თბილისი მერია საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევას ცდილობს, მაგრამ ეს ყველაფერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. მაშინ, როდესაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კვების გადასახადის შემოღებაზე მიდის საუბარი, სწორედ ბაღების კვებით უზრუნველყოფას მოჰყვა დიდი გაუგებრობა. ამის გამო პატარები 20-დღიან არდადეებზე გაუშვეს, ხოლო მერია და კომპანია „ელფი“ სამართლებრივი ბრძოლისთვის ემზადებიან.
კომპანია, რომელიც ბაღების კვებით მომსახურებას უზრუნველყოფდა თბილისის მერიას ზეწოლაში ადანაშაულებს. კომპანია „ელფის“ დამფუძნებელი თინათინ პაპუაშვილი ამბობს, რომ 42 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე მისი კომპანია უკანონოდ დააყადაღეს.
კომპანიის ადვოკატი მომხდარში მერიის მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის უფროსს ადანაშაულებს. „ელფის“ ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ბადრი გიორგაძემ ყოველგვარი აღწერისა და საბუთის გარეშე მოითხოვა კომპანიის დაყადაღება და ტენდერიდან ჩამოშორება.
თბილისის მასშტაბით საჯარო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 2017 წლის 25 დეკემბერიდან 15 იანვრამდე გაგრძელდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ბავშვების კვებით მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემებია. იმ კომპანიასთან, რომელიც აღსაზრდელების კვებაზე ზრუნავს, ხელშეკრულება თბილისის მერიას 22 დეკემბრის ჩათვლით აქვს გაფორმებული. ახალი ტენდერი კი 13 დეკემბერს გამოცხადდა. სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი მომსახურების შესყიდვაზე და სასადილოების მომსახურებაზე მერია 31 მილიონიან ტენდერს აცხადებს.
თბილისის მერი ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერთან და მასში მონაწილე კომპანია „ელფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლო აჟიოტაჟს უწოდებს და აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.
„ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია ის არასწორი აქცენტები, რაც კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვრცელდება, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში. უშუალოდ ამ კომპანიასთან დაკავშირებით გამოძიება არანაირად არ ყოფილა ხელის შემშლელი რომ მათ ტენდერში მიეღოთ მონაწილეობა. აღნიშნულმა კომპანიამ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მისი წარმოდგენილი ფასი სხვა კომპანიებთან შედარებით იყო მაღალი. ჩვენთვის პრიორიტეტია ჩვენი პატარების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ჩვენ ვართ ქალაქის მთავრობა და ბოლომდე დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების განსაკუთრებით პატარების ინტერესებს.
ყოველგვარი სპეკულაციების თუ ზეწოლის მიუხედავად, ბოლომდე მივიყვანთ ყველა სამართალწარმოებას, სადაც იქნება. მაქსიმალურ პასუხისმგებლობას და კეთილსინდისიერებას ვითხოვთ ყველასგან. განსაკუთრებით ვერ დავუშვებთ ვერანაირ ხარვეზს და ამ თემით სპეკულირებას, როცა საქმე ეხება ჩვენს შვილებს, ბავშვებს. სწორედ ამიტომ ვიქნებით სამართლიანები და მკაცრები ნებისმიერი დარღვევის მიმართ“, – განაცხადა კალაძემ.
„ელფის“ მიერ თბილისის მერიის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბადრი გიორგიძის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს არ ეთანხმება თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძეც და აცხადებს, რომ სკოლამდელ აღსაზრდელთა კვების მომსახურებაზე ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოძიება ყველაფერს დაადგენს.
„მე არ დავეთანხმები ბრალდებებს. ახალი ტენდერია გამოცხადებული და მგონი, უკვე დასრულების ეტაპზეა. რაც შეეხება კომპანია „ელფს“, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს, ისინი თვლიან, რომ ყველაფერი სწორად აქვთ, ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს და შესაბამისად, მოხდება საკითხზე რეაგირება. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ“, - განაცხადა ხმალაძემ.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანი კი განმარტავს, რომ „ელფთან“ დაკავშირებით, რომელიც თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებდა, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიას ბაღებში ნატურალური რძისგან დამზადებული პროდუქტი უნდა შეეტანა, მაგრამ რეალურად მათ მიერ შეტანილი პროდუქტი ნატურალური რძისგან არ იყო დამზადებული. ეს სურსათის უვნებლობის სააგენტომაც დაადასტურა.
კომპანია „ელფში“ ეჭვობენ, რომ პროკურორებმა დოკუმენტების წასაღებად 21 დეკემბერი განგებ შეარჩიეს. ამას ისიც დაერთო, რომ ტენდერის ჩატარების დღეს თბილისის 171-ვე საბავშო ბაღში მერიის აუდიტის სამსახურიდან დაიგზავნა წერილები, საიდანაც ბაღის გამგეებმა მიიღეს პირდაპირი დავალება, სასწრაფოდ დაეწერათ საჩივრები შპს „ელფის“ წინააღმდეგ, კომპანიისთვის არ გადაერიცხათ არც ერთი თეთრი დეკემბრის ანაზღაურებიდან, პირიქით, დაეჯარიმებინათ და საბანკო გარანტიებიც გაეჩერებინათ.
სასამართლო განჩინებაში ნათქვამია, რომ სისიხლის სამართლის საქმე თბილისის მერიის აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზეა აღძრული. თუმცა, თავად დასკვნა საიდუმლოა და მის გასაჯაროებას მერია გამოძიების დასრულებამდე არ აპირებს.