რა ქონება აქვს ჯონდი ბაღათურიას?

რა ქონება აქვს ჯონდი ბაღათურიას?

ქალებს თუ დავუჯერებთ, ჩვენი დღევანდელი ჩინოვნიკი ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და სექსუალური კაცია, რომელიც ბრუს უილისის თავითა და ხასიათით, მასავით კერკეტი კაკალია. 2012 წლის თებერვალში მე თავად ვესწრებოდი პარლამენტის იმ სხდომას, სადაც მან მიშა სააკაშვილს წაუკითხა საპრეზიდენტო დეკლარაცია და, სააკაშვილისთვის ძაბრიც რომ არ ჩაუდია პირში, ისე ჩაასხა მთელი ის სიბინძურე, რასაც მიშიკო წლების მანძილზე ქონების მიტაცებისას აკეთებდა. ამის გამო ჭკუიდან გადასულმა სააკაშვილმა ჯერ მიაძახა, "მძიმე ფანტაზიებიდან გასათავისუფლებლად" ახლავე მანდატურები წაგათრევენ და ტალახში გაგორავებენო და მერე დუჟმორეული საერთოდაც გაიქცა დარბაზიდან. მოკლედ, დარწმუნებული ვარ, ყველა ისედაც მიხვდით, მაგრამ მაინც ვიტყვი, ეს ჩვენი დღევანდელი მაჰმუდი ჯონდი ბაღათურია გახლავთ. მას შემდეგ ბაღათურია ტალახში არა, მაგრამ მტვერში ხშირად ამოგანგლულა ქუჩის ოპოზიციონერობის გამო. ისე, საზოგადოებას ეგონა, რომ ამ პრინციპული გამოსვლის შემდეგ ბაღათურია ივანიშვილის კარზე "კაკუნ-კაკუნს" იტყოდა, მაგრამ, ასე არ მოხდა. ისე, ცნობისთვის, ჯონდი ბათუმელია, შარში ხშირად ეხვევა და მისივე აღიარებით, ეს ბავშვობიდან გამოყოლილი თვისებაა. მეზობლების "დაკითხვით", მას პატარაობისას "ხვილიგანსაც" ეძახდნენ. რადიკალურია, თუმცა არ აღიარებს ამას, ჰყავს სიმპათიური ცოლი და ლამაზი შვილები, უყვარს შემწვარი კვერცხი და ღორის ფეხების მუჟუჟი, თავზე "ტალავერის" დაწყობას, თავის საერთოდ გადაპარსვა ამჯობინა, ისე, რომ თმის გადანერგვაზე არ უფიქრია. ამით დიდ ბაბუას, ასევე ჯონდო ბაღათურიას გადაუხადა ხარკი: თავის დროზე ისიც ასეთი ლაპლაპა თავის დადიოდაო.

ცხოვრების გზა დაიწყო ზეინკლობიდან, მერე კორჟიკებს აცხობდა სკოლის ბავშვებისთვის, მერე უნივერსიტეტის ინჟინერ-ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა თბილისში, მერე საკრებულოში იყო, შემდეგ "ედეპეს" თავმჯდომარეობაც მოასწრო, მერე ბევრი ადგილი გამოიცვალა პოლიტიკაში, თავისი პარტიაც შექმნა და პარლამენტარობასაც გამოჰკრა ხელი. ამჟამად ბურჯანაძესთან "ერთიანი ოპოზიციის" ლიდერია და მოუთმენლად ელოდება არჩევნებს, მაგრამ სკანდალებს არც ახლა აკლებს ხელს: სკანდალურია მისი განცხადებები ანტიდისკრიმინიციულ კანონთან დაკავშირებით, რის გამოც ჯერ გრიგოლია ანერვიულა, რადგანაც სტუდიაში დისკი მიიტანა და ინგას ეჭიდავა, გინდა, თუ არა, ეთერში გაუშვითო, რადგანაც ყველამ უნდა იცოდეს, საით მიჰყავს ხელისუფლებას ქვეყანაო, რის გამოც გრიგოლია გვარიანად დააფრთხო: ჯონდის ეს დისკი ხომ სრულიადაც არ იყო "რეაქციის" ფორმატით გათვალისწინებული. დისკრიმინაციაზე, პედოფილიასა და ჰომოსექსუალიზმზე "ქართული დასის" დამფუძნებელს თავის პრინციპულად უარყოფითი მოსაზრება აქვს და ამას არც მალავს, რაზეც აშკარად გადაიკიდა ასევე ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, რომელიც ხან აქეთ უბერავს და ხან იქით, გააჩნია, სიო საიდან მოქრის. ამ შემთხვევაში ნინია კაკაბაძემ ბაღათურიას "პოლიტიკური გვამი" უწოდა და მისი გამოსვლა ასე შეაფასა: "ალბათობა იმისა, რომ ჯონდი და მამა დავით ისაკაძე იყვნენ პედოფილები, უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი ჰომოსექსუალიო". ამას ბაღათურიამ თავის მხრივ სისულელე უწოდა და კაკაბაძის თემაც დაიხურა. ისე, თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, "ლგბტ"-ს კი აკრიტიკებს, მაგრამ არა მგონია, მთლად ასეთი თავგადაკლული კაზანოვა იყოს, ყოველ შემთხვევაში ამ ქალაქში, როგორც ამბობენ, საკუთარი ცოლის გარდა ტემპერამენტით არავინ შეუწუხებია და რა ვიცი...

ჯონდი ბაღათურია დაბადებულია საქართველოში, ბათუმში, 1964 წლის 30 მარტს.

მეუღლე, ნათია ფოფხაძე, დაბადებული საქართველოში, ბათუმში, 1969 წლის 26 იანვარს.

შვილი თორნიკე ბაღათურია, დაბადებული საქართველოში, ბათუმში 1989 წლის 28 ივლისს.

შვილი მაგდა ბაღათურია, დაბადებული საქართველოში, თბილისში, 1996 წლის 26 სექტემბერს.

შვილი თეკლა ბაღათურია, დაბადებული საქართველოში, თბილისში, 2004 წლის 11 ივნისს.

რაც შეეხება პოლიტიკოსის უძრავ ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, ჯონდის ერთი სახლი აქვს და ესაა გაბაშვილის ქუჩაზე #1-ში არსებული ბინა ფართობით 87.00 კვ.მ.

დეკლარანტის მოძრავი ქონების გრაფაში ჩაწერილია მხოლოდ "ტოიოტას" ჯიპი "ლენდკრუიზერი 100". 2002. ნომრით "სტს 002".

ფასიან ქაღალდებს პოლიტიკოსი არ ფლობს, ასევე, ფაქტობრივად, ცარიელია გრაფა "საქართველოში ან სხვა ქვეყნის საბანკო დაწესებულებებში არსებული ანგარიშები". რაც შეეხება გრაფას "დეკლარანტის, ან მისი ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებულ ნაღდ თანხას, რომლის ღირებულებაც აღემატება 4000 ლარს", აქ ვიგებთ, რომ ჩინოვნიკს ჰქონია 60 000.00 ამერიკული დოლარი. დეკლარაციის მიხედვით, ბაღათურია და მისი ოჯახის წევრები სამეწარმეო საქმიანობით არ არიან დაკავებულები, ხოლო პარლამენტარობის დროს ჯონდის აუღია თანხა 49 207.00 ლარი.

სამაგიეროდ საკმაოდ დატვირთულია გრაფა "საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში თქვენი, ან თქვენი ოჯახის წევრის მიერ დადებული, ან მოქმედი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3000 ლარს, (მათ შორის წილის მინდობის ხელშეკრულება ღირებულების მიუხედავად)".

ჯონდი ბაღათურია, სესხი, იპოთეკა, 40 000.00 ლარი, 30.07. 2010-27.07.2020. "საქართველოს ბანკი", 8 252.00 ლარი (გასავალი).

ჯონდი ბაღათურია, სესხი, ოპეთეკა, 8500.00 ამერიკული დოლარი, 11.10.2010-28.09. 2020. "საქართველოს ბანკი". 1582.00 ამერიკული დოლარი (გასავალი).

ჯონდი ბაღათურია, სესხი, იპოთეკა, 6 500.00 ამერიკული დოლარი, 04.11.2010, 04.11.2020 "საქართველოს ბანკი", 1200.00 დოლარი (გასავალი).

ჯონდი ბაღათურია, სესხი, სამომხმარებლო. 5 000.00 ამერიკული დოლარი, 27.12.2010 30.12.2020 "საქართველოს ბანკი". 991.00 ამერიკული დოლარი (გასავალი).

ჯონდი ბაღათურია, სესხი, გენერალური ხელშეკრულება, 150 000.00 ამერიკული დოლარი, 30.07.2010, 30.07.2036.

დაბოლოს, ჯონდი ბაღათურია, სესხი, გენერალური ხელშეკრულება, 1 500.00 ამერიკული დოლარი, რომელიც ასევე გადასახდელია 2036 წლამდე.

მოკლედ, სანამ ამ მონაცემებს ვეცნობოდი, მანამდე სულ ვფიქრობდი, ამდენი სესხის პატრონს რა გაძინებს, ჯონდი, ბიჭო? ხო, დამავიწყდა, ბაღათურიას ფასიანი საჩუქრები აღნიშნული ნამდვილად არ აქვს.

გაბაშვილის ქუჩა ვიღაცას მახსენებს, აქ ხომ ნამყოფი ვარ, მაგრამ ვისი დეკლარაციის შევსებისას? ყიფშიძის ქუჩაზე ხვნეშით მიმავალი კაცი მოდის ჩემ გვერდით, ბაღათურიას გვარს ვახსენებ და მიგასწავლიო. აღმოჩნდა, რომ კაცი პაატა ჯიბლაძესთან მეგობრობს და იმას "ბალელშიკობს", რომელიც ამჟამად ბურჯანაძესთან გადაბარგებულა.

- ჯონდი არის კაცი!

სხვა?

- ცოტაა ამ კანონებში? მაგისი ძმას ჰქვია ალკაზარი. ბათუმლები არიან ეგენი. ის მაგარი მოჩხუბარია. ერთხელ ვიღაცა არჩევნებზე ნაციონალების დროს მივიდა "ნაციონალი" და მაგათ ხომ სთხოვდნენ, სურათი გადაუღე შემოხაზულ ხუთიანსო და აიღო იმანაც და თურმე სურათს იღებდა და ეს დაინახა ალკაზარმა.

უკაცრავადეგრე ეძახიანალკაზარს?

- ბოჩიას ეძახიან და აიღო და გამოგლიჯა იმ კაცს ის ტელეფონი და ფეხით დაუმტვრია თურმე და მერე ჭკუიდან გადასულს ის კაციც კინაღამ შემოელახა. მაგათ მამაზე ამბობენ, საწარმოები აქვსო.

მდაა, მოკლედ, ერთი პარლამენტში ჩხუბობს, მეორე - პარლამენტს გარეთ, მამას კი ამ დროს ქარხნები ჰქონია! გაბაშვილის ქუჩას ტაქსის მძღოლები მასწავლიან და უცებ მახსენდება, რომ აქ გოკა გაბაშვილის სახლს რომ ვეძებდი, მაშინ ვიყავი. გოკა გაბაშვილის სახლის წინ მდგარი დაცვის ბუდრუგანა ცარიელია, გაუუქმებიათ ფუმფულა ბიჭისთვის დაცვა, მოპირდაპირე სახლში კი სავარაუდოდ, მრისხანე ალკაზარის ძმა უნდა ცხოვრობდეს. პატარა გოგოები სხედან და კუჭკუჭებენ. გარშემო სხვა არავინაა. ჯონდის სახელს ვახსენებ და ერთი ყოჩაღი ბავშვი მკიდებს ხელს, მანამდე კი იცინის, თამაშს არ მაცდიანო. მივყავარ სადარბაზოსკენ, მაგრამ თან მეუბნება, სახლში არ არისო.

შენ რა იცივინა ხარ?

- თეკლა, მამა სახლში არ არის. დაგიბარათ? ტელეფონი გითხრათ? მამა ღამე იქნება. დაურეკავთ? თუ არ გიპასუხათ, კიდევ დაურეკეთ!

აუ, ეს რა გოგოა! სხვა შვილები არ ვიცი, მაგრამ ამ პატარა გოგოს იმედი ნამდვილად უნდა ჰქონდეთ ბაღათურიებს. წვიმას იწყებს, თუ ისე იჟამება ცა, ვერ ვარკვევ, ახლოს სკვერია და იქ ვჯდები. ხუჭუჭა ქალი ზის და ხელში ჰყავს პატარა ლეკვი. მოკლედ, ელოდება, უნდა გამოუარონ და ძაღლი წაიყვანონ. ძაღლები რომ ორივეს გვიყვარს, უკვე სალაპარაკოდ განაწყობს და უცებ ქალი ამბობს:

- აქ სად ეძებდით, მაგ ჯონდის სახლი ფიქრის გორაზე არ აქვს?

არ ვიციდეკლარაციაში გაბაშვილის ქუჩა უწერია.

- სამი-ოთხი წლის წინათ ჩემი გოგო ყიდულობდა ბინას და მაგან დაგვასწრო, სადღაც "საჭაშნიკოს" ახლოს ვერაზე იყიდა მაგან ძალიან იაფად ზღაპრული ბინა. ერთხელაც რომ მივედით, ვინც ყიდდა, იმან გვითხრა, დაგაგვიანდათო, უკვე ბაღათურიამ იყიდაო. მაგას ახლოს არ ვიცნობ, მე არ ვარ მაგ ტიპზე კარგი აზრის. მგონია, რომ არის ფულისტი. ეგ ადრე ირინა სარიშვილთან არ იყო? უფ, ძალიან დიდი ხნის ამბავს ვამბობ. არავინ რომ არ შევიდა პარლამენტში, ეგ რატომ შევიდა, ხომ გახსოვთ? ყველამ რომ პროტესტი გამოუცხადა და ეგ რომ შებრძანდა?

სამაგიეროდმიშა მაგან არ გააქცია დარბაზიდან?

- უთხრა ყველაფერი და გააქცია, მაგრამ მასე უპირისპირდებოდნენ თარგამაძის ხალხიც მიშას და ისინიც ეუბნებოდნენ, არ ეუბნებოდნენ? თარგამაძე არ ეუბნებოდა მიშას, შენ სულ პრეზიდენტობა გინდაო? მერე რა? მე მახსოვს, "ფეშენ ვიკებს" რომ აწყობდა ბაქრაძის ცოლი, ბიზნესმენებს რომ ფულებს ახევდნენ, წეწავდნენ და ბაქრაძის ცოლი და მისი მეგობრები რომ მარიაჟობდნენ, ხოდა, მაგ ბაღათურიას არც ერთი "ფეშენ ვიკი" არ გაუცდენია! მე დაპატიჟებული ვიყავი, მაგრამ არც ერთზე არ წავსულვარ, იმიტომ რომ არ მინდოდა და მაგას კიდე არ გაუცდენია და ტელევიზორშიც იყო სიუჟეტი, რომ ხან გვერდით ბაქრაძის ცოლს ეჯდა და ხან ნინა წკრიალაშვილს! რატომ არ ჰქონდა მორალური პრობლემა?

მე მეკითხებით?

- საერთოდ ვამბობ. უბრალოდ, ფაქტები არ ვიცი, მაგრამ არ ვენდობი. თუ საკრებულოში მოხვდა, ჩემი სიტყვები გაგახსენდებათ მერე. ახლა, მკვლელი და სოციოპატი ნამდვილად არ არის, ესენი რომ იყვნენ (თავით მანიშნებს კედელზე შემორჩენილ ერთ-ერთ "ხუთიანზე"). ამბობდნენ, ბიძინასთან უნდოდაო, მაგრამ არ მიიღო იმან. ამ მერობაზე რა ამბავია? ეს ხუთიანი რომ წაართვეს ამათ? დადგნენ ახლა და მთელი ბილბორდები ჩამოიარონ და აახიონ თავისი მიწეპებული პლაკატები. ნახონ, როგორია ხელახლა მიწეპება! მაგათ ენით უნდა დააწეპინონ, ენით და ეგ იქნება კარგი!

მოკლედ, ესაა, რაც გავიგე ამ დღეს. ამბითაც დავიტვირთე და "ნაცების" ცოდვითაც, წავალ და "ბიტლებს" მოვუსმენ, ეგება გავნეიტრალდე, ჩემი გამოცდილებით ვამბობ და თქვენც გირჩევთ. რთული დღეები გველის წინ!..