ჯავახეთის მიტაცების ახალი სომხური გეგმა და ეჩმიაძინის საიდუმლო გადაწყვეტილება

ჯავახეთის მიტაცების ახალი სომხური გეგმა და ეჩმიაძინის საიდუმლო გადაწყვეტილება

სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის საქართველოში ვიზიტი რუსეთისა და სომხეთის პრესამ უარყოფითად შეაფასა. შეხვედრამ ფიასკო განიცადა! - ერთხმად აცხადებენ სომეხი და რუსი ჟურნალისტები, თუმცა ფიასკოს მიზეზს არ აკონკრეტებენ... საქართველოს პატრიარქმა კი, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა: «საქართველოს ეკლესია ღიაა ყველასათვის, მაგრამ ქართული ეკლესია არ დაუშვებს, რომ დაიჩაგროს ქართველი ერი და საქართველო. გარეგინ II ახალგაზრდა ადამიანია და, ალბათ, ჯერ მეტი გამოცდილება სჭირდება. ჭკვიანი კაცია, მაგრამ უნდა ყველაფერი სასწრაფოდ გააკეთოს, რაც არ გამოდის. ვუთხარი, რომ მაქვს დიდი გამოცდილება, ამიტომ სიმშვიდე ყველაფერს სჯობს». რატომ უთხრა მოზომილი საყვედური საქართველოს პატრიარქმა ახალგაზრდა გარეგინ II-ს? როგორია რეალური ვითარება ქართულ-სომხურ ურთიერთობებში და რა მიზნები აქვთ სომხებს ქართულ ეკლესიებთან დაკავშირებით? აქვე, შეგახსენებთ, რომ «ქართული სიტყვის» წინა ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორ, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ გურამ მურღულიასთან, რომელმაც საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. «ქართული სიტყვა» სომხეთა კათოლიკოსის საქართველოში ვიზიტსა და ე.წ. სომხურ პრობლემაზე მუშაობას აგრძელებს და ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს კავკასიის საკითხების ექსპერტ მამუკა არეშიძესთან.    

ბატონო მამუკა, სომხური მხარე აცხადებს, რომ გარეგინ II-ის საქართველოში ვიზიტმა ფიასკო განიცადა. თქვენც ასე ფიქრობთ?
- ფიასკო განიცადა თუ არა, ეს ჩვენ არ ვიცით იმიტომ, რომ არ ვიცით, ზუსტად რა მიზნები და ამოცანები ჰქონდა სომხურ დელეგაციას, ანუ რა საკითხების დაყენებას აპირებდა და დააყენა თუ არა, თუმცა ვიცი, რომ ყველა საკითხზე, რომელიც შეხვედრაზე გარეგინ II-მ წამოჭრა, საქართველოს პატრიარქისგან გარკვეული პასუხი მიიღო. სომხებს უნდათ, რომ საქართველოში არსებულმა სომხურმა ეკლესიებმა სტატუსი მიიღონ, მაგრამ თუ ეს მოხდა, მაშინ ასეთივე სტატუსი სომხეთში მდებარე ქართულმა ეკლესიებმაც უნდა მიიღონ, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა და, როგორც ჩანს, გადაწყვეტა მარტივად ვერ მოხერხდება.

რაც შეეხება ქართულ ისტორიულ ძეგლებს, რომლებიც სომხეთის ტერიტორიაზეა, უნდა შექმნილიყო ეკლესიათშორისო კომისია, რომელიც შეისწავლიდა და დაამტკიცებდა მათ წარმომავლობას. სომხური პრესიდან გავარკვიე, რომ გარეგინ II ამაზე უარს ამბობსს. ზოგიერთ შეხვედრას ვესწრებოდი და არ მიგრძვნია, რომ უარს ამბობდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ უარი უთქვამს. რას თვლის სომხური მხარე ფიასკოდ, არ ვიცი, შესაძლოა, ეს იმ განწყობიდან გამომდინარეობს, რომელიც გარეგინს ჰქონდა. პრინციპში, ჩემთვის ახლა ნათელი ხდება, რომ სომხეთის პატრიარქი საქართველოში ცოტა სხვა ამოცანებით იყო ჩამოსული.

პირდაპირ რომ ვთქვათ, სომეხთა პატრიარქს ქართული ეკლესიების მითვისება უნდა?
- აკი, ვთქვი, შთაბეჭილება მრჩება, რომ სომეხთა პატრიარქი სხვა მიზნებითა და ამოცანებით ჩამოვიდა-მეთქი. როგორც ჩანს, ეს ამოცანა სხვადასხვა კომპონენტისგან შედგებოდა. საქმე ისაა, რომ რიგი მიზეზების გამო, გარეგინ II-ის ავტორიტეტი საკმაოდ დაბალია მართლმადიდებლურ გრიგორიანულ სამყაროში. შარშან, რუსეთის პატრიარქის ინიციატივით, გარეგინ II აზერბაიჯანში ჩავიდა და იქიდან უშედეგოდ დაბრუნდა, რამაც ძალიან შეარყია მისი ავტორიტეტი. გარდა ამისა, ვიცით, რომ სომხური საპატრიარქო ერთი კი არა, ორია და მეორე კილიკიის საპატრიარქო გახლავთ, რომელსაც ცნობს და პატივს სცემს ძალიან ბევრი საზღვარგარეთული სომხური ეპარქია და, შესაბამისად, სომხური თემები.

ანუ, გარეგან II «სრულიად სომეხთა კათოლიკოსი» არაა?
- კილიკიის საპატრიარქო ნომინალურად ეჩმიაძინს ექვემდებარება, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალობაა. კილიკიის სომხური საპატრიარქო, ეჩმიაძინისაგან დამოუკიდებლად, თავის პოლიტიკას ატარებს. ცნობილია, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქს ჰქვია მსოფლიო პატრიარქი, მაგრამ ისიც ვიცით, რომ რეალურად ასე არაა და იგივე შეიძლება, ეჩმიაძინზეც ითქვას.

ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ გარეგინ II თბილისში, გარკვეულწილად, თავისი ავტორიტეტის ასამაღლებლად ჩამოვიდა. სწორედ ამ კონტექსტში იკითხება ის, რომ ქართული მხარე დათანხმებულიყო სომხური ეკლესიებისთვის სტატუსის მინიჭებაზე. გარდა ამისა, ლაპარაკი იყო თბილისში განლაგებულ რამდენიმე ეკლესიის გადაცემაზე, რომლებზეც პრეტენზია აქვს სომხურ მხარეს, თუმცა როგორც ირკვევა, გარეგინ II-ს სათადარიგო ვარიანტიც ჰქონია - სანამ თბილისში ჩამოვიდოდა, ჯავახეთში იმყოფებოდა. იქ სომეხი პატრიარქი არასოდეს ყოფილა, პირველი გარეგინ II იყო. რაც შეეხება იმას, რომ სომეხთა კათოლიკოსი ბოლო 100 წლის მანძილზე პირველად ჩამოვიდა საქართველოში, სიმართლეს არ შეესაბამება. რუსულმა პრესამ არასწორად დაწერა და ქართულმაც აიტაცა. სომეხთა პატრიარქი 90-იანი წლების დასაწყისში იყო ჩამოსული თბილისში, მანამდეც ჩამოდიოდნენ და ვაზგენიც ნამყოფია საქართველოში. კომუნისტების დროს ჯავახეთში სომეხთა პატრიარქი არ ჩასულა - ალბათ, კომუნისტებმა ექსცესებს აარიდეს თავი. ასე თუ ისე, გარეგინ II ჩავიდა ჯავახეთში და ეს სომხური მხარისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა. როგორც ჩანს, 16 ივლისს სომხები მოიწვევენ სინოდს და, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ სინოდზე გამოცხადდება სომხური ეპარქიის გახსნა ჯავახეთში.

როგორ, ჯავახეთში სომხური ეპარქიის გახსნას აპირებენ?
- დიახ, ჯავახეთში კარგა ხანია, გრიგორიანული ეკლესია ფუნქციონირებს. საქმე ისაა, რომ საქართველოში სომხური აღმოსავლური ეკლესიის საქართველოს საპატრიარქო ფუნქციონირებს და ის ფარავს მთელ საქართველოს, გარდა აფხაზეთისა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს გამოვიდა თბილისში არსებული გამგებლობის იურისდიქციიდან და ახლა როსტოვის წარმომადგენლობას ექვემდებარება. ასე რომ, როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო გარეგინ II-ის ვიზიტის სამარქაფო ვარიანტი...

მაშინ, ფიასკო რატომაა? ეს უფრო ეშმაკობაა სომხების მხრიდან...…
- ამ ვიზიტის შემდეგ, სომხებმა განსაკუთრებული ჟღედარობა მისცეს იმას, რომ ქართულ მხარესთან ვერ მოილაპარაკეს. შევხედეთო მეორე მხრიდან: სომხური ეკლესიის ხელმძღვანელობა ჩამოდის საქართველოში, რომ სომეხი ხალხის რიგი სურვილების რეალიზაცია მოახდინოს, ანუ თბილისში 6 ეკლესია დაიბრუნონ და მათ სტატუსი მიანიჭონ, მაგრამ ეს, ქართული მხარის სიჯიუტის გამო, ვერ მოახერხეს და ამიტომაც გააჟღერეს, ვიზიტმა ფიასკო განიცადაო. სამაგიეროდ, ჯავახეთში გახსნიან სომხურ ეპარქიას და მიიღებენ იმას, რაც პირველ ეტაპზე უნდოდათ.

ამ ეტაპზე სომხებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ჯავახეთში სომხური ეპარქიის გახსნაა?
- ამ ვიზიტისას ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო, თუ რატომ თქვეს სომხებმა უარი ეკლესიათაშორისი კომისიის შექმნაზე. ქართულ და სომხურ მხარეებს ერთობლივი ეკლესიათაშორისო კომისია უნდა შეექმნათ, რომ სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ისტორიული ძეგლების კუთვნილება დაედგინათ. დავინტერესდი, ძალიან საინტერესო რამ გამოირკვა და ყველაფერს მოწინააღმდეგე მხარეს ნუ დავაბრალებთ: ასეთი ტიპის სამეცნიერო ქართულ-სომხური კომისია, თურმე, 2 წელია, არსებობს. ეს კომისია საპატრიარქოსთან არსებული არაა, სამეცნიეროა, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელდასხმით შეიქმნა. სომხურ მხარეს საქართველოში გამოუგზავნია თავისი მეცნიერების შემადგენლობის სია, ჩვენს მხარესაც გაუგზავნია სომხეთში ქართველ მეცნიერთა სია და კომისია დამტკიცდა, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, როგორც კი მეცნიერთა შემადგენლობა ორივე მხრიდან დამტკიცდა, სომხებმა იმ წუთასვე დაიწყეს მუშაობა, ქართული მხარე კი, დღემდე არ შეკრებილა და არც კონტაქტი ჰქონია სომეხ მეცნიერებთანო. გარდა ამისა, სპეციალისტები იმასაც ამბობენ, ჩვენ ჩავიხედეთ ქართველების მიერ გაგზავნილ სიაში და არც ერთი არმენოლოგი და შუასაუკუნეების ისტორიკოსი არ არისო.

აბა, ვინ არიან ამ სიაში?
- მეცნიერები, საპატივცემულო ხალხია, ოღონდ - სხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, ერთი კავკასიოლოგია, რომელიც არანაირ კავშირში არაა სომხურ თემატიკასთან. არ მინდა დასახელება, თუ ვინ წარადგინა მეცნიერებათა აკადემიიდან ეს სია. საბოლოო ჯამში, სომხურმა მხარემ იმუშავა ორი წლის მანძილზე და წიგნიც გამოსცა. ქართულმა მხარემ კი, - არაფერი.

და რა დაადგინეს სომხებმა ამ წიგნით?
- სწორედ ესაა მთავარი. სომეხი მეცნიერები თავიანთ წიგნში წერენ, რომ სომხეთში არსებული ქართული კულტურის ძეგლები, რომლებსაც ქართული წარწერები აქვს და რომლებიც ქართული ძირძველი საეკლესიო არქიტექტურითაა ნაგები, სინამდვილეში, ქართული კი არა, მაკედონიის სომხების, ანუ მართლმადიდებელი სომხებისააო. მაგალითად, ახტალა და სხვა ტაძრები, მიუხედავად იმისა, რომ ქართული წარწერები აქვს, სომეხი მართლმადიდებლების მიერაა, თურმე, შექმნილი.

ეს რომ გაიგეთ, არ გაბრაზდით?
- როგორ არ გავბრაზდი, მაგრამ პირველი შემთხვევაა?! თუ ამ კომისიის წევრი ხარ, ხმა მაინც ამოიღე და თქვი, რომ ეს კომისია არ მუშაობს, თუ შენი ქვეყნის პატრიოტი ხარ, თუ მეცნიერი ხარ, თქვი რამე?!

სომხებმა თავიანთი საქმე უკვე მოითავეს, დაადგინეს და წიგნიც გამოსცეს და ახლა იტყვიან, ჩვენთან მუშაობდა კომისია და ყველაფერი დაადგინა, კომისიის ქართული მხრიდან სადავო საკითხი არ წამოჭრილა და კიდევ რამდენი კომისია უნდა შევქმნათო. პრინციპში, მართლებიც იქნებიან - ამოიღო ხმა ქართული კომისიის რომელიმე წევრმა, ან საერთოდ, დაინტერესდა, რას იკვლევდნენ სომხები და რა გამოიკვლიეს?! კიდევ კარგი, ეკლესიების კუთვნილების საკითხი ქართული მხრიდან ღიადაა დატოვებული.

გარდა ამისა, სომხური მხარე ძალიან აქტიურად ემზადება, რომ სომხეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ძეგლებს რესტავრაცია ჩაუტაროს. სომხეთში სამეცნიერო კონფერენციები იმართება, თუ როგორ უნდა გადაარჩინონ მაკედონიის სომხების კულტურის ძეგლები. უკვე შედგენილია პროექტი, რომლის მიხედვითაც ეკლესიის გუმბათი სულ სხვანაირია. ამ პროექტისთვის სომხურმა დიასპორებმა უკვე გამოყვეს თანხები. კიდევ ვიმეორებ, ყველა ამ ეკლსიას ქართული წარწერები აქვს, მაგრამ ბუნებრივია, წაშლიან და გაარემონტებენ მაღალ დონეზე და მართლა ქალკედონელი სომხების კულტურის ძეგლებად აქცევენ.

ამ სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია?
-
ძალიან რთულად, მაგრამ შეიძლება. ამდენს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ნერვი შეუტოკდეთ, ამ საქმეს შველა სჭირდება!

ძალიან  კარგად ვიცი, «ნორაშენი» ვისი აშენებულია, სიონის წინ სამრეკლო რომ დგას, იმაზეა ლაპარაკი. იმ 6 ეკლსიიდან, რომლებსაც სომხური მხარე ითხოვს, შემიძლია, ორ-სამზე ვთქვა, ვიზუალარად და განწყობითაც სომხურია. «სუპგეორქის» ეკლესია (ავლაბრის), რომელიც სომხების ცენტრალური ეკლესიაა და მღვდელთმსახურება სრულდება, ქართველი თავადების მიერ მე-19 საუკუნეში მიყიდულ იქნა სომხებზე, კანონიერად აქვთ ნაყიდი და მას მერე, როგორც სომხური ეკლესია, ფუნქციონირებს და ამაზე დავა აღარაა საჭირო. ვიზიტის დროს, სომხებმა წამყვან თემად ეს საკითხები წამოჭრეს და ამის გარშემო მიდის დავა, როდესაც ყველაზე მთავარი საკითხები, ყოველგვარი კამათის გარეშე, ქართული მხრიდან უპასუხოდ რჩება.

P.შ. როგორც ქართული ინტერნეტ-გამოცემები ეჩმიაძინის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ბაგრამ მელიქიანის მიერ «მედიამაქსისთვის» მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით იუწყებიან, სომხური მხარისთვის საქართველოს საპატრიარქოს მიერ შეთავაზებული კომიუნიკეს ტექსტი მიუღებელი აღმოჩნდა.

«რაც შეეხება ერთობლივ კომუნიკეს, ვიზიტის ფარგლებში არანაირი დოკუმენტი მიღებული არ ყოფილა. განხილვა იყო, თუმცა ფორმულირებებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული არ იქნა. მხარეებმა ვერ მოახერხეს, ორივე მათგანისთვის მისაღები კონცეფციის ჩამოყალიბება, რაც ასევე, დროის სიმცირითაც იყო გამოწვეული... ასევე, არანაირი შეთანხმება არ მომხდარა ერთობლივი კომიისის შექმნის შესახებ. სომხური მხარის მიერ ტაძრების დაბრუნების შესახებ წამოწეული საკითხის საპასუხოდ, ქართულმა მხარემ სომხეთის ჩრდილოეთში მდებარე ეკლესიებზე საკუთარი მოთხოვნები და პრეტენზიები წამოაყენა. სომხური ეკლესიის პოზიცია ნათელია: ქართულმა მხარემ ფაქტები და საბუთები უნდა წარმოადგინოს, რომელსაც სომხური ეკლესია შეისწავლის, თუმცაღა კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ვხედავთ», - ამბობს მელიქიანი...