ეროვნულმა ბანკმა პასიურობით ყველას თავი მოაბეზრა

ეროვნულმა ბანკმა პასიურობით ყველას თავი მოაბეზრა

ფინანსიტები თანხმდებიან, რომ მიმდინარე ეტაპზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი დიდი რაოდენობით ლარის მასაა. მისი კონტროლი კი ეროვნულ ბანკს ევალება, რომელიც მაინცდამაინც არ ზრუნავს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე.

ამასობაში მცირე პაუზის შემდეგ ეროვნული ვალუტამ კვლავ გადააბიჯა 2,70-ის ზღვარს და თანაც ამ ნიშნულით მიუახლოვდა ყველაზე რთულ 3-კვირიან პერიოდს. ვითარებას ამწვავებს ინფლაციის მაღალი მაჩვენებელიც.

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი აქვეყნებს სტატისტიკას, უკუკავშირს ლარის გაცვლით კურსსა და ლარის მასას შორის, ლარის მასა მაინც ნეგატიურ გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის კურსზე. გარდა ამისა, სებ-მა თავის დროზე დააანონსა, რომ 2017 წელს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო 4%, თუმცა მიმდინარე ეტაპზე გვაქვს 6%-ზე მეტი. ამას ემატება ისიც, რომ ეროვნულმა ბანკმა ბოლო მონეტარული პოლიტიკის სხდომის შემდეგ არ გაზარდა მისი განაკვეთი, რასაც ეფექტი უნდა მოეხდინა საპროცენტო განაკვეთების ცვლილებაზე და შეემცირებინა ლარის მასა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ამას დაემატა სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის ის, რომ ტურისტული სეზონი დასრულდა, დოლარის შემოდინება შემცირდა და მთლიანობაში ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გავლენას ახდენს“, - ამბობს ფინანსისტი დავით კიკვიძე.

მისი აზრით, პრობლემას ქმნის დღეს არსებული ფინანსური კანონმდებლობაც, რომელიც კომერციულ ბანკებზე მორგებულია.

„ერთი ფუნდამენტური პრობლემა, რასაც მე ვხედავ, ეს არის ის, რომ დღეს ჩვენი ფინანსური სისტემა თავიდან ბოლომდე მორგებულია კომერციულ ბანკებზე. მათ, პრაქტიკულად, სრული მონოპოლისტური უფლება აქვთ, როგორც ლარის კურსზე ზემოქმედებაზე, ასევე ფინანსურ პროდუქტებზე და ინსტრუმენტებზე. კომერციული ბანკები, პრაქტიკულად, წყვეტენ ლარის კურსს მიმდინარე ეტაპზე. მართალია, ვაჭრობის შედეგად დგინდება კურსი, თუმცა კომერციულ ბანკებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა მანიპულაციები გამოიყენონ“, - განუცხადა „კომერსანტს“ დავით კიკვიძემ.

სხვათა შორის, ამ მოსაზრებას იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილიც. პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ყველაფრის მიზეზი კომერციული ბანკების მაქინაციებია.

„სავალუტო რყევების ასაცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვხედავთ, რომ ეს პროცესი ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს არანაირად არ უკავშირდება და გამოწვეულია სხვა მიზეზით. დიდი ალბათობით, ეს კომერციული ბანკების მაქინაციებია. ეს აღარ არის დასამალი. ყველა ჩვენგანი ხედავს, რომ საბანკო სექტორი სარგებლობს სიტუაციით. მისი მოგება კოლოსალურად იზრდება, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა 90%-ით ღარიბდება სწორედ ლარის გაუფასურების გამო.

მაკროეკონომიკური მაჩვენებლები აბსოლუტურად განსხვავებულია იქიდან გამომდინარე, რა კურსსაც დღეს ლარი აფიქსირებს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენი ვალუტა გაცილებით სტაბილური უნდა იყოს. შეიძლება, არის სხვა ხელისშემშლელი მიზეზიც, მაგრამ ბანკების ფაქტორი ერთ-ერთი პირველია“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კი საბანკო სისტემისა და კომერციული საფინანსო ორგანიზაციების ქებით არის დაკავებული. მისი აზრით, სწორმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ უზრუნველყო ეკონომიკური ზრდის ტემპის გაუმჯობესება.

„საქართველოს საბანკო სისტემამ გაუძლო რთულ პერიოდს, სწორედ იმიტომ, რომ სებ-ი დიდ ყურადღებას უთმობს პრუდენციულ პოლიტიკას, რამაც სისტემის სტაბილურობა უზრუნველყო. კრიზისისას, ლარი 34%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, თუმცა ეკონომიკა მაინც გაიზარდა, 2015 წელს 2.9%-ით და 2.8%-ით 2016-ში“, - განაცხადა გვენეტაძემ და აღნიშნა, რომ შოკს საქართველომ ვალუტის მცურავი გაცვლითი კურსით უპასუხა და რაც ძალიან სწორი გზა აღმოჩნდა.