დენის იმპორტის სწრაფი მატების შემთხვევაში ტარიფი მუდმივად გაიზრდება

დენის იმპორტის სწრაფი მატების შემთხვევაში ტარიფი მუდმივად გაიზრდება

ელექტროენერგიის იმპორტი თვალში საცემად იზრდება და ამის მიზეზი ქვეყანაში მოხმარების ელვისებური ზრდაა. რეალურ მიზეზებზე საუბარს ყველა გაურბის, ამასობაში კი დენი მუდმივად ძვირდება.

2017 წელს 11 თვის მონაცემებით, ქვეყანაში 1 მილიარდ 362.5 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც მთელი გასული წლის მაჩვენებელს (478.9 მლნ კვტ/სთ) დაახლოებით სამჯერ აღემატება.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე იმპორტირებული ელექტროენერგიის ზრდაზე ზოგადად საუბრობს. მისი თქმით, ელექტროენერგიის იმპორტი წელს იმ მოცულობით გაიზარდა, რა მოცულობითაც მოხმარება. ამიტომ იმპორტის დასაბალანსებლად გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობა იგეგმება.

„ჩვენ ამ კუთხით ვმუშაობთ. დაგეგმილია ახალი თბოელექტროსადგურის, ასევე რიგი ჰესების მშენებლობა. გარდა ამისა, მეზობელ ქვეყნებთან გვაქვს დამაკავშირებელი ხაზები და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კონკრეტული ობიექტი დაიგვიანებს, შესაძლებელია იმპორტის განხორციელება ნესბიმიერი ქვეყნიდან და ამ კუთხით დივერსიფიცირებულები ვართ“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.

ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება და ელექტროენერგია, როგორც პროდუქტი ძვირდება. სემეკის თავმჯდომარე, ირინა მილორავა ამბობს, რომ მოხმარების ზრდა არის ქსელური კომპანიებისთვისაც გამოწვევა, ვინაიდან იზრდება დატვირთვა სექტორში, შესაბამისად, ქსელი და ინფრასტრუქტურა ამ გამოწვევას მომზადებული უნდა დახვდეს.

„1 მლრდ კვტ/სთ-ით გაიზარდა მოხმარება და 2020 წლისთვის იმ საპროგნოზე ბალანსებით, რომელსაც ჩვენ დავეყრდენით, კიდევ 20%-ით იზრდება მოხმარება. ტარიფის დათვლისას ორი მეთოდოლოგია გამოიყენება - ზღვრული ფასების და ზღვრული შემოსავლების მეთოდოლოგიები, ჩვენ ვიყენებთ ზღვრული შემოსავლების მეთოდოლოგიას. ეს ნიშნავს, რომ თუ მოხმარება გაიზარდა, კომპანია არ იღებს დამატებით შემოსავალს. თუ რამე დამატებით მიიღო, ჩვენ მომდევნო წელს ვაკორექტირებთ ამ ტარიფს და უკან მოგვაქვს მოხმარების ზრდით მიღებული შემოსავალი.

საერთოდ ორი ფაქტორი მოქმედებს განაწილების ტარიფზე: პირველი - გაზრდილი ქსელური მოხმარება, რომელიც ტარიფს შემცირებისკენ ექაჩება და მეორე - ინვესტიციების ნაწილი, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ ტარიფზე იმოქმედა“, - განაცხადა ირინა მილორავამ.

ერთადერთი, რაც ელექტროენერგიის გაძვირების ორომტრიალში გამოიკვეთა ის არის, რომ შეიძლება სოციალურად დაუცველთათვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება მოხდეს. ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, დახარჯავს თუ არა მთავრობა დამატებით თანხას ამ მიმართულებით, ვიდრე ეს თბილისის 2018 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

„ჩვენი მოსახლეობისთვის კეთილდღეობის პირობების შექმნა, რა თქმა უნდა, მთავრობის უმთავრესი ამოცანაა. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხთან დაკავშირებით რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ანუ შეიძლება, მოხდეს სოციალურად დაუცველთათვის შესაბამისი კომპენსაციების გაცემა, რომლითაც მოხდება ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის დაბალანსება. კონკრეტულად ვადებზე გამიჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, - განუცხადა „საქმის კურსს“ რომეო მიქაუტაძემ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ბიუჯეტში მიმდინარე წელს კომუნალურ სუბსიდირებაზე განსაზღვრული იყო 10 მილიონ 850 ათასი ლარი, 2018 წელს კი შედარებით ნაკლები - 8 მილიონ 560 ათასი ლარია გათვალისწინებული.