სემეკი არ ამხელს, წლის ბოლოს ტარიფს გაგვიძვირებს თუ - არა

სემეკი არ ამხელს, წლის ბოლოს ტარიფს გაგვიძვირებს თუ - არა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ენერგეტიკის სექტორში ახალი წესი აამოქმედა - რეგულაცია ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ განვითარების 5-წლიანი გეგმების შემუშავებას ითვალისწინებს, რომელიც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას. ეს თავისთავად გულისხმობს თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას, ამ ეტაპზე არავინ აკონკრეტებს. თუმცა, როგორც წესი, საქართველოში კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციები, ტარიფში წინასწარ არის ხოლმე გათვალისწინებული. გასული წლების ისტორიის გათვალისწინებით კი, საზოგადოებამ არ იცის მის მიერ გადახდილი ფულით უკვე განხორციელდა ინვესტიცია თუ სამომავლოდ უნდა განხორციელდეს.

გასული ხელისუფლებების პერიოდში ელექტროენერგიის ტარიფი ყოველთვის გაუვალი ტყე იყო - მოფენს თუ არა ნათელს ეს ხელისუფლება ამ სფეროში არსებულ ბუნდოვანებას, ესეც უცნობია.

მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის გაზრდისა და მიწოდებული ელექტროენერგიის ხარისხის ამაღლების მიზნით, 2018 - 2022 წლებში სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“ გამანაწილებელი ქსელების განვითარების კუთხით სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებენ. პროექტები მოიცავს ქვესადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციას, დამატებითი სიმძლავრეების უზრუნველსაყოფად ახალი ქსელების მშენებლობას და ა.შ.

გასულ კვირას სემეკის საჯარო სხდომაზე კომპანიებმა უკვე წარადგინეს საკუთარი გეგმები - სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად 2018-2022 წლებში სს „თელასი“ უზრუნველყოფს ორი 35კვ ძაბვის ქვესადგურ „თეცის“ მშენებლობას. პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს 40000-მდე ქ.თბილისის აბონენტის ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობას. ამასთანავე, გეგმის მიხედვით, მოხდება ორჯაჭვიანი საკაბელო ხაზის მშენებლობა „ორთაჭალის“ ქვესადგურიდან „თეცის“ ახალ ქვესადგურამდე. ქ. თბილისში მარჯვენა სანაპიროზე ქვესადგურ „სანაპიროს“ რეაბილიტაციის შედეგად შეიქმნება ელექტროენერგიის დამატებითი სიმძლავრეები.

რაც შეეხება რეგიონებს, სს „ენერგო პრო ჯორჯია“ 2018-2022 წლებში სხვა პროექტებთან ერთად ქ. რუსთავის ელექტროენერგიის სარეზერვო კვების წყაროს მშენებლობას განახორციელებს.

ამასთანავე, მოხდება ქვესადგურების - ბათუმი 1, ბათუმი 5, ქობულეთი, ივერია, ჭიათურა-საჩხერისა და სხვა მნიშვნელოვანი ქვესადგურების რეაბილიტაცია. ბათუმში ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების დასაკმაყოფილებლად, აშენდება ახალი 35 კვ ძაბვის ქვესადგური და საკაბელო ხაზები.

5-წლიანი განვითარების გეგმების შესაბამისად, სს „თელასის“ მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების საორიენტაციო ღირებულება 85 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საინვესტიციო პროექტების საორიენტაციო ღირებულება - 343 მლნ 500 ათას ლარს.

როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ირინა მილორავა აცხადებს, სემეკის მიერ წლის ბოლოს დადგენილი სამომხმარებლო ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2020 წლის ბოლომდე იქნება.

„ის ტარიფი, რომელსაც ჩვენ წლის ბოლოსთვის დავადგენთ, ძალაში იქნება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2020 წლის ბოლომდე, ანუ კომისია ყოველწლიურ რეჟიმში აღარ განახორციელებს ტარიფების გადათვლას. დადგენილ 3-წლიან ტარიფებს ერთადერთ შემთხვევაში მივუბრუნდებით, თუ მოხდა იმ მოცულობების არსებითი ცვლილება, რომელსაც ჩვენ დავეყრდნობით ტარიფების დადგენისას“, - განაცხადა მილორავამ.

მილორავა ვერ აკონკრეტებს, საინვესტიციო გეგმები აისახება თუ არა ტარიფში, ვინაიდან დღეს განხილული კომპანიების საინვესტიციო გეგმები ტარიფის მხოლოდ ერთი ნაწილია.

„ინვესტიციები განსაზღვრავს კაპიტალური დანახარჯების ოდენობას. ამის მიღმა ტარიფში ასევე არის საოპერაციო დანახარჯები, ეს გახლავთ ხელფასები, მიმდინარე რემონტები, დაზღვევა, იჯარა, საკომუნიკაციო ხარჯები და ა.შ. ამიტომ ამ ნაწილში ახლაც მიმდინარეობს მუშაობა კომისიის აპარატში. შესაბამისად, როდესაც ეს ორივე ხარჯი დაზუსტდება, შესაძლებელი გახდება კონკრეტული კომპანიებისთვის ტარიფის დადგენა. ჩვენ კვირის ბოლოდან უკვე ვიწყებთ ტარიფების დადგენას“,- აცხადებს მოლორავა.

მისი განმარტებით, პირველი საკითხი არის ჰიდროელექტროსადგურებისთვის ტარიფების დადგენა, შემდეგ იქნება გადაცემის ლიცენზიანტებისთვის განაწილების ტარიფები. საბოლოო შემაჯამებელი სხდომები ჩატარდება თვის ბოლოს, სადაც მიღებული ტარიფების გათვალისწინებით შედგება სამომხმარებლო ტარიფი.

სემეკის ინფორმაციით, შპს „ენგურჰესის“ 2017-2019 წლების კომისიასთან შეთანხმებული ინვესტიციები 94 304 000 ლარით განისაზღვრა; შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ 2017-2019 წლის ინვესტიციები - 37 581 700 ლარით; „გუმათჰესების კასკადის“ – 11 150 000 ლარით; „ლაჯანურჰესის“ – 4 738 759 ლარით; „რიონჰესის“ – 13 729 085 ლარით; „შაორჰესის“ – 7 040 730 ლარით; „ძევრულაჰესის“ – 6 920 000 ლარით.

სს „თელასის“ მიერ 2017-2020 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 66 241 526 ლარს შეადგენს. შპს „ენერგოტრანსის“ 2017-2020 წლის საინვესტიციო მოცულობა 2 061 000 ლარით განისაზღვრა, სს „საქრუსენერგოს“ მიერ ამავე პერიოდში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა - 6 609 000 ლარით. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ 2016-2020 წლების ინვესტიციები 587 945 172 ლარს შეადგენს.

შპს „ენერგო პრო ჯორჯიას“ 2017-2020 წლების საინვესტიციო გეგმებზე მსჯელობა 14 დეკემბრის საჯარო სხდომაზე გაგრძელდება. ამავე სხდომაზე კომისია იმსჯელებს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალის“, შპს „რუსთავის წყალის“ 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმებისა და „ჟინვალჰესის“ 2017-2019 წლების საინვესტიციო გეგმების შეთანხმების შესახებ.