როგორც მოსალოდნელი იყო, წლის ბოლო ბიუჯეტიდან ერთბაშად უზარმაზარი თანხაა დასახარჯი. რამდენად მოახერხებს მთავრობა 10 დღეში 800 მლნ-ზე მეტის ათვისებას, ძნელი სათქმელია. როც მოახერხოს, ერთბაშად ამ მოცულობის თანხის მიმოქცევაში მოხვედრა ლარს კიდევ ერთხელ შეატორტმანებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზოგად დაპირებას იძლევა, რომ ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის. მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ სწორი ფისკალური პოლიტიკის შემთხვევაში საბიუჯეტო ხარჯებს სავალუტო კურსზე გავლენა ვერ ექნება. არადა, ეკონომისტების აზრით, ახალი წლის წინა დღეებში ძლივს გამყარებულ ეროვნული ვალუტას ყველაზე დიდი საფრთხე ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვის გამო შეექმნება.
როგორც წესი, საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან წლის ბოლო დღეებში ბევრი ფულის ხარჯვა ახასიათებს. დეფიციტური ხარჯვა ლარის გაუფასურებას უწყობს ხელს, რადგან იმპორტს ასტიმულირებს. ასევე, უარყოფითი მოლოდინის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან გაცემული თანხის ნაწილი სავალუტო ბაზარზე ხვდება, მოსახლეობა დოლარს ყიდულობს.
ხაზინის მონაცემების მიზედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის თანახმად, მომდევნო 10 დღეში მთავრობას დაახლოებით, 820 მლნ ლარი აქვს დასახარჯი. ყველას აინტერესებს პასუხი კითხვაზე - აპირებს თუ არა მთავრობა მომდევნო 10 დღეში ამხელა თანხის ათვისებას და ხომ არ ექნება მას გავლენა ლარის კურსზე.
ფინანსთა მინისტრმა კონკრეტულ პასუხს ამ თავს არიდებს და ზოგად ტენდენციაზე საუბრობს:
„ეს კითხვა არის ძალიან მარტივი. სწორი ფისკალური პოლიტიკის შემთხვევაში საბიუჯეტო ხარჯვას ეკონომიკურ თეორიაშიც კი გავლენა ვერ ექნება ვალუტის კურსზე. ყველა უწყებებს თუ ავიღებთ, პირველ სამ კვარტალში ათვისების ხარისხი არის თითქმის 96%, მეოთხე კვარტალში ჩვენ ველოდებით ათვისების ძალიან მაღალ მაჩვენებელს. შესაბამისად, არანაირ არათანაბარ ხარჯვაზე საუბარი არაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სწორი ფისკალური პოლიტიკის შემთხვევაში საბიუჯეტო ხარჯებს გავლენა ვერ ექნება სავალუტო კურსზე“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ბახტაძემ.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სამსახურის ინფორმაციით, 19 დეკემბრის მდგომარეობით, დახარჯულია 10 მლრდ 600,7 მლნ ლარი. გადასახდელების გეგმა კი არის 11 მლრდ 720.5 მლნ ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა დაახლოებით, 305 მლნ ლარის დახარჯვას მომავალ წელს გეგმავს, ამიტომ დეკემბრის ბოლომდე დასახარჯი რეალური თანხა 820 მლნ ლარამდეა.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი, ანდრია გვიდიანი ვარაუდობს, რომ დასახარჯი ნაწილი ბიუჯეტში ნაშთის სახით დარჩება და მომავალი წლისთვის გადაინაცვლებს.
„არ ვფიქრობ, რომ დარჩენილი თანხის სრულად ათვისება მოხდება. 11 თვის მონაცემს თუ გადავავლებთ თვალს შემოსულობების ნაწილში, გეგმა მაღალი მაჩვენებლით არის შესრულებული და რამე ხარვეზს ვერ ვხედავ. შეიძლება თქმა, რომ ხარჯვითი ნაწილის თვალსაზრისითაც მიმდინარე წელი ერთ-ერთი საუკეთესოა. არათანაბარ ხარჯვასთან დაკავშირებით ზოგიერთი მოსაზრება აშკარად გადაჭარბებულია.
გადასახდელების ნაწილში დარჩენილი რესურსი წელს არ დაიხარჯება და, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის გადაინაცვლებს. ნაშთი პირდაპირ არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც წლის ბოლომდე უნდა დაიხარჯოს“, - აღნიშნა გვიდიანმა.