როდის შეიძლება დააჯარიმონ მგზავრი უბილეთოდ მგზავრობისას, რა დრო უნდა გავიდეს, რომ მას დაევალოს ბილეთის შეძენა? ამ კითხვებზე პასუხები ახალ კანონპროექტში არ არის, რომელიც მგზავრობის საკითხებს არგულირებს. სამაგიეროდ, ბილეთის გარეშე გადაადგილებისთვის ჯარიმა 4-ჯერ იზრდება, რაც მგზავრობის საფასურის 40-ჯერადი ოდენობაა.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე მოიმატებს. ამას ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების პროექტი ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. კანონპროექტით იცვლება საურავის ოდენობაც: იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის ჯარიმას, მას 50 ლარის ნაცვლად, 40 ლარის გადახდა მოუწევს. მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისშივე შეიძინოს ბილეთი ან მგზავრობისთვის განსაზღვრული თანხა გადახდის ელექტრონული საშუალებით გადაიხადოს.
კანონპროექტის მიზანი მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრების მიერ ბილეთების აღების საკითხის დარეგულირებაა, რაც გადახდის ელექტრონული სისტემის ეტაპობრივად დანერგვის შედეგად უნდა მოხდეს. ცვლილების მიხედვით, გადახდის ელექტონული საშუალებით სარგებლობა საბოლოოდ გამოიღებს იმ შედეგს, რომ შემცირდება არა მხოლოდ სამგზავრო ბილეთებით დანაგვიანების დონე, არამედ ბილეთის ქაღალდზე გაწეული ხარჯიც.
მართალია, კანონპროექტის ძირითად მიმართულებებს დეპუტატები იზიარებენ, მაგრამ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას მაინც აქვს შენიშვნები. მისი აზრით, უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმების საკითხი დაზუსტებას საჭიროებს.
„კანონპროექტის მომზადებისას ბევრ საინტერესო საკითხს წავაწყდით. ერთ-ერთი არის აღსრულების საკითხი. აღმოჩნდა სხვადასხვა დარღვევები, საჩივრები და ა. შ. აღსრულების ნაწილში. მაგალითად, რა ითვლება ბილეთის დაუყოვნებლივ შესყიდვად? დაახლოებით რა დროზეა საუბარია, როცა მგზავრმა ბილეთი უნდა იყიდოს, რათა ადამიანი ავტობუსში ფეხის შედგმისთანავე არ დააჯარიმონ?
არის შემთხვევები, როდესაც ავტობუსში არის ძალიან ბევრი მგზავრი და ბილეთის შეძენა ფიზიკურად რთულია. ამ დროს შეიძლება დაგაჯარიმონ, რადგან შეიძლება ბილეთი არ გქონდეს შეძენილი. ეს ის საკითხია, რომელიც ყურადღებას საჭიროებს და ამ მხრივ ვაპირებთ შესაბამის სატრანსპორტო უწყებასთან კომუნიკაციას, რაც აღსრულების ნაწილს ეხება“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
ჯარიმის გამკაცრებას იწონებს თბილისის ახალი მერიც. კალაძის თქმით, ის მიესალმება ახალ რეგულაციებს და მიაჩნია, რომ ჯარიმის გაზრდა აუცილებელია.
„ეს ქალაქი მარტო ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. რა თქმა უნდა, მე დიდი მოვალეობა მეკისრებს, ვარ ხალხის მიერ არჩეული ქალაქის მერი, მაგრამ საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქალაქის მოწესრიგებაში. საჭირო პლატფორმას ჩვენ შევქმნით. სირცხვილი უნდა იყოს თუნდაც ნაგვის გადაყრა, ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობა, თუნდაც სიგარეტის გადაგდება. მესმის, რომ ეს რთულად გვეჩვენება, თუმცა მერწმუნეთ, რომ შესაძლებელია“, - განაცხადა კალაძემ.