„საქართველოს პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტ სააკაშვილს ვუცხადებთ ეროვნულ-პოლიტიკურ იმპიჩმენტს და მოვითხოვთ მის გადადგომას პრეზიდენტის პოსტიდან, რადგან მან არაერთხელ ჩაიდინა უმძიმესი დანაშაულობანი, გათელა კონსტიტუცია, მრავალჯერ მოიპოვა ხელისუფლება ძალადობით და მასობრივი გაყალბებით, მოსპო დემოკრატიის საფუძვლები, დაამყარა ერთპარტიული დიქტატორული რეჟიმი, შექმნა რეპრესიული სისტემა, პოლიტიკური პოლიციით გააუქმა ბიზნესის, მას-მედიის, სასამართლოს დამოუკიდებლობა, განახორციელა ადამიანთა მასობრივი დევნა, დაპატიმრება, წამება, მკვლელობა პოლიტიკურ მოტივებით, უსასტიკესად არბევს მშვიდობიან დემონსტრაციებს, ჩაება წინასწარ წაგებულ ომში და დაშალა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სახელმწიფოს მთელი სტრატეგიული სიმდიდრეები, გაყიდა ან ხელში ჩაუგდო საკუთარ საოჯახო-პარტიულ ოლიგარქებს, გააღატაკა და სოციალური გენოციდი მოუწყო ხალხს. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო დემოკრატიულ სამყაროს დიქტატორისა და მის თანამზრახველთა მიმართ გამოიყენოს დადგენილი უმკაცრესი სანქციები,» - ნათქვამია «ლეიბორისტული პარტიის» მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც პრეზიდენტის ეროვნულ-პოლიტიკურ იმპიჩმენტს ითვალისწინებს. «ლეიბორისტების» ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ ამ დოკუმენტს. მისივე განმარტებით, ისინი, ვინც ამ პროცედურას მხარს არ დაუჭერენ, ნამდვილ ოპოზიციად არ ჩაითვლებიან. «ქართული სიტყვა» გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს შალვა ნათელაშვილთან.
ბატონო შალვა, პოლიტიკურ პარტიებს «ეროვნულ-პოლიტიკური იმპიჩმენტის» დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდეთ, რა არის თქვენი მიზანი?
- სადაც დიქტატურაა, იქ კონსტიტუციით დადგენილი სამართლებრივი ფორმატის იმპიჩმენტის პროცედურები, რა თქმა უნდა, არ მოქმედებს, ის მკვდარი მუხლია. როდესაც კონსტიტუციური უმრავლესობა - მთავრობა და ყველა დიქტატორია, იქ ვინ მოაწერს ხელს? აი, ამით განსხვავდება დემოკრატიული ქვეყანა დიქტატურისგან - დემოკრატიულ სახელმწიფოში არის პრეზიდენტის მშვიდობიანად გადაყენების სამართლებრივი საფუძვლები და შესაძლებლობები. როგორც, მაგალითად, ნიქსონი გადააყენეს უოლტერგეიტის საქმის გამო, ის მოწინააღმდეგე პარტიის მოსმენებს გადააყოლეს. აქ კიდევ, იმდენი მოსმენებია, რომ მთელი მსოფლიოს პრეზიდენტებს ეყოფათ გადასაყენებლად, მაგრამ ვინაიდან ეს პერსპექტივა გამოირიცხა, ჩვენ მოვიფიქრეთ ახალი, ნოვაციური მოდელი - პოლიტიკურ-ეროვნული იმპიჩმენტი, ანუ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელი პარლამენტსა თუ მის გარეთაა, ხელი მოაწეროს სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას და უნდობლობას. ამას ექნება უდიდესი დატვირთვა მთელი მსოფლიოსათვის - როცა ნახავენ, რომ პარტიების უმრავლესობა სააკაშვილის გადაყენებას ითხოვს, მას მხარდაჭერა აღარ ექნება, რითიც დღემდე საზრდოობს, სულდგმულობს და ერთი წკიპურტით გადავაგდებთ სააკაშვილს!
დარწმუნებული ხართ, რომ ამ დოკუმენტით, მართლაც, ხელის ერთი მოსმით ჩამოაგდებთ სააკაშვილს?
- რა თქმა უნდა, ძალიან ადვილი იქნება, თუ იქნება ერთსულოვნება პოლიტიკურ ძალებში, თუ არ დაუჯდებიან მოლაპარაკებაზე, არ გაჰყვებიან არჩევნებში, არ მისცემენ ხმას კონსტიტუციაზე და ამ დოკუმენტს მოაწერენ ხელს, ქვეყანაში უკვე სხვა სიტუაცია იქნება. ამას არც ომი სჭირდება, არც - «ზონდერი», არც მიტინგი და არც - დარბევა. ამას სჭირდება ელემენტარული პატრიოტიზმი, რაც უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს. ეს კაცი თავზე აზის ქვეყანას. ჩვენ ნუ დაგვაჯდება თავზე და სხვა რაზეც უნდა, იმაზე დაჯდეს.
ბატონო შალვა, განაცხადეთ, ეს პროცესი წარმოაჩენს, თუ ვინაა ნამდვილი ოპოზიცია და ვინ - არაო. რა არის თქვენი მიზანი - სააკაშვილის იმპიჩმენტი, ოპოზიციის ლუსტრირება თუ ორივე ერთად?
- ჩვენი მიზანი სააკაშვილის რეჟიმის ლიკვიდაცია და სააკაშვილის უკანონოდ დაკავებული პოსტიდან გადაყენებაა. ჩვენი ოცნებაა, პოლიტიკური პარტიები გაერთიანდნენ ამ საერთო ეროვნული იდეის ირგვლივ და არა - ვიღაცები გამოვავლინოთ და დავამძიმოთ მდგომარეობა. ვინც ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რა თქმა უნდა, მის მიმართ საზოგადოებას გარკვეული აზრი განუმტკიცდება, ან შეექმნება. ეს არაა «ლეიბორისტული პარტიის» საავტორო უფლება, ეს ქაღალდზე გადატანილი ყოველი ადამიანის აზრია.
ბატონო შალვა, სოლიდარობა ახსენეთ და ასეთი იოლია მისი მიღწევა, მით უფრო, თუ ოპოზიციის ბოლოდროინდელ პოლიტურთიერთობებს გავითვალისწინებთ? რა გარანტია გაქვთ, რომ ამ საკითხში შეთანხმდებით და ყველა მოაწერს ხელს?
- კაცობრიობამ კოსმოსური ერა, დაახლოებით, 60 წლის წინ დაიწყო, მანამდე კი, კოსმოსში ვერ ადიოდა. აქამდე რომ ვერ თანხმდებოდა ოპოზიცია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ, ან ზეგ კიდევ ვერ შეთანხმდეს, თანაც ჩვენ ეს მარტო ლაკმუსისთვის კი არ გვინდა, რომ ვინც ხელს არ მოაწერს, იმას ქვით გამოვეკიდოთ. ჩვენ გვინდა, რომ მოაწერონ ხელი.
ნინო ბურჯანაძეც ასე ამბობდა, ვინც „სახალხო კრების“ აქციებს არ შეუერთდება, ის არ იქნება ნამდვილი ოპოზიციაო...
- ის „სახალხო კრების“ აქცია იყო და ამან პარტიები დააფრთხო. ეს კი, «ლეიბორისტული პარტიის» ბლანკი და დოკუმენტი არაა. ეს ქაღალდზე გადატანილი ხალხის სურვილიაა. ჩვენ ხელს, ანბანური წესით, მეოთხე ადგილზე ვაწერთ და ვიცი, ხელს ბევრი მოაწერს.
შსს-მ ოქრუაშვილის ინიცირებული სქემაც გაშიფრა - თურმე, „ქართული პარტიის“ ლიდერი „ზილითა“ და 200 რუსი სპეცრაზმელით მოდიოდა ცხინვალიდან სააკაშვილის რეჟიმის დასამხობად...
- კარგი, რა, 21-ე საუკუნეში „ზილზე“ ამხედრებული ოქრუაშვილი და რუსეთის „ეფ-ეს-ბე“ როგორი წარმოსადგენია? სირცხვილია, „ზილი“ რად უნდათ, თუ მოუნდათ, თვითმფრინავებიდან ჩამოსხამენ ჯარს! ამ ზღაპრების, ნეტავ, თვითონ თუ სჯერათ? უდიდესი სისულელეა. ასეთი ზღაპრები ხელისუფლებას სჭირდება შიშის სინდრომის გაღრმავებისათვის, რომ ხალხმა იფიქროს, აი, ხედავ, მეც რომ ჩავატარო მიტინგი, დამიჭერენ და ასეთ რაღაცას დამაბრალებენო და შეიძლება, ვიღაცამ თავი შეიკავოს.
ბატონო შალვა, ამბობენ, ბადრი ბიწაძე ხელისუფლებამ გააპარა საქართველოდანო...
- არ ვიცი, სადაა ბიწაძე, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ამით არც დავინტერესდები იმიტომ, რომ მერე, რაღაც რომ მოხდეს, უხერხულად არ ვიგრძნო თავი. ხომ ხედავთ, ჩვენ გარეშე ისედაც არაფერი ხდება - ან გვიჭერენ, ან გვხოცავენ, ან რაღაცებს გვაბრალებენ. აქციაზე ჩვენი აქტივისტი არ მოკლეს?
საკრებულოს გადაწყვეტილება - დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის კილოვატებზე მიბმა როგორ მოგწონთ? თუ იცით, რატომ უნდა ვუხადოთ ნაგვის საფასური „თელასს“?
- სააკაშვილი უნდა მივაბათ ნაგვის მანქანას და გავიტანოთ საქართველოდან, მანამდე სულ ასეთი სიტუაციები იქნება, მაგალითად, დაგვიწესებენ ჰაერის გადასახადს, როგორც ბიზანტიაში იყო, იტალიაში არის ჩრდილის გადასახადი - რესტორნების წინ ტენტებს რომ დგამენ, კვადრატულ მეტრ ჩრდილზე დაწესებულია რაღაც გადასახადი. სააკაშვილი გაიგებს ეგეთ რაღაცებს და გადმოიღებს. იმას კი არ გაითვალისწინებს და გადმოიღებს, რომ იტალიაში 4 ათასი ევროა პენსია და ხელფასი. სანამ მაგას არ გავაგდებთ, არაფერი გვეშველება. აი, სწორედ აქ გამოჩნდა რუსეთ-სააკაშვილის ალიანსი. „თელასი“ რუსული, ვიტყოდი, სახელმწიფო კომპანიაა, მას „ეფ-ეს-ბე“ აკონტროლებს და ის იღებს ადმინისტრირების ვალდებულებას, ანუ თუ არ გადაიხდი სხვა გადასახადებს, გითიშავს შუქს და ვინ არის ალიანსში რუსეთთან - ოპოზიცია თუ სააკაშვილი? გამცენ პასუხი. სწორედ ესაა ალიანსი და სტრატეგიული მოკავშირეობა.
შეგიძლიათ, დაასახელოთ, ვინ არიან ნაგვის კარიერის გენერლები?
- ყველანი ნაგვის კარიერის გენერლები არ არიან?! - სააკაშვილი, მერაბიშვილი, უგულავა, ბოკერია, თარგამაძე...
«რვიანზე» რას იტყვით, რომელსაც ხელისუფლებამ საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობის გაუმჯობესების საკუთარი წინადადებები წარუდგინა...
- «რვიანში» შემავალი პარტიები ამერიკიდან 90 მილიონ დოლარს ელოდებიან დემოკრატიის დახმარების ფონდში იმისთვის, თუკი ისინი ჭკვიანად მოიქცევიან და დაუჯდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან დიქტატორ სააკაშვილს. ეგაა მთელი ფილოსოფია და მეგობრულად ვურჩევ, თავს ნუ იტყუებენ. ამას უშუალოდ, განვითარების სააგენტო «იუსაიდი» აკეთებს. აბა, ახლა სააკაშვილის ლამაზი თვალების გულისთვის კი არ სხედან იქ. არ არსებობს ასეთი პოლიტიკური სუბიექტი - “რვიანი”. ეს დროებითი გაერთიანებაა ამ მიზნით და მერე, ვინ საით გაიქცევა, ამას ნახავთ.
რას იტყვით ერიკ ფურნიეს განცხადებაზე, რომელმაც ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყებაში ლამის საქართველო დაადანაშაულა?
- ჩვენ არ გვაქვს მასთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ფურნიე პირდაპირი კაცია - რასაც სხვები არ ამბობენ, ის, რასაც ფიქრობს, პირდაპირ ამბობს. საქმე იმაშია, რომ საფრანგეთი ძალიან მჭიდრო ურთიერთობაშია სააკაშვილთან და ამ ქვეყნის ხელისუფლება მაგრად ლობისტობს მას ევროსტრუქტურებში, ნატო-სა და სხვა ორგანიზაციებში, ხელს აფარებს. აქ ზის სარკოზის გამოგზავნილი გლუკსმანი, რომელიც მილიონებს იღებს, აკონტროლებს პრესას და ტელევიზიებს და ადგენს გრაფიკს, თუ ვინ რა თანმიმდევრობით უნდა გაუშვან ეთერში და იმას, რომ «ლეიბორისტული პარტია» არ უნდა აჩვენონ საღამოს, პრაიმ თაიმის დროს. ეს გლუკსმანის დადგენილია. მას ამაში მილიონები მიაქვს. ამასწინათ, ჩამოსული იყო საფრანგეთის ნაციონალურ საქმეთა მინისტრი დერანკური, სარკოზის მარჯვენა ხელი. მას კარგად ვიცნობ, პარიზში შევხვდი 2-3 წლის წინ, მაშინ სენატში სარკოზის უმრავლესობის ლიდერი იყო. სხვათა შორის, მან მითხრა, სარკოზის მე დავაჩქარებინე ვიზიტი და ვუთხარი, თუ მიდიხარ, დროზე ჩადი, თორემ შევიდნენ რუსები თბილისშიო. ამ ადამიანს ავუხსენი, თუ რა კაციჭამიაა სააკაშვილი, როგორ გვხოცავს, როგორ გვსპობს და გვანადგურებს. ახლა ჩამოვიდა და ტაშფანდური გამართეს ერთად. საფრანგეთის სახელმწიფო სააკაშვილის მოკავშირეა...
ბატონო შალვა, ჯონ ბასი აღარ ჩანს, მართლა ხომ არ დატოვა საქართველო?
- არ ვიცი... იმ სისულელის მერე, რაც გააკეთა, რა ექორწინება და რა ემოგზაურება ამ კაცს? გული მწყდება, რომ ამერიკას ასეთი უსახური ელჩი ჰყავს საქართველოში. მინდა გითხრათ, რომ წინა ელჩებთან - მაილსსა და ტეფტთან მქონდა პოლემიკა, მაგრამ - დიდი მეგობრობაც. ამ კაცს არ აქვს კონტაქტში შემოსვლის უნარი. ვინ დანიშნა ეგ კაცი ელჩად, იმ ჩემი ცოდვით სავსემ, წარმოდგენაც არ მაქვს. მიმაჩნია, რომ მაგას აქ აღარავინ დატოვებს, წაიყვანენ, მან ხომ სანქცია გასცა დარბევაზე. წაიყვანენ, მაგრამ ელჩზე მაინც არაფერია დამოკიდებული, მათ დონეზე არაფერი წყდება - სააკაშვილს ამერიკის ელიტა უჭერს მხარს - მაკკეინი, კერ კირკორიანი, ნეოკონსერვატორები, აი, ეს ბანდა და ვინც ჩამოვა, ყველას ექნება დავალება, აქ რა უნდა გააკეთოს. ბასი არ არის დიპლომატი, ძალიან გამოუცდელი ვინმეა. როგორც მითხრეს, მზვერავი ყოფილა ერაყში. ერთია მზვერავი, მეორე - დიპლომატი. საჯაროდ ასეთი რამ არ უნდა იბჟუტურო. ვინც ჩამოვა, ის ისევ სააკაშვილის ლობისტი იქნება, სანამ ჩვენ არ გავხდებით მართლა დამოუკიდებელნი და სანამ აქ არ დამთავრდება ცეკა-ს მეორე მდივნობის ეპოქა.
«მეორე მდივნის ეპოქაში» რას გულისხმობთ?
- მოგეხსენებათ, ცეკა-ს მეორე მდივანი იყო რუსეთის წარგზავნილი. ახლა ცეკა-ს მეორე მდივანი ამერიკის ელჩია.
სტიქიურ უბედურებაში რატომღა დაადანაშაულეთ ხელისუფლება?
- იმიტომ, რომ ამათ გაკაფეს ტყეები - ტყეები გააკაფინეს ჩინელებს, იტალიელებს, თურქებს. მოტიტვლდა მთის ფერდობები, რომლის ნიადაგს იჭერდა სწორედ ხის ფესვები, წამოვიდა მეწყერი და აგერ, რესტორანში შეუვარდა ხალხს სურამში. ეს დასაწყისია. ჯვარი გვეწეროს და, თქვენ ნახავთ, რა პრობლემები შეექმნება რაჭას, ლეჩხუმს, არაგვის ხეობისა და სვანეთის სოფლებს. ზვავს ხომ ხე აჩერებს? მთის წვერი რომ მოტიტვლდება, გზა ეხსნება და წვიმიანობის დროს, ნიადაგი ჩამოდის დაბლა. რაც ის ტყე გადავარჩინეთ გაყიდვას, ეკონომიკის სამინისტროსთან ვდგავართ საყარაულოდ და შეშინდნენ, მაგრამ რაც მოასწრეს და გასცეს, აგერ, შედეგები სახეზეა. ამიტომ ის არსებული ლიცენზიებიც უნდა გაუქმდეს. ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, აუცილებლად გავაუქმებთ.
«აგვისტოს 5 დღე» ნახეთ?
- არა, არა და არც მაქვს სურვილი, ნაყოფიას ნაყოფიერი შემოქმედებისა და რაღაც სისულელის ნახვის სურვილი.
ისეთი პირი უჩანს, აქციებს ვეღარ ჩაატარებთ «შეკრება-მანიფესტაციების შესახებ» ახალი კანონპროექტის წყალობით. პარლამენტი, ასევე, დაამტკიცებს ახალ კანონს, რომლის თანახმადაც, პოლიციელი პრეზიდენტის რანგში იქნება აყვანილი - მასზე თავდამსხმელი უვადო პატიმრობით დაისჯება. ამ ცვლილებებზე რა აზრის ხართ?
- ეს არის დიქტატურა. პოლიციელებს პირდაპირ უთითებენ, მიდით, ურტყით, დახოცეთ, კანონი თქვენს მხარესაა და ხელს ვერავინ შემოგიბრუნებთო. ეს არის პირადპირი მკვლელობა, წაქეზება დარბევაზე. პოლიციელმა უნდა იცოდეს, რომ თუ ძალას გადაამეტებს, აუცილებლად დაისჯება. მე, პირადად, როდესაც გამომძიებლად ვმუშაობდი პროკურატურაში, 10 პოლიციელი მყავს დაჭერილი.
რატომ?
- იმიტომ, რომ მოქალაქეთა უფლებები დაარღვიეს, გვარებიც კი მახსოვს მათი. ერთმა მუშტი დაარტყა კაცს, სხვამ ყაჩაღობა ჩაიდინა... პანტა-პუნტით ვიჭერდი პოლიციელებს, შეგიძლიათ, ამოიღოთ ჩემი გამოძიებული საქმეების სტატისტიკა. ახლა მაჩვენეთ, რომელი პოლიციელია დაჭერილი? ეს კი არა, გირგვლიანის მკვლელები რომ დაეჭირათ, ამას მთელი რევოლუცია დასჭირდა. დიქტატურა უნდა დაემხოს. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, ეს აქციებს არც შეზღუდავს და არც აკრძალავს. მეტი არაა ჩემი მტერი, აქციები აიცილოს სააკაშვილმა თავიდან. ნახავთ, რა აქციები ელოდება. სააკაშვილი თავისი სასახლის ფანჯრიდან დაინახავს, როგორ იმოქმედებს ეგ კანონი.
რობერტ სტურუას გამონათქვამს, არ მინდა სომეხი პრეზიდენტიო, «ნაცმოძრაობის» მხარდამჭერების ისტერია მოჰყვა. ქსენოფობი, არმენოფობი, რასისტი... - ასეთი ეპითეტებით შეამკეს დიდი რეჟისორი...
- ეგ აზრი 2003 წელს გამოვთქვი, მაგრამ არ დამიჭირა მხარი ელიტამ, სოფლელად და ხიხოდ ჩამთვალა, რა შუაშია ეროვნებაო. რას ჰქვია, კაცო, პოლიტიკოსის ეროვნება მთავარია! როდესაც ამერიკაში ვინმე აყენებს თავს პრეზიდენტობის კანდიდატად, მას უჩხრიკავენ წარმოშობას, ბებიის ბებიის საფლავამდე ჩადიან. ვერ დაინახეთ, ობამას დაბადების მოწმობა ჩამოატანინეს ჰონოლულუდან? დუკაკისი რომ არ აირჩიეს, ბერძენია წარმოშობითო, არ გახსოვთ? პოლიტიკოსს არ ეხება პირადი საიდუმლოების ნიუანსები. პოლიტიკოსი რომ იტყუება, თავის ეროვნებას რომ მალავს, ის ყველაფერში მოიტყუება!
ემანდ, თქვენც არმენოფობია არ დაგწამონ, ბატონო შალვა...
- რა არმენოფობია, ჩემს პარტიაში ნახევარი სომხები არიან! არმენოფობია კი არა, მე სიცრუისფობია მჭირს. რატომ იტყუები, რატომ გრცხვენია შენი გენეტიკისა და ჯიშის? რა აქვს დასაწუნი სომეხს, საუკეთესო ერია, ჩვენი მოძმე და მეგობარი.
მაგრამ, თქვენც მიგაჩნიათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქართველი უნდა იყოს, არა?
- საქართველოს სახელმწიფოში პრეზიდენტი უნდა იყოს ქართველი, სომხეთში - სომეხი, აზერბაიჯანში - აზერბაიჯანელი. როგორ არ აქვს მნიშვნელობა? როგორც ზვიადმა თქვა, მხოლოდ ცხოველი იბადება უეროვნებო. ჯერ სააკაშვილი დაფიქრდეს, რას წამოისვრის და მერე აკრიტიკონ სხვების გამონათქვამები მან და მისმა ფანებმა.
ბატონო შალვა, ალბათ, ზაფხული პოლიტიკურად მკვდარი იქნება, როგორც წესი...
- რას ჰქვია, მკვდარი? ჩვენ არსად მივდივართ, ვაგრძელებთ მუშაობას და აქციებს. ერთი წამით არ შეიძლება თვალის მოხუჭვა იმიტომ, რომ ბანდიტების ხელშია ქვეყანა. ჩვენ ახლახან გვქონდა მიტინგი პრეზიდენტის სასახლესთან, ილიას და აკაკის ძეგლთან გვარ-სახელების შემოკლებაზე და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ამ კაციჭამიას მოუსავლეთში არ გავგზავნით. ჩვენთვის შესვენება არ არსებობს.