ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება აღარ გადავადდება

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება აღარ გადავადდება

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება, რისი მიზანიც ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრა (რაც ავარიების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია) და გარემოს დაბინძურებისაგან დაცვაა.

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად განხორციელდება და ინსპექტირებას საქართველოს მთელი ავტოპარკი, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, 2019 წლის ბოლომდე გაივლის.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მანქანა? რა თანხა დაუჯდება მესაკუთრეს ტექნიკური ინსპექტირება? როდის მოუწევს მანქანის შემოწმება და ა.შ. – for.ge შეეცადა ყველა იმ კითხვაზე გაეცა პასუხი, რომელიც ყველა მანქანის მესაკუთრეს აინტერესებს.

როდის და რა კატეგორიის მანქანებს შეეხება ტექნიკური ინსპექტირება?

2018 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს (3,5ტ. ზემოთ) შეეხებათ; 2018 წლის 1-ელი ივლისიდან - იურიდიული პირებისა და სახელმწიფო უწყებების საკუთრებაში არსებული ავტომობილებს; 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან - დიდი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილებს (3.0 ძრავით და ზემოთ), ხოლო 2019 წლის 1-ელი იანრვიდან ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ტექდათვალიერებისას ავტომობილები?

ეს მოთხოვნებია: მუხრუჭები, საჭის მართვის სისტემა, ხილვადობა, ფარები, ღერძულა, შასი და მისი შემადგენლები და გამონაბოლქვი. რაც შეეხება მავნე გამონაბოლქვს, ნებისმიერი ავტომობილისთვის, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას კატალიზატორი, იმოქმედებს გამონაბოლქვის მაქსიმუმ დასაშვები ნორმა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს გამართული წვის სისტემის მქონე ავტომობილმა.

რა თანხა დაუჯდება მძღოლს მანქანის ინსპექტირება და რამდენჯერ?
მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების - 100 ლარი ეღირება.

2018 წლის პირველი იანვრიდან 4 წლამდე მსუბუქ ავტომობილებს არ შეეხებათ ტექნიკური ინსპექტირება; 4-8 წლამდე მანქანებს ორ წელიწადში ერთხელ მოუწევთ შემოწმება; 8 წლის ზემოთ მანქანებს ყოველწლიურად.

რაც შეეხება სასწრაფო დახმარების მანქანებს და ტაქსებს (ლიცენზიის აღების შემდეგ) 4 წლამდე და 4 წლის ზემოთაც ყოველწლიურად მოუწევთ შემოწმება.

რომელი წლის მანქანა რა რაოდენობითაა საქართველოში?

3 წლამდე მანქანა არის 1,3% - სულ 11695; 4 - 6 წლამდე მანქანა არის 2,3% - სულ 21 000 -მდე; 7-10 წლამდე არის 5,4% -სულ 48 500 მანქანა; 11-20 წლამდე 404 000-ზე მეტი მაქანა
20 წელზე ზემოთ არის 46% - სულ 413 000 მანქანა.

როდის მოუწევთ ავტომობილების მფლობელებს ტექნიკური ინსპექტირების გავლა?

მანქანის გამოშვების თარიღის მიხედვით მიხვდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, როდის და რა პერიოდულობით შეეხება მის ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირების გავლა. გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და ასევე გათვალისწინებული იქნას რიგების წარმოქმნის რისკები.

რა ბედი ელის მარჯვენა საჭიან მანქანებს?

2018 წლის იანვრიდან აიკრძალება გადატანილი საჭიანი მანქანების შემოყვანა და ასევე უკვე ჩამოყვანილი მანქანების საჭის გადატანა, რადგან ტექნიკური ინსპექტირებისას ეს ხარვეზი დაფიქსირდება და მძღოლს მანქანის გამოყენების საშულება აღარ ექნება. თუმცა იმ მანქანებს, რომლებსაც უკვე აქვთ გადატანილი მაჯვენა საჭე, ამ შემთხვევაში მათზე ამნისტია გამოცხადდება.

რამდენად მზადაა ქვეყანა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მანქანების ტექნიკური ინსპექტირებისთვის?

საქართველოში დღეს არსებული ინფრასტრუქტურა მოიცავს ტექნიკური ინსპექტირების 26 ცენტრს, სადაც დამონტაჟებულია ინსპექტირების 35 ხაზი, თუმცა ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს და მომავალი წლის განმავლობაში სავალდებულო, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

შვეიცარულმა კომპანია SGS-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრას და პერსონალის ტექნიკურ კვალიფიკაციას ეხება. კომპანია SGS პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის მომზადების პროცესში კონსულტაციას ეკონომიკის სამინისტროს უწევს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროცესი იქნება გამჭვირვალე - პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს აღრიცხვა-კონტროლის მონაცემები უწყვეტ რეჟიმში გადაეცემა და შეინახება ერთიან ელექტრონულ ბაზაში, ასევე ინსპექტირების ყველა ცენტრი აღჭურვილი იქნება ვიდეოთვალთვალის კამერებით და მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოხდება მხოლოდ უნაღდო ანგარისშწორებით.

უახლოეს ხანში დაიწყება ფართო საინფორმაციო კამპანია, რის შედეგადაც ყველა დაინტერესებული ადამიანი მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი და რა პერიოდში, რომელი კატეგორიის ავტომობილებს შეეხებათ.

ამოქმედდება ცხელი ხაზი ნომრით - 1484. ამასთან, შეიქმნება ვებ-გვერდი, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეეძლება მისთვის სასურველ ტესტირების ცენტრში ვიზიტი დაგეგმოს.

ყველა ავტომფლობელს, რომლის სატრანსპორტო საშუალებასაც აღმოაჩნდება ისეთი ხარვეზი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს, მიეცემა გონივრული ვადა (ერთთვიანი) პრობლემის მოსაგვარებლად. პირველი ფასიანი (60-100 ლარი) ტექნიკური ინსპეტირების შემდეგ, მანქანის მფლობელს, მეორედ, ერთი თვის განმავლობაში, ვიზიტი უფასოდ შეეძლება.