პოლიტიკურ ვიზიტად შემოსაღებული ექსკურსია

პოლიტიკურ ვიზიტად შემოსაღებული ექსკურსია

[ნინო მიქიაშვილი]
საფრანგეთიდან საქართველოში ექსკურსიაზე ჩამოსულ ბავშვებს – “კავშირი სახალხო მოძრაობისათვის“ ახალგაზრდული ფრთის 8 წევრს, რომელთა მასპინძლებადაც “მრეწველები“ ითვლებიან, ცენტრალური ტელეარხები ფეხდაფეხ დაჰყვებიან, მათ ყოველ ნაბიჯს იღებენ და შემდეგ, საინფორმაციო გამოშვებების პირველ სიუჟეტად გვაჩვენებენ; ერთი შეხედვით, მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ოფიციალური ვიზიტი, რომლის დროსაც, მოკლე შარვლებში გამოწყობილი ახალგაზრდები, კულტურული პროგრამის ფარგლებში ჩადიან მცხეთაში, თელავში და ასე შემდეგ.

პრესა.გე “მრეწველების“ ერთ–ერთ ლიდერს, ზურაბ ტყემალაძეს დაუკავშირდა და ფრანგ სტუმრებთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა.

“საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამოდიან. პოლიტიკური განცხადებები მათ წინანდალში სტუმრობისას გააკეთეს“, – ასე იწყება საინფორმაციო გამოშვებები და ალბათ, ამდაგვარი ტემპით გააგრძელებენ მაყურებლისთვის თვალში ნაცრის შეყრას – ექსკურსიის პოლიტიკურ ვიზიტად შემოსაღებას, სანამ სტუმრები საქართველოში იქნებიან.

ცენტრალური ტელეარხები, “ნაცმოძრაობის“ და საპარლამენტო პარტიების გარდა დანარჩენებს უმეტეს წილად უარყოფით კონტექსტში ახსენებენ. გამომდინარე აქედან, ერთ–ერთი არასაპარლამენტო პარტიის სტუმრებისადმი გამოჩენილმა გადამეტებულმა ყურადღებამ განაპირობა ის კითხვები, რომლებიც პრესა.გე–მ ზურაბ ტყემალაძეს დაუსვა.

ფრანგები თქვენი სტუმრები არიან თუ მმართველი პარტიის?
– ჩვენი სტუმრები არიან. საერთოდ, ისინი თავიანთი ინიციატივით ჩამოვიდნენ, ნიკოლას პაპიაშვილის სტუმრები არიან. ნიკოლასი ჩვენი ოჯახის ახლობელია, მამამისი და მე მეგობრები ვართ და ამიტომ არიან ჩვენთან. ნიკოლასის მშობლები ეროვნული მოძრაობის წევრები იყვნენ; ისინი საქართველოდან 1992 წელს წავიდნენ; მათი შვილები საფრანგეთში გაიზარდნენ.

საფრანგეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია მასპინძლობს. “ნაცმოძრაობამაც“ გამოთქვა მათთან შეხვედრის სურვილი და შეხვდნენ პარლამენტში, საკრებულოში. თუ არ ვცდები, მათ ლადო ვარძელაშვილიც უნდა შეხვდეს.

საქართველოში თქვენი მოწვევით ჩამოვიდნენ, თავიანთი ინიციატივით, ექსკურსიაზე არიან თუ როგორ არის?
– ყველაფერი ერთად – ჩვენც მოვიწვიეთ, თვითონაც ჩამოვიდნენ, ექსკურსიაზეც არიან. ასე რომ, არის როგორც საექსკურსიო, ისე პოლიტიკური შეხვედრები. იყვნენ კახეთში, მცხეთაში, ჩამოვლენ ბათუმში. რვავე მათგანი არიან სარკოზის პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის “ბოსები“. მათგან ერთ–ერთი ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის პრეზიდენტია.

რამდენად მნიშვნელოვანია მათი საქართველოში სტუმრობა?
– მიმაჩნია, რომ მათი სტუმრობა რამდენიმე მიმართულებითაა მნიშვნელოვანი. პირველი ის, რომ ქართველი კაცი საქართველოს არ დაკარგავს, აინტერესებს და უნდა საქართველოს ყველა სიკეთისა თუ ავ–კარგის გაცნობა და ნახვა; მეორე – მოგეხსენებათ, საფრანგეთი საკმაოდ განვითარებული ევროპული ქვეყანაა, რომლის პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს ახალგაზრდები არიან პოლიტიკური მომავლები, საფრანგეთის მმართველ პარტიაში საკმაოდ სერიოზულ როლს თამაშობენ და ნებისმიერ სიტუაციაში, ჩვენი ქვეყნიდან საქართველოზე ნებისმიერი კარგის გატანა, ბუნებრივია, დადებითი მოვლენაა.

“მრეწველებმა“ ფული გადაიხადეთ, მათი სტუმრობის ამსახლველი დეტალების გაშუქებაში, თუ ცენტრალური ტელეარხები ამას თავიანთი ინიციატვით აკეთებენ?
– არავითარი ფული არ გადაგვიხდია. ჩვენმა პრესსამსახურმა მათი სტუმრობის შესახებ აბსოლუტურად ყველა არხს და სააგენტოს შეატყობინა. პირველ დღეს მხოლოდ “რუსთავი 2“გამოეხმაურა და შემდეგ ყველა არხი. შეტყობინება გაგზავნილია “მაესტროსთვის“, “კავკასიასთვის“. ვინც ინტერესდება, ის აშუქებს და ვინც არ ინტერესდება, ალბათ არ აშუქებს.

ცენტრალური ტელეარხების და “ნაცმოძრაობის“ ასეთი დიდი ყურადღება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ “მრეწველებისა“ და მმართველი პარტიის პოზიციების დაახლოება მოხდა და თქვენ დათმობებზე წახვედით?
– არა, აბსოლუტურად არ ნიშნავს ამას. ყველას აქვს თავისი პოლიტიკური შეხედულებები და ბუნებრივია, ამ ახალგაზრდებსაც აქვთ პოლიტიკური შეხედულება. ახლობლობა ახლობლობაა, მაგრამ პოლიტიკური შეხედულება, პოლიტიკური შეხედულებაა; ჩვენ ვერავის ვერაფერს ვუკარნახებთ, თუ რა შეხედულების უნდა იყოს. ისინი დაინტერესდნენ, ჩამოვიდნენ.

წამოსვლამდე პარტიის თავმჯდომარეს, რომლის გვარი სამწუხაროდ, არ მახსოვს, ამ სტუმრობის შესახებ უთხრეს; მან საქართველოსადმი მხარდაჭერა გამოხატა. ხაზს ვუსვამ – საქართველოსადმი მხარდაჭერა! რაც ბუნებრივია, არც “ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას ნიშნავს და არც “მრეწველებისას“. ეს არის საქართველოს მხარდაჭერა და საქართველოს ხალხის მხარდაჭერა. დანარჩენი ბუნებრივია, ახალგაზრდა პოლიტიკოსები არიან და ისინი თავიანთ გზას მიჰყვებიან. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვრჩებით ოპოზიციურ პარტიად.

მათი მასპინძლობის ხარჯებს “მრეწველები“ იღებთ?
– ეგ ცოტა ისეთი კითხვაა… რა თქმა უნდა, “მრეწველები“ ვიღებთ მათი მასპინძლობის ხარჯებს. აბა, სახელმწიფო რომ არ გვაძლევს, ფაქტია.

თავიანთი ხარჯებით ხომ არ ათვალიერებენ საქართველოს–მეთქი, მე ეს ვიგულისხმე.
– ზოგი თავიანთი ხარჯებია, ზოგი – ჩვენი.

როდის ჩამოვიდნენ ფრანგი სტუმრები და რამდენი ხნით რჩებიან საქართველოში?
– 21–ში პრაღის რეისით (პარიზი–პრაღა–თბილისი) ჩამოვიდნენ და 29–ში უკან იმავე რეისით დაბრუნდებიან.

საპასუხო სტუმრობა ხომ არ იგეგმება?
– თავის დროზე, ნიკოლას პაპიაშვილის მიწვევით, წინა მოწვევის საკრებულოდან იყვნენ წასულები, რომელშიც ჩემი ბიჭი, გიორგი ტყემალაძე საერთაშორისო ურთიერთობების დროებითი კომისიის თავმჯდომარე გახლდათ. ბუნებრივია, ურთიერთობების გაღრმავებას ვაპირებთ, თუკი ეს ორივე მხარისთვის საინტერესო იქნება. ჩემს ბიჭთან ერთად მათ მასპინძლობენ და დაჰყვებიან ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც მათთან საქმიან ურთიერთობას გააგრძელებენ.

ფრანგ სტუმრებს “ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებიც ხომ არ დაჰყვებიან?
– არა, არ დაჰყვებიან. სამწუხაროდ მინდა აღვნიშნო, რომ კახეთში სტუმრობისას, “ნაცმოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის არც ერთი “ბოსი“ არ დაინტერესდა და არ შეხვდა სტუმრებს. ჩვენებმა დაათვალიერებინეს: წინანდალი, გრემი, ალავერდი და ასე შემდეგ.

ნიკოლას პაპიაშვილი წარმოშობით ყაზბეგიდანაა და უნდათ რომ ზეგ დილით ყაზბეგში ჩავიდნენ. იქიდან წამოვლენ და დასავლეთ საქართველოს დაათვალიერებენ. ქუთაისში, გზაზე მათ ჩვენი ორგანიზაციის თავმჯდომარე დახვდება და ერთ საღამოს დაათვალიერებინებენ გელათს, სხვა ღირშესანიშნაობებს; ქუთაისში უმასპინძლებენ და შემდეგ გზას ბათუმისკენ გამოაგრძელებენ. ბათუმში მათ მეც შევხვდები, რადგან ახლა ბათუმში ვარ.