"ძველ წელს კარს არ ვუჯახუნებ ხოლმე..."

2009 წელი ბესიკ ხარანაულისთვის საიუბილეო წელი იყო - პოეტი 70 წლისა გახდა. ეღიმება, ადამიანს რამდენი რამ მოუგონია, თუნდაც ეს წლების დათვლაო...

- ძველ წელს კარს არ ვუჯახუნებ ხოლმე... დრო გადის და ხვდები, რაც წესით იყო, კანონზომიერიც ყოფილა, - ამბობს პოეტი.

- ახალი წელი რაღა არის? წინსვლის სურვილია. იმიტომაც ვხვდებით ახალ წელს სიხარულით. ჩვენმა ძველებმა დღესასწაულთა აღნიშვნა გამორჩეულად იცოდნენ. მერე რა, რომ არ ულხინდათ და ხშირად წელშიც წყდებოდნენ, მაგრამ თავს არ შეირცხვენდნენ.

ასეთი თქმულებაც იყო: აღების (ხალხურიდღესასწაული) ღამეს ქრისტე ღმერთმა ჩამოიარა და ერთ ოჯახს მიადგა. ხორცს ხარშავდა მასპინძელი, მაგრამ დაუმალა, არაფერი მაქვსო... წამოვიდა იქიდან და ღარიბ კაცთან მივიდა. იმას მართლა არაფერი ჰქონდა. სულ ცარიელი არ ვიყოო და ჯღანს, ძველ ქალამანს ხარშავდა... სტუმარს ალალად უთხრა, სხვა არაფერი მაქვსო... მერე რა მოხდაო, და ის ჯღანი ღარიბს ხორცად ექცა, მდიდარს კი ხორცი - ჯღანად. ამაში დიდი სიბრძნეა...

ან კიდევ ძველებმა რომ იცოდნენ თქმა, თუ სხვა არაფერი გაქვს, ბაგაში შვრია გაკვნიტე და იმაზე ახსენე მიცვალებული, ისიც მისავალიაო... განა სიღარიბე გატეხდა ვინმეს?! დღესასწაულის განცდა ძალზე მნიშვნელოვანია და ამისთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ღარიბები ვართ თუ მდიდრები...

გილოცავთ ახალ წელს და ბედნიერ დღესასწაულს გისურვებთ...