როგორ აღიარა 1920 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველო აფხაზეთის, ზაქათალის ოლქისა და ცხინვალის რეგიონის შემადგენლობით

როგორ აღიარა 1920 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველო აფხაზეთის, ზაქათალის ოლქისა და ცხინვალის რეგიონის შემადგენლობით

დავით გარეჯის თემის გამწვავებამ აღმოგვაჩენინა, რომ მეზობლებთან სახელმწიფო საზღვრების დადგენისას, თურმე, მეტად მნიშვნელოვანია საბჭოთადროინდელი ხელშეკრულებები, რადგან, ჯერ ერთი, სწორედ მათზე დაყრდნობით გაივლო ადმინისტრაციული საზღვრები მოკავშირე რესპუბლიკებს შორის და, რაც მთავარია, სწორედ იმ საზღვრებში გვცნო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები საერთაშორისო თანამეგობრობამ. როგორც აღმოჩნდა, საზღვრის პრობლემა შედარებით უმტკივნეულოა რუსეთის ფედერაციასთან, იმ მარტივი მიზეზით, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვარი ჯერ კიდევ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში დადგინდა 1920 წლის 7 მაისის საზავო ხელშეკრულებით. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ ორ სახელმწიფოს შორის საზღვართან დაკავშირებით ყველა პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არსებობს საერთაშორისო დონის დოკუმენტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავდა, სად გადის საზღვარი (აქვე ვიტყვი, რომ 1920 წლის 7 მაისის საზავო ხელშეკრულებით, ბოლშევიკური რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს შემადგენლობაში აღიარებდა). მაგრამ, რადგან ამჟამად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, საზღვრის სადემარკაციო და სადელიმიტაციო სამუშაოებიც გაურკვეველი დროითაა შეჩერებული. ამიტომაც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორთან და უნივერსიტეტში არსებული რუსეთის კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელ სიმონ კილაძესთან ერთად, საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრების დადგენის ისტორიას განვიხილავთ.

– ეს არის საკითხი, რომელზეც შესაძლოა, ტომები დაიწეროს, ამიტომ არ მგონია, დღევანდელ საუბარში თემა მთლიანად ამოვწუროთ, მაგრამ შევეცდები, ზოგადი სურათი მაინც წარმოგიდგინოთ. დასაწყისში ვიტყვი, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვარი ეს იყო პირველი სახელმწიფო სტატუსის მქონე საზღვარი, რომელიც დადგინდა რუსეთსა და საქართველოს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული საზავო ხელშეკრულებით. ამ დოკუმენტით გაიმიჯნა ორი სახელმწიფოს ტერიტორია და შესაბამისად, მის მესამე და მეოთხე მუხლებში აღწერილია საზღვარი, მისი მიმართულება, რომელ მთებზე, უღელტეხილებსა და მდინარეებზე გადის. მართალია, ერთობლივი კომისია, რომელიც საზღვრის დემარკაციასა და დელიმიტაციაზე მუშაობდა, გასული საუკუნის 90-იან წლებში შეიქმნა და დიდი სამუშაოც გასწია. თუმცა საზღვრის მხოლოდ ნაწილია დელიმიტირებული, დემარკირებული კი საერთოდ არ არის, ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია.

როდესაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ თუ გამოგვაცხადებინეს 1918 წელს როგორც ჩვენისე სომხეთმა და აზერბაიჯანმამაშინ არ დადგენილა ჩვენ შორის საზღვრები?

– იმ დონეზე, როგორც რუსეთთან, საქართველოს არ ჰქონია დადგენილი საზღვარი არც სომხეთთან და არც აზერბაიჯანთან. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებაში რუკის მიხედვით   კონკრეტულადაა მოცემული და  მითითებული, სად გადის სახელმწიფო საზღვარი. საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში სომხეთთან და აზერბაიჯანთან გამიჯვნის მიმანიშნებელი თითო-ოროლა ხელშეკრულება არსებობს, მაგრამ ეს არ არის ხელშეკრულებები, რომლებშიც საზღვარია მოცემული. მაგალითად, სომხეთთან მიმართებაში საუბარი იყო ნეიტრალურ ზონაზე.

ლორეს ნეიტრალურ ზონას გულისხმობთ?

–  დიახ და ამასაც თავისი მიზეზები აქვს. 1918 წლის მაისამდე, სანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკები არ ვიყავით, ამიერკავკასიის პოლიტიკური პარტიები შეთანხმებულნი იყვნენ, რომ საზღვრების გადამიჯვნა უნდა მომხდარიყო ეთნიკური ნიშნით: სადაც მეტი სომეხი ცხოვრობდა, ის ტერიტორია იქნებოდა სომხური მმართველობის ქვეშ, სადაც მეტი ქართველი ცხოვრობდა –  მას ქართული ხელისუფლება გააკონტროლებდა. იმ პერიოდში ფიქრობდნენ, რომ ყველა კავკასიელი ხალხი იქნებოდა ახალი დემოკრატიული რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ რუსეთში გადატრიალება მოხდა და ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ. საქართველომ განზე დაიჭირა თავი ბოლშევიკებისგან, იგივე გააკეთეს სომეხმა „დაშნაკებმაც“ და აზერბაიჯანელმა „მუსავატელებმაც“. შესაბამისად, შეიცვალა საზღვრების კონცეფციაც. საქართველოს მხარემ განაცხადა: ჩემია თბილისისა და ქუთაისის გუბერნიის ტერიტორიებიო და განალაგა თავისი მესაზღვრეები თბილისის გუბერნიის სამხრეთ ადმინისტრაციულ საზღვარზე, რომელიც საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების განცხადებით, იქცა სახელმწიფო საზღვრად. მასში შედიოდა დღევანდელი ალავერდი, ახტალა, ვორონცოვკა, ერთი სიტყვით, ლორე-ტაშირის მხარე. მაგრამ, თავის მხრივ, სომხეთმაც განაცხადა პრეტენზია: რადგან იქ, ძირითადად, სომხები ცხოვრობენ, ეს ჩვენი ტერიტორიააო და ამ ნიადაგზე საქართველოსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტი მოხდა. სომხეთის ჯარი თავდაპირველად თითქმის თბილისამდე მოვიდა, მაგრამ შემდეგ, საბოლოო ჯამში, მაინც საქართველომ იმძლავრა და თავდამსხმელებს უკან დაახევინა. თუმცა ჩაერივნენ „ანტანტის“ მოკავშირეები, ცეცხლი შეწყდა, გაივლო საზავო ხაზი, დაახლოებით, დღევანდელ საზღვარზე. თბილისში მოკავშირეთა თანდასწრებით გაიმართა საქართველო-სომხეთის კონფერენცია და ლორეს ტერიტორია გამოცხადდა ნეიტრალურ ზონად, რომელიც უნდა ემართა ორმხრივ ადმინისტრაციას. დადგინდა ნეიტრალური ზონის ჩრდილოეთ, რომელსაც საქართველოს აკონტროლებდა და სამხრეთ საზღვარი, რომელსაც სომხეთი აკონტროლებდა. ნეიტრალური ზონის ისტორია საკმაოდ რთული და ღრმაა, მაგრამ, ასეა თუ ისე, 1921 წლამდე ლორეს ნეიტრალური ზონა შენარჩუნდა. სხვათა შორის, როდესაც 1920 წლის სექტემბრის დასაწყისში სომხეთს თავს დაესხა ქემალისტური თურქეთი, „არარატის რესპუბლიკა“, ასეც უწოდებდნენ მაშინ ჩვენს სამხრეთ მეზობელს, განადგურების პირას იდგა, მაშინ ერევანმა მოგვმართა თხოვნით, ნეიტრალურ ზონაში შეგვეყვანა ჯარი, რომ იქ თურქეთი არ შემოსულიყო.

არსებობს ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები?

– რასაკვირველია. სომხეთიდან ლორეს ნეიტრალურ ზონაში უამრავი სომეხი ლტოლვილი შევიდა ისევე, როგორც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ იქ ხედავდნენ ხსნას თურქეთის ჯარისგან. საქართველო, ბუნებრივია, დაეხმარა სომეხ ძმებს და ლორეს ნეიტრალურ ზონაში ჩვენი ჯარი შევიყვანეთ 1920 წლის ნოემბრის ხელშეკრულებით, რომელშიც გაწერილი იყო, რა სტატუსით შედიოდა ქართული ჯარი და რა ფუნქცია ეკისრებოდა. ჩვენ ჩვენი ინტერესიც გვქონდა, რადგან, როდესაც ჯარით აკონტროლებ ტერიტორიას, ეს მაინც ნიშნავს, რომ ტერიტორია შენია. თუმცა დიდხანს არ დაგვცალდა, რადგან იქ იმდენად ბევრი სომეხი მოსახლეობა შევიდა, რომ გასაბჭოებული სომხეთის ბოლშევიკებმა ეს გამოიყენეს, დაიწყეს პროპაგანდა და მოაწყვეს აჯანყება. შემდეგ თავს დაგვესხა რუსეთი და საქართველოს გასაბჭოება-ოკუპირება მოხდა.

ისტორია ადასტურებს ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამის ჭეშმარიტებასროგორც წესიპოლიტიკაში სიკეთეს უარყოფითი შედეგები მოსდევს ხოლმე.

– დიახ, ძალიან ხშირად ასეც ხდება ხოლმე. ქართველი ბოლშევიკები დაინტერესებული იყვნენ, რომ ეს ტერიტორია საქართველოს სსრ-ს დარჩენოდა, მაგრამ იყო ასეთი ორგანო – რუსეთის კომუნისტური პარტიის ცეკას კავკასიის ბიურო, რომელიც კავკასიის საქმეებს აკონტროლებდა. მისი წევრები იყვნენ ორჯონიკიძე, კიროვი, ნაზარეთიანი, ნარიმანოვი, პოლუიანი და მაშინდელი ცნობილი ბოლშევიკები. კავკასიის ბიურომ, მოსკოვის ხელდასმით, თავის თავზე აიღო კავკასიის საქმეების მოგვარება, მათ შორის, საზღვრების გადამიჯვნაც. სომეხმა ბოლშევიკებმა მოითხოვეს ტერიტორია მდინარე ხრამამდე, აზერბაიჯანმა თავისი მოითხოვა და სწორედ მაშინ გადაწყდა საბოლოოდ საინგილოს კუთვნილების საკითხი.

ჯერ სომხეთის თემა დავასრულოთ.

– რა თქმა უნდა, უბრალოდ, საქართველოს სასაზღვრო-ტერიტორიული პრობლემატიკა მაშინ ერთ სიბრტყეში განიხილებოდა. ამ საკითხებზე თათბირი 1921 წლის ზაფხულში დაიწყო. ქართველი ბოლშევიკები უარზე იყვნენ, მაგრამ კავბიუროს ზეწოლით, იძულებული გახდნენ, დაეთმოთ ლორეს ნეიტრალური ზონა. რეალურად, სომხეთი უფრო მეტ ტერიტორიას ითხოვდა: მდინარე ხრამამდე, ჯავახეთს - ახალქალაქს, დღევანდელ ნინოწმინდას, მაგრამ ჯავახეთის თემა ქართველი „უკლონისტებისთვის“ (ანუ პარტიის ძირითადი ხაზიდან „გადამხრელებისთვის“) მიუღებელი აღმოჩნდა. მათ პრინციპულობა გამოიჩინეს და აუჯანყდნენ კავკასიის ბიუროს. ერთი სიტყვით, საბოლოოდ, ლორეს ნეიტრალური ზონა სომხეთს გადაეცა და სომხეთსა და საქართველოს შორის 1921 წლის ივლისში დადგინდა ის საზღვარი, რომელიც დღეს არის. მართალია, ამ საზღვარს დღეს აქვს სახელმწიფო სტატუსი, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ საკითხი საბოლოოდაა გადაწყვეტილი. როგორც მე ვიცი, ჯერჯერობით რამე შესაბამისი სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება არ გაფორმებულა, თუმცა საზღვარი,  ფაქტობრივად, თითქმის უკვე დელიმიტირებულია.

აზერბაიჯანთან რა ხდება?

– ისევე, როგორც სომხეთთან, დამოუკიდებლობის წლებში არც აზერბაიჯანთან გაფორმებულა ხელშეკრულება, რომელიც დაადგენდა სახელმწიფო საზღვარს. თუმცა, როგორც გითხარით, გარკვეულ დოკუმენტებში არის მინიშნებები, რაც საზღვრის კონტურის წარმოდგენის საშუალებას გვაძლევს. 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ზაქათალის ოლქი, ანუ საინგილო: კახი, ბელაქანი და ზაქათალა, არის საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია. შორს რომ არ წავიდეთ,  საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ ზაქათალა შემოდის საქართველოს შემადგენლობაში და 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით, რუსეთიც საქართველოს ზაქათალის ოლქიანად აღიარებდა. მაგრამ ამ ხელშეკრულებას აქვს რამდენიმე დანართი და ერთ-ერთ დანართში ვკითხულობთ, რომ ზაქათალის ოლქის საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებით.

როდის გაკეთდა ეს დანართი დასაერთოდაცრატომ ჩაიწერა ასეთი რამ რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებაში?

– 1920 წლის 30 აპრილს, როდესაც მოსკოვში რუსეთსა და საქართველოს შორის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, აზერბაიჯანში დამყარდა საბჭოთა წყობილება და იქაურმა ბოლშევიკებმა მიმართეს მოსკოვს, უჩვენოდ რატომ წყვეტთ ჩვენს საკითხებს, ზაქათალის ოლქი ჩვენიაო. აქვე უნდა აღვნიშნო ერთი რამ: ზაქათალის ოლქი საქართველოს ხელისუფლებას არასდროს გაუკონტროლებია. მართალია, ვაცხადებდით, რომ ჩვენია, კონსტიტუციაშიც ჩაიწერა, მაგრამ ერთია, რომ თეორიულად გეკუთვნის და მეორეა, რეალურად აკონტროლებ თუ არა. დავაზუსტებ: 1918 წლის ივნისის დასაწყისიდან 1920 წლის აპრილის ბოლომდე იქ ჯერ მუსავატური აზერბაიჯანის ჯარები იდგნენ, შემდეგ კი 1920 წლის მაისიდან – საბჭოთა რუსეთის სამხედრო ნაწილები.

როგორც დღეს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიკონსტიტუციით ჩვენიარეალურად –  ჩვენი მტრის.

– თითქმის, თუმცა დღევანდელი საერთაშორისო სიტუაცია ცოტა სხვაგვარია... მაშინ დაახლოებით, ასეთი სურათი იყო: ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით ზაქათალის ოლქს და სწორედ ამ დროს ის აზერბაიჯანელმა ბოლშევიკებმა მოითხოვეს. 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში საქართველო-რუსეთს შორის საზავო ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილი იყო, რის მიხედვითაც ზაქათალის ოლქი საქართველოს ეკუთვნოდა. მაგრამ ჩვენი მხარე 12 მაისს იძულებული გახდა, დათანხმებოდა, რომ ამ ხელშეკრულებას ჰქონოდა დამატებითი შეთანხმება-დანართი, რის მიხედვითაც, ზაქათალის ოლქის კუთვნილების საკითხი ორმხრივ კომისიას უნდა გადაეწყვიტა. ეს ერთი დოკუმენტი, მაგრამ არსებობს მეორე დოკუმენტიც: სანამ მოსკოვში 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, 30 აპრილს აზერბაიჯანი იმდენად იოლად გაასაბჭოვა ორჯონიკიძემ, რომ საქართველოს გასაბჭოებაც მოინდომა 1920 წლის მაისში. შესაბამისად, დღევანდელი განჯის მხრიდან, წითელ ხიდს მოადგა ჯარი და მოხდა სამხედრო კონფლიქტი ჩვენსა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის. 12 ივნისს დაიდო ხელშეკრულება და იქაც ზუსტად იგივე განმეორდა, რაც 1920 წლის 7 მაისის საზავო ხელშეკრულების დანართში, ანუ 1920 წლის ივნისში დადებული ხელშეკრულებითაც, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ზაქათალის ოლქის კუთვნილება მშვიდობიანად, მოლაპარაკების გზით უნდა გადაეწყვიტა ორმხრივ კომისიას. მაგრამ ისე გაიარა დრომ, საქართველოს მოთხოვნის მიუხედავად, კომისიის არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა: არც საბჭოთა აზებაიჯანი და არც საბჭოთა რუსეთი ამით არ დაინტერესებულა, რადგან საქართველოს ბედი, ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილი იყო, შესაბამისად, ეს საკითხი გადაუჭრელი დარჩა 1921 წლის თებერვლამდე, საქართველოს გასაბჭოებამდე. მართალია, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ ქართველი ბოლშევიკები, ისინი ყოყმანობდნენ, მაგრამ, რადგან ზაქათალის ოლქს აზერბაიჯანის სსრ აკონტროლებდა, საქართველოს ბოლშევიკური რევკომი, კავბიუროს ზეწოლით, დასთანხმდა, რომ ზაქათალა აზერბაიჯანის კუთვნილება ყოფილიყო.

როდესაც ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკა გასაბჭოვდასომხეთმა და აზერბიჯანმა მიიღესრასაც ითხოვდნენსაქართველო კი პირში ჩალაგამოვლებული დარჩა?

– დიახ, საქართველომ დაკარგა ტერიტორიები. 1991 წელს პირველად ვნახე არქივში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს სტამბაში დაბეჭდილი ოფიციალური რუკა, გამოცემული 1920 წელს, რომელზეც მითითებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრები და იმ რუკაზე დავით გარეჯის ტერიტორია მთლიანად საქართველოს შემადგენლობაშია. ანუ ეს საკითხი მაშინ სადავო არ ყოფილა. სადავო იყო ზაქათალის ოლქი, რომელიც უფრო ჩრდილო-აღმოსავლეთითაა. ეს რუკა იყო ერთადერთი და ის დღეს, ვფიქრობ, დაკარგულია. ყოველ შემთხვევაში, წლების შემდეგ, როდესაც საზღვრის დამდგენმა ქართულ-აზერბაიჯანულმა ორმხრივმა კომისიამ დაიწყო მუშაობა, ქართულმა მხარემ ეძება, მაგრამ ვეღარ იპოვა.

გასაგებიარომ ზაქათალის ოლქს რეალურად აზერბაიჯანი აკონტროლებდა და ის ამ მოტივით აზერბაიჯანის კუთვნილება გახდადავით გარეჯის კუთვნილება როდიდან გახდასადავო?

– მაშინ, საბჭოთა პერიოდში, ადმინისტრაციული საზღვრები პირობითი იყო. იქ არ იდგნენ მესაზღვრეები და შეიძლება ითქვას, რუკებზე რესპუბლიკათაშორისო მიჯნები ხელის ერთი მოსმით დგებოდა. როგორც გითხარით, სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრის პრობლემა ერთ სიბრტყეში გადაწყდა და 1921 წლის მაისში აზერბაიჯანს გადაეცა მხოლოდ ზაქათალის ოლქი და იქაც კი საზღვარი ზუსტად არ იყო დადგენილი, რადგან რესპუბლიკების ტერიტორიათა გამყოფი მიჯნების დელიმიტაცია-დემარკაცია არ ხდებოდა. ამას მაშინ არც არავინ აქცევდა ყურადღებას. საერთოდაც, მიაჩნდათ, რომ ერთიან საბჭოთა სივრცეში საზღვრები აღარ იარსებებდა და ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. არის ასეთი ხატოვანი გამონათქვამი: „ხელშეკრულებები წარსულიდან ისვრიანო“.

არსებობს საბჭოთადროინდელ დოკუმენტებში ჩანაწერირომვთქვათდავით გარეჯის უდაბნოს მონასტერი არის აზერბაიჯანის კუთვნილება?

– ეს არსად წერია.

აბარით ადგენენ აზერბაიჯანელებირომ მათია?

– ვიმეორებ, საქართველოსა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკებს შორის სასაზღვრო  შეთანხმება არ გაფორმებულა. არის საბჭოთა პერიოდის საქართველოს კომპარტიის ცეკას, რევკომისა და კავბიუროს დოკუმენტები, საქართველოსა და აზერბაიჯანის სსრ-ების  შეთანხმებები ტერიტორიების გადანაწილების შესახებ.  ეს ყველაფერი ვოლუნტარისტულად, ზეწოლით და უსამართლოდ ხდებოდა. ამიტომაც არის სირთულეები: ჩვენ ჩვენი მოსაზრება გვაქვს, აზერბაიჯანს –  თავისი.  ზემოთ უკვე ვახსენე, რომ რესპუბლიკათაშორისო საზღვრებს სახელმწიფო სტატუსი არ ჰქონდა, ამიტომ გადამიჯვნა პერმანენტული პროცესი იყო როგორც საკავშირო, ასევე ადგილობრივ, „რაიონების“ დონეზე. დღეს აზერბაიჯანული მხარე, ისევე, როგორც ქართული მხარე, ამ დოკუმენტებით სარგებლობს. მკვლევრები ამ საკითხს პრაგმატულად უნდა მიუდგნენ, ემოციები ამ შემთხვევაში ცუდ სამსახურს გაგვიწევს. მხოლოდ ფაქტებით და დოკუმენტებით უნდა ილაპარაკო, რადგან შეჯიბრებითობის პრინციპი მუშაობს: ვინ უფრო მეტ ობიექტურ დოკუმენტს წარადგენს. თუ აზერბაიჯანს აქვს მოსკოვის მიერ დადგენილი დოკუმენტი, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ მოსკოვში მიღებული დოკუმენტი ორივე მხარეს ეგზავნებოდა. გარდა ამისა, მათ ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, რადგან დღეს ყალბი დოკუმენტის შექმნა უმარტივესი საქმეა.

ყოველ შემთხვევაშიბრძოლის საშუალება არის?

– რა თქმა უნდა. შესაძლოა, ზოგიერთი პოლიტიკოსის ნათქვამს არ დავეთანხმო, ქართული სასაზღვრო კომისია კარგად არ მუშაობსო, იმიტომ რომ კომისიის მუშაობას მასმედიის მეშვეობით გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ვადევნებ თვალს და მან მართლაც დიდი სამუშაო გასწია, მაგრამ აზერბაიჯანის მხარეც მუშაობს.

მერედავინ გვიშლისვიყოთ უფრო მარიფათიანები?

– როგორც ვიცი, არის საკითხები, რომლებიც ჩვენს სასარგებლოდ გადავწყვიტეთ. თუმცა მოგახსენებთ, რატომ ვართ ჩვენ თავდაცვის პოზიციაში: მართალია, ვამბობთ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ჩვენია, მაგრამ…

უნდა გაგაწყვეტინოთეს იმას ჰგავსროდესაც სეპარატისტი ჯიოევი ამბობდათამარის ტიპიკონი „სობსტვენნოსტ იუჟნოი ოსეტიი“ და საქართველომ უნდა დაუბრუნოს პატრონსოერთი თამარის ტიპიკონია „იუჟნაია ოსეტიასი“, მეორედავით გარეჯი  –  აზერბაიჯანის დამესამემე ვარ მაროკოს პრინცესა.

– ...მაგრამ აქ უნდა შევეხოთ აზერბაიჯანის მხარის ინტერესსაც...

რაც ყარაბაღს უკავშირდებაარა?

– დიახ, დიახ... საზღვრების პრობლემატიკას ასე თუ ისე ვიცნობ, ამ საკითხებზე გარკვეულწილად მეც ვწერდი. მარტივად რომ ვთქვათ, სომეხი ისტორიკოსების მტკიცებით, აზერბაიჯანელები კავკასიაში ძირეული ხალხი კი არა, არამედ მოსულები არიან, ამიტომ აზერბაიჯანული ისტორიოგრაფია ცდილობს, დამტკიცოს, რომ აზერბაიჯანელი ხალხი არის კავკასიაში მცხოვრები უძველესი ხალხის – ალბანელების კულტურული მემკვიდრე. მოგეხსენებათ, კავკასიის ალბანეთი ქრისტიანული სახელმწიფო იყო  და, ამდენად, აზერბაიჯანელები თავიანთ ტერიტორიაზე არსებულ ყველა ქრისტიანულ ძეგლს ალბანური კულტურის ძეგლად მიიჩნევენ.

რით ამტკიცებენრომ დავით გარეჯი არის ალბანური კულტურის ძეგლიყველა სკოლას ხომ თავისი ხელწერა აქვსრითაც ვარჩევთ ქართულსომხურბიზანტიურრუსულანტიკურ ძეგლებს?

– ვფიქრობ, ჩვენი ისტორიკოსების მიერ ამ საკითხის ღრმად შესწავლა აუცილებელია. მე ეს პირადად არ მიკვლევია და მაინტერესებს, მართლაცდა, რა არგუმენტები აქვთ? ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ აზერბაიჯანულ ისტორიოგრაფიაში დავით გარეჯის კომპლექსის „ალბანურობას“  თავიანთი კუთხით უყურებენ და აცხადებენ, რომ ის ალბანური კულტურის ძეგლია.

სანაცვლოდ სხვა მიწას არ თანხმდებიან დათქვენი აზრითრით შეიძლებავივაჭროთ და გამოვისყიდოთ დავით გარეჯი?

– ზოგიერთი აზერბაიჯანელი ისტორიკოსი ამბობს, რომ ქართველების წინაშე ქედი არ უნდა მოიხარონ. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც. იცით, რომ განჯის კარი, მეთორმეტე საუკუნის ისტორიული რელიკვია, ჩვენთან, გელათში ინახება და ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ისტორიკოსის აზრით, შესაძლოა, დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი განჯის კარზე გაგვიცვალონ. თუმცა იქვე ამბობენ, რომ განჯა მიწისძვრისგან იყო დანგრეული, ქართველებმა ამით ისარგებლეს, შემოესივნენ და წაიღესო.