მოსკოვს სოხუმთან ტერიტორიული პრეტენზიები ისევ გაუჩნდა. საქმე ეხება სოფელ აიბგას, რომელზეც რუსეთს თვალი უკვე დიდიხანია უჭირავს და არძინბას «პრეზიდენტობის» დროსაც ამ ტერიტორიის დაკანონებას ცდილობდა. თუმცა მაშინ აფხაზური საზოგადოების პროტესტის შედეგად რუსეთმა თავისი ვერ გაიტანა. დღეს კი აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც ძირითადად ეთნიკური რუსები ცხოვრობენ, მილიციის ინსპექტორი მიავლინეს და მოსახლეობას პრობლემების მოგვარებასაც დაპირდნენ.
შეგახსენებთ, რომ აიბგას საკითხის აქიტივიზირება მოხდა მასშემდეგ, რაც გახდა ცნობილი რუსეთის გეგმის შესახებ მიისაკუთროს რუსეთ-საქართველოს აფხაზეთის მონაკვეთის გასწვრივ მდებარე ტერიტორიის 16 ათასი კვ_კმ ფართობი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თავად ეს ტერიტორია მთელს აფხაზეთში უნიკალური ხის ჯიშითაა ცნობილი. ასევე ამ ადგილას მოიპოვება გაბრო დიაბაზის ტიპის შავი მარმარილო, რომელსაც არა მარტო კავკასიაში, არამედ რუსეთშიც კი ანალოგი არ მოეძებნება.
ცნობისათვის, სოფელი აიბგა რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა განთავსებული და მდინარე ფსოუ მას შუაზე ყოფს. სოფლის ნაწილი მდებარეობს რუსულ მხარეს, მეორე ნაწილი - ქართულ მხარეზე (აფხაზეთში). მაგრამ ამ სოფლის თითქმის ყველა მაცხოვრებელი არის რუსი და რუსეთის მოქალაქე. სწორედ ამ მარტივი მიზეზის გამო 2003 წელს სოჭის საკრებულოს დეპუტატებმა ფრიად საგულისხმო გადაწყვეტილება მიიღეს და მდინარე ფსოუს მიმდებარე ტერიტორიის - აიბგას ნაკრძალის, კრასნოდარის მხარესთან შეერთება მოითხოვეს. მანამდე კი რუსებმა აიბგას ნაკრძალის ტერიტორიაზე გზებისმშენებლობა დაიწყეს.
იმ პერიოდში სოჭის საკრებულოს გადაწყვეტილებას აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება კატეგორიულად შეეწინააღმდეგა და რუსეთმაც თავისი ვერ გაიტანა. შემდგომ ამაზე აღარავინ საუბრობდა, აიბგას პრობლემა რატომღაც არც ქართულ მხარეს გახსენებია.
დღეს კი აიბგას თემა ისევ აქტუალური გახდა. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს ყველანაირი დამხარება აღმოუჩინოს აფხაზეთის სოფელ აიბგას მოსახლეობას, რომელიც სოფლის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას »ითხოვს». ამ საკითხზე იმსჯელეს აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვრის დემილიტაციის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომაზეც. გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ჯერ-ჯერობით არ თანხმდება რუსეთის ხელისუფლებას, რომელსაც სურს გაგრის რაიონის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტერიტორიის საკუთარ საზღვრებში მოქცევა.
რუსული მედიის ინფორმაციით, გასულ კვირას ადლერის რაიონის სამართალდამცავები სოფელ აიბგაში იმყოფებოდნენ და მოსახლეობას დახმარებას შეპირდნენ, რომ ეყოლებთ უბნის ინსპექტიორი, რომელიც სადავო საკითხების გადაწყვეტაში დაეხმარებათ და დაიცვას მათ ინტერესებს.
ამავე დროს, «რუსეთის დელეგაციამ» სოფლის მოსახლეობას ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის პირობაც მისცა, რომელიც სოფელს 1990-იანი წლებიდან არ მიეწოდება.
საგულისხმოა ისიც, რომ რუსების ჩასვლამდე სოფელ აიბგაში იმყოფებოდნენ სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც იქაური მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნენ. უფრო ადრე აიბგაში აფხაზი «მესაზღვრეებიც» ავიდნენ და იქ საგუშაგო განალაგეს. ამ შემთხვევაში სწორედ საგუშაგოს გახსნა გახდა მიზეზი იმისა, რომ აიბგელების პრობლემების გასაცნობად სოფელში რუსებიც ჩასულიყვნენ.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის საზოგადოებაში რუსეთისათვის ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით მეტწილად უარყოფითი რეაქციაა. სავარაუდოდ, აღნიშნული საკითხი საბოლოოდ სეპარატისტულ აფხაზეთში დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევის შემდეგ გადაწყდება და როგორც «ექსპერტთა კლუბის» ხელმძღვანელი ლევან კიკნაძე ვარაუდობს, რომ მოსკოვი თავისას მაინც გაიტანს და აიბგას ნაკრძალს და სოფელს იურიდიულად გადაიფორმებს.
«თუმცა ეს ახლა არ მოხდება, როდესაც აფხაზეთი ახალ »პრეზიდენტს» აირჩევს, მოსკოვი მოლაპარაკებებს მასთან დაიწყებსდა აიბგას ტერიტორიას, რომელიც 160 კვ_კმ-ს შეადგენს, საბოლოოდ მიიერთებს. რუსეთი ამ ტერიტორიის მიერთების საკითხს არ მოეშვება, აფხაზები კი შეწინააღმდეგებას იქამდე შეძლებენ, სადამდეც ამის ძალა ეყოფათ. საბოლოოდ კი მოსკოვი თავისას გაიტანს და იურიდიულად ამ ტერიტორიას დაიკანონებს», - აცხადებს ლევან კიკნაძე.