ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
"ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს" (Iპეტრე 5.5).
მადლობა უფალს, რომ კვლავ გავხდით ღირსნი, მოგვესმინა ანგელოზთა საოცარი საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლუკა 2.14).
ყოვლადწმიდა სამების მოწყალებით "სიტყვა ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის სავსე მადლითა და ჭეშმარიტებით" (იოანე 1.14).
დიახ, "დღეს დავითის ქალაქში დაიბადა... მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი" (ლუკა2.11) და უწოდებენ სახელად ემმანუელს, რაც თარგმანებით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი" (მათე 1.23). გიხაროდეთ, ერნო, "რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ" (Iკორ. 27.6).
მაშ, მივეახლოთ მას და თაყვანი ვსცეთ, ვითარცა მწყემსთა ბეთლემისათა და შევწიროთ ძვირფასი ძღვენი, ვითარცა მოგვთა აღმოსავლეთისათა.
იგი მოვიდა ამქვეყნად, რათა მოუხმოს თავის ცხოვართ და აზიაროს ისინი ჭეშმარიტ თავისუფლებასა და ბედნიერებას.
ვინ შეიძლება შემოგვთავაზოს უკეთესი არჩევანი? ანდა რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად სანუკვარი?! მაგრამ ამას ბევრი ვერ ხვდება, არამედ მხოლოდ ისინი, რომელნიც სიცოცხლის აზრს სწორად აცნობიერებენ.
საერთოდ, ყოველი გონიერი ადამიანი ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვას, - რისთვის არის ამ ქვეყანაზე და რა უნდა აკეთოს? ეს კი ცხოვრების საზრისის, ანუ სამყაროში თავისი ადგილის პოვნას გულისხმობს. თუმცა არსებობენ ისეთნიც, რომელნიც ასეთ კითხვას მთელი ცხოვრების მანძილზე არ უსვამენ საკუთარ თავს და მიწიერ ყოფას უმიზნოდ და, შესაბამისად, უაზროდ ამთავრებენ.
საზოგადოების ნაწილი კი თავის მრწამსს, თავის დანიშნულებას საკუთარ წარმოდგენაზე, ან სხვადასხვა თეორიისა და რელიგიის სწავლების საფუძველზე აყალიბებს. მათი ქმედება, რა თქმა უნდა, მოტივირებულია და ხშირად წარმატებულიც ამ ქვეყანაზე, მაგრამ სულის ცხონება, რაც ყველაზე მთავარია და არსებითი, ამ გზით ვერ მიიღწევა.
ყველასგან განსხვავებულია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცხოვრების საზრისი. მას შეიძლება "ქრისტესმიერი გონება" ეწოდოს, რადგან იგი, პირველ რიგში, სულიწმიდის მადლმოსილებას გულისხმობს, შემდეგ კი ადამიანურ შესაძლებლობებს.
"ქრისტესმიერი გონის" შესახებ შეიძლება ითქვას იგივე, რასაც წმიდა პავლე მოციქული ჭეშმარიტ სიყვარულზე წერს, რომ იგი არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ შურს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ მოიწონებს უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს, ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფერს ითმენს, ყოველთვის იმედი აქვს.
ამ სულისკვეთებით ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები.
ქართული სულის ერთ-ერთი სახასიათო თვისება შოთა რუსთაველმა ასე გამოთქვა: "რასაცა გასცემ შენია, რას არა, დაკარგულია".
ზოგიერთი ვერ ხვდება მის შინა არსს, რადგან, მიწიერი ლოგიკით, სხვისთვის მიცემული ნივთი თუ ქონება გამცემს აღარ ეკუთვნის და ეს ნათქვამი, ბუნებრივია, მისთვის გაუგებარია.
არადა, აღნიშნული აფორიზმი შეიცავს ღრმა ქრისტიანულ სწავლებას ადამიანის უკვდავების შესახებ.
მორწმუნეს სწამს, რომ მის მიერ აღსრულებული უანგარო ქველმოქმედება სათნოა ღვთისათვისაც და ადამიანისათვისაც. ამასთან, იცის, რომ რასაც გასცემს ამქვეყნიურ დროებით ყოფაში, მას მარადიულ ცხოვრებაში დაიუნჯებს და ეს არის მიზეზი მისი სულიერი სიხარულისა, ხოლო რასაც არ გასცემს, ბუნებრივია, ის მას მარადიულ ყოფაში მოაკლდება.
ამიტომაც, ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, მიცვალებულის სულისთვის, ლოცვასთან ერთად, მის სახელზე მოწყალების გაღება აუცილებელია, რაც დიდად შეეწევა გარდაცვლილს.
სწორედ ასეთი აზროვნებიდან მომდინარეობს ქართველი კაცის სტუმართმოყვარეობა, ხელგაშლილობა, თანადგომისა და თავგანწირვის უნარი; ისიც, რომ იგი ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს, უშურველად წირავდა მოყვასისა თუ სამშობლოს საკეთილდღეოდ.
ეს დამოკიდებულება იმდენად შეისისხლხორცა ჩვენმა ერმა, რომ იგი მის განუყოფელ თვისებად იქცა.
"ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად", - საუკუნეებია შთამომავლებს დევიზად გადაეცემათ ეს სიტყვები.
ასე იზრდებოდნენ თაობები; რა თქმა უნდა, მათ შორის მუდამ იყვნენ კარიერისა და პირადი კეთილდღეობის სურვილით საკუთარი მეობისა და ქვეყნის ინტერესების ნებაყოფლობით უარმყოფელნი და საზოგადოებისათვის ცუდი მაგალითის მიმცემნი, მაგრამ დღემდე სწორედ იმიტომ მოვაღწიეთ, რომ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი გაჰყვა არა მათ, არამედ ჩვენი ეროვნული მეობისა და სარწმუნოებისათვის თავდადებულებს.
ახლა დრო შეიცვალა, თუმცა ბრძოლა ისევ გრძელდება; განსხვავება კი იმაშია, რომ თუ ადრე დაპირისპირებული მხარეების საჯარისო ნაწილები ომობდნენ,
ახლა ბრძოლა ადამიანის საზრისის, ანუ აზროვნების წესისთვის მიმდინარეობს, რაც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით ხორციელდება;
ძირითადად ამ გზით ვრცელდება ფსევდოკულტურა და ანტირელიგიურ ღირებულებათა სისტემები, რომელთა ქვაკუთხედსა და მთავარ მამოძრავებელ ძალას ეგოიზმი წარმოადგენს.
ეგოიზმის წინ წამოწევა კი ხელს უწყობს პიროვნებაში მომხმარებლური და მომხვეჭელური მისწრაფებების განვითარებას, რაც იწვევს საზოგადოების საერთო დეგრადაციას, ხოლო გარემოში - ეკოლოგიურ კატასტროფებს.
უარყოფითი საინფორმაციო ველი ყველაზე მეტად მომავალ თაობაზე მოქმედებს. ისინი ხომ ცხოვრების დიდ ნაწილს ტელევიზორთან და ინტერნეტთან ატარებენ და, ფაქტობრივად, არავინ არის მათი სწორად ფორმირებისათვის ხელისშემწყობი, რადგან სკოლაც და უმაღლესი სასწავლებელიც სათანადოდ ვეღარ ასრულებენ აღმზრდელობით ფუნქციას, არც მშობლებს სცალიათ შვილებისათვის; ეკლესიაც მასთან მისულთა მიმართ ძირითადად აღსარებითა და ზიარებით იფარგლება.
ეს ასე აღარ უნდა გაგრძელდეს და რეალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამისთვის კი არსებული ვითარება სწორად უნდა შევაფასოთ.
ფაქტია, რომ ელექტრონული მასმედიით, უარყოფითთან ერთად, ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციაც ვრცელდება ყველა სფეროში. ამაშია გლობალიზაციის ერთ-ერთი დადებითი მხარე და სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ სათანადოდ.
ვფიქრობთ, ამიტომაც კარგად უნდა ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები და მათი საშუალებითაც უნდა გავუჩინოთ ახალგაზრდებს ღრმა აზროვნების სურვილი, ავისა და კარგის გარჩევის უნარი, გავუღვივოთ ინტერესი სხვადასხვა ქვეყნის ისტორიისა და კულტურისადმი, რათა დააფასონ სხვათა ღირსება და მათგან კეთილი შეითვისონ.
მაგრამ ყოველივე ამას შეძლებს მხოლოდ ის, ვისაც მყარად აქვს ჩამოყალიბებული ეროვნულ-ქრისტიანული საზრისი. ამისთვის კი აუცილებელია, ვასწავლოთ მათ საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, ქართული ფოლკლორი, კულტურა და ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები..., ჩვენ უნდა შევქმნათ კონკურენტუნარიანი საინფორმაციო გარემო, რომელიც ზემოაღნიშნულ ფასეულობებს დაეფუძნება და მათ თანამედროვეობასთან შეაზავებს. ეს კი დიდად დაეხმარება ახალგაზრდებს, დამოუკიდებლად გასცენ პასუხი დროის გამოწვევებს.
ამაშია საქართველოს გადარჩენა.
ახლა კი თქვენს ყურადღებას საქართველოს ისტორიაზე შევაჩერებ.
სამწუხაროდ, ჩვენი უძველესი ისტორიის ზოგიერთი საკვანძო საკითხი, რაც ქართველთა წარმომავლობასა და ერის ერთიანობას უკავშირდება, რეალური სახით თანამედროვე საზოგადოებამ ნაკლებად იცის. ამის მიზეზი არის ის, რომ ცარიზმი და საბჭოთა იმპერია ყოველთვის ცდილობდნენ, იგი არაობიექტურად წარმოეჩინათ. მათ არ სურდათ, ჩვენს ხალხში ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, რადგან იგი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოთხოვნის საშიშროებას შეიცავდა. არაობიექტურად მიწოდებული ისტორიის საფუძველზე, სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ შეიქმნა, მაგალითად, ავტონომიები, XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში.
ადრეც მითქვამს, რომ სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ცენზურას განიცდიდა ქართული ისტორიოგრაფია, ენათმეცნიერება და სხვა ისეთი მიმართულებები, რომელნიც მსოფლმხედველობის განმსაზღვრელ დარგებად მიიჩნეოდა.
ჩვენს ცნობილ მკვლევარებს დიდი ძალისხმევა და თავდადება დასჭირდათ, რათა ნაწილობრივ მაინც გადაერჩინათ და დღემდე მოეტანათ ჩვენი ერის ისტორიული სიმართლე.
ახლა კი, როდესაც აღსდგა საქართველოს თავისუფლება, აუცილებელია, შეგნებულად დაფარული წარსულის წარმოჩენა და საქართველოს ობიექტური მატიანის დაწერა უხსოვარი დროიდან დღემდე (აღნიშნულ საკითხზე ბოლო სხდომაზე იმსჯელა წმ. სინოდმა და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება). ამას ჯერ კიდევ XIX ს-ში და XX ს-ის დასაწყისში ცდილობდნენ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილნი, მაგრამ მათი ნააზრევი მაშინდელი სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის საპირწონედ, ბუნებრივია, ვერ იქცა.
მაგალითად, გავიხსენოთ წმიდა ილია მართალი, რომელიც ქართველთა ფესვებს უკავშირებს ურარტულ წიაღს, რასაც, ალბათ, ისიც განაპირობებდა, რომ ურარტუელთა სამ მთავარ ღვთაებას შორის უპირველესს "ქალდი" ერქვა.
"ურარტუელნი ქართველთა წინაპარნი ყოფილან, ქართველთა სისხლ-ხორცნი"," - წერს იგი "ქვათა ღაღადში" და ამ აზრს მისი დროის უცხოელ მეცნიერთა კვლევებითაც ამყარებს.
თავის ცნობილ ნაშრომში, - "ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში"," - კათოლიკოს-პატრიარქი კირიონიც არაერთხელ აღნიშნავს, რომ ქართველნი შთამომავალნი არიან ქალდეველთა, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს უძველესი მსოფლიო ისტორიისა და კულტურის განვითარებაში.
საყურადღებოა, რომ "ქალდი" დღესაც ჰქვია უძველეს ქართულ კუთხეს ტრაპიზონის მთებში, სადაც ოდითგან ცხოვრობდნენ ლაზები.
"ქალდეად" ლაზურ-ჭანურ სივრცეს მოიაზრებს დიდი მეცნიერი პავლე ინგოროყვაც.
ამ ტოპონიმთან დაკავშირებით კი პირველი ინფორმაცია ჩვენს წერილობით წყაროებში ლეონტი მროველთან გვხვდება. "ქართლის ცხოვრებაში" ვკითხულობთ: "კუალად გამოვიდნენ სხუანი ნათესავნი ქალდეველნი და დაეშენეს იგინიცა ქართლს".
სიტყვა "ქალდიდან" უნდა იყოს ნაწარმოები ჩვენი ერის ეთნონიმი "ქართიც", რომელსაც, ალბათ, უფრო ინფორმაციის უქონლობის გამო, მეცნიერთა დიდი ჯგუფი მხოლოდ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ საქართველოს აღმნიშვნელად მიიჩნევდა.
სინამდვილეში "ქალდი" საერთო ქართული სამყაროს, კოლხეთის, ცენტრს, მის გულს ერქვა. გვიანდელ პერიოდში კი, უცხოტომელთა ზეწოლის შედეგად, ამ ცენტრმა ქართული ტომებითვე დასახლებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, იმავე კულტურის წიაღში, გადმოინაცვლა და შეიქმნა ქართლის სამეფო, რომლის სახელწოდებაც, როგორც დიდი ილია ვარაუდობს, სწორედ "ქალდიდან" მომდინარეობს.
ამდენად, ქალდი - ქართი - ქართლი - ქართველი, ჩვენი ერის ისტორიული გზის, ჩვენი ერთობის გამომხატველი ტერმინებია.
საერთოდ, ეს საკითხი შემდგომ კვლევასა და გაღრმავებას საჭიროებს.
საუკუნეების სიღრმიდან მომდინარე ჩვენმა გენმა გაუძლო ათასი ჯურის გარეშე ძალებისა და სხვადასხვა იმპერიის არაერთ მცდელობას, რომ გავეთიშეთ და დავენაწევრებინეთ; ჩვენ შევძელით, საკადრისი პასუხის გაცემა მათს ვერაგულ ქმედებებზე და დღემდე ერთობითა და ერთსულოვნებით მოვაღწიეთ. ჭკვიან მტერსა და უგუნურ მოყვასს დღესაც უნდა ჩვენი გაყოფა, მაგრამ, ღვთის მოწყალებით, ამას ვერ მიაღწევენ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ვიყოთ არა როსტომ ხანის, არამედ ცოტნე დადიანის მემკვიდრენი.
ჩვენი ერის ერთიანობის უნიკალურობა ჩვენს საოცარ მრავალფეროვნებაშია. ყველა კუთხე თავისებურებებით გამოირჩევა: განსხვავებულია მათი სიმღერა, ცეკვა, სამოსი, სამზარეულო, მეტყველება, კილო; მაგრამ ამავე დროს ყოველივე ეს ერთიანი ქართული სულის განუყოფელი ნაწილია.
ხასიათიც განსხვავებული გვაქვს; ზოგი უფრო ფიცხია, ზოგი დინჯი, ზოგი იუმორით სავსეა, ზოგიც მკაცრი, ზოგი სიტყვაძუნწია, ზოგი სიტყვამრავალი, ზოგი უფრო ალღოიანია, ზოგი კი დამყოლი ბუნებისა და მიამიტი...; მაგრამ ამ სხვაობის მიუხედავად, გვახასიათებს მთავარი საერთო თვისებებიც: სიყვარულის ნიჭი, მადლიერების განცდა, გულწრფელობა და სიალალე...
ჩვენს ერს ყოველთვის ჰქონდა მადლიერების გრძნობა ღვთისადმი. ამის დადასტურებაა საუკუნეთა მანძილზე, - განსაკუთრებით კი ყველაზე დიდი გაჭირვების ჟამს, - აშენებული ეკლესია-მონასტრების სიმრავლე. ეს განცდა მას ათეისტურმა საშინელმა რეჟიმმაც კი ვერ ჩაუკლა. ამიტომაცაა, რომ ახლა, პოსტსაბჭოთა პერიოდში, მიუხედავად სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ხანგრძლივი კრიზისისა, მიუხედავად გარედან თავს მოხვეული შეიარაღებული კონფლიქტებისა, ხალხის ძალისხმევით ათასობით ეკლესია-მონასტერი აღდგა და აშენდა, ამჟამად კი
ღვთის სადიდებლად და სამადლობლად, მრევლის შესაწირით, შეიქმნა უნიკალური ხატი, "საქართველოს იმედი," რომელზეც ჩვენი ეკლესიის ყველა წმიდანი და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მნათობნი არიან გამოსახულნი, რათა მათი მეოხებით გადავრჩეთ და გადარჩეს ჩვენი ქვეყანა.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფლის წინაშე ვალი მოვიხადეთ და გასაკეთებელი აღარაფერი გვაქვს.
ურწმუნოთა 70-წლიანმა ბატონობამ ჩვენს საზოგადოებას ღრმა კვალი დააჩნია, და დაამახინჯა ჩვენი ცხოვრების წესი და აზროვნება; სხვადასხვა სახით ეს დღესაც ვლინდება. მათ შორის მადლიერების განცდასთან მიმართებაშიც.
ღვთისადმი მადლიერების გამოხატვა საჭიროა როგორც მთელი ერისთვის, ისე ცალკეული პიროვნებისთვის, რადგან ასეთი დამოკიდებულება მადლის მოპოვების უმარტივესი და ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა.
სახარებაში ვკითხულობთ, რომ განკურნებული ათი კეთროვანიდან მხოლოდ ერთი, სამარიტელი, დაბრუნდა მაცხოვართან მადლობის სათქმელად და ამიტომაც ღირსი გახდა, შემოქმედი ღმერთი შეეცნო და ცხონების გზა ეპოვა, ხოლო დანარჩენმა ცხრა განკურნებულმა კეთროვანმა, რომელნიც აბრაამის შთამომავალნი იყვნენ და "სასუფევლის ძედ" იწოდებოდნენ, უმადურობით დაკარგეს უფალი.
წმიდა მამები გვასწავლიან, რომ საიდუმლო სერობის შემდეგ ღვთის უდიდეს საიდუმლოს ნაზიარებ იუდას გულითადი მადლობა რომ ეთქვა იესო ქრისტესთვის, იმ საშინელ დაცემას თავიდან აიცილებდა. ამიტომაც, იუდა ღალატთან ერთად, უმადურობის სიმბოლოდაც მიიჩნევა.
მადლიერების გრძნობა ღვთისაგან გვაქვს მონიჭებული, - წერენ მამები, - და თვით ადამიანური ბუნება გვიბიძგებს ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს ჩვენთვის მზრუნველთადმი. შინაური ცხოველები და მხეცებიც კი ავლენენ სიყვარულს კეთილისმყოფელთადმი და რაოდენ გვმართებს, ეს განცდა გამოვხატოთ მის მიმართ, რომლისგანაც შეიქმნა ყოველი, რომელმაც მოგვმადლა ქვეყანა "უთვალავი ფერითა", მოგვანიჭა სიცოცხლე, გონება, თავისუფალი ნება, ჯანმრთელობა, სიყვარულის უნარი, ბედნიერების განცდა, სამყაროს აღქმა, რომელიც გვითენებს ყოველ დღეს, გვაძლევს საკვებს, სითბოს, ჰაერს, წყალს და, რაც ყველაზე მთავარია, თავისი ჯვარცმისა და მსხვერპლშეწირული სიყვარულის ფასად ბოძებული წარუვალი ნეტარი ცხოვრების შესაძლებლობა.
განა შეიძლება, რომ ყოველ წამს არ ვგრძნობდეთ მის მზრუნველობას, ვიყოთ ყოველივე ამის მომხმარებელნი და არ გამოვხატავდეთ მისდამი გულწრფელ მადლიერებას?!
ვიქცევით კი ასე?
ჩვენდა სამარცხვინოდ, ხშირად მადლიერებას, ასე თუ ისე, ადამიანებისადმი უფრო ვიჩენთ, ვიდრე უფლის მიმართ.
მოჩვენებით მადლიერებას კი, როგორც ყველაფერ ფარისევლურს, აზრი არა აქვს და სისაძაგლეა იგი ღვთისა და კაცის წინაშე.
გავიხსენოთ კაენისა და აბელის მაგალითი.
რატომ შეიწირა ღმერთმა აბელის მიერ მირთმეული სამადლობელი ძღვენი, ხოლო კაენისა - არა?
იმიტომ, რომ აბელმა თავისი ქონების საუკეთესო ნაწილი გაიღო და ეს უფლისადმი მთელი სიწრფოებითა და მადლიერებით გააკეთა, კაენმა კი უგულოდ, მოვალეობის მოხდითა და ამპარტავნებით.
სწორედ ამიტომ განიძარცვა იგი მადლისაგან და დაეუფლა საშინელი შური ძმის მიმართ, შემდეგ კი იმდენად დაეცა, რომ ყურად აღარ იღო აღარც შემოქმედის გაფრთხილება: "თუ სიკეთის მქმნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე" (დაბ.4.7) და მკვლელობის უსაშინელესი ცოდვის პირველი ჩამდენი გახდა.
ამის მთავარი მიზეზი კი უმადურობა იყო.
უმადურობა ამპარტავანთა, ანუ ყველაზე დიდი და საშინელი ცოდვის მქონეთა, ერთ-ერთი თვისებაა; მაშინ, როდესაც გულწრფელი მადლიერება თავმდაბლობის გამოხატულებაა და ასეთ ადამიანებს ახასიათებთ.
ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ ყველაფრისათვის, მათ შორის ავადმყოფობისა და სხვადასხვა განსაცდელთათვის, რადგან უფლის განგებულებით აღესრულება ყოველი და იგი აუცილებელია ჩვენი სულიერი აღზრდისა და ცხონებისათვის.
"ვინც უყვარს უფალს, მასვე ზრდის, ხოლო შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს... და თუ შორს ხართ აღზრდისაგან..., ნაბუშრები ხართ და არა შვილები" (ებრ.12,6,8), - გვასწავლის პავლე მოციქული.
შეჭირვებისა და მწუხარების მადლიერებით დათმენის საუკეთესო მაგალითია კონსტანტინეპოლის პატრიარქი, წმ. იოანე ოქროპირი.
იგი იყო მსოფლიო ეკლესიის უთვალსაჩინოესი მოღვაწე, გამორჩეული თეოლოგი, მჭევრმეტყველი; მისი ნაშრომები დღესაც სამაგიდო წიგნებია ქრისტიანული რელიგიით დაინტერესებულთათვის.
წმ. იოანე ოქროპირი როგორც საზოგადოებაში, ისე სამეფო კარზე უდიდესი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობდა, მაგრამ შურითა და ცილისწამებით სავსე ადამიანებმა იმდენი შეძლეს, რომ იმპერატორის ბრძანებით პატრიარქობიდან გადააყენეს და უსამართლოდ დევნილი და შეურაცხყოფილი გადასახლებაში გაგზავნეს ჯერ სომხეთში, შემდეგ კი - საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში, სოფ. კომანში, სადაც აღესრულა კიდეც.
ასეთი დამცირების მიუხედავად, იგი სიცოცხლის ბოლომდე ქრისტეს ერთგულ მხედრად დარჩა და მაცხოვრისა და მოყვასის სიყვარული არასოდეს დაშრეტია; პირიქით, აქედან ანუგეშებდა ბიზანტიაში დარჩენილ თავის სამწყსოს და მოუწოდებდა, ნებისმიერ სიტუაციაში მადლიერნი ყოფილიყვნენ უფლისა.
სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი სიტყვები: "მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის", რაც, ფაქტობრივად, პავლე მოციქულის ნათქვამის გამეორებაა: "მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგან ასეთია თქვენდამი ნება ღმრთისა ქრისტე იესოში". (თესალ. 5.18)
ასეთი დამოკიდებულება სულაც არ ნიშნავს იმას, თითქოს მძიმე მდგომარეობას უნდა შევეგუოთ და ხვედრს დავმორჩილდეთ, ანუ ბედისწერის შესახებ არასწორი სწავლება გავიზიაროთ.
არა, მუდამ საჭიროა ლოცვა და სწორი ქმედება, როგორც ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: "ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და - ჰპოვოთ" (მათე 7.7) ოღონდ, ამას არ უნდა ახლდეს დრტვინვა და მრისხანება, არამედ შემოქმედისადმი ყოველივე მადლიერებით უნდა აღესრულებოდეს და თუ ჩვენი სურვილი იმ ეტაპზე ჩვენი სულისთვის სასარგებლოა, მაცხოვარი აუცილებლად შეისმენს მას.
გავიხსენოთ მართალი იობი, როგორი სიმშვიდით, მოთმინებითა და მადლიერებით მიიღო მან თავს დატეხილი დიდი განსაცდელი; სანაცვლოდ კი უფალმა ამქვეყნადვე მრავალწილად დაუბრუნა ქონებაც, დიდებაცა და პატივიც.
სამწუხაროდ, ათეისტური აზროვნების გავლენითაა, რომ განსაცდელის დათმენა და მადლიერებით მიღება თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილისათვის სრულიად გაუგებარია, რადგან ისინი ასეთი დამოკიდებულების კეთილ შედეგს მიწიერ ყოფაში ვერ ხედავენ და, ამასთან, არ სჯერათ, რომ გარდაცვალების შემდეგ მარადიული სიცოცხლე იწყება. ამიტომაც ესწრაფვიან დიდებასა და კეთილდღეობას ამქვეყნად.
ურწმუნო ადამიანი როდესაც სიკეთეს აკეთებს, ფიქრობს, რომ მხოლოდ იგია მადლიერების ღირსი და მას ეკუთვნის სათანადო დაფასება. იგი ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი ქველმოქმედება პირადად მისთვის ახალი დიდი ცოდვის მიზეზი ხდება, რადგან ქება ამპარტავნებას უძლიერებს და მის სულს კიდევ უფრო აზიანებს.
ხოლო, როდესაც მორწმუნე აღასრულებს სიკეთეს, ამას უფლის სახელით იქმს და ამასთან, ჰმადლობს შემოქმედს, რომ საშუალება მისცა სხვისთვის სიხარულის მინიჭებისა; ხარობს გაცემით, თუმცა თავს აღსრულებული ქველმოქმედების მხოლოდ გამტარად, საშუალებად აღიქვამს, ამიტომაც ჩრდილში ყოფნას ირჩევს და მადლობას და დიდებას უთმობს ღმერთს.
უფლისა მადლიერებას ყოველდღიური ლოცვებიც გვასწავლის, ხოლო ვინც ჯერ კიდევ ეკლესიურად არ ცხოვრობს და ეს ლოცვები არ იცის, აუცილებელია, გულში მაინც თქვას მადლობა თუნდაც საჭმლის მიღების შემდეგ; ასეთი მცირედი წრფელი ქმედებაც კი მადლს მოაპოვებინებს და ცხონების გზას აპოვნინებს მას.
ამ თემაზე განსაკუთრებული ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ
მადლიერება უმთავრესი ქრისტიანული სათნოებათაგანია და მასთან დაკავშირებით ჩვენი დამახინჯებული დამოკიდებულებები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.
მაშინ, როდესაც მოიწევა აღსასრული, "წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა" (კორ.13.8), როდესაც რწმენაც განხორციელდება და აღსრულდება სასოებაც, ადამიანის სულს სასუფეველში მხოლოდ სიყვარულის გრძნობა და მადლიერების განცდა გაჰყვება. იგი ჭეშმარიტი სიყვარულის თანმდევია ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და მასთან ერთად ზეიმობს მარადიულ ნეტარებაში.
წმ. ამბროსი ოპტინელი წმ. პავლე მოციქულის დარიგების გათვალისწინებით, გამოყოფს ოთხ უმთავრეს სათნოებას და გვასწავლის: 1) იყავით მრავლის დამთმენნი; 2) მარადის ხარობდეთ; 3) მუდამ ილოცეთ; 4) მადლიერნი იყავით ყოველთვის; და ამასთან აღნიშნავს, რომ ამ სათნოებათა მოპოვება ბოლოდან ანუ მადლიერებით უნდა დავიწყოთ, რათა მადლი შევიძინოთ.
მადლი არ იყიდება და არც სხვა საშუალებით გადაეცემა. ნებისმიერმა ჩვენგანმა თვითონ უნდა იღვაწოს, იმდენი მადლი მოიპოვოს, რომ ცხონდეს. ამისთვის კი თავმდაბლობა უპირველესი პირობაა.
უფალი ბრძანებს: "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს" (პეტრე 5.5).
ამასთან,
ადამიანს რაც უფრო მაღალი აქვს თანამდებობა და, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა, მადლმოსილებაც მეტი მართებს. მადლმოსილ პიროვნებათა სიმრავლე ქმნის ერის კეთილდღეობას, მადლის სიმცირე კი ხშირად განაპირობებს მის განსაცდელში ყოფნას.
ჩვენი პრობლემების უმეტესობაც მადლის ნაკლებობიდან მომდინარეობს.
მართალია, უღმერთობის ხანა დასრულდა და ხალხი ეკლესიური გახდა, მაგრამ მათი დიდი ნაწილის სარწმუნოება მაინც ნელთბილია, რადგან ყველაფერს გარეგნულად უგულოდ აკეთებენ. ქრისტეს სახელი მხოლოდ გონებასა და ბაგეებზეა, გულში კი ისევ "ძველი კაცი" სახლობს. ისინი, მართალია, ამბობენ აღსარებას და ასრულებენ საეკლესიო წესებს, მაგრამ, ამავე დროს, მათთვის უცხო არ არის განკითხვა, ცილისწამება, ამპარტავნება, სიცრუე, ეჭვი, უსიყვარულობა, გულგრილობა, სიზარმაცე, შური, მრისხანება...;
დაცემა და ადამიანური სისუსტენი ყველას აქვს, მაგრამ "მორწმუნეთა" ამ ნაწილისათვის ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება მისაღები გახდა და შეეჩვივნენ ამ მდგომარეობას.
ღმერთისთვის კი ასეთნი მიუღებელნი არიან და, ბუნებრივია, არც მათი სათხოვარი შეისმინება.
წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში ვკითხულობთ: "ვიცი საქმენი შენნი; არც ცივი ხარ და არც ცხელი; ოჰ, ნეტავ ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ასე ნელ-თბილი ხარ... ამიტომ ამოგანთხევ პირისაგან ჩემისა" (3. 15-16).
ღმერთმა ნუ ქნას, ამ მდგომარეობაში დაამთავროს ვინმემ სიცოცხლე.
მაშ, მოვიკრიბოთ შინაგანი ძალა, ვისწავლოთ სწორი დამოკიდებულება ღვთისადმი და მოყვასისადმი; დავიწყოთ ყველაზე მარტივით, მადლიერებით. ელემენტარულ სიკეთეზეც კი გულწრფელი მადლიერება გამოვთქვათ, ხოლო კაცთა შორის
განსაკუთრებული მადლობა გვმართებს მშობლებისადმი, "რათა კეთილი გვეყოს და დღეგრძელ ვიყოთ ქვეყანასა ზედა". ასევე უნდა მოვიქცეთ ხანდაზმულთა და გარდაცვლილ წინაპართა მიმართ.
განვაგდოთ ჩვენგან "ძველი კაცი", გულის კარი გავუღოთ მაცხოვარს; და იგი ჩვენში აუცილებლად დაივანებს. ხოლო როდესაც ეს აღსრულდება, დავინახავთ, რომ ჩვენს შინაგან სამყაროში ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვლება და უფალიც მოგვაგებს თხოვნისამებრ.
საყვარელნო შვილნო, უდიდესი კრძალვით, სიყვარულითა და მადლიერებით განვუფინოთ ჩვენი სული, გული და გონება ბეთლემის ბაგასა შინა მწოლ ყრმას, ჩვენს უდიდეს მარადიულ ნუგეშსა და იმედს და შევღაღადოთ უფლის წინაშე ჩვენს საოცარ მეოხსა და მფარველს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს:
"მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ!"
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო და ბერძენნო, რუსნო და უკრაინელნო, აზერბაიჯანელნო და სომეხნო, ასირიელნო და უდინნო..., საქართველოს მკვიდრნო ყველა სხვა ერის წარმომადგენელნო, მართლმორწმუნენო, "მოიპოვეთ შეუძვრელი სასუფეველი და იქონიეთ მადლი და "მოადექით თქვენ სიონის მთას და ქალაქს ცოცხალი ღმერთისას, ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა უხილავ სიმრავლეს. მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას და ახალი აღთქმის შუამდგომელს იესოს" (ებრ.12. 28, 22-23) და გიხაროდეთ, რამეთუ დღეს იშვა ქრისტე!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
ილია II
შობა ქრისტესი
თბილისი, 2012 წელი