2018 წლიდან ავტომობილებზე ქონების გადასახადი ამოქმედდება. გადასახადის გადახდა 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება.
უფრო კონკრეტულად, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებს ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0,05%-ის და არაუმეტეს 0,2 %-ის გადახდა მოუწევთ; ხოლო 100 ათასი ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0,8% და არაუმეტეს 1% იქნება გადასახდელი.
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ტრანსპორტზე ქონების გადასახადის დაწესება ნორმალური პრაქტიკაა. უბრალოდ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა მიზანს ემსახურება აღნიშნული ინიციატივა საქართველოში. თუ ეს ემსახურება სატრანსპორტო უსაფრთხოებას და ავტოპარკის განახლებას, მაშინ მისასალმებელია, ხოლო, თუ ავტომობილებზე ქონების გადასახადის დაწესებამ მაინც არაფერი შეცვალა, სიკეთის მომტანი არ აღმოჩნდა არც გამონაბოლქვის, არც უსაფრთხოების კუთხით, მაშინ ამ ტიპის გადასახადის დაწესება უბრალოდ ბიუჯეტის შევსების წყარო გამოვა.
„ავტომობილებზე ქონების გადასახადის დაწესება მძღოლებისთვის არ იქნება მარტივი, რადგან პარალელურად შემოდის ტექინსპექტირება, რომელსაც თავისი ხარჯები ექნება, მანქანის შეკეთების ხარჯიც დასჭირდებათ მძღოლებს. ამას დაემატება მანქანის ქონების გადასახადიც. გამოდის, უცებ რამდენიმე დამატებით გადასახადს ვუმატებთ ავტომფლობელებს. თანაც, ეს იქნება ყოველწლიური ქონების გადასახადი და, ბუნებრივია, ამას თავისი რეაქცია მოჰყვება მძღოლების მხრიდან. ამდენად, ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს გადასახადი საზოგადოების უსაფრთხებას და ჯანმრთელობას მოხმარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ასე ერთბაშად არ ვართ შეჩვეულნი ასეთ ფინანსურ შემოტევებს, ამდენ გადასახადს, ამდენ დავალებებს. ამის გაკეთება ყოველთვის ეტაპობრივად სჯობს. ევრორეგულაციები ბევრ ვალდებულებას გვაკისრებს, ეს ჩვენ ადრე თუ გვიან მაინც გასაკეთებელი გვექნება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დიდი ტვირთი მძღოლებისთვის“,-აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.
ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ პროექტების კოორდინატორი, ტრენინგის სპეციალისტი გოგი ჩუტკერაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ავტომობილებზე ქონების გადასახადის ამოქმედება ჩვენს ავტომფლობელებში დისკომფორტს გამოიწვევს, რადგან საქართველოში არავინ არის მიჩვეული ქონების გადასახადის გადახდას, მით უმეტეს, მანქანებზე გადასახადის გაღებას.
„ავტომანქანებისთვის დღემდე არაფერს ვიხდიდით, არც ტექნიკურ შემოწმებას გადიოდა ჩვენი მანქანები. შესაძლოა, ადამიანს $50 ათასი ჰქონდა მანქანაში გადახდილი, მაგრამ მისი მონაცემები ვერ აკმაყოფილებდა ელემენტარულ სტანდარტებს, რასაც პერიოდული ტექნიკური დათვალიერება მოითხოვდა. სხვათა შორის, უცხოეთშიც არის მსგავსი გადასახადები დაწესებული მანქანებზე. ამ მხრივ საქართველო იყო გამონაკლისი. ჩვენი მიზანია, დავეწიოთ ევროპას და მათ მსგავსად მოწესრიგებული საგზაო უსაფრთხოება გვქონდეს, რაშიც ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ მანქანებს უჭირავს. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა, ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 600 ადამიანი იღუპება და ათი ათასობით დაშავებული გვყავს. ამიტომაც შემოიღო სახელმწიფომ ეს ინიციატივები, არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეკომენდაცია გავუწიეთ ასქულიან სისტემას, ღვედის კანონის ამოქმედების ერთ-ერთი ინიციატორნი ვიყავით. შესაბამისად, წლევანდელი წელი პირველია ამ ათეული წლების განმავლობაში, როდესაც ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილებისა და დაშავებულების რიცხვის შემცირების ტენდენცია შეინიშნება“, - აღნიშნა გოგი ჩუტკერაშვილმა.
მისივე თქმით, ავტომობილებზე ქონების გადასახადის ამოქმედება დიდ პროტესს არ გამოიწვევს, რადგან ეს არ იქნება კოლოსალური თანხა, რომ ვინმეს გაუჭირდეს მისი გადახდა. მაგალითად, 5-ათასდოლარიანი მანქანის მფლობელს სულ რაღაც 2,5 დოლარის ეკვივალენტის გადახდა მოუწევს ლარებში, რადგან 0,05%-ის გადახდა სწორედ ამ თანხას გულისხმობს. ეს იქნება წლიური მინიმალური გადასახადი, თვიურადაც რომ მოუწიოთ ამ თანხის გადახდა, არც ისე პრობლემური არ არის. მით უმეტეს, რომ აქ ისეთ ოჯახებზეა საუბარი, რომელთა წლიური შემოსავალიც 40 ათას ლარზე მეტია.