რას უსურვებენ საახალწლოდ თანამემამულეებს ცნობილი ქართველები

რას უსურვებენ საახალწლოდ თანამემამულეებს ცნობილი ქართველები

ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთ ახალ წელს ეგებება. სულ მალე 2011 წლის მოსვლას ვიზეიმებთ. ამ დღესასწაულს ყველა თავისებურად აღნიშნავს, ყველას თავისი ნატვრისა და სურვილის ასრულება სურს.

ალბათ, მკითხველისათვის ინტერესმოკლებული არ არის, რას უსურვებენ მშობელ ხალხს ქართული კულტურის ცნობილი მოღვაწეები, ადამიანები, რომელთა აზრიც მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ქართველი ერისათვის:

რეზო ამაშუკელი

საკუთარი თავი არ მიმაჩნია იმის ღირსად, რომ ქართველი ხალხი დავმოძღვრო. უბრალოდ მინდა ჩემი გულისტკივილი გაგიზიაროთ თქვენც და მკითხველსაც.

ჩემი უპირველესი სურვილია ქართველმა ერმა თავისი თვითმყოფადობა, ეროვნული სული შეინარჩუნოს და სხვა ერებში არ აითქვიფოს.

თუ საქართველოს გადარჩენა უწერია, პირველ რიგში ზნეობაზე უნდა ვილაპარაკოთ და არა დღესასწაულებსა და ტაშ-ფანდურზე. როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცებს უნდათ რომ ქართული სული ჩაკლან, მაგრამ არ გამოუვათ!

ანზორ ერქომაიშვილი

ჩემთვის ყველა ახალ წელს მომავლის იმედი მოაქვს. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მინდა საქართველო გაბრწყინებული ვნახო. მჯერა, რომ ასეც იქნება და ჩვენ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებთ. ახალი წლის მოლოდინი ჩემთვის ყოველთვის სიკეთისა და სიცოცხლის მოლოდინია, ახლაც მგონია, რომ მომავალ წელს რაღაც საუკეთესო მოხდება როგორც ქვეყანაში, ასევე ჩემს ცხოვრებაშიც. მომავლის იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა, რადგან იმედის გარეშე ცხოვრება საერთოდ წარმოუდგენელია!

ჩვენს სამშობლოს პირველ რიგში მშვიდობას ვუსურვებ. ადრე გურულებზე ხუმრობდნენ, პირველ სადღეგრძელოს მშვიდობისას ამბობენო.

საკუთარ ტყავზე რომ ვიწვნიეთ ომები და არეულობა, მშვიდობის ფასიც მხოლოდ მაშინ გავიგეთ. ქართველ ხალხს ვუსურვებ დიდ სიყვარულს, ვინაიდან მოყვასის სიყვარულის გარეშე ჩვენს ცხოვრებას ფასი არ ექნებოდა. მჯერა - სიყვარული გადაარჩენს საქართველოს!

ოტია იოსელიანი

მითხარით, როგორ მივულოცო ახალი წელი ქვეყანას, რომელიც მათხოვრად იქცა და საარსებო წყარო არ გააჩნია? რა უნდა გითხრათ ან რა მოგილოცოთ, ხომ უნდა მქონდეს საამისო საფუძველი?! მოსახლეობის ერთი ნაწილი ქვეყნიდან გარბის, მეორეს კი შიმშილით სული სძვრება.

არ მოგვიხნავს, არ დაგვიბარავს და არაფერი მოგვიწევია, ასეთ ქვეყანას საზეიმოდ და სადღესასწაულოდ აქვს საქმე? მთელ იმპერიას ვამარაგებდით ჩაით და ახლა ქართული ჩაი სანატრელი გაგვიხდა, რაც სიმდიდრე გვქონდა, ყველაფერი ჯართში ჩავაბარეთ და უცხოეთში გავზიდეთ. წიგნის წაკითხვა აღარავის უნდა, შრომა და ჯაფა.

გზა გავაკეთეო - იძახის ჩვენი ხელისუფლება, ხალხს ოღონდ პური და მჭადის ნატეხი ჰქონდეს და ოღრო-ჩოღრო გზაზეც კარგად ივლის.

ვართ ასე პირდაღებული და სხვის ხელებს შევყურებთ. რადგან ახალი წელი მოდის, მაინც იმედიანად დავამთავრებ ჩემს სათქმელს: უფალმა ქაოსისაგან შექმნა სამყარო, იმედია, ღმერთი მოწყალე თვალით გადმოგვხედავს და ამ ქაოსისგანაც შექმნის ისეთ სახელმწიფოს, რომელიც ყველას ნატვრად გვაქვს ქცეული.

მურმან ჯინორია

მთავარია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და საქართველო გაერთიანდეს. არ იყოს მტრობა და შუღლი ქართველებს შორის, ყველამ ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევიტანოღ ჩვენი წვლილი ქართული სახელმწიფოს გაძლიერებასა და განმტკიცებაში.

ჩემი ნატვრაა ყველას, ვისაც უჭირს აღარ უჭირდეს,  განსაცდელში ჩავარდნილს უფალმა შვება მისცეს, რომ ჩვენი პატრიარქი დიდხანს გვყავდეს და მისი ლოცვა-კურთხევით საქართველო გამთლიანდეს…