მერიის ახალ შემადგენლობას დედაქალაქის გენგეგმა თვალში არ მოუვიდა და მათი შემქმნელი ჯგუფი 140 ათასი ლარით დააჯარიმა. ხარვეზის გამოსასწორებლად კი მხოლოდ 10 დღე დაწესდა, რაც, სპეციალისტების აზრით, საერთოდ არ არის საკმარისი. სინამდვილეში რა ხდება მერიასა და „სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ შორის, ჯერჯერობით გაურკვეველია.
თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროს თემურ ბოლოთაშვილთან ერთად საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც იმ შენიშვნებზე ისაუბრეს, რომელიც დედაქალაქის ხელმძღვანელობას თბილისის განვითარების მთავარი დოკუმენტის მიმართ გააჩნია.
თბილისის მერის მოადგილემ ხარვეზების გამოსწორებისა და დოკუმენტის დახვეწის მიზნით, ინტენსიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ თბილისის განვითარების სრულფასოვანი დოკუმენტის მისაღებად, არსებული ხარვეზების გამოსწორება აუცილებელია.
„მერიამ დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები დაადგინა და ველოდებით, რომ ისინი ამ ყველაფერს გამოასწორებენ. ავუხსენით, თუ სად გვქონდა ძირითადი შენიშვნები, რაში ვხედავდით პრობლემას. იმედია, ჩვენს მითითებას გაითვალისწინებენ და დადგენილ ვადაში ახალ, გაუმჯობესებულ დოკუმენტს წარმოადგენენ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.
დედაქალაქის მერიამ ხარვეზების ამოსაფხრელად გენგეგმის ჯგუფს ათდღიანი ვადა მისცა. თბილისის მერიის შენიშვნები დოკუმენტში ძირითადად, ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს ეხება. მუნიციპალიტეტში ადასტურებენ იმასაც, რომ კომპანია 140 ათასი ლარით დააჯარიმეს. მიზეზი კი გენგეგმაში აღმოჩენილი ხარვეზები გახდა, რომელიც დედაქალაქის მერის ინფორმაციით, კომპანიამ არ გამოასწორა.
„თბილისის გენერალური გეგმა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, თითოეული ჩვენთაგანისთვის, ქალაქის განვითარებისთვის და რაც მთავარია, თბილისის სწორად განვითარებისთვის. დაჯარიმება მოხდა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში და მათ გამოსწორებისთვის 10-დღიანი ვადა მიეცათ. იმუშავებენ და წარმოადგენენ“, - განაცხადა ქალაქის მერმა კახა კალაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტ - საქართველოს“ დაჯარიმების მიზეზი ხელშეკრულების მე-6 ეტაპი გახდა.
არქიტექტორის სამსახურის უფროსის თემურ ბოლოთაშვილის თქმით, აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით მერიამ ჯგუფს შენიშვნით ორჯერ მიმართა და ვინაიდან მან ვერც ერთ შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორება ვერ შეძლო, დედაქალაქის მთავრობამ საჯარიმო სანქცია გამოიყენა.
„ხელშეკრულება ითვალისწინებდა შემსყიდველის მიერ მიმწოდებლის დაჯარიმებას 5%-ით. მე-6 ეტაპი არის ხელშეკრულების საბოლოო ეტაპი, რომლის დროსაც უნდა მოხდეს გენგეგმის სრულად წარმოდგენა. ამის იქეთ მიმწოდებელს არაფერი აქვს გასაკეთებელი და ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. ამიტომ ეს არის ყველაზე კრიტიკული ეტაპი. 5 ეტაპი უკვე ჩაბარებულია, ხელმოწერილია მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა საბოლოო პროდუქტი ჯერ არ მიგვიღია.
პირველ ორ შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა, ამიტომ ვალდებულები ვიყავით ჯარიმა დაგვეწესებინა, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. კომპანიას ხარვეზის გამოსასწორებლად 10-დღიანი ვადა მიეცა“, - განაცხადა ბოლოთაშვილმა.
იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა დაჯარიმებითაც ვერ მოგვარდა, შესაძლოა, კომპანიასთან ხელშეკრულება საერთოდ შეწყდეს.
ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე ამბობს, რომ თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის ხარვეზების გამოსასწორებლად ათდღიანი ვადა საკმარისი არ არის. ამასთანავე აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია იმ ხარვეზებთან დაკავშირებით, რის გამოც მერიამ „სითი ინსტიტუტი - საქართველო“ დააჯარიმა.
„ეს ვადა დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ აღარ მივიღებთ ამ გენგეგმას. ათ დღეში ძალიან ძნელია, ასეთი რაღაცის გაკეთება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის, თუ რა შენიშვნები იყო.
სადაც ორი და სამი წელი ვითმენდით, ახლაც მივცეთ მინიმუმ ორთვიანი ვადა, ყველაფრის გასასწორებლად. საზოგადოებამ უნდა ვიცოდეთ, რა ხარვეზებია ისეთი, რომ მერიამ ასეთი მკაცრი განაჩენი გამოიტანა“, - განაცხადა ვარდოსანიძემ.
დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა „სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ არქიტექტორმა, დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა მერაბ ბოლქვაძემ. მან დაადასტურა, რომ თბილისის მერიის მიერ ორგანიზაციისთვის დაკისრებული ჯარიმა, ძირითადად, დოკუმენტის მე-6 ეტაპის ფარგლებში მუშაობას შეეხება.
„გენერალური გეგმის ხუთი ეტაპი შენიშვნების გარეშე დავასრულეთ. მათ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. არაერთხელ თქვეს, რომ დოკუმენტი მისაღები იყო. გეგმის მე-6 ეტაპზე კი ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები, სადაც ერთ-ერთი მიმართულება ქალაქის ზონირებას ეხება. მათ სურთ, რომ ზონის სახეობები უფრო კონკრეტული საზღვრებით გავაკეთოთ. გენერალური გეგმა კი კანონით, უფრო ზოგადი ხასიათის რუკების დამუშავებას ითხოვს. ჩვენ ამ საკითხებზე მერიის ხელმძღვანელობასთან გვექნება შეხვედრა“, - განუცხადა „ბიზნესკონტაქტს“ ბოლქვაძემ და დასძინა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის უფრო დეტალურ განმატებებს გააკეთებს გენერალური გეგმის ჯგუფი როგორც მერიის შენიშვნებთან და ჯარიმის საფუძველთან, ისე საკუთარ არგუმენტებთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე არქიტექტორი არ აზუსტებს, გენერალურ გეგმაზე მუშაობის მე-6 ეტაპი რას ეხებოდა და ეს ეტაპი კახა კალაძის მერად არჩევის შემდეგ დაიწყო, თუ არა. დავით ნარმანიას მერობის პირობებში დოკუმენტმა საჯარო განხილვები გაიარა და საკრებულოში დასამტკიცებლად მზად იყო.