ფინანსურმა პირამიდებმა 1 წელიწადში 4000 ადამიანი აზარალა

ფინანსურმა პირამიდებმა 1 წელიწადში 4000 ადამიანი აზარალა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფინანსური პირამიდებისგან მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია, დაზარალდა დაახლოებით 4000 ადამიანი. მიუხედავად ცუდი გამოცდილებისა, ადამიანები მაინც ვერ ამბობენ „იოლ ფულზე“ უარს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ კვლევის შედეგად გაირკვა, რომ კომპანია „საქართველომ“ დააზარალა 2343 მოქალაქე და გაიფლანგა 81 მილიონი ლარი. კომპანია „ემეფიქს ბროკერ ჯორჯიამ“ - 111 ადამიანი და 4.2 მილიონი ლარი. კომპანია „ევროკრედიტის“ ზარალის მოცულობა კი, დაახლოებით, 3 მილიონ ლარს აჭარბებს.

დღესდღეობით საქართველოში სხვადასხვა პირამიდული სქემები არსებობს. ერთ-ერთი ქსელურ მარკეტინგზეა დაფუძნებული. კომპანიასთან ურთიერთობა, შეძენილი ნივთით იწყება და მომხმარებლის აგენტად ფორმირებით სრულდება. ახალი მომხმარებლების მოზიდვით აგენტი პროდუქციის აქტიურ გაყიდვას და ქსელის გაშლას იწყებს. ერთი შეხედვით გამდიდრების საშუალება, მოსალოდნელია წარუმატებლად დასრულდეს.

ფინანსურად დაზარალდება ყველა ის მომხმარებელი, ვინც ქსელში შედარებით გვიან გაწევრიანდა. მათ დარჩებათ ნივთი, რომლის საბაზრო ღირებულება გადახდილზე გაცილებით ნაკლებია. ზარალის შემთხვევაში, ამ ტიპის კომპანიებთან სამართლებრივი დავა შეუძლებელია, რადგან ნივთი საკუთარი ნებითაა შეძენილი და ხელშეკრულებით დამოწმებული.

„ფინანსური სექტორის განვითარების მაღალი დონე უბიძგებს თაღლითურ კომპანიებს თავიანთი საქმიანობა საფინანსო სექტორის საქმიანობად გაასაღონ. ერთ-ერთი გავრცელებული სქემით ცდილობენ ბიზნესმოდელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გააიგივონ. ეს მათთვის საშუალებაა მოიზიდონ დანაზოგები და გასცენ „უიმედო“ სესხები, რომლებიც არასდროს დაბრუნდება და ვერ შეძლებს მომხმარებელთა დანაზოგების გასტუმრებას. აღნიშნული ბიზნესის სტრუქტურა ყოველ მომდევნო შენატანზეა დაფუძნებული.

მომხმარებელი დანაზოგის განთავსებისას წინასწარ ირჩევს ხელშეკრულების ხანგრძლივობას და ვადის გასვლამდე თანხის დაბრუნება შეუძლებელია. ეს პუნქტი არის ე.წ. „პირამიდული სქემის“ მთავარი მამოძრავებელი. როგორც კი, რომელიმე მსგავსი კომპანია ვერ შეძლებს ახალი მომხმარებლის მოზიდვას, წარმოიქმნება თანხის დაბრუნების მასშტაბური პრობლემა. კომპანიის სიცოცხლის ხანგრძლივობა რისკებს არ ამცირებს, დროთა განმავლობაში იზრდება დაზარალებულთა რაოდენობა“, - აცხადებენ „საზოგადოება და ბანკებში“.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ მიუხედავად ცუდი გამოცდილებისა, ადამიანები მაინც ვერ ამბობენ „იოლი ფულის“ ცდუნებაზე უარს.

„ფინანსური განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან დაბალი. ფაქტის გამოვლენამდე კონკრეტულ ორგანიზაციებს, იქნება ის ფინანსური პოლიცია თუ ეროვნული ბანკი, სანქციების დაწესება არ შეუძლიათ. მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, სანამ არ გვეყოლება პირველი დაზარალებული, ეს სქემა ფინანსურ პირამიდად არ მიიჩნევა. ამიტომ ორგანიზაციის რღვევის დაწყებამდე კონკრეტული კომპანიის საქმიანობაში ჩარევა არ ხდება“, - აცხადებს ბაირახტარი.

პრობლემა იმ არასწორი რეგულაციების შედეგია, რომელიც ეროვნული ბანკის კანონში არის განსაზღვრული. ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ამბობს, რომ ფინანსური პირამიდების არსებობის რისკი საფუძველშივე უნდა აღმოიფხვრას:

„ეროვნული ბანკი კომპანიას რეგულირების ქვეშ მხოლოდ მას შემდეგ აქცევს, რაც იურიდიული პირი (გარდა კომერციული ბანკისა), ფინანსურ სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან, ან იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა ხუთ მილიონ ლარს აღემატება. ამ შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, გაიაროს რეგისტრაცია ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს მის მიერ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისთვის დადგენილი მოთხოვნები. მანამდე კი არავითარი ვალდებულება არ ეკისრება. ასე გაგრძელება არ შეიძლება“, - აცხადებს გვიდიანი.