საქართველოში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა საშიშ ზღვარზეა. ეს განპირობებულია იმით, რომ წლების განმავლობაში ბანკები და ასობით საკრედიტო ორგანიზაცია უკონტროლოდ გასცემდა კრედიტებს ნებისმიერ მსურველზე.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირველი ნოემბრისთვის კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 453 მილიონ ლარს მიაღწია, რაც მთლიანი სესხების 2.1%-ია. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ვადაგადაცილებული სესხები მთლიანი სესხების 2.3%-ს შეადგენდა. ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა დაახლოებით ნახევარი მილიონია.
ამ 453 მილიონი ლარიდან 173 მილიონი ლარი, ანუ 38% ლარში გაცემულ სესხებზე მოდის, 62% კი უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხებია.
ვადაგადაცილებული სესხების სტატისტიკას ეროვნული ბანკი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების და უცხოური ბანკების ქართული ფილიალების მიერ მიწოდებული ყოველთვიური ანგარიშების საფუძველზე ადგენს.
რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში ვადაგადაცემული კრედიტების ოდენობაც იზრდება და უშუალოდ სესხების საერთო მოცულობაც. მოსახლეობა მთლიანად გახდა სხვადასხვა ტიპის საკრედიტო ორგანიზაციებზე დამოკიდებული. გაცემული კრედიტების უდიდესი ნაწილი კი სამომხმარებლო დანიშნულებისაა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ ბაკურაძე ამბობს, რომ ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა მართლაც ძალიან საყურადღებოა.
„ამდენი ვადაგადაცილებული სესხები ჩვენთვის არის ძალიან მტკივნეული, მე პირადად ძალიან განვიცდი, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს აქვს პრობლემური სესხები. ეს არის პრობლემა, როცა ჩვენ გვქონდა უკონტროლო გასესხება. გადაუხდელი სესხების მიუხედავად, კომპანიები მაინც მოგებით ამთავრებდნენ საქმიანობას, თუმცა რჩებოდა უამრავი მოუწესრიგებელი საკრედიტო ისტორია.
ახლა ეროვნულმა ბანკმა, გარკვეულწილად, მოაგვარა ეს პრობლემა. სწორედ ზღვრული ჭერის დაწესებით ეროვნულმა ბანკმა უბიძგა სექტორს, რომ უფრო ხარისხიანად დააბანდოს თავის სახსრები ამ სექტორში“, - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ფიზიკურ პირებზე გაცემული მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხების რაოდენობა ლარში ელვისებურად გაიზარდა. 2007 წლის პირველი იანვრისათვის მოკლევადიანი სესხების ოდენობა ფიზიკური პირებისათვის 90 მილიონი იყო, ხოლო გრძელვადიანი - 63 მილიონი. იგივე სესხების ოდენობა ათი წლის შემდეგ, ანუ 2017 წლის პირველი სექტემბრისთვის მკვეთრად არის გაზრდილი. დღესდღეობით მოკლევადიანი სესხების მოცულობა 549 მილიონი ლარია, ხოლო გრძელვადიანი - 2 მილიარდ 172 მილიონი ლარი.
ფინანსისტი ლია ელიავა ამბობს, რომ სამომხმარებლო სესხების დიდი რაოდენობა განპირობებულია იმით, რომ ხალხი არის ღარიბი და მას არ გააჩნია ფული, რომ გადაფაროს მიმდინარე ხარჯები.
„ხალხის შემოსავალი ისედაც მწირია და არ ყოფნის ჯანდაცვისა და სრულფასოვანი კვებისათვისაც კი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვყავს ნაკლებშრომისუნარიანი მოსახლეობა. ეს არის სისტემური პრობლემა. ცივილიზებულ ქვეყნებში სამომხმარებლო სესხებიდან ამოღებული თანხები ჩვეულებრივ მიემართება საწარმოო სექტორში, რაც ქმნის დოვლათს.
სამწუხაროდ, საქართველოში სიტუაცია სხვანაირია, კომერციული ბანკები არ მიმართავენ ამოღებულ კაპიტალს ადგილობრივი წარმოებისაკენ. გამოდის, რომ იმპორტს ემსახურებიან, რაც იგივეა, სხვა ქვეყნის მწარმოებელი გაამდიდრო. ამ საკითხის გადაჭრის იმედი დღესდღეისობით ნამდვილად არ არის, რადგან საამისოდ არავინაა მონდომებული“, - აცხადებს ლია ელიავა.