღეა, ნაციონალურ მოძრაობაში მივედი და მას კიდევ სხვა საქმეებიც აქვს, გარდა იმისა, რომ დრო მე დამითმოს. მან თავის ჯგუფში მიმიღო, მაგრამ ჩემს მასწავლებლობას არ აპირებს!
ქალბატონო მაია, პოლიტიკოსი და ნაციონალისტი რომ არ იყოთ, მიხეილ სააკაშვილს მესიად ჩათვლიდით?
- ეს რა სიტყვებია?! ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანა, რომელსაც 21-ე საუკუნეში ქარიზმატული ლიდერები სჭირდება, ვერ განვითარდება. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილს მართლა უშრეტი ენერგია აქვს, არ იღლება და ძნელია, რომ ერთი ადამიანი აჰყვეს.
მაშასადამე, არც იმ მოსაზრებას იზიარებთ, რომ სააკაშვილი ზვიად გამსახურდიას პროტოტიპია?
- ვიზიარებ, რადგან ისტორია, გამეორების თვალსაზრისით, ყოველთვის გროტესკია! ზვიად გამსახურდია იბრძოდა და მისი ბრძოლა როგორი გიჟურიც უნდა ყოფილიყო, მაინც გამართლებულია, რადგან მან ამით უდიდეს ფასეულობას - დამოუკიდებლობას მიაღწია. დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე ასეთი ამოცანა არ დგას და ყველანაირი გამეორება გროტესკი იქნება! ხან ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი კოსმოპოლიტი და მასონური იდეების მატარებელია, ხან ამტკიცებენ, რომ ის ზვიად გამსახურდიაა, არადა, ან ერთია ან მეორე, არა?
ასეა თუ ისე, მაინც ვერ გავიგე, პრეზიდენტი შევარდნაძე დღეს უფრო ცუდია თუ მაშინ უფრო ცუდი იყო, როცა ხალხს სააკაშვილზე ეუბნებოდა - ეს თქვენი მომავალი დეპუტატიაო?
- შევარდნაძე ჩემთვის კარგი არასოდეს ყოფილა! მიშა სააკაშვილი კი ჩემთვის ცუდი მაშინ იყო, როცა შევარდნაძის მხარდაჭერაზე „ნადირობდა“!