ხშირად გვიწევს კავკასიის ქვეყნებთან დაკავშირებული საკითხების გაანალიზება და დეტალური კვლევა, მაგრამ იშვიათად ვსაუბრობთ მთლიანად რეგიონზე. როგორც ცნობილია, კავკასიის რეგიონი ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს და ამ სტრატეგიული პოზიციის წყალობით უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
ტერიტორია გადაჭიმულია შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და მოიცავს საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს. გეოგრაფიის ენაზე თუ ვიტყვით, საქართველო და აზერბაიჯანი ტრანსკონტინენტური სახელმწიფოებია, - მათი ჩრდილოეთი ტერიტორიები ევროპაში, ხოლო სამხრეთი - აზიაში მდებარეობს, სომხეთი კი მთლიანად აზიის ტერიტორიაზეა. სწორედ ამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის გამო კავკასიის პოლიტიკურ სიტუაციაზე უზარმაზარ გავლენას ახდენენ სხვა ქვეყნები, რომლებიც განაპირობებენ და აყალიბებენ პოლიტიკას და შიდა კავშირებს ამ სამ ქვეყანას შორის.
ეს სხვა ქვეყნები რეგიონში უამრავია, მაგრამ მათი დაყოფა ოთხ ბლოკად შეიძლება: აშშ, ევროკავშირი, თურქეთი და რუსეთი. დღეს რეგიონული განვითარება უკიდურესად დინამიკურია და მიუხედავად შიდა პრობლემებისა, ძლიერი ეკონომიკური ზრდა ახასიათებს. რეგიონულ პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, რომელიც მასზე კავკასიის ტერიტორიების შიგნით ახდენს გავლენას, რუსეთია, რომელსაც საუკუნეზე მეტია, რაც აქ პირადი ინტერესები ამოძრავებს.
სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებსაც კავკასიურ ზონაში უდავო გავლენა აქვთ, რუსეთი ერთადერთია, რომელსაც ფეხქვეშ მიწა ეცლება. ის მტკიცე სამოკავშირეო პოზიციებს მხოლოდ სომხეთთან ინარჩუნებს. რუსეთის მიერ ამგვარი პოზიციის დაკარგვა ნაწილობრივ სხვა საერთაშორისო მოთამაშეების მზარდი გავლენით აიხსნება, რომლებიც ზონაში შეიჭრნენ და საკუთარ პოზიციებს იცავენ (აშშ, თურქეთი და ევროკავშირი), ნაწილობრივ კი რუსეთის საქართველოსთან ბოლოდროინდელი კონფლიქტის გამო.
ამ კონფლიქტმა რუსეთის მეზობლები შეაშინა და კრემლის მიმართ აზერბაიჯანსა და სომხეთს უნდობლობა გაუჩინა. რეგიონში მშვიდობიანი ჩარევის"თურქული პოლიტიკა" შედარებით ახალი მოვლენაა, მაგრამ ის ძალიან ეფექტიანი და დინამიკურია. ის ეფუძნება საქართველოსთან მტკიცე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს და ამგვარად, ზონისთვის სტაბილურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, თურქეთს აქვს მეორე, უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა რეგიონში თავისი ეთნიკური და ლინგვისტური ნათესავის - აზერბაიჯანისგან.
ევროპის პოლიტიკა კავკასიის ქვეყნების მიმართ მეტად მრავალფეროვანია. ის იმ უამრავ ფაქტორს ეფუძნება, რომელთა შორისაა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, თანამშრომლობის ხარისხი ევროკავშირის სტრუქტურებთან და აუცილებელი რეფორმების განხორციელებისთვის მათი პოლიტიკური ნება და უნარი.
აშშ-საქართველოს თანამშრომლობა კი ორივე ქვეყნის საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. მართალია, საქართველო დემოკრატიზაციის პროცესის მხოლოდ დასაწყისშია, მაგრამ აშშ ამ ქვეყანასთან პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, კავკასია ძალიან მრავალფეროვანი ტერიტორიაა, სადაც ერთმანეთს კვეთს რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკა. დემოკრატიული რეფორმების დაწყებით კავშირები სწრაფად იცვლება. ამას უცილობლად მოჰყვება დაინტერესებული სახელმწიფოების მხრიდან ძველი კავშირების გადახედვა. პერსპექტივაში დემოკრატიული კავკასიაც სტაბილურობისა და პროგრესის გარანტია გახდება.