ქვეყნის მთავარსარდალს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეები ვეტერანებად არ მიაჩნია და ვეტერანის სტატუსს აქამდე მხოლოდ დაღუპულებს ან უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ანიჭებდა. მაგრამ პრეზიდენტს ფავორიტები 2008 წლის ომის მონაწილეებშიც გასჩენია და როგორც "ეროვნული ფორუმის" წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ გვაცნობა, მათ სტატუსს "საიდუმლოდ" ანიჭებს.
- საქართველოს პარლამენტმა 1996 წელს მიიღო კანონი "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ", რომლითაც ვეტერანის სტატუსი მიენიჭათ 90-იან წლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მებრძოლ პირებს. ამ ბრძოლების გარდა იყო 2004 წლის ორკვირიანი შეიარაღებული კონფლიქტი შიდა ქართლში, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ვეტერანის სტატუსი ამ კონფლიქტში მონაწილე პირებსაც მიენიჭათ, ოღონდ ძველი, 1992 წლის დათარიღებით(!), რადგან 2004 წლის კონფლიქტს არ ჰქონდა შეიარაღებული კონფლიქტის, ომის სტატუსი. ამ კონფლიქტის მონაწილეებმა მითხრეს, რომ შიდა ქართლის რამდენიმე სოფლის მკვიდრ ჯარისკაცს მისცეს ვეტერანის სტატუსი, მაგრამ არ მისცეს ახალგორელებს. ვერაფრით გავარკვიეთ, რა ნიშნით გამოარჩიეს ჯარისკაცები ერთმანეთისგან.
აგვისტოს ომის შემდეგ ამ კანონში დამატება შევიდა და ვეტერანის სტატუსი მიენიჭათ 2008 წლის ომში დაღუპულებს ან უგზო-უკვლოდ დაკარგულებს. აგვისტოს ომის მებრძოლებს კი ვეტერანის სტატუსს არ ანიჭებენ. ყველა სამართლებრივი აქტის გათვალისწინებით მათ სტატუსი ეკუთვნით, რადგან 2008 წლის 9 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ამ კონფლიქტს ომის სტატუსი აქვს საერთაშორისო დონეზეც, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" (ოკუპაცია კი ომისა და შეიარაღებული კონფლიქტის შედეგია) და ბოლოს, ეს მეომრები იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ისინი მონაწილეობდნენ ომში და ვეტერანის სტატუსიც ეკუთვნით. იმის გამო, რომ ომი დიდხანს არ გაგრძელებულა, შეიძლება მებრძოლებს ვეტერანის სტატუსს არ აძლევდნენ?!
რამდენიმე დღის წინ შევიტყვე, რომ შს სამინისტროში მალულად დაიწყეს ვეტერანის სტატუსის მინიჭება სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის თანამშრომლებისთვის.
ამ ომში შს სამინისტროს სხვა ქვედანაყოფებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ვეტერანის სტატუსს მხოლოდ სპეცრაზმელებს აძლევენ.
ვისთან შეამოწმეთ ეს ინფორმაცია?
- მათთან, ვისაც მისცეს სტატუსი და ვისაც უთხრეს, რომ მიანიჭებენ.
რატომ ხდება ასეთი დიფერენციაცია?
- არჩევნები ახლოვდება და ხელისუფლებას ერთგული სპეცრაზმი სჭირდება. 26 მაისის შემდეგ სპეცრაზმმა დიდი დარტყმა მიიღო, პოლიციის რეიტინგიც დაეცა. 26 მაისიდან ორი კვირის თავზე ხელისუფლების დაკვეთით ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგიც გასაიდუმლოებულია. მე ხელში ჩამივარდა ამ კვლევის ანკეტა, სადაც კითხვები ძირითადად პოლიციაზე იყო. კვლევამ ცხადყო, რომ პოლიციის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაცემულია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და ხელისუფლების მომხრეების შეფასებებიც სპეცრაზმელთა მიმართ კატეგორიულად უარყოფითია. ამიტომ ხელისუფლებამ სპეცრაზმელების გულის მოგება განიზრახა. კარგია, რომ ვანო მერაბიშვილი თანამშრომლებზე ზრუნავს, მაგრამ კანონი არ უნდა დაარღვიოს. ქვეყნის მთავარსარდალი, რომელიც უნდა იცავდეს ჯარისკაცების უფლებებს, პირიქით, არღვევს, როდესაც აგვისტოს ომის მონაწილეებს ვეტერანის სტატუსს არ ანიჭებს. ეს სტატუსი კანონით მხოლოდ დაღუპულებსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ენიჭებათ. ასე რომ, არც შს მინისტრს აქვს უფლება, კანონი დაარღვიოს და სურვილისამებრ მიანიჭოს ვეტერანის სტატუსი სპეცრაზმელებს.
ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ორი ახსნა აქვს: სააკაშვილი ძალიან გაბრაზებულია ჯარზე, ჯარისკაცები არ უყვარს. და კიდევ, აგვისტოს ომში ათასობით ჯარისკაცი იბრძოდა. მათთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭება და სოციალური უზრუნველყოფა დიდი ფული დაუჯდება ბიუჯეტს. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მცირე სოციალური დახმარება ვერ გაიმეტა გადარჩენილი მეომრებისთვის, დაღუპულებს კი ძეგლი დაუდგა. ეს იმიტომ, რომ სააკაშვილს გადარჩენილი მეომრები არ უყვარს.
ზვიად ჩხეიძე, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე: "2006 წლიდან შეიარაღებულ ძალებში ოთხწლიანი კონტრაქტით დავიწყე სამსახური. მეოთხე ბრიგადაში ვირიცხებოდი. 2008 წელს ომში მომიწია წასვლამ. 7 აგვისტოს საღამოს ჩვენი ბრიგადა ცხინვალის რეგიონში გადაიყვანეს და საომარ მოქმედებებში ჩავერთეთ. თავი არ დაგვიზოგავს, მაქსიმალურად ვუწევდით წინააღმდეგობას. გული მწყდება, რომ ომის მონაწილეებს სახელმწიფო არ გვაფასებს.
მთელი მსოფლიო რუსეთ-საქართველოს ომზე ლაპარაკობს. როდესაც სჭირდება, ხელისუფლებაც აცხადებს, რომ ეს ომი იყო, მაგრამ მონაწილეებს არ გვაძლევენ ვეტერანის სტატუსს. ალბათ, იმიტომ, რომ დაახლოებით 15 ათასი მეომრისთვის მოუწევთ ვეტერანის სტატუსის მინიჭება, ეს კი შეღავათებსა და პენსიასაც გულისხმობს.
როგორც გავიგე, აგვისტოს ომში მონაწილე სპეცრაზმელებს ანიჭებენ ვეტერანის სტატუსს. ისინი ჩვენსავით იბრძოდნენ ამ ომში, მაგრამ უსამართლობაა ომის მონაწილეებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება.
ასეთი დაუფასებლობის გამო ხომ მოტივაცია ეკარგება სამხედრო მოსამსახურეს? როდესაც სახელმწიფო ჯარისკაცის თავგანწირვას არაფრად აგდებს, ხომ გიჩნდება კითხვა, რატომ და რისთვის?
კონტრაქტი დამიმთავრდა თუ არა, შეიარაღებული ძალებიდან წამოვედი, არ უნდა ვყოფილიყავი იმ ქვეყნის სამსახურში, რომელიც არ მაფასებს. არ შეიძლება სამხედროებთან ასეთი დამოკიდებულება, მით უმეტეს, როდესაც ტერიტორიები დასაბრუნებელი გვაქვს. ჩვენ ხომ შეიძლება ნებისმიერ დროს მოგვიწიოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვამ? სახელმწიფოსგან უგულებელყოფა ჯარისკაცს შეურაცხყოფს. საწყენია, რომ სახელმწიფომ არ დააფასა ჩვენი თავდადება. არ გვაფასებს, მიაჩნია, რომ ჩვენთვის შეღავათების მოცემა ტყუილად გადაყრილი ფული იქნება. ჩვენ დუმილს არ ვაპირებთ და მოვითხოვთ დამსახურებისამებრ მოგვექცეს ხელისუფლება".