საქათველოს პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. შესაბამისად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 305 მილიონი ლარით გაიზარდა და ეს ფული წლის ბოლომდეა ასათვისებელი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ფულადი რესურსი დაუგეგმავი ეკონომიკური ზრდის შედეგად დაგროვდა.
„ეკონომიკური ზრდა ჩვენ გვაქვს გაცილებით მაღალი, ვიდრე ეს იყო ბიუჯეტის დაგეგმვის დროს. მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა დამატებითი შემოსავლები. შესაბამისად, იზრდება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები და ასევე იზრდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, რაც ძირითადად მოხმარდება 2018 წელს დაგეგმილ ღონისძიებებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
საკანონმდებლო ორგანოში სჯერათ, რომ 2017 წლის ბიუჯეტის ცვლილება 2018 წელს მოგვიტანს კიდევ უფრო მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს, მეტ სამუშაო ადგილს და უფრო სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ საგაისო სტარტი გაცილებით უკეთესი გახდა.
„ჩვენი მოსახლეობისათვის გასაგებად რომ ვთქვა, 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი, 2018 წელი კიდევ უფრო უკეთესი სასტარტო პოზიციით დაიწყოს ქვეყანამ, ანუ ამ ცვლილებების ძირითად ეფექტს ჩვენ ვიგრძნობთ მომავალ წელს. იგი გამოხატული იქნება კიდევ უფრო მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სამუშაო ადგილებში, ბიზნესის კიდევ და უფრო სწრაფ, ეკონომიკურ ზრდაში“, - აღნიშნა კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე.
ოპტიმიზმის საფუძველს მას ის ეკონომიკური ფაქტორები აძლევს, რომელიც 2017 წელს ქვეყანაში ხორციელდება.
„საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, გაუმჯობესებულია პრაქტიკულად ყველა ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორი: 4-დან 4.5%-მდე გაზრდილია მშპ-ს მაჩვენებელი, 44.2%-დან 42.9%-მდეა შემცირებული სახელმწიფო ვალის პროცენტული თანაფარდობა მშპ-ს მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი უარყოფითი სალდო (დეფიციტი) 540.8 მლნ ლარიდან შემცირებულია 388.3 მლნ ლარამდე, გაზრდილია ინვესტიციების დაფინანსება, იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განკუთვნილი თანხები და ა.შ.“, - განაცხადა კოვზანაძემ.
სრულიად სხვაგვარად უყურებს ბიუჯეტის მოულოდნელ ზრდას საპარლამენტო ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის აზრით, ბიუჯეტში ცვლილებები მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ეს 305 მილიონი ლარი ხალხის საკეთილდღეოდ დახარჯვის ნაცვლად, დაიხარჯოს ისევ ბიუროკრატიის ფუფუნებაში. „ევროპული საქართველო“ მმართველ გუნდს არაკომპეტენტურობაში სდებს ბრალს.
„დღევანდელი ცვლილებები მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ეს 305 მილიონი ლარი ხალხის საკეთილდღეოდ დახარჯვის ნაცვლად, დაიხარჯოს ისევ ბიუროკრატიის ფუფუნებაში და სამინისტროების უმაქნის პროგრამებში. ეს არის მიზეზი, რის გამოც „ევროპული საქართველომ“ ბიუჯეტის გაზრდას მხარი არ დაუჭირა“, - აცხადებს ბაქრაძე.
კიდევ უფრო კრიტიკულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე. იგი ცვლილებას „საბიუჯეტო თაღლითობად“ აფასებს, რადგან რეალურად ეს 2018 წლის ბიუჯეტია.
„ეს არის საბიუჯეტო თაღლითობა, ქაღალდებით თამაში. ეს არ არის 2017 წლის ბიუჯეტი, სინამდვილეში ეს არის 2018 წლის ბიუჯეტი, შესაბამისად, ყველა ხარჯი გაწეული იქნება გაისად. იტყუებიან, ქაღალდზე წერენ 2017 წელს და რეალობაში არის 2018 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით გაზრდა.
სამწუხაროა, რომ მთავრობას აქვს სავალუტო ფონდთან პროგრამა და ფონდმა დახუჭა თვალი ამაზე. ეს ცუდ გავლენას მოახდენს მომავალში ლარის კურსზე და ფასებზე, ვინაიდან, ბიუჯეტი იზრდება იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ის არ უნდა გაზრდილიყო - ზრდის წყარო არის ძველი ნაშთები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ოპოზიციის საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია აცხადებს, რომ საბიუჯეტო ცვლილები პოზიტიურია და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხდიდან სპეკულირებას აქვს ადგილი. მისი აზრით, ის, რომ შემოსავლებმა შესაძლებელი გახადა ცვილილებები, ეს მხოლოდ დადებითი მომენტია და ამაზე მსჯელობა საჭირო არ არის.
საბოლოოდ პარლამენტმა 89 ხმით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა.