უელსი - ძველმა ხალხმა სრულწლოვანებას მიაღწია

უელსი - ძველმა ხალხმა სრულწლოვანებას მიაღწია

პროექტი - ”ევროპა ირჩევს”

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ევროპისა და საქართველოს მეზობელი ქვეყნების პოლიტიკური და საარჩევნო სისტემის, მიმდინარე საარჩევნო კამპანიების, პოლიტიკური პრაქტიკების, მოქმედი ლიდერებისა და პოლიტიკური სუბიექტების შესახებ.

 

ვთვლით, რომ აუცილებელია ქართული საზოგადოება სათანადოდ გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებას; ამიტომ გადავწყვიტეთ დეტალურად წარმოვადგინოთ ინფორმაცია ევროპული და საქართველოს მეზობელი ქვეყნების საარჩევნო პროცესებისა და კამპანიების შესახებ.

პროექტის მსვლელობის განმავლობაში ყველა კამპანიას მიეძღვნება სტატიების ციკლი (სტატიები მომზადდება ოფიციალური საინფორმაციო რესურსების გამოყენებით). სტატიებში ასახული იქნება:

 

1.      შესაბამისი ქვეყნის პოლიტიკური და საარჩევნო სისტემის მიმოხილვა

2.      ინფორმაცია ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეების შესახებ

3.      ინფორმაცია გავლენის ჯგუფების შესახებ (პროფკავშირები, ბიზნეს ასოციაციები, რელიგიური ჯგუფები, სამოქალაქო აქტივისტები, სათემო ორგანიზაციები)

4.      მიმდინარე კამპანიის არსი - რა სახის არჩევნებია (პარლამენტი, თვითმმართველობა, პრეზიდენტი), რა თემაზეა რეფერენდუმი (პლებისციტი)

5.      ბოლო პერიოდისათვის (10-15 წელი) დამახასიათებელი პოლიტიკური ტენდენციების მიმოხილვა

6.      კამპანიის მსვლელობა, რეიტინგები და ავტორიტეტული ექსპერტების გამოქვეყნებული კომენტარები

7.      არჩევნების (რეფერენდუმის, პლებისციტის) შედეგები და შედეგების კომენტარები

ამომრჩევლის ინფორმირება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს და მომავალში არაერთი საინფორმაციო პროექტი განხორციელდება.

 

უელსი - ძველმა ხალხმა სრულწლოვანებას მიაღწია

ნაციონალური ასამბლეის არჩევნები უელსში 2011 წლის 5 მაისს ჩატარდა.

უელსის ნაციონალური ანსამბლეა (Cynulliad Cenedlaethol Cymru) წარმოადგენს უელსის საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც 1998 წელს, უელსში 1997 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით შეიქმნა, როდესაც ამომრჩეველთა 50,3% პროცენტმა უელსის პარლამენტის შექმნას დაუჭირა მხარი. ამ საკითხთან დაკავშირებით 1979 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროს ამომრჩეველთა უმრავლესობამ დასმულ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა.

1997 წლის რეფერენდუმის დროს პარლამენტის შექმნას მხარს უჭერდნენ ლეიბორისტები, უელსის პარტია და ლიბერალ-დემოკრატები, აგრეთვე -  საეკლესიო და პროფკავშირული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პარლამენტის შექმნის წინააღმდეგ გამოდიოდნენ კონსერვატორები.

ნაციონალური ასამბლეის შექმნის შემდეგ ეს არის მეოთხე, ხოლო უელსის სამთავრობო აქტის მიღების შემდეგ (2006), რომლის თანახმადაც ასამბლეის წევრებს საშუალება მიეცათ ჩამოეყალიბებინათ უელსის მთავრობა – მეორე არჩევნები. პოლიტიკური პარტიები ასამბლეის 60 მანდატისთვის იბრძოდნენ.

შერეულ წევრთა სისტემის (Mixed Member System) მიხედვით, უელსის ნაციონალური ასამბლეის არჩევნებში ყველა ამომრჩეველს აქვს ორი ხმა. 40 წევრი ირჩევა საარჩევნო ოლქებიდან მაჟორიტარული სისტემით, ხოლო დანარჩენი ოცი, პარტიული სიებით - ხუთი მსხვილი ოლქიდან (შუა-დასავლეთ უელსი, ჩრდილოეთ უელსი, სამხრეთ უელსი-ცენტრალური, სამხრეთ უელსი-აღმოსავლეთი და სამხრეთ უელსი-დასავლეთი).

ამომრჩეველთა აქტივობამ 42.2% შეადგინა.

არჩევნების შედეგები:

ლეიბორისტული პარტია - 28 (1999), 30 (2003), 26 (2007) 30 (2011)

კონსერვატორული პარტია - 9 (1999), 11 (2003), 12 (2007), 14 (2011)

პლაიდ კიმრუ - 17 (1999), 12 (2003), 15 (2007), 11 (2011)

ლიბერალ-დემოკრატიული პარტია - 6 (1999), 6 (2003), 6 (2007), 5 (2011)

სხვები - 0(1999), 1 (2003), 1 (2007), 0 (2011)

როგორც შედეგებიდან ჩანს, 1999 წლის არჩევნების შემდეგ ყველაზე მეტად კონსერვატორები ახერხებენ პოზიციების ეტაპობრივად განმტკიცებას ასამბლეაში, რომლის შექმნის წინააღმდეგადეგაც გამოდიოდნენ 1997 წლის რეფერენდუმის დროს. ყოველი ახალი არჩევნების შედეგად ტორები უფრო მეტ მანდატს იღებენ, 2011 წლის არჩევნებში კი, ლეიბორისტების შემდეგ, 14 მანდატით შეძლეს მეორე ადგილის დაკავება. სტაბილურად წარმატებულია ლეიბორისტული პარტია, რომელიც ლიდერობს, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ არც ერთ არჩევნებზე ამ პარტიას არ მოუპოვებია უმრავლესობისთვის საჭირო 31 მანდატი, რის გამოც კოალიციის შექმნა ხდებოდა აუცილებელი   (მაგალითად - 2007 წელს პლაიდ კიმრუთან ერთად).

შედეგების დინამიკა შედარებით არასახარბიელოდ გამოიყურება პლაიდ კიმრუსთვის: 1999 წლის არჩევნების შემდეგ ისინი სისტემატურად კარგავენ მანდატებს (გარდა 2007 წლისა, როდესაც შეძლეს 3 ადგილით გაეუმჯობესებინათ წინა წლის შედეგი). სტაბილურად ინარჩუნებდა ადგილებს ლიბერალ-დემოკრატიული პარტია 2011 წლამდე (ამ არჩევნებზე მათ 1 მანდატი დაკარგეს.)

რაც შეეხება 2011 წლის არჩევნების შედეგებს, უელსის ასამბლეაში გამარჯვება ლეიბორისტებმა მოიპოვეს და 30 მანდატი (ოთხით მეტი, ვიდრე 2007 წელს მიიღეს), თუმცა უმრავლესობის მისაღებად ერთი ადგილი დააკლდათ.

კონსერვატორებმა, ერთდროულად, გამარჯვებაც განიცადეს და მარცხიც - შეძლეს გაეზარდათ ადგილების რაოდენობა 2-ით, მაგრამ მათივე ლიდერი, ნიკ ბოუნსი უელსის შუა და დასავლეთ რეგიონებში დამარცხდა. საბოლოოდ, კონსერვატორებმა უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის წოდება „პლაიდ კიმრუს“ ჩამოართვეს. ამ უკანასკნელმა დაკარგა ოთხი ადგილი და 11 მანდატით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ეს ნაციონალისტური პარტია წინა მოწვევის ასამბლეაში ლეიბორისტებთან ერთად სამთავრობო კოალიციის წევრები იყო.

უელსის ლიბერალ-დემოკრატებმა ხუთი ადგილი მოიპოვეს (-1). ზოგიერთი ექსპერტი მათ მარცხს მათივე „პრო-ბრიტანულ“ იმიჯს უკავშირებს (ლიბერალ-დემოკრატებისა და კონსერვატორების სამთავრობო კოალიცია). სწორედ ეს გამოიყენა ლეიბორისტულმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიაში და ხაზი გაუსვა ამ კოალიციის მერყეობას, რითაც ცენტრალური მთავრობისადმი სკეპტიკურად განწყობილი მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ ასამბლეის ახალი შემადგენლობა იქნება პირველი, რომელსაც უფლება ექნება დამოუკიდებლად მიიღოს ახალი კანონები და აღარ შეასრულებს „მეორეხარისხოვანი“ კანონმდებლის როლს საერთო ბრიტანული კანონების ჩარჩოებში. რეფერენდუმი უელსის ასამბლეის საკანონმდებლო უფლებების გაფართოების შესახებ ჩატარდა 2011 წლის მარტში. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 35.2%-მა (814.512 ამომრჩეველი). აქედან ყველაზე დიდი აქტივობა იყო კარმანტერშირში - 44.36%, ყველაზე მცირე კი რექსემში – 27.04%.  22 თვითმართველი ოლქიდან მხოლოდ მონმოუთშირმა (Monmouthshire) მისცა ხმა წინააღმდეგ (50,64%).

 

საბოლოოდ, უელსის მოსახლეობის 63.5%-მა (517 132 ამომრჩეველი)  მხარი დაუჭირა ასამბლეისთვის კანოშემოქმედებითი უფლების მინიჭებას.

რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ უელსის პირველმა მინისტრმა, კარვინ ჯონსმა განაცხადა: ”დღეს ძველმა ხალხმა (უელსელებმა) სრულწლოვანებას მიაღწია”.

 

უელსის ასამბლეის საკანონმდებლო უფლებების გაფართოების  შემდეგ 5 მაისის არჩევნების შედეგები საკმაოდ კარგად ასახავს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის სკეპტიკურ განწყობას ცენტრალური ხელისუფლების მიმართ და სურვილს, მოიპოვოს უელსმა დამოუკიდებლობის მეტი ხარისხი. ამ შედეგების ფონზე ლეიბორისტების გამარჯვება და მათი წინასაარჩევნო სტრატეგია საკმაოდ ლოგიკური, და საბოლოო ჯამში წარმატების მომტანი აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი, უელსის ლეიბორისტული პარტიის სამმა ძირითადმა ფიგურამ - პირველმა მინისტრმა (აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა) კარვინ ჯონსმა, პარტიის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლეიტონ ენდრიუსმა და ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა ოუენ სმიტმა - განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება ლეიბორისტების მიერ კონტროლირებადი კოალიცია, რაც პარტიას ასამბლეაში უმრავლესობას მოუტანს.