იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უკვე გაყიდა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 5 868 870 ცალი აქცია, საავადმყოფო და მის დაქვემდებარებაში არსებული შენობა-ნაგებობები, ასევე მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართობების საწყისი ფასი 6 000 000 ლარი იყო. ელექტრონულ აუქციონზე შპს «ჯი ემ სი ჯგუფმა» გაიმარჯვა და იაშვილის კლინიკა 10 450 000 ლარად შეიძინა.
იაშვილის კლინიკა კორუფციული გარიგების მსხვერპლია?
«შემოიხედე გენაცვალე», «ძველი სახლი», «მატრიოშკა», «ქალაქური» _ ეს იმ რესტორნების ჩამონათვალია, რომლებსაც «ჯი ემ სი ჯგუფი» მართლაც წარმატებულად მართავს. ამიერიდან, ამ ჯგუფის ბიზნეს-ინტერესს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკაც შეურთდება. კარგად მესმის და დარწმუნებული ვარ, რომ ჯანდაცვის მენეჯმენტის მართვას ექიმის დიპლომი არ სჭირდება, ამისთვის მენეჯერული თვისებებიც სრულიად საკმარისია, მაგრამ რესტორანი და საავადმყოფო სრულიად განსხვავებული სფეროებია, თანაც _ რადიკალურად.
საპრივატიზებო ხელშეკრულებაში ხაზგასმით ჩადებულია და ეს კლინიკის მყიდველის ოფიციალური ვალდებულებაცაა, რომ იაშვილის კლინიკას, სამედიცინო პროფილი ხელშეკრულების გაფორმებიდან შვიდი წლის მანძილზე უნდა შეუნარჩუნდეს. არავინ იცის და ძნელი სათქმელია, რა ბედი ეწევა ამ კლინიკას შვიდი წლის შემდეგ, ანუ რა უნდა ვქნათ 2018 წელს, თუკი ვინმეს საქართველოში ბავშვი ავად გაუხდება?
არასამთავრობო ორგანიზაცია «ჯანმრთელი სამყარო»-ს წარმომადგენელი, ირინა ფუტკარაძე «ვერსიასთან» საუბრისას აცხადებს, რომ იაშვილის კლინიკის პრივატიზება იმ კორუფციული გარიგების შედეგად განხორციელდა, რომელიც ხელისუფლებასა და «ჯი ემ სი ჯგუფს» შორის შედგა:
«სამედიცინო ობიექტები აუქციონზე ერთი და იმავე ხელწერით იყიდება, ანუ ხელშეკრულებაში პირდაპირ იწერება, რომ კლინიკას სამედიცინო პროფილს ხუთი, შვიდი ან 10 წლის მანძილზე შეუნარჩუნებენ. საბოლოოდ, აქედან იმას მივიღებთ, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი, ან ორი კლინიკა დაგვრჩება. ყველამ კარგად ვიცით, რომ სამედიცინო კლინიკის მართვა მომგებიანი ბიზნესი არ არის, არადა, ბიზნესმენი კლინიკას იმიტომ ყიდულობს, რომ მოგება მოუტანოს, ეს კი ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ზუსტად აქ არის პრობლემა, ანუ რისთვის ყიდულობენ ეს ბიზნესმენები და რატომ ყიდის სახელმწიფო ასე ინტენსიურად ჯანდაცვის ობიექტებს? ესაა კორუფციული გარიგების შედეგი, რადგან ერთი მხრივ, ძალიან იაფად იყიდესAიაშვილის კლინიკა, მეორე მხრივ _ ექიმიც სამსახურის გარეშე დარჩება და პაციენტების უმრავლესობასაც აღარ ექნება ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. სხვათა შორის, პირდაპირ თუ ირიბად, ამ ბიზნეს-ჯგუფების უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან».
ირინა ფუტკარაძე იმასაც აცხადებს, რომ სახელმწიფოს ჯანდაცვის პოლიტიკა განსაზღვრული არ აქვს და ეს ყველაფერი სწორედ ამის შედეგია. მისივე თქმით, ჯანდაცვის ობიექტების პრივატიზების თემა ქვეყანაში მიჩუმათებულია და ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს.
კორუფციული სქემის დეტალები
ქალბატონო ირინა, კონკრეტულად რა გარიგება შეიძლება ყოფილიყო სახელმწიფოსა და «ჯი ემ სი ჯგუფს» შორის?
- საუბარია საკმაოდ დიდი ტერიტორიის პრივატიზებაზე, დიდ შენობა-ნაგებობებზე, სერიოზულ უძრავ კაპიტალზე. რაც მთავარია, სახელმწიფო ამ კლინიკას საბაზრო ფასზე ბევრად უფრო იაფად ყიდის და ამიტომ ვვარაუდობთ, რომ ეს არის გარიგების ერთგვარი სქემა.
ანუ იყიდან კლინიკას და შვიდი წლის შემდეგ გადაყიდიან?
- რა თქმა უნდა, ასე იქნება. მეტსაც გეტყვით, იმის გარანტიაც კი არ გვაქვს, რომ თუნდაც ამ შვიდი წლის მანძილზე, გაყიდულ კლინიკას სამედიცინო პროფილი შეუნარჩუნდეს. მერწმუნეთ, ეს თემა უყურადღებოდ გვაქვს დატოვებული, არადა, სულ ვამბობ, თითოეული ჩვენგანი პოტენციური პაციენტია და ამაზე ყველამ უნდა ვისაუბროთ, ეს ყველასთვის მტკივნეული თემა უნდა იყოს. შვიდწლიანი პროფილით შენარჩუნებული საავადმყოფოები კი ხვალ-ზეგ გადაკეთდება სასტუმროებად, სხვადასხვა ბიზნეს-ცენტრებად და პაციენტს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც აღარ ექნება. შეიძლება ერთი-ორი კლინიკა დარჩეს, ოღონდ ავადმყოფი ადამიანისგან ძალიან შორს მდებარეობდეს.
იაშვილის კლინიკა კონტროლის პალატამ შეამოწმა და საკმაოდ ხმაურიანი დასკვნაც დადო...
- ვიცი, სახელმწიფო პროგრამაში 1 200 000 ლარია არამიზნობრივად გახარჯული.
დიახ, ასეა, რაც მთავარია, ამ კლინიკას დიდი დავალიანება აქვს, მაგრამ «ჯი ემ სი ჯგუფმა» მაინც იყიდა, წმინდა ბიზნესის თვალსაზრისით მაინტერებს, რაში სჭირდება დავალიანების მქონე კლინიკა წარმატებულ ბიზნესმენთა ჯგუფს?
- რატომაც არა, არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი საკმაოდ იაფად ყიდულობენ კლინიკას, ანუ ისინი კაპიტალს ყიდულობენ და თუ მოინდომებენ, ამ კაპიტალს გაცილებით ძვირად გაყიდიან. იაშვილის კლინიკა ძალიან ბევრი სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს და არც ეს უნდა დავივიწყოთ. როგორ ფიქრობთ, ამ პროგრამებში ფული არ «იჭრება»?
როგორ არა, კონტროლის პალატის დასკვნებში ხომ სულ ასეთ ფაქტებზეა საუბარი?
- ახლა ხომ გესმით, რატომ შეიძინა, ჯერ ერთი, იაფად იყიდა და მეორეც _ სახელმწიფო პროგრამებიდან, ეგრეთ წოდებული ატკატებით დიდი მოგება დარჩებათ. 10 მილიონად კი იყიდა, მაგრამ ამ ფასად, იაშვილის კლინიკის ფართობის ტოლ სახლსაც კი ვერ იყიდით. აღარაფერს ვამბობ საავადმყოფოს აღჭურვილობაზე, იქ მარტო ორი-სამი ისეთი სამედიცინო აპარატურაა, რომლის ფასიც 10 მილიონს აღემატება, არათუ ამხელა შენობა-ნაგებობა, მასზე დამაგრებული მიწის ფართობებით.
„ვერსია“ იაშვილის კლინიკის ყოფილ დირექტორს, ქეთი ნემსაძესაც დაუკავშირდა:
- იაშვილის კლინიკის პრივატიზებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს არის ზოგადი პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც, ბავშვთა საავადმყოფოები პრივატიზებას ექვემდებარება.
ქალბატონო ქეთი, როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ ელექტრონულ აუქციონზე რესტორნების მფლობელმა ჯგუფმა გაიმარჯვა?
- არ შემიძლია ამ თემაზე კომენტარის გაკეთება და ამას სრულიად გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვიცი, ვინ არის «ჯი ემ სი ჯგუფი», ათასი სხვადასხვა ხმა არსებობს და არც ის ვიცი, როგორ შეფასდა მათი გამოცდილება სამედიცინო მენეჯმენტში. ეს ალბათ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებში იციან. ღრმად მჯერა და არ მინდა, სხვა აზრი მქონდეს, რომ ჯგუფს, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს სამედიცინო მენეჯმენტში და პროფესიონალიზმი, ალბათ, იაშვილის კლინიკას არ გადასცემდნენ მართვაში.
როგორ ფიქრობთ, რა ბედი ეწევათ იაშვილის კლინიკის ექიმებს?
- იაშვილის კლინიკიდან უკვე გადავედი და ვმუშაობ გურამიშვილის სახელობის პედიატრიულ კლინიკაში. ამ ეტაპზე, არაფრის თქმა არ შემიძლია, რა ხდება იქ. სავარაუდოდ, ამ ბიზნეს-ჯგუფის წარმომადგენლები უკვე შესულები იქნებიან კლინიკაში, მაგრამ რა მოხდა, ან შეხვდნენ თუ არა კოლეგებს, არ ვიცი.