მოსახლეობა გაღარიბების მიზეზი ჭარბვალიანობაა

მოსახლეობა გაღარიბების მიზეზი ჭარბვალიანობაა

საქართველოს კომერციული ბანკები მომგებიანობით ევროპისა და აზიის კონტინენტის სახელმწიფოთა შორის პირველ ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევით კი, საბანკო დავალიანების მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე პოზიციაზეა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში მხოლოდ საფინანსო ინსტიტუტები მდიდრდებიან, მოსახლეობა კი - ღარიბდება. ასე დიდ ხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ღარიბ-ღატაკი მომხმარებელი ვერც ეკონომიკაში შეიტანს თავის წვლილს და საფინანსო სექტორსაც დიდ თავსატეხს შეუქმნის. საქართველოში მოსახლეობის გაღარიბების ძირითადი მიზეზი ჭარბვალიანობაა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძ ამბობს, რომ საფინანსო სექტორის რეგულირება უნდა დაიწყოს, მაგრამ იგი რატომღაც ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ არასაბანკო მიმართულებაზე.

„არასაბანკო სექტორთან დაკავშირებით, ჩვენი მიდგომა არის ის, რომ უნდა დაიწყოს ამ სექტორის რეგულირება, რადგან იქ არის იმის საფუძველი, რომ შეიქმნას საკმაოდ დიდი პრობლემა, აქედან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა მიდგომა, თუ როგორ უნდა მოევლოს ამას. ეს პაკეტი უკვე პარლამენტშია წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს განსაზღვრული ისე, რომ არასაბანკო საფინანსო სექტორის რეგულირება დავიწყოთ თავიდან რბილად. ვფიქრობ, ეს შეამცირებს იმ პრობლემას, რომელიც ამ სექტორში დღესდღეობით არსებობს“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

სხვაგვარად უყურებენ პრობლემას სპციალისტები. ისინი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია არა მხოლოდ არასაბანკო სექტორის რეგულირება, არამედ, კომერციული ბანკებისთვის გარკვეული შეზღუდვის დაწესება. ფინანსისტი მიხეილ დუნდუას აზრით საბანკო სფეროში გარკვეული ცვლილებები აუცილებელია:

„უნდა შევასრულოთ სავალუტო ფონდის რეკომენდაცია, სესხის მომსახურება/შემოსავალთან ლიმიტი უნდა დაწესდეს მხოლოდ შინამეურნეობებისათვის გასაცემ ყველა იპოთეკურ და არაიპოთეკურ სესხზე. ასევე, სესხის მომსახურება, ანუ სესხის დასაფარად ყოველთვიურად შესატანი თანხა უნდა იყოს მსესხებლის შემოსავლის 30%-ზე დაბალი, უცხოურ ვალუტაში კი 20%-ზე დაბალი. კომერციულმა ბანკებმა არ უნდა მიაქციონ ზედმეტი ყურადღება გირაოს უზრუნველყოფას, შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემა კი სამუდამოდ უნდა აიკრძალოს.

2014 წელს სავალუტო ფონდი შეშფოთებას გამოხატავდა, როცა მიუთითებდა, რომ საბანკო სესხის ამღები პირების 1/3 თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს ბანკის ვალის მომსახურებისთვის იხდისო და მოუწოდებდა ეროვნულ ბანკს ლიმიტების დაწესებისკენ. დღეს ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება“, - აცხადებს დუნდუა.

არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ბერძენაძეც ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან ბაზრის კონტროლი აუცილებელია. როგორც მან „კომერსანტს“ განუცხადა, კონტროლი ეროვნულ ბანკს ევალება და მან აუცილებლად უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები.

„ეროვნულ ბანკს უხარია ის, რომ წარმატებული საბანკო სისტემა გვაქვს, მაგრამ რას ნიშნავს ეს? მარჟა არის ძალიან მაღალი და სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას აწევს, რაც არა მგონია წარმატება იყოს. ბაზრის კონტროლი ეროვნული ბანკის საქმეა. წარმატებული საბანკო სისტემა ნიშნავს ისეთ სისტემას, სადაც მოქალაქე არის დაცული და ბანკი ლოგიკურ შემოსავალს იღებს. დღეს ბანკები არალოგიკურ შემოსავალს იღებენ. წარმატებული საბანკო სისტემა იქნება მაშინ, როდესაც მოსახლეობის საშუალო ფენისთვის საბანკო კრედიტი და მისი შემდგომი ჯარიმები წნეხი აღარ იქნება“, - განაცხადა ბერძენაძემ.