„აბრეშუმის გზის ფორუმის“ კონკრეტული შედეგები

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ კონკრეტული შედეგები

34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყანა და 2000-ზე მეტი დელეგატი - პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ჩატარებით კმაყოფილია. პრემიერის აზრით, ამ ფორუმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ქვეყნის სატრანზიტო, ლოგისტიკური, საწარმოო და საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით, აბსოლუტურად სწორია.

პრემიერის მოსაზრებით, შედეგი აუცილებლად იქნება, მით უფრო, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ამ ფორუმის განმავლობაში ხელმოწერილი 10-მდე მნიშვნელოვანი შეთანხმება.

„გაფორმდა ბევრი მნიშვნელოვანი შეთანხმება, მათ შორის, ევროპის საინვესტიციო ბანკს, ევროპის საინვესტიციო ფონდსა და ქართულ ბანკებს შორის, რისი მეშვეობითაც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის, მათ შორის, ინოვაციური საწარმოების მხარდაჭერის მიზნით 90 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი“.

პრემიერის თქმით, შანხაის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიისა და საპარტნიორო ფონდის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი, რომელიც ბიზნესპროექტების განსახორციელებლად ახალ საინვესტიციო პლატფორმას შექმნის ჩვენს ქვეყანაში.

გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, აღნიშვნის ღირსად მიიჩნევს საქართველო-ჩინეთს შორის ეკონომიკური ზონების განვითარებისა და სამეწარმეო სიმძლავრეების სფეროში თანამშომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებას, რასაც, ასევე, მოჰყვება სამრეწველო კლასტერებს განვითარება საქართველოში.

აბრეშუმის გზის „ერთი სარტყელი-ერთი გზის ფორუმთან“ დაკავშირებით პრემიერის პათოსს იზიარებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებსი პაატა აროშიძე. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ, მართალია, საქართველო პირდაპირ არ არის ჩართული იმ სატრანზიტო-ეკონომიკურ დერეფანში, რომელიც განსაზღვრულია ამ სტრატეგიით, მაგრამ ანაკლიის მშენებარე ნავსადგური ნამდვილად მონიშნულია ამ სტრატეგიაში და ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს საქართველოსთან, მათ შორის, შავი ზღვის მიმართულებითაც. „აბრეშუმის გზის“ სტრატეგია მთლიანად გადამუშავებულია 21-ე საუკუნეზე და, თუკი ის ამუშავდა, დიდ გავლენას მოახდენს საქართველოზე.

„მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ დასავლეთის მიმართულებით სწორედ საქართველო ჩაჯდა ამ რეალობაში. ახლა უკვე ჩვენზე იქნება დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ ამ ხელშეკრულებებს. თბილისში გამართული ფორუმი მნიშვნელოვანი იყო და, თავისი სამომავლო შედეგებიდან გამომდინარე, ამ დონის ფორუმი საქართველოში ჯერ არ გამართულა. აქედანაც ჩანს, რომ საქართველო სატრანსპორტო ჰაბი ხდება. აქ საუბარია საერთაშორისო მილსადენებზე, ნავთობსადენებზე, გაზსადენზე და, პლუს ამას, სატრანსპორტო სარკინიგზო მიმართულებაზე, რომელიც საქართველოს გავლით ჩინეთ-თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან, ანუ ბაქო-ყარსის რკინიგზა მაქვს მხედველობაში და, ასევე, საზღვაო ნავსადგურები“, - აღნიშნა პაატა აროშიძემ.

მისივე განმარტებით, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები ჩვენთვის ახალი არ არის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი ურთიერთობა. ჩინური ინვესტიციები მნიშვნელოვანია და დღესაც არ აკლია ჩინური საქონელი ქართულ ბაზარს, მაგრამ ცალმხრივობა რომ არ იყოს, მთავარია, რას შევთავაზებთ ჩვენ ჩინეთს. ექსპერტის აზრით, ჩინეთისთვის ალკოჰოლური პროდუციის - ღვინის შეთავაზებას არანაირი დადებითი ეფექტის მოტანა არ შეუძლია, რადგან ჩინეთი ღვინის მომხმარებელი ქვეყანა არ არის, მაგრამ თითოეულმა ჩინელმა ასი გრამი ღვინოც რომ დალიოს დღის განმავლობაში, ესეც ჩვენს ექსპორტს წაადგება. მთავარია, ჩვენ როგორ გამოვიყენებთ ჩინურ ბაზარს და ინვესტიციები როგორ წამოვა ჩინეთიდან.

„ჩემი აზრით, ჩინეთი უფრო დაინტერესდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო კუთხით, ნავსადგურების მშენებლობა იქნება ეს, საავტომობილო მაგისტრალების თუ რკინიზგის მშენებლობა. ეს ადგილობრივ კადრსაც დაასაქმებს და ქვეყანასაც მაღალ დონეზე აიყვანს. რაც შეეხება ევროპის ბანკებთან დადებულ ხელშეკრულებას, მცირე მეწარმეობის განვითარების კუთხით, ესეც მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის სოციალური მდგომარეობის მოგვარებაში, დასაქმების და ბიუჯეტის ზრდაში მცირე ბიზნესს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სამწუხაროდ, ამისთვის საკმარისი არ არის ის ღონისძიებები, რაც სახელმწიფოს მხრიდან ამ ეტაპზე ხორციელდება. მხედველობაში მაქვს „აწარმოე საქართველოში“, „სტარტაპი“ და სხვა ინოვაციური პროექტები. აქ საჭიროა უცხოური თანხების ჩართვაც“.

სამრეწველო კლასტერებთან დაკავშირებით კი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ ეს უცხო ხილი არ არის საქართველოსთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი განვითარება. მაგალითად, საქართველოში შეიძლება განვითარდეს სასოფლო-სამეურნეო მრეწველობის კლასტერები, ასევე, სატრანსპორტო კლასტერები, მომსახურების კლასტერები. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს მზაობაზე, რამდენად ვისარგებლებთ იმ შეღავათით და უპირატესობით, რასაც გულისხმობს საქართველოს გასვლა საერთაშორისო ასპარეზზე.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ თბილისში გამართვა თავისთავად კარგი საქმეა. ასეთი მასშტაბის პროექტს, სადაც რამდენიმე სახელმწიფოს ინტერესია, სარგებლობის მეტი არაფერი მოაქვს, თუმცა ეს არ არის ის გზა, რომლითაც შეიძლება საქართველოში არსებული პრობლემები გადაიჭრას და ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს.

„ამ გზის ამოქმედების შემდეგ, ცხადია, დამატებით შემოსავლებს მივიღებთ, რადგან პორტი და რკინიგზა ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ ყოველივე ამან ხელი უნდა შეუწყოს ადამიანური კაპიტალის განვითარებას, რაზეც დამოკიდებულია საქართველოს ეკონომიკის მომავალი. კვირიკაშვილის განცხადებაც კარგია, მაგრამ ამან უნდა მოიტანოს ის შედეგი, როდესაც ქვეყანაში ნელ-ნელა დაიწყება აყვავების პერიოდი და ამ აყვავებაში ადამიანის ფაქტორი განსაკუთრებით მაღალი იქნება“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.