დედაქალაქის ახალი ხელმძღვანელობა უკანონო მიშენებებთან ბრძოლას იწყებს. ეს ბრძოლის მერამდენე ეტაპია არავინ იცის, მაგრამ ამჯერად მერიაში ირწმუნებიან, რომ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებენ.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ძალიან მოხშირდა უკანონო და პროექტის დარღვევით მშენებლობები, რაც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ამიტომ მერია შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.
„ყურადღება მინდა გავამახვილო უკანონო, უნებართვო და პროექტის დარღვევით მშენებლობებზე. მინდა ზედამხედველობის სამსახურს დავავალო მაქსიმალური ყურადღება იყოს გამახვილებული ამ საკითხზე და შესაბამისი მკაცრი ზომები მიიღოთ, მათ შორის დროული დემონტაჟის მიმართ. სამწუხაროდ, ძალიან მოხშირდა ქალაქში ასეთი შენობა ნაგებობები, ეს ყველაფერი ამახინჯებს დედაქალაქის იერსახეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს გიორგი ბაგრატიონს სთხოვა საკითხთან მიმართებაში მკაცრი რეაგირება მოახდინონ. მანაც რეაგირება არ დაახანა და პირდაპირ განაცხადა, რომ დედაქალაქში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობები დემონტაჟს დაექვემდებარება.
„საკითხს შევისწავლით და შენობების დემონტაჟს დავიწყებთ. ყურადღების ქვეშ მოექცევა ყველა ადგილი და მას შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. თავდაპირველად ექნებათ შესაბამისი მითითება. ბევრი დადგენილება უკვე გამოცემული გვაქვს. ვინც ემორჩილება, თავად აკეთებს დემონტაჟს, ვინც არ ემორჩილება, ჩვენ აღსრულების სამსახურთან ერთად განვახორციელებთ დემონტაჟს.
უკანონო მშენებლობები არის რამდენიმე სახის: სახელმწიფო მიწაზე აშენებული, რომელსაც ნებართვა არ გააჩნია და ასევე კერძო მიწაზე აშენებული, რომელიც ნებართვის დარღვევითაა აშენებული“, - განაცხდა ბაგრატიონმა და დასძინა, რომ ასეთი უკანონო ნაგებობები თბილისის ყველა უბანშია.
უკანონო მიშენებასთან დაკავშირებით დედაქალაქში მართლაც სავალალო ვითარებაა. ბევრი მათგანი საფრთხის შემცველიცაა. წლების წინ საცხოვრებელ სახლებზე მიშენების უმრავლესობას უკანონოდ მიიჩნევს საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მანუჩარ მაჩაიძე, თუმცა რადგანაც ეს მშენებლობა მოსახლეობამ წლების წინ აწარმოა, ყველა მაშინდელი პირობების შესაბამისად მოქმედებდა.
„ისეთი ნაგებობები, რომლებიც ავარიული და საშიშია, აუცილებლად უნდა დაინგრეს. ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მოყოლებული და შემდეგ წლებშიც თბილისში მიშენების ნახევარზე მეტი უკანონო იყო. ისინი დღემდე არ დანგრეულა. ეს იმიტომ, რომ მაშინ სრულიად სხვა კანონები მოქმედებდა. თუ ნაგებობა არ ამახინჯებს ფასადს ან არ ქმნის სხვა პრობლემას, აღარ არის დანგრევის ან დაჯარიმების აუცილებლობა“, - განაცხადა მაჩაიძემ.
პარლამენტში ცოტა სხვაგვარად უყურებენ ამ პრობლემას უკანონო მიშენებებთან დაკავშირებული სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივაც შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც საჯარიმო სანქციებისგან თავისუფლდებიან ის სამართალდამრღვევები, რომლებმაც საცხოვრებელ კორპუსებზე დაშენებები ან მიშენებები, სხვენებში, ოთახები ან სათავსოები მოაწყეს.
საქმე ეხება 2007 წლიდან 2015 წლამდე უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებულ მშენებლობებს.
მაღალსართულიან კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც საცხოვრებელ ფართებზე ე.წ. უკანონო მიშენებები აქვთ, ფინანსური ჯარიმისა და საურავისგან თავისუფლდებიან.