ავთანდილ იოსელიანი აფსუებს თავიანთი მეგობარი ეგონათ

ავთანდილ იოსელიანი აფსუებს თავიანთი მეგობარი ეგონათ

აფხაზეთის ე.წ. „უშიშროების სამსახურმა“ და „საგარეო საქმეთა  სამინისტრომ“ უარი განუცხადა საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილეს, ავთანდილ იოსელიანს გალის რაიონში შესვლაზე. უარის მიზეზად დასახელდა იოსელიანის სავარაუდო კავშირი ქართულ პარტიზანულ რაზმ „თეთრ ლეგიონთან“.

კაცმა რომ თქვას „თეთრი ლეგიონი“ იმდენად კეთილშობილურ საქმეს აკეთებს, მასთან „კავშირი“ არათუ უშიშროების მინისტრის მოადგილეს, არამედ ქვეყნის პრეზიდენტსაც არ დაეძრახება, მაგრამ ავთანდილ იოსელიანისადმი გამოჩენილ მოულოდნელ „სიმკაცრეში“ უფრო სხვა რამ იმალება.

არძინბას ხროვამ შესანიშნავად უწყოდა და უწყის, საქართველოს ხელისუფლებაში ვინ რას აკეთებს აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით. ამდენად, ავთო იოსელიანისადმი „ეჭვი“ დღეს არ გასჩენია, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინ სწორედ მასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს „მთელი შემადგენლობით“. საკმარისია ითქვას, რომ გაგრაში იოსელიანისა და არძინბას შეხვედრას ესწრებოდნენ სეპარატისტთა ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ა.შ. დღეს ვითარება შეიცვალა: არძინბას ესაჭიროება ე.წ. „წინასწარი დემარშები“ საქართველოს წინააღმდეგ, რათა იმ შემთხვევაში, თუ საომარი მოქმედებები განახლდა, ყველაფერი ისევ ჩვენს ქვეყანას გადმოაბრალოს.

ომის განახლება კი სავსებით რეალურია 31 ივლისის შემდეგ, როდესაც რუსეთის სამშვიდობო ძალები დატოვებენ კონფლიქტის ზონას. ამითვე აიხსნება აფხაზ სეპარატისტთა უარი, მონაწილეობა მიიღონ ოთხმხრივი კომისიის მუშაობაში, რომელიც კვირაში ერთხელ იმართებოდა გალის რაიონში.

ავთანდილ იოსელიანი აფხაზეთში საკმაოდ მნიშვნელოვანი და გავლენიანი ფიგურა გახლდათ. ყოველ შემთხვევაში, ბევრი დღევანდელი „აფხაზი მინისტრი“ წლების განმავლობაში მისი მონა-მორჩილი იყო. ამჟამად ვითარება შეიცვალა და სეპარატისტები აფხაზეთის მთელ ტერიტორიას განაგებენ ფსოუდან-ენგურამდე. ავთო იოსელიანთან ურთიერთობაც აღარ სჭირდებათ, რადგან მიხვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ილუზიებით აღარ იკვებება. მაგრამ მეორეს მხრივ, სეპარატისტთა „დემარში“ ნამდვილად დაეხმარება ავთო იოსელიანს, მოიგერიოს არაკეთილმოსურნეთა ბრალდებები „კვირაიას სკანდალთან“ დაკავშირებით (ამ საქმეში უშიშროების მინისტრის მოადგილეც „გადიოდა“).

რაკი აფხაზები მას ბრალად სდებენ „თეთრი ლეგიონის“ მფარველობას, ავთო იოსელიანის გადაყენება საეჭვო სახეს მიიღებდა, არანაკლებ საეჭვოს, ვიდრე თვით შოთა კვირაიას „მოშორება“ სწორედ 31 ივლისის წინ. ყოველ შემთხვევაში, ლტოლვილებისათვის ავთო იოსელიანი უფრო მეტადაც განასახიერებს აფხაზეთის ყოფილ „ძალისმიერ სტრუქტურებს“, ვიდრე შოთა კვირაია. ამდენად, ხელისუფლება იძულებული იქნება, ლტოლვილთა განწყობა გაითვალისწინოს.

რაც შეეხება აფხაზ სეპარატისტებს, მათი „დემარშები“ მხოლოდ ააშკარავებს, რომ ჯერჯერობით ყველა მცდელობა „ფარული ლეგიტიმაციის“ პროცესის გაგრძელებისა კრახით დასრულდა, თუ საქართველოს ხელისუფლებამ უდიდესი შეცდომა არ დაუშვა და „ერთიანი სახელმწიფოს“ შენარჩუნების სურვილით ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას (ოქმს) „თანასწორსუბიექტური ფედერაციის“ შესახებ საქართველოსა და აფხაზეთს შორის.

ავთო იოსელიანის ეპიზოდი კიდევ ერთხელ ადასტურებს: აფხაზური მხარე აქტიურად ემზადება ომისათვის. გალის რაიონში შეჰყავთ დამატებითი სამხედრო ფორმირებები. ამავე დროს, აპირებენ, გააძევონ ქართული მოსახლეობა გალის რაიონიდან მაშინვე, როგორც კი რუსები დატოვებენ კონფლიქტის ზონას.