სესხებისა და აზარტული თამაშების გამო ხალხი სიღარიბის ჭაობში ეფლობა

სესხებისა და აზარტული თამაშების გამო ხალხი სიღარიბის ჭაობში ეფლობა

სესხებმა და სხვადასხვა ფინანსურმა მაქინაციებმა მოსახლეობა იმდენად გააღარიბა, რომ გულგრილი ხელისუფლება და ინერტული ეროვნული ბანკიც კი შეაშფოთა. პრობლემა იმდენად ღრმაა, რომ შესაძლოა, რეაგირება დაგვიანებული იყოს. მით უფრო, რომ ჯერჯერობით ჩინოვნიკები მარტოოდენ სიტყვიერად გამოხატავენ პოზიციას, ხოლო კონკრეტული ნაბიჯის გადადგმისთვის თავს არავინ იწუხება.

მოსახლეობის გაღარიბების ძირითადი მიზეზები სესხები, აზარტული თამაშები და ფინანსური პირამიდებია. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტატისტიკის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 6,1% გადახდისუუნაროა, მხოლოდ ბოლო 10 თვის განმავლობაში ასეთი კატეგორიის მოსახლეობის რაოდენობამ 23,5%-ით მოიმატა. ამას ემატება ისიც, რომ საკრედიტო ბიუროს მონაცემებით, ვადაგადაცილებული დავალიანება საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. სესხის ოდენობა კი ათ მილიარდ ლარს შეადგენს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გადახდისუუნარო მოსახლეობის ზრდის 4 ძირითად მიზეზს ასახელებს.

„ზოგადად გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობის ზრდა ძალიან კომპლექსური საკითხია და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ეს არის სესხები, განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხები, ეს არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ონლაინ-სესხები და აზარტული თამაშები. ამ ყველაფერს მივყავართ იმ შედეგამდე, რაც გვაქვს.

ონლაინ-სესხების საკითხი უკვე დარეგულირდა. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ფინანსურ პირამიდებს, ამ საკითხზეც ეროვნული ბანკი ინტენსიურად მუშაობს და გვაქვს პარლამენტში ახალი ინიციატივა შემოტანილი, რომელსაც განვიხილავთ და დასრულების შემდეგ იმედია, ფსევდო საინვესტიციო ფონდები და პირამიდები მაქსიმალურად გაკონტროლდება.

შემდეგი მიმართულება არის ონლაინ-თამაშები და კაზინოები, ამასთან დაკავშირებით შემოსულია ინიციატივა და ახლა მიმდინარეობს განხილვა. ძალიან ეფექტური იქნება ის მექანიზმები, რომლებიც არის შემოთავაზებული. პროცესს ხელს შეუწყობს ლარიზაციის პროგრამა, რომელიც დაიწყო წლის დასაწყისში“, - განუცხადა „კომერსანტს“ ზოიძემ.

ამასობაში თვით ეროვნული ბანკი ადასტურებს, რომ საკრედიტო ბიუროში არსებული მონაცემებით, ვადაგადაცილებული დავალიანება საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. სესხის ოდენობა კი ათ მილიარდ ლარს შეადგენს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას თქმით, საკრედიტო ბიუროში არსებული მონაცემები არის ინდიკატორი, თუ რამდენ ადამიანს აქვს ვადაგადაცილებული დავალიანება.

„სამწუხაროდ, დიდი ციფრია, ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტია ამ სიაში. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ რაოდენობის შემცირების ტენდენცია მოხდეს. საქართველოს მოსახლეობას კი 10 მილიარდი ლარის სესხი აქვს აღებული.

ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, რომ მოსახლეობას მძიმე ტვირთად არ დააწვეს, მათი შემოსავლები საკმარისი იყოს იმისთვის, რომ სესხის მომსახურება შეძლონ. ამ მექანიზმების შექმნაზეა სწორედ საუბარი. თუ მათ შემოსავლები არ აძლევთ საშუალებას, მოემსახურონ ვალებს, ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევს მოსახლეობის გაღატაკებას“, - განაცხადა კიკორიამ.

მისი თქმით, პარლამენტში მათ შეტანილი აქვთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სესხის გაცემაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას დაარეგულირებს. სესხის გაცემის პრობლემის მოგვარებისთვის მთავარი საკითხი იქნება, რომ გამსესხებელმა შეისწავლოს მსესხებლის შემოსავალი და მხოლოდ ამის შემდეგ გასცეს თანხა.