ბიუჯეტი იზრდება, ყველაზე მეტი ფული ფაროსანას წინააღმდეგ გაიცემა

ბიუჯეტი იზრდება, ყველაზე მეტი ფული ფაროსანას წინააღმდეგ გაიცემა

2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. მთავრობამ პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირების პროექტი უკვე შეიტანა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის ხარჯები 305 მილიონი ლარით იზრდება. ამ ზრდის შედეგად საქართველოს ბიუჯეტი წელს 11.7 მილიარდ ლარს მიაღწევს. შესაბამისად, ეს თანხა წლის ბოლომდე დასახარჯი იქნება. მთავრობა ისედაც დეფიციტური ხარჯვის რეჟიმში იყო გადასული და ახლა კიდევ უფრო ფორსირებულად მოუწევს ხაზინიდან ფულის ათვისება, რაც მიმოქცევაში ფულის მასას გაზრდის და ლარის კურსს სასიკეთოდ არ წაადგება.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ზრდა რამდენიმე გადასახადის გადაჭარბებით შესრულებამ გახადა შესაძლებელი. დღგ-ს გეგმა ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან შედარებით 241 მილიონი ლარის გადაჭარბებით, მოგების გადასახადის გეგმა კი პირვანდელთან შედარებით 59 მილიონი ლარის გადაჭარბებით სრულდება.

დაფინანსება ეზრდება რამდენიმე სამინისტროს. მათ შორის, ყველაზე მეტს ეკონომიკის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები მიიღებენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თანხა აზიურ ფაროსთანასთან ბრძოლას მოხმარდება. ამისათვის მთავრობა დამატებით 35 ლარის დახარჯვას გეგმავს.

„აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით დამატებით გათვალისწინებულ იქნა 35 მლნ ლარი, მათ შორის ტექნიკის შეძენა - 20 მლნ ლარი, ხოლო საწამლი საშუალებების შეძენა - 15 მლნ ლარი, რაც საშუალებას მოგვცემს მიმდინარე წელსვე დაიწყოს შესყიდვის პროცედურების და გაზაფხულზე სრულად იყოს შესაძლებელი შესაბამისი ღონისძებების გატარება. ამასთან, დამტკიცებულ გეგმაში აისახა წლის განმავლობაში ამ მიზნით უკვე მობილიზებული სახსრები 16.1 მლნ ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით, თითქმის ყველაფერი იზრდება, მაგრამ აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი კი მცირდება. ეს იმის ბრალია, რომ მთავრობამ ზოგიერთი დასახელების პროდუქტზე აქციზის განაკვეთი ნახტომისებურად შეცვალა.

ამჯერად მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი საბიუჯეტო ცვლილებების პროექტით, აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი 1 435.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც 2017 წელს დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 192 მლნ ლარით ნაკლებია.

„საქართველოში არსებული თამბაქოს პროდუქციის მარაგები (ძირითადად იმპორტირებული) მნიშვნელოვნად შემცირდა. 2016 წლის განმავლობაში საქართველოში საშუალოდ თამბაქოს პროდუქციის 2 თვის მარაგი არსებობდა მუდმივად. 2017 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული მარაგები განახევრდა და საშუალოდ საქართველოში თამბაქოს პროდუქციის 1

თვის მარაგია (30 მლნ კოლოფი). იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ მარაგებზე კომპანიების მიერ აქციზის გადასახადი გადახდილია გასულ წლებში, მარაგების შემცირება ერთჯერადად აისახა აქციზის გადასახადის სახით ბიუჯეტში შემოსულ თანხებზე“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

შემცირების კიდევ ერთ მიზეზად ავტომობილების აქციზის კლება სახელდება.

„საგადასახადო პოლიტიკის ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტირებული ავტომობილების ასაკი (9 წლამდე ავტომობილების წილი მთლიან იმპორტში ბოლო 4 თვის (ივნისი-სექტემბერი) განმავლობაში 29%-იდან 76%-მდე) გაიზარდა. ეს აისახა საბიუჯეტო შემოსავლის ნაწილზეც, ვინაიდან შედარებით ახალი ავტომობილები იბეგრება უფრო დაბალი აქციზის განაკვეთით. მნიშვნელოვნად გაზრდილია ჰიბრიდულ და ელექტროძრავიანი ავტომობილების იმპორტი, რაც ასევე შემცირებული განაკვეთით იბეგრება: ჰიბრიდი - სტანდარტულ განაკვეთზე 60%-ით დაბალი განაკვეთით იბეგრება, ხოლო ელექტრო - სრულად გათავისუფლებულია გადასახადებისაგან. ჰიბრიდულ და ელექტროძრავიანი ავტომობილების წილი მთლიან იმპორტში ბოლო 4 თვის (ივნისი-სექტემბერი) განმავლობაში 7%-დან 42%-მდე გაიზარდა“, - აცხადებენ მთავრობაში.

საბიუჯეტო ცვლილებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, რადგან წლის ბოლომდე ცოტა დრო რჩება.