რა სიმძლავრის მიწისძვრას გაუძლებს თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლები

რა სიმძლავრის მიწისძვრას გაუძლებს თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლები

ბოლო წლებში დედამიწაზე მიწისძვრები და, ზოგადად, ბუნებრივი კატაკლიზმები არა მხოლოდ გახშირდა, არამედ ჩვენ გარშემო ლამის ერთგვარი რკალიც შექმნა. სულ ახლახან თურქეთში საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის ტალღებმაც სომხეთიც შეაზანზარა, უფრო ნაკლებად კი – აზერბაიჯანი. ბუნებრივია, მიწისძვრის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, სავსებით რეალურია მიწისძვრით გამოწვეული დამანგრეველი შედეგების შემცირება. ეს კი, უპირველესად, შენობა-ნაგებობების სეისმომედეგობაზეა დამოკიდებული. აკმაყოფილებს თუ არა საქართველოში ახალმშენებლობები არათუ საერთაშორისო, რაიმე სტანდარტებს მაინც და რა მდგომარეობაშია თბილისში საკმაოდ მრავლად არსებული უკვე ამორტიზებული საცხოვრებელი სახლებისა თუ კორპუსების სეისმომედეგობა. თემაზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ გაბრიჩიძე გვესუბრება.

მიწისძვრის პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაა ნაგებობების სეისმომედეგობარა მდგომარეობაშიაამ მხრივჩვენი შენობები?

– ანუ საკითხი ასე დგას: როგორ ვაშენოთ სეისმურად აქტიურ რეგიონებში. ერთი საუკუნეა უკვე, რაც მთელი კაცობრიობა რაღაც ნორმებს ქმნის, თუმცა ეს ნორმები ვითარდება, დაახლოებით, 10-15 წელიწადში იცვლება და ასე მოვედით ოცდამეერთე საუკუნემდე. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჩვენ დამოუკიდებელი გავხდით, რთული პრობლემები დადგა ჩვენ წინაშე. იცით, რომ საბჭოთა დროს ცენტრალიზებულად აშენებდნენ, ყველაფერი დარეგულირებული იყო, მათ შორის, ნაგებობების სეისმური მედეგობა.

უხარისხო მშენებლობები საბჭოეთის სავიზიტო ბარათი იყოსეისმომედეგობის ნორმებს იცავდნენ?

– რა თქმა უნდა. სეისმომედეგობის საბჭოთა ნორმები ერთ-ერთ კარგ ნორმებად ითვლებოდა და დღესაც ასეა, მაგრამ ჩვენ გამოვედით იმ საბჭოთა სივრციდან. მართალია, სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ ერევა საბაზრო ეკონომიკაში, მაგრამ, რამდენადაც შენობების აგება უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, უსაფრთხოების უზრუნველყოფა კი სახელმწიფოს ფუნქციაა, ამიტომ მშენებლობები ნორმებს უნდა იყოს დაფუძნებული. მაგალითად, 1991 წლის რაჭის მიწისძვრა ისეთივე პარამეტრების იყო, როგორიც ის მიწისძვრა, რომელიც ახლა მოხდა თურქეთში, თუმცა თურქეთისნაირი დამანგრეველი შედეგები არ მოუტანია. ერთი სოფელი მთლიანად დაიფარა, თორემ ისე ვერ ნახავდით რაჭაში სახლს, რომელიც მთლიანად დაქცეულიყო. ეტყობა, ეს მაინც მშენებლობის კულტურის შედეგია. როგორც ჩანს, საქართველოში უფრო საფუძვლიანად აშენებდნენ, თუმცა ნორმების გარეშე. ერთი სიტყვით, პრობლემა ასეთია: როგორ ვაშენოთ ახალი და რა ვუყოთ ძველს? რაც შეეხება ძველს: ჩვენმა ინსტიტუტმა საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დასვა საკითხი, რომ უნდა გაკეთებულიყო სეისმომედეგობის ეროვნული ნორმები და 2010 წლიდან ეს ნორმები, თუ როგორ უნდა ვაშენოთ, უკვე დევს ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ყველავინც 2010 წლიდან აშენებსვალდებულიადაიცვას ეს ნორმები?

– რა თქმა უნდა.

ვინ ამოწმებსასრულებს თუ არა ამ ვალდებულებას სამშენებლო კომპანია?

– მაკონტროლებელი ორგანო ახლა ყალიბდება.

ანუ 2010 წლამდე ნორმების გარეშე აშენებდნენ?

– საბჭოთა ნორმებით აშენებდნენ, რომლებსაც ვადა გაუგრძელდა და ის ნორმები ნაწილობრივ ახლაც მოქმედებს.

რა სიმძლავრის მიწისძვრაზე გათვლით შენდებოდა საბჭოთა დროს შენობები საქართველოში?

– თბილისი მაშინაც და ახლაც გათვლილია 8 ბალზე.

ანუ რვაბალიანი მიწისძვრის ალბათობა დაბალიათუმცა შესაძლებელია?

– რვაბალიანი მიწისძვრა თბილისში შეიძლება, მოხდეს 500 წელიწადში ერთხელ, მაგრამ ის შეიძლება, მოხდეს ხვალაც. მაგალითად, წინა საუკუნეში, ასი წლის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე ორი ცხრაბალიანი მიწისძვრა მოხდა: რაჭის და უფრო ადრე გეგეჭკორის, რვაბალიანი კი –  ექვსი თუ შვიდი იყო. ბალიანობას განსაზღვრავენ სეისმოლოგები, მათ მიერ მოწოდებულ რუკებს კი ჩვენ ვურთავთ ნორმებს, რომლებიც მშენებლებმა უნდა გაითვალისწინონ. ასეთი ნორმები, როგორც გითხარით, 2010 წლის იანვრიდან დევს ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

2010 წლამდე ვინ ამოწმებდა ამ ნორმების დაცვა-არდაცვას?

– იყო ექსპერტიზის სამსახური, რომელიც ატარებდა დიდი მშენებლობების ექსპერტიზას. ყოველ შემთხვევაში, ეს ახალი ნორმები იმას ნიშნავს, რომ ისინი მაქსიმალურადაა მიახლოებული ევროპულს და ჰარმონიზებულია მასთან.

რა განსხვავებაა საბჭოთა და ევროპულ ნორმებს შორისრით ჯობია ევროპულიუფრო უსაფრთხოა?

– უბრალოდ სხვადასხვა მიდგომებია. საბჭოთა ნორმებში პირდაპირ იყო მითითებული, რის გაკეთება არ შეიძლებოდა, ევროპულ ნორმებში კი ასეთი აკრძალვები არ არის, იმიტომ რომ ისინი დემოკრატიულ ღირებულებებზე არიან ორიენტირებული. ამიტომ არც ჩვენს ნორმებშია აკრძალვები, მაგრამ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ, თუ გინდა ასე და ასე ააშენო, ესა და ეს უნდა გაითვალისწინო. ეს რაც შეეხება ახალ მშენებლობებს.

მაგრამ რა ვუყოთ ძველ შენობებსრომლებიც ასე მრავლადაა?

– ეს, ფაქტობრივად, მსოფლიო პრობლემაა. მეცნიერება წინ მიდის, ნორმები იცვლება და ტოვებს საშინელ კვალს. მთელი მსოფლიო და, მათ შორის, თბილისი აშენებულია ისეთი ნორმებით, რომლებიც თანამედროვე შეხედულებით არასაიმედოა. იცით, რომ თბილისში არის მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული შენობები, რომლებიც საერთოდ არ არის გათვლილი არანაირ მიწისძვრაზე. რა ვუყოთ ასეთ შენობებს? ზოგი ამბობს, რომ 20 წლის წინათ აშენებული შენობები არ აკმაყოფილებს თანამედროვე ნორმებს, მაგრამ, რა? გავაძლიეროთ.

შეიძლება გაძლიერება?

– შეიძლება, მაგრამ ჯერ შესწავლა სჭირდება. როდესაც ვამბობთ, რომ შენობა აშენებულია შვიდ ბალზე და ამიტომ ვერ გაუძლებს რვა ბალსო, არასწორია, იმიტომ რომ 7 ბალზე გაანგარიშებისას ნაგრიშის მეთოდიკა გულისხმობს, რომ რაღაც დაშვებებია გაკეთებული. ზოგ 7 ბალზე გათვლილ შენობას, კოეფიციენტების გარეშე რომ იანგარიშო რვა ბალიანად, შეიძლება, არაფერი არ დასჭირდეს. მით უმეტეს, რომ ძალიან ძველი შენობები სეისმომედეგობის გარეშეა აშენებული, მაგრამ ისინი ხომ არ უნდა დავანგრიოთ.

არის ასეთი შენობები თბილისში?

– როგორ არა, მაგალითად, სახლი, სადაც მე ვცხოვრობ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსაა აშენებული, მაგრამ მერე რა? მეტრნახევრიანი აგურის კედლები აქვს. ამდენად, ხელაღებით არ შეიძლება ამის თქმა. მით უმეტეს, რომ არის თანამედროვე, უახლესი მეთოდებით აშენებული შენობები, რომლებიც ძალიან საშიშია.

რატომ?

– პროექტირების დროს ისეთი რაღაცეები არ არის გათვალისწინებული, რომ შესწავლა სჭირება.

როდესაც შენობას გასდის ექსპლუატაციის ვადანიშნავსრომ მის სეისმომედეგობასაც გასდის ვადა?

– ჯერ თვითონ ეს ექსპლუატაციის ვადაა ძალიან ხელოვნური. მაგალითად, ნორმებში წერია, რომ ამა და ამ შენობის ექსპლუატაციის ვადაა 50 წელი, მაგრამ რა უნდა მოუვიდეს ამ შენობას 50 წლის შემდეგ, ამას არავინ ამბობს და, რასაკვირველია, არავინ მიადგება მას 50 წლის შემდეგ დასანგრევად. შენობას გადამოწმება სჭირდება, იმიტომ რომ ის მორალურ ცვეთას განციდის, გარდა ამისა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ამორტიზდება. ცვეთა უფრო ფართო ცნებაა. შეიძლება, შენობა დაზიანდეს საძირკველში წყლის ჩასვლის გამო; იმის გამო, რომ მცხოვრებმა რომელიმე კედელი დაანგრია. ანუ უნდა შეფასდეს ნაგებობების რეალური მდგომარეობა ადგილზე. ეს გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ახლის აშენება. ახალმშენებლობების დროს იტყვი, საჭიროა ასეთი მასალა, ასეთი აგური, ასეთი არმატურა და პრობლემა მოგვარდება, მაგრამ უკვე აშენებულთან მიმართებაში სირთულეებია: უნდა ინახოს პროექტი, თუ ის არსებობს, შემდეგ ადგილზე უნდა შეამოწმო, ამ ხნის განმავლობაში როგორ შეიცვალა შენობის სიმტკიცე, უნდა შეაფასო მისი რეალური ტექნიკური მდგომარეობა, სად გაჩნდა ბზარი და ასე შემდეგ. ეს მონაცემები შედის კომპიუტერში და კომპიუტერი ძალიან ლამაზად გიანგარიშებთ, რომელ შენობას რა პრობლემა აქვს.

ძალიან მეპარება ეჭვირომ ვინმემ დაიაროს და ადგილზე შეამოწმოს ამდენი შენობა იმის გასარკვევადრომელს სად უჭირს?

– რატომ არა?! ყველამ რომ თავის სახლს მოუაროს?

არ მჯერარომ სახელმწიფო ამისთვის გაიღებს თანხასრას ურჩევთ მოსახლეობასრომლებიც ვადაგასულ სახლებში ცხოვრობენრას უნდა მიაქციონ ყურადღება?

– იმდენად, რამდენადაც ეს უსაფრთხოებას უკავშირდება, ამიტომ რაღაც დონეზე სახელმწიფოს ფუნქციაა და ეს იცის კიდეც სახელმწიფომ. ბუნებრივია, ის ვერ მოითხოვს, რაც ძველი ნორმებითა აშენებული, დავანგრიოთო, მით უმეტეს, რაც ძველია, ყველაფერი დასაწუნი კი არ არის. მაგრამ უნდა იყოს და პროგრამები, რომელთა მიხედვითაც მოხდება ამ შენობების გამაგრება. შეიძლება, მიწისძვრა გაცლის და 10 და 50 წლის შემდეგ მოხდება.

არათუ მიწისძვრებიძლიერი წვიმა ანგრევს უკვე სახლებს თბილისში?

– ასეთ სახლებს გამაგრება არ უშველის, ისინი დასანგრევია. მეორე მხრივ, ყველა ბინა პრივატიზებულია. ვისია ის მიწა, საძირკველი, რომელზეც ეს ბინები დგას?

არ ვიციალბათმათივისიც ბინებია?

– ანუ უნდა შეიქმნას ამხანაგობები, მათ უნდა შეიძინონ მიწა, რომელზეც დგას მათი საცხოვრებელი სახლი. ამის შემდეგ ვინ უნდა მოუაროს შენობას? უცხოეთში არის ქვეყნები, სადაც პირდაპირ უთხრეს მოსახლეობას, შეამოწმეთ თქვენი შენობები, თუ ვერ აკმაყოფილებს ნორმებს, გააძლიერეთ, თუ არ გააძლიერებთ, გაგასახლებთო. ჩვენთან ასეთი მკაცრი საკანონმდებლო ბაზა არ არის.

ვერც იქნებასახელმწიფომ ჯერ ანაბრები დააბრუნოს და ამის შემდეგ მოსთხოვოს საბჭოთა დროს აშენებული შენობების გამაგრება მოსახლეობას.

– არც სთხოვს სახელმწიფო ამას მოსახლეობას, მაგრამ რაღაც ფორმა ხომ უნდა მოიძებნოს? არის შენობები, რომლებიც თავისთავად ინგრევა და ვიცით, რომ მიწისძვრის შემთხვევაში, აუცილებლად დაინგრევა, ისინი უნდა აღინუსხოს. მათი ან ლიკვიდაცია უნდა მოხდეს, ან გამაგრება, ან შეეცვალოთ ფუნქცია.

შეიძლებადილეტანტურად აღვიქვამმაგრამ მრჩება შთაბეჭდილებარომ ერთი და იმავე სიმძლავრის მიწისძვრებს სხვაგან უფრო დამანგრეველი შედეგი აქვსვიდრე ჩვენთან?

– სპიტაკის მიწისძვრის მაგნიტუდა ცოტა მეტი იყო რაჭის მიწისძვრის მაგნიტუდაზე, მაგრამ თითქმის იმავე სიმძლავრის იყო. მაგალითად, სპიტაკში იყო სოფელი, რომელიც მიწასთან გასწორდა. სოფლის დასაწყისში რომ დადგებოდი, ხუთას მეტრში ჩანდა ადამიანი, რომელიც სოფლის ბოლოს იდგა. ეს იმიტომ კი არა, რომ ნორმები არ იყო დაცული, ნორმებით არც სომხეთში აშენებდნენ და არც ჩვენთან, თუმცა არსებობს სოფლად მშენებლობის ნორმებიც და ვცდილობთ, ვასწავლოთ მოსახლეობას მათი დაცვა, არამედ იმიტომ, რომ, ეტყობა, ჩვენთან მშენებლობის კულტურა უფრო მაღალია. ჩვენთან სახლებს აშენებდნენ ყორე-ქვისგან, ზედა სართული ხის აქვთ, ქვედა – აგურის. ტრადიციულად, მშენებლობის კულტურა ჩვენთან უფრო მაღალი იყო, ამიტომ რაჭის მიწისძვრის შემდეგ ვერ ნახავდით დაქცეულ სახლს. ვანი, სადაც ახლახან მოხდა მიწისძვრა, ცხრაბალიანი ზონაა და ეს მათ იცოდნენ. მაგრამ ისე მოხდა, რომ ახალი შენობები დაინგრა. ამის მიზეზი ისიცაა, რომ თურქული მშენებლობების უხარისხობა ცნობილია, არც მათი სამშენებლო ნორმები ვარგა. როგორც გითხარით, ყველას განსხვავებული მიდგომა აქვს ნორმებისადმი, ზოგი მეტად რისკავს.

მიწისძვრისას მაღალსართულიანი სახლი უფრო დიდი რისკის ქვეშაა თუ დაბალსართულიანი?

– თუ გაუძლო მიწისძვრას, ყველა გაუძლებს. მაღალსართულიანი გადაიხრება და არაფერი მოუვა, უბრალოდ, თუ ვერ გაუძლო, მაღალსართულიანის დანგრევას უფრო დიდი მსხვერპლი მოჰყვება, იმიტომ რომ იქ უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს. საერთოდ, მაღლივი შენობებისადმი ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს: მას მეტი სიფრთხილე სჭირდება. მაგალითად, მაღალსართულიანი სახლები ახლო მიწისძვრას ძალიან კარგად უძლებს, მაგრამ, თუ შორიდან მოსული ძლიერი მიწისძვრის ტალღამ დაარწია და შენობა მის რეზონანსში ჩავარდა, ეს გამოიწვევს ნგრევას. მაგალითად, მოსკოვში მაღლივ შენობებს მიწისძვრაზე ამოწმებენ. თითქოს რა უნდა მიწისძვრებს მოსკოვში, მაგრამ იუგოსლავიაში რომ მოხდეს ძლიერი მიწისძვრა, საიდანაც მოსკოვამდე, თუ არ ვცდები, 500 კილომეტრია, და იქიდან წამოვიდეს ნელი ტალღები, იმან შეიძლება, დაარწიოს ეს შენობა და, თუ დაარწია, მაშინ ეს ძალიან საშიშია. ასე რომ, ეს დარგი ძალიან რთულია.

საშიშია არა მხოლოდ ეპიცენტრიარამედ გარე პერიმეტრიც?

- უნდა გავითვალისწინოთ, საიდან რა ტალღები შეიძლება, მოვიდეს. ვინმეს შესაშინებლად არ მინდა, ვთქვა, მაგრამ ჩევნმა პრეზიდენტმა ახსენა, ვანიდან თბილისამდე 300 კილომეტრიაო, მე გადავთვალე და სომხეთის ატომურ ელექტროსადგურამდე 100 კილომეტრზე ნაკლებია. ტექტონიკურ ტალღებს ხომ ვერ ავუკრძალავთ ატომური სადგურისკენ წასვლას?! ასე რომ ლოზუნგია: არ იცი, სად; არ იცი, როდის, მაგრამ მოემზადე. ჩვენც ვემზადებით, თუმცა, მაგალითად, კავკასიონის სამხრეთი ფერდობი ცხრაბალიანია, ჯავახეთიც. მიწისძვრა კი შეიძლება, თუნდაც, ხვალ მოხდეს.