ყოველი მეორე იმპორტირებული ავტომობილი ჰიბრიდია

ყოველი მეორე იმპორტირებული ავტომობილი ჰიბრიდია

საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების ბუმია. ბოლო თვეებში იმპორტირებული მანქანებიდან ყოველი მეორე იაპონური ჰიბრიდია. ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძეც ადასტურებს, რომ საქართველოში ჰიბრიდული მანქანების იმპორტი 60%-ით გაიზარდა. ეს იმის გამოისობით ხდება, რომ საგადასახადო შეღავათებმა დამატებითი სტიმული მისცა მომხმარებელს.

ჰიბრიდული ავტომობილი სტანდარტულზე 60%-ით ნაკლებად იბეგრება, ელექტრომობილი კი გადასახადისგან სრულად არის გათავისუფლებული. ამიტომაც ბოლო დროს საქართველოში მათი რიცხვიც საკმაოდ მომრავლდა. ამას ხელს უწყობს სპეციალურ დასამუხტი სადგურებთ უფასოდ სარგებლობაც, რომელზეც მომსახურების გადასახადი არც 2018 წელს იმოქმედებს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში გაგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სექტემბერში ავტოიმპორტის 42% სწორედ ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებზე (მცირე რაოდენობა) მოდიოდა. ჯერჯერობით უფრო ახალი სტატისტიკა არ მოიპოვება, თუმცა ტენდენციიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ იგი გაზრდილი იქნება.

2014 წლის შემდეგ, საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი რვაჯერ გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 5.7% ჰიბრიდულ სისტემაზე მუშაობდა. ეს მონაცემები 2015 წლის მაჩვენებელს (1.4%) თითქმის ხუთჯერ, ხოლო 2014 წლის მაჩვენებელს (0.7%) კი რვაჯერ აღემატება.

საქართველოში შემოყვანილ ჰიბრიდულ ავტომობილებში მოწინავე ადგილი მეორე და მესამე თაობის “ტოიოტა პრიუსებს” უჭირავთ.

ბოლო პერიოდში საინტერესოა ბაზარზე გამოკვეთილი ერთი ტენდენცია. 2017 წელს მნიშვნელოვნად შემცდა მარჯვენასაჭიანი მსუბუქი ავტომობილების იმპორტი. 2016 წელს 36 559 ავტომანქანა იყო იმპორტირებული, 2017 წლის 9 თვის მონაცემებით კი - 13 000. ამის მიზეზი უკვე ცნობილია - 2017 წლის 1 იანვრიდან მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით განისაზღვრა.

სამაგიეროდ, ბოლო პერიოდში ქვეყანაში გახშირდა მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი. ასეთ შემთხვევაში მანქანების აქციზის გადასახადი შედარებით დაბალია და მსურველსაც უღირს იაპონური ავტომობილების ჩამოყვანა. საქმე ისაა, რომ ამ ტიპის ავტომობილსა და სტანდარტულ მარცხენასაჭიანი მანქანების განბაჟებაში დიდი სხვაობა აღარ ფიქსირდება.

იაპონიიდან ჩამოყვანილ ჰიბრიდულ სატრარსპორტო საშუალებების განბაჟებაც სამჯერ ძვირია, ოღონდ ისინიც სარგებლობენ ჰიბრიდული ავტომობილებისთვის დადგენილი 60%-იანი შეღავათით. ამიტომაც მარცხენასაჭიანი შიგაწვის ძრავიანი მანქანების გადასახადსა და მარჯვესაჭიან ჰიბრიდს შორის დიდი სხვაობა აღარ გამოდის (დაახლოებით 300-500 ლარი). შესაბამისად, მომხმარებელი უკვე არჩევანს იაპონურ მოდელებზე აკეთებს.

ბაზარზე არსებულ ტენდენციას ადასტურებს ტრანსპორტის სფეროს ექსპერტი დავით მესხიშვილი: “იაპონიაში მანქანები ღირს ძალიან იაფი. იქ ავტომობილების შეძენა 200-300 დოლარადაც თავისუფლად შეიძლება. იაპონია სხვა იმპორტიორი ქვეყნებისგან განსხვავდება დაბალი ფასით. ალბათ ამას უკავშირდება ისიც, რომ მყიდველს უღირს 3-ჯერ გაძვირებული გადასახადის გადახდა.

ვფიქრობ, ამ საკითხზე მსჯელობა საჭიროა ხელისუფლების დონეზე. თუ იმავე სურათს მივიღებთ და ქვეყანა ამჯერად მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდებით გაივსება, მაშინ რა აზრი ჰქონდა ცვლილებას”, - აცხადებს მესხიშვილი.