ბაზრობაზე საგადასახადო წესრიგის დასამყარებლად მთავრობა რამდენიმე წლის წინანდელ განუხორციელებლ იდეას უბრუნდება. თუკი ფინანსთა სამინისტროს ინიციატივამ კანონის სახე მიიღო, როგორც მოვაჭრეებისთვის, ასევე ბაზრობების ადმინისტრაციისთვის ბევრი რამ შეიცვლება.
ფინანსთა სამინისტოს ინფორმაციით ბაზრობის ორგანიზატორმა სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს სავალდებულო მოთხოვნები, რომლის შესრულებაც დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებებით, სპეციალური სავაჭრო ზონის მოწყობა ხდება ნებაყოფლობით. პირი, რომელსაც მიენიჭება სტატუსი, კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად (დასაბეგრი შემოსავლის 20%), გადაიხდის ბრუნვის გადასახადს რეალიზებული საქონლის 3%-ის ოდენობით.
გარდა ამისა, მოვაჭრეები, გათავისუფლდებიან ბუღალტერიის წარმოების ვალდებულებისაგან და არ ექნება გამოსაქვითი ხარჯების დადასტურების პრობლემა. ბაზრობაზე მოვაჭრე ფიზიკური პირი უფლებამოსილი იქნება, უარი თქვას ბრუნვის 3-პროცენტიანი გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენებაზე და ისარგებლოს საშემოსავლო გადასახადის ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმით (დასაბეგრი შემოსავლის 20%).
2020 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება ბაზრობაზე არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოყენებით ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებაც.
ვაჭრობის ორგანიზატორი კი ვალდებული ხდება 2020 წლამდე ეტაპობრივად უზრუნველყოს არასტაციონალური სავაჭრო ობიექტების საკონტროლო-სალარო აპარატებით აღჭურვა. სალარო აპარატის უქონლობისთვის კი მოვაჭრის ნაცვლად ბაზრობის ორგანიზატორის დაჯარიმდება.
მთავრობის ახალმა ინიციატივამ ბაზრობის მფლობელებს შორის უკმაყოფილება გააჩინა. მთავარი პრობლემა, რასაც ცვლილებების პროექტში სავაჭრო ორგანიზატორების ნაწილი ხედავს, არის ის, რომ ადმინისტრაციას საგადასახადო აგენტის ფუნქციის შეთავსება ევალება.
„ფაქტობრივად უნდა გარდავიქმნათ საგადასახადო აგენტებად. გამოდის, რომ პასუხს მაგებინებ მესამე პირის საქმიანობაზე. მაშინ კანონმა რაღაც ბერკეტები უნდა მომცეს, რომ ამ მესამე პირზე მოქმედება მოვახდინო. ხომ შეიძლება დაჯგუფდეს 30-40 მეწარმე და შეგნებულად დაარღვიოს და დააზარალოს ვაჭრობის ორგანიზატორი? არც ერთი ბერკეტი არ არის კანონში იმისა, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ ასეთი ქმედება. ძალიან აბსურდული და გაუგებარი კანონია, რომელიც წინა მთავრობის დროს დაიწყო“, - აცხადებს „ლილო მოლის“ მმართველი მენეჯერი ლევან გაგუა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რომ როდესაც ვაჭრობის ორგანიზატორები გააფორმებენ ხელშეკრულებას პირთან, რომელსაც მიაქირავებნენ ფართს, ის პირი უნდა იყოს რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად და მის სახელზე უნდა იყოს საკონტროლო სალარო აპარატი რეგისტრირებული. ამ შემთხვევაში, სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა ორგანიზატორებს არ დაეკისრებათ.
„ახალი დაბეგვრის პრინციპი იქნება არჩევითი ხასიათის მოვაჭრეებისთვის. მათ შეუძლიათ 2020 წლიდან გააგრძლონ იგივე რეჟიმში მუშაობა ან აირჩიონ ალტერნატიული ვარიანტი დაბეგვრისა, რომელიც გულისხმობს უფრო ნაკლებ საგადასახადო ტვირთს და ასევე 3%-იან ბრუნვის გადასახადს“, - განუცხადა „ანალიტიკას“ ხუციშვილმა.
რაც შეეხება ვაჭრობის ორგანიზატორების მიერ სავაჭრო ადგილების სალარო აპარატებით აღჭურვის ვალდებულებას, სავაჭრო ცენტრ „პასაჟის“ ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ სავაჭრო ცენტრების ნაწილისთვის ამ ვალდებულების შესრულება რთული იქნება.
„ეს გარკვეულწილად სერიოზულ ფინანსებს მოიცავს, რადგან სალარო აპარატი 300-დან 450 ლარამდე ღირს. ძალიან დიდ და მსხვილ სავაჭრო ცენტრებს შეიძლება არ გაუჭირდეთ, მაგრამ არის სავაჭრო ცენტრები, რომლებიც მარტო არასტაციონალურზე მუშაობენ და არც თუ დიდი შემოსავლები აქვთ. მათთვის ინვესტიციის გაწევა ძალიან ძნელი იქნება“, - აცხადებს ნიკოლოზ საღარაძე.
ბაზრობის მფლობელთა პოზიციას, გარკვეულწილად, ეთანხმება იურისტი ლევან ალაფიშვილი. მისი აზრით, მთავრობა ცდილობს საქმე გაიიოლოს.
„ხელისუფლება ცდილობს თავისი საქმე და პასუხისმგებლობა დააკისროს ბაზარს. ჯერ ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვით, რადგან შესაძლებელია ეს წამოწყება სულ სხვა რამეს უკავშირდებოდეს და ამაზე მეტი შემოგვთავაზოს მთავრობამ, მაგრამ მეეჭვეება მესამე პირზე პასუხისმგებლობის დაკისრებით შეიძლებოდეს იმ პრობლემის გადაწყვეტა, რაც ბაზრობებზეა“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.