როგორც მოსალოდნელი იყო ლარმა წინასაახაწლოდ თავი ვერ შეიმაგრა და გაუფასურების მორიგმა ტალღამ სავალუტი ბაზარს გადაუარა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტა თითქმის 10 პუნქტით დაეცა, შეშფოთების საფუძველს ვერავინ ხედავს. ამ შემთხვევაში მოვლენები შედარებით პროგნოზირებადია. ფინანსისტები დარწმუნებულნი არიან, რომ იანვრის შუა რიცხვების შემდეგ ლარი კვლავ გამყარების გზას დაადგება.
„არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ თავმჯდომარეს ირაკლი ბერძენაძე ლარის ჯერ გამყარებას და ახლა ისევ გაუფასურებას სპეკულაციის შედეგს უწოდებს.
„რამდენიმე დღის წინ ეროვნული ვალუტა გამყარდა და ყველა ბედნიერი იყო. ახლა კი ისევ გაუფასურება დაიწყო. ასეთი ცვლილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ გამყარება იყო დროებითი მოვლენა, ბაზარზე მცირე სპეკულაციური მომენტი, რომელიც სარგებელს აძლევს გარკვეულ სექტორს, შეიძლება ეს იყოს ბანკები. მაგრამ ბანკებმა რეალური კურსი დაიბრუნეს, რაც ნიშნავს იმას, რომ გაუფასურების პროცესი არც შეჩერებულა. დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი არის 2.58, მაგრამ ზოგიერთ ბანკში უკვე 2.67-ია. აქ ვხედავთ, რომ კომერციული ბანკის კურსი არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.
ლარი დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რომელიც იყო გონივრული. ეს კვირა იქნება გადამწყვეტი, ლარი კიდევ განაგრძობს გაუფასურებას თუ არა. დღეს ლარის დევალვაციის მთავარი მიზეზი ისაა, რომ წლის ბოლოა, მეორე მიზეზია, რომ მასობრივად ფულის მოძრაობამ მოიმატა ეკონომიკაში. ბანკების მიერ საკრედიტო დაბანდებები გაიზარდა. ეს პროცესი არის დროებითი, ჩვენი სავაჭრო კურსი გადავიდა უკვე სეზონურ რყევებზე და როგორც ეროვნულმა ბანკმა შეგვაჩვია, ეს კურსი არის მცურავი და როდის სად გაცურავს, არ ვიცით.
მთავარია გონივრულ ნიშნულს არ ასცდეს, რაც უკვე რისკის შემცველი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. იანვრის შუა რიცხვებამდე ეს ტენდენცია გაგრძელდება, ხოლო შემდეგ დაიწყება კურსის გარკვეულწილად დასტაბილურება“, - განუცხადა „კომერსანტს“ ბერძენაძემ.
ბოლო დღეებში ლარის რამდენიმე პუნქტით გაუფასურებას დიდ ტრანზაქციებს უკავშირებს „ეფიქს ჯგუფის“ ანალიტიკოსი ნიკა შენგელია. ეროვნულ ვალუტაზე უარყოფითად აისახება საახალწლო პერიოდიც, თუმცა იგი მალე გავა და ლარიც 2.50-იან ნიშნულს დაუბრუნდება.
„მიმდინარეობს ტრანზაქციები, რომლებიც შესასრულებელი სამუშაოებისთვის გასაცემია ბიუჯეტიდან. ტენდერებია ჩატარებული, თანხები მისაღები აქვთ და კომპანიები ელოდებიან გადარიცხვას, მაგრამ მისი მიღება იწელება. რა თქმა უნდა, ეს თანხა უნდა დახურდავდეს, რათა შეისყიდონ დოლარი, რაც მოქმედებს გაცვლით კურსზე. ამას ემატება საახალწლო პერიოდიც, რომელიც თავის წილ გავლენას ახდენს ბაზარზე.
ლარის დაბრუნებას 2.40-იან ნიშნულზე მოკლევადიან პერიოდში არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ახალი წლის დღეების ჩავლის შემდეგ 2.50-2.55 შუალედს აუცილებლად შეინარჩუნებს. ზუსტად როდიდან დაიწყება და როდემდე გასტანს ეს პერიოდი, 10-15 იანვრიდან შეგვეძლება პასუხის გაცემა“, - აცხადებს შენგელია.
საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც აინტერესებთ რა გზას დაადგება ამერიკული მწვანე ვალუტა 2018 წელს. გაგრძელდება მისი თანდათანობით შესუსტება თუ პოზიციებს გაიმყარებს. „ბლუმბერგის“ ანალიტიკოსებმა რამდენიმე ვალუტის მიმართ დოლარი პოზიციები განიხილეს, მათგან ქართველი მომხმარებლისთვის ყველაზე მეტად დოლარისა და ევროს თანაფარდობაა საინტერესო.
საერთაშორისო სავალუტო ბაზრის სტრატეგები თვლიან, რომ ამერიკულ ვალუტას ოპტიმიზმის საფუძველი არც მომავალი წლისთვის უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დოლარი ყველა ვალუტასთან აპირებს პოზიციების დათმობას. საერთო ევროსთან კი ამერიკულ ვალუტას დიდი პერსპექტივა არ ელის. ამჟამად 1 ევროს ფასი 1.1863 დოლარის სიახლოვესაა. მომავალი წლის სავარაუდო საშუალო კურსი 1.21 დოლარია
ანალიტიკოსების აზრით, 2018 წლის მეორე ნახევარში ერთი ევროს ფასი 1.23 დოლარს მიაღწევს. მის პოზიციას ის გარემოება განსაზღვრავს, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რაოდენობრივი შემსუბუქების პროგრამის შეკვეცა დაიწყო, რასაც ევროზონაში ეკონომიკის გაჯანსაღება განაპირობებს. ამიტომ ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამყარების ფაქტორი, ინვესტორების ქმედებებზე მომავალი წლის მეორე ნახევარიდან აისახება.