მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მტკივნეული თემა მედიკამენტებზე ფასების ზრდაა, რადგან ჯანდაცვის ხარჯების დიდი ნაწილი სწორედ მედიკამენტებზე მოდის. ინფლაციამ და ლარის გაუფასურებამ განსაკუთრებული გავლენა სწორედ ფარმაცევტულ სექტორზე იქონია. თუმცა დაზარალებული მხოლოდ მომხმარებელი გამოვიდა, რომელსაც ხარჯი თვიდა თვემდე ეზრდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ჯანდაცვის სფეროში ფიქსირდება. ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯანდაცვაზე ფასები 6,4%-ით გაიზარდა. ფასმა მოიმატა როგორც სამედიცინო პროდუქციაზე, ისე ამბულატორიულ მომსახურებაზე.
მედიკამენტებზე ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი ლარის გაუფასურებაა, რადგან წამლების უმეტესი წილი იმპორტირებულია. ლარი გაუფასურდა როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით, რაც პირდაპირ აისახა წამლების ფასზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროში ფასების ზრდაზე ოფიციალური სტატისტიკა მეტყველებს და ამაზე ღიად საუბრობენ თავად მომხმარებლები, ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი ფასების ასეთ რადიკალურ ცვლილებას არ ადასტურებს.
„ლარი საკმაოდ გაუფასურდა, მაგრამ მიუხედავად ამ გაუფასურებისა, ქსელში გადაფასება კურსის ცვლილების გამო არ მომხდარა. გარკვეულ მედიკამენტებზე ფასები შეიძლება შეიცვალა, მაგრამ კურსის გამო გადაფასება შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არ მომხდარა“, - განუცხადა „საქმის კურსს“ „პეესპე ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ნათია ხაბეიშვილმა.
როგორც ფარმაცევტულ კომპანიებში აცხადებენ, ფასების მატება შეიმჩნევა, თუმცა მომხმარებელს აქვს რამდენიმე არჩევანი - შეიძინოს უცხოური წარმოების მედიკამენტი ან იგივე მედიკამენტი, მაგრამ ადგილობრივი წარმოების, თუმცა განსხვავებული სახელწოდებით.
განსაკუთრებული ფასების ზრდა შეიმჩნევა იმ კატეგორიის მედიკამენტებში, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა პრობლემების სამკურნალოდ, ასევე წნევის მარეგულირებლად გამოიყენება.
მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მუდმივი გაძვირება შეუძლებელია გამოწვეული იყოს ლარის გაუფასურებით, რადგან იმ შემთხვევაში, როცა ეროვნული ვალუტა ცოტათი მყარდება, წამლებზე ფასი მაინც არ იკლებს, მორიგი გაუფასურების შემთხვევაში კი ისევ იმატებს.
იურიდიული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „ტედ სოლუშენის“ მმართველი პარტნიორი ირაკლი თედორაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია მედიკამენტების თვითღირებულების ზრდასთან.
„რადგან ნედლეულის იმპორტირება უწევს ფარმაცევტულ კომპანიებს, შემოტანილი ნედლეული პროდუქტის თვითღირებულებას აძვირებს, ეს კი საბოლოოდ ჯერ წამლის ფასზე, ხოლო შემდეგ მოსახლეობის ჯიბეზე უარყოფითად აისახება“, - აღნიშნავს თედორაძე.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე შეშფოთებული იყო იმ ფაქტით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიკამენტები 15%-ით გაძვირდა. მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, ამ მიმართულებით რაიმეს შეცვლის შესაძლებლობა მიზერულია. სამედიცინო სფეროში სხვადასხვა ტიპის დარღვევებსა და გადაცდომებზე ხშირად ისმის საუბარი, თუმცა ამ დარგში თითქმის არაფერი იცვლება, არც მომსახურების ხარისხი უმჯობესდება და ვერც ფასების მოთოკვა ხერხდება.