„მრცხვენია, რომ ქართველი ვარ“

„მრცხვენია, რომ ქართველი ვარ“

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, მსჯავრდებული ცოტნე გამსახურდია 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს ციხიდან ეხმაურება.

საპატიმრო დაწესებულებაში მოშიმშილე გამსახურდია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს.

„მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ყველა იმ გარდაცვლილი უდანაშაულო ადამიანის ოჯახს და ჩემი თანადგომა გამოვუცხადო ყველა იმ დაზარალებულს, ვინც კიდევ ერთხელ გახდა ამ ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო კრებაში ბევრი საპატივცემულო ადამიანი იყო გაერთიანებული, მე არ ვემხრობოდი ხელისუფლების შეცვლის მათეულ სტრატეგიას.

აქსიომაა, თუ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება და მონოლითურობა, იგი ყოველთვის შეძლებს რევოლუციური მოძრაობის ჩახშობას, ლაპარაკია დღევანდელ ხელისუფლებაზე, რომელიც კორუფციითა შედუღაბებული“, - აცხადებს გამსახურდია.

მისივე განცხადებით, მიაჩნია, რომ აქციები უნდა გამართულიყო აქტიური საარჩევნო გარემოს მოთხოვნით, ეს გამოაცლიდა ხელისუფლებას შიდაპოლიტიკური მანიპულირების საშუალებას და შესძენდა ამ პროცესს დამატებით საერთაშორისო ლეგალიზაციას.

„მიმაჩნია, რომ დღეს ოპოზიციური სპექტრი უნდა გაერთიანდეს არა კონკრეტული პირების სიმპათია-ანტიპათიის გამო, არამედ სწორი სამართლებრივ მოთხოვნილებათა გარშემო. შეძრული ვარ ამ რეჟიმის სისასტიკით და კიდევ ერთხელ მრცხვენია, რომ ქართველი ვარ“, - აცხადებს გამსახურდია.