ფინანსთა სამინისტრომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარუდგინა. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, ბიუჯეტის პროექტმა სრული ციკლი გაიარა და ეს ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რაც ფინანსთა სამინისტროს პარლამენტისთვის შეიძლებოდა წარმოედგინა.
„ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იან დეფიციტზე, 4,5 %-იან შიდა პროდუქტის ზრდაზე და პრაქტიკულად, იმ ვარიანტით, რომელიც არის წარმოდგენილი, მთავრობა და ხელისუფლება ფიქრობს, რომ 740 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს მომავალ წელს, ვიდრე წელს იხარჯება... მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ ბიზნეს, ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტები განხორციელდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებითი ბიზნეს აქტიურობა, დამატებითი სამუშაო ადგილები და მეტი პროექტები იქნება ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, ბიუჯეტის საბოლოო ნაწილში აისახა იმ ცვლილებების ეფექტები, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტში შევიდა და ასევე ის სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 298.0 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები - 10 120.0 მლნ ლარი; საგადასახადო შემოსავლები - 9 470.0 მლნ ლარი (მშპ-ს 23.4%), საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 780.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 6.9 პროცენტს შეადგენს;
მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 630.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 1.6 პროცენტია; დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 390.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 10.9 პროცენტს შეადგენს;
აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 450.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 3.6 პროცენტს შეადგენს;
იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 60.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.1 პროცენტს შეადგენს;
სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 160.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.4 პროცენტს შეადგენს; გრანტები - 265.0 მლნ ლარი, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 100.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 165.0 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები 385.0 მლნ ლარი.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 12 364.6 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 911.6 მლნ ლარს, გრანტები - 165.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები -1 288.0 მლნ ლარს.
არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გათვალისწინებულია 1 433.2 მლნ ლარი, ხოლო ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გამოყოფილია - 636.7 მლნ ლარი; ვალდებულებების კლება შეადგენს 790.1 მლნ ლარს, საიდანაც 725.0 მლნ ლარი მიმართული იქნება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე, ხოლო 65.1 მლნ ლარი - საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების და დავალიანების დაფარვაზე.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე განმარტავს ეს არის ერთ-ერთი კარგი ვარიანტი, რადგან ის დაგეგმილია დაბალი, 3%-იანი დეფიციტით.
„სახელმწიფო დახარჯავს 14 მილიარდზე მეტს. 740 მილიონზე მეტი დაიხარჯება 2018 წელს წინა წელთან შედარებით და თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ 2017 წლის ბოლოს ჩვენ ბიუჯეტი 300 მილიონით გავზარდეთ, წარმოიდგინეთ რამხელა ასიგნებებია გათვალისწინებული ხელისუფლების მხრიდან 2018 წელს“, - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.
მართალია, ოპოზიცია შეეცდება, ბიუჯეტის შესწორებულ ვარიატშიც მოძებნოს ხარვეზები, რადგან თვლის, რომ ეს არ არის სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი, რადგან პენსიების ზრდა არ არის გათვალისწინებული, თუმცა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი მიიჩნევს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ერთი მხრივ, სოციალურად ორიენტირებულია, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბიზნესის წახალისებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ამიტომ იგი მხარს უჭერს პლენარულ სხდომაზე აღნიშნული პროექტის განხილვას.