რეკორდულად გაუფასურებული ლარი სხვადასხვა სოციალურ წრეებს შორის ბრალდებების საფუძველი გახდა. ერთნი ლარის გაუფასურებაში მედიას და ეკონომიკის პროფილის სპეციალისტებს ადანაშაულებენ, მეორენი ლარის დაცემას ფეისბუკაჟიოტაჟს უკავშირებენ, მესამენი კი მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური პროფილის მინისტრები სიტუაციას ვერ მართავენ. მტყუან-მართლის ძიებაში ლარი გაუფასურების შარშანდელ ტემპს უსწრებს. ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა უკვე 2,78-იან ნიშნულს გადააბიჯა.
ეროვნული ვალუტის მდგომარეობის შესახებ For.ge ექსპერტს საბანკო საქმეებში ლია ელიავას ესაუბრა.
ლარის გაუფასურებამ შარშანდელ ტემპსაც გაუსწრო. ხომ არ უკავშირდება ეს არჩევნებს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის არასწორ პოლიტიკას, ან ფეისბუკაჟიოტაჟს, რაც, ალბათ, ამ თემის ირონიზებაა. სადამდე გასტანს ეს პროცესი?
- ლარის არასტაბილურობის ყველაზე მთავარი მიზეზი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა, რომელსაც ახორციელებს მთავრობა და ეროვნული ბანკი. არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში, პირველ რიგში, ვგულისხმობ ღია ტიპის ეკონომიკის არსებობას, რომელიც ანგრევს ჩვენს ეკონომიკას. ღია ტიპის ეკონომიკა ჩვენისთანა ჩამორჩენილ, პატარა ეკონომიკას არ უნდა ჰქონდეს. მეორე მომენტია, რომ ჩვენს ეროვნულ ბანკს არ გააჩნია არც ფულად-საკრედიტო და არც სავალუტო პოლიტიკა, თუმცა კანონით მოეთხოვება ასეთის ქონა. გავიხსენოთ, როგორ ფორმირდება ლარი. ეს უკავშირდება ქვეყნიდან გასული და ქვეყანაში შემოსული ფულის წონასწორობის დაფუძნების ეფექტს. ანუ კომერციული ბანკები (და ახლა უკვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები) ბლუმბერგში ვაჭრობისას ფასს ადებენ ვალუტას იმისთვის, რომ ეს ვალუტა გაიტანონ ან შემოიტანონ ქვეყანაში. ვინაიდან საქართველოში ეროვნულ ბანკს არ გააჩნია ფულად- საკრედიტო და მწყობრი სავალუტო პოლიტიკა, ქვეყანაში ფულის შემოსვლა და გასვლა აბსოლუტურად არ კონტროლდება. ასეთ დროს მნიშვნელოვნად იზრდება სპეკულაციური პროცესები, რომლებიც გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე.
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და ლარი მცურავ რეჟიმშია. სინამდვილეში, რითია საშიში ლარის კურსის მერყეობა?
- ის, რომ ეროვნული ბანკი აცხადებს, თურმე ეს არის ბუნებრივი პროცესი და ლარი მცურავ რეჟიმშია, ეს ყველაფერი ძალიან კარგი იქნებოდა განვითარებული ქვეყნებში. თუმცა ჩვენისთანა განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკისთვის ასეთი სიტუაციის დაშვება ზურგში დანის ჩასობაა. პრაქტიკულად, ჩვენ მთლიანად იმპორტზე ვართ დამოკიდებულნი.
რა გავლენა იქონია ლარის კურსზე არჩევნებმა და ეროვნული ვალუტის კურსის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა?
- საერთოდ, ეროვნული ბანკის საქმიანობის „საუკეთესო ტრადიციაა“ საკუთარი მარცხის სხვაზე გადაბრალება. იქნება ეს გინდაც ფეისბუკი, გინდაც ექსპერტები. ადრე ლარის კურსის რყევას აბრალებდნენ ექსპერტებს. ახლა, კიდევ ექსპორტიორებს აბრალებენ. მოკლედ, ყველაფერს იმიზეზებენ, გარდა ერთისა, რომ ვერ ფლობენ და ვერ მართავენ სიტუაციას. ეროვნულ ბანკს კანონში არ აქვს გაწერილი პასუხისმგებლობის დონე თავის ქმედებებსა ან უმოქმედობაზე. კერძოდ, საუბარია ეროვნული ბანკის კანონით გაწერილ მთავარ ამოცანაზე - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაზე.
თქვენ იცით, რომ ეროვნული ბანკი ამას ვერ ახერხებს და ვერც მოახერხებს იმ განცხადებების ფონზე, რომ ისინი თურმე არ მართავენ და არ ერევიან ვალუტის კურსის ფორმირებაში. არადა, სავალუტო კურსი პირდაპირ გავლენას ახდენს ფასების დონესა და, შესაბამისად, ინფლაციაზე. ამიტომ ეროვნული ბანკის პოზიციაზე ზედგამოჭრილია გამოთქმა, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. ეროვნული ბანკი თავიდან იცილებს ამ საკითხებს. რატომ აკეთებს ამას? ვის ინტერესში შედის ლარის კურსის ვარდნა? პირდაპირ გეტყვით, ეს მათ ინტერესშია, ვისაც ბევრი ფული გააჩნია და, ვისაც შეუძლია ლარის მერყეობაზე საკმაოდ მსუყე შემოსავალი მიიღოს.
გულისხმობთ იმ ფაქტს, რომ არჩევნების შემდეგ ცალკეულმა ბიზნესმენებმა დოლარის შეძენა დაიწყეს და ამით ლარის მიმართ ერთგვარი წნეხი განახორციელეს?
-შეგახსენებთ, წლევანდელი ზაფხული ტურისტული თვალსაზრისით საკმაოდ შემოსავლიანი იყო. ბევრი უცხოური ვალუტა შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკა სუსტია, ამ ოდენობის უცხოური ვალუტის დასაქმება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ამიტომაც დაიწყო ამ ვალუტის გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ფაქტობრივად, საქართველოდან უკონტროლოდ გარბის კაპიტალი. ეს იწვევს ლარის კურსის ვარდნას. კაპიტალი გადის არა მარტო ბიზნესმენების მეშვეობით, არამედ საკუთრივ ბანკების ინტერესებიდან გამომდინარე. კაპიტალის გაქცევა ქვეყნიდან წარმოშობს სავალუტო კრიზისს. ზუსტად იგივე სიტუაცია მეორდება, რაც იყო 2015 და 2016 წლებში. იმ პერიოდშიც ასე გარბოდა კაპიტალი. მართალია, იმ დროს ეროვნულმა ბანკმა დაგვიანებით, მაგრამ მაინც განახორციელა ხელოვნური ინტერვენცია ლარის კურსის მხარდასაჭერად, მაგრამ ახლა, როგორც ვხედავთ, ამას იგი არ აპირებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეროვნულ ბანკს არ სურს სავალუტო რეზერვების ხარჯვა. თუ რატომ არ სურს, ამასაც ორი მიზეზი აქვს. პირველი მიზეზია, რომ მას არ სურს სავალუტო რეზერვების შემცირება, რადგან ჰგონია, რაც უფრო მეტი სავალუტო რეზერვი ექნება, მით უფრო მაღალი სტატუსი ექნება ამ დაწესებულებას. მეორე მიზეზია, რომ სავალუტო რეზერვები, პრაქტიკულად, მთლიანად გატანილია ქვეყნის ფარგლებს გარეთ უცხოეთში და დაბანდებულია ათასი ჯურის ფონდებში, კომერციულ ბანკებში, რაღაც ორგანიზაციების ფასიან ქაღალდებში. ანუ საქართველოს ეროვნული სიმდიდრე გატანილი და გაფლანგულია საზღვარგარეთ. როდესაც ქვეყანას უჭირს, ამ თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელია, ვინაიდან ფასიან ქაღალდს ვერ გაყიდი, ან გაყიდი ზარალში.
ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია რომც გამოუშვას, გაქცეულ ლარს მაინც ვერ უშველის. ამიტომ ეკონომიკური პოლიტიკა ხომ არ არის გადასახედი?
- სანამ გადაიხედება ეკონომიკური პოლიტიკა (რაც მართლაც აუცილებელია), მანამ ქვეყანა დაიღუპება. ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვას დასჭირდება 2-3-5 წელიწადი. ამიტომ დღეს სასწრაფოდაა ინტერვენციები განსახორციელებელი იმისთვის, რომ ლარის კურსის ვარდნა შეჩერდეს, გამყარებაზე საუბარიც არ არის.
2015 წელს ინტენსიურად საუბრობდნენ ეროვნული ბანკის მხრიდან საბოტაჟზე, რომ ლარის კურსის დევალვაცია სპეციალურად პოლიტიკური მიზეზით ხდებოდა.
- საბოტაჟის თემა დღესაც უნდა გახდეს ინფორმაცია განსჯისთვის. ყველა უნდა დააკვირდეს ეროვნული ბანკის საქციელს და თავისთვის გადაწყვიტოს, რატომ იქცევა ასე ეროვნული ბანკი?!
მაგრამ ახლა არ არის გიორგი ქადაგიძე. მაინც ფიქრობთ, რომ „ქადაგიძე 2“-ის სიტუცია რჩება ეროვნულ ბანკში და ნაციონალების ინტერესები კვლავაც იკვეთება?
- ის, რომ ეროვნული ბანკი პოლიტიზირებულია და ამ ბანკს შემორჩა ნაცმოძრაობის მოტრფიალე კადრები, ეს რეალობაა. ამიტომაც ჩემი მყარი პოზიციაა, რომ ეროვნული ბანკი დასაშლელი და ხელახლა დასაკომპლექტებელია კვალიფიციური და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული კადრებით.
ასე რომ, კობა გვენეტაძის პარლამენტში დაბარებაშიც აზრს ვერ ხედავთ?
- კობა გვენეტაძეს ინფორმაციას აწვდიან ქვედა დონეები, ანუ ვიცე-პრეზიდენტები. ფაქტობრივად, ეს საკითხი წყდება ვიცე-პრეზიდენტის დონეზე. ის ვიცე-პრეზიდენტი კი, რომელიც კურირებს მაკროეკონომიკას, ქადაგიძის დროსაც მუშაობდა, ახლაც მუშაობს და მისი მუშაობის სტილი არ შეცვლილა. ასე რომ, ეროვნულ ბანკში კადრები ძირფესვიანად გადასახალისებელია. მარტო ერთი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის შეცვლა ამინდს ვერ შექმნის.