მსოფლიოში ნავთობი ძვირდება, ხოლო საქართველოში საწვავის ფასი ბოლო წლების მაქსიმუმისკენ მიიწევს. გარდა ამისა, გამოიკვეთა მოხმარების შემცირების ტენდენცია. როგორც ჩანს, ავტომფლობელები უფრო და უფრო ეკონომიურად იყენებენ საწვავს, რადგან გადაადგილება საკმაოდ ძვირი უჯდებათ. მოხმარების შემცირებაზე გავლენას ახდენს ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების მკვეთრად გააქტიურებული იმპორტიც.
საწვავის მოხმარების კლებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის სტატისტიკაც ადასტურებს. 2017 წლის წლის ოქტომბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 97,1 ათასი ტონა, რაც 12,4 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით და 18,5 ათასი ტონით ნაკლებია შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
2017 წლის ოქტომბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 50,7 ათასი ტონა (კლება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 7,8 ათასი ტონაა, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით - 6 ათასი ტონა), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 46,4 ათასი ტონა (კლება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 4,6 ათასი ტონა, ხოლო გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით - 12,5 ათასი ტონა).
ამ ყველაფრის მიზეზი, პირველ რიგში, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის სწრაფი გაძვირებაა. 1 ბარელის ღირებულებამ უკვე მიაღწია 64 დოლარს, რაც ბოლო 28-თვიანი მაქსიმუმია. ბოლოს ამ ნიშნულზე ბარელი ნავთობის ფასი 2015 წლის ივნისში იყო.
ექსპერტთა ერთი ნაწილი ნავთობის ფასის ზრდა საუდის არაბეთში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს, მეორე ნაწილი კი ამას სპეკულაციურ ფაქტორებს აბრალებს. კვირას საუდის არაბეთის კორუფციასთან ბრძოლის უმაღლესმა კომიტეტმა დაახლოებით ორმოცი გავლენიანი პირის დაკავების განკარგულება გასცა, რომელთა შორის არიან სამეფო ოჯახის წევრებიც, მინისტრებიც, სამხედრო პირებიცა და ბიზნესმენებიც. იმავე დღეს ავიაკატასტროფაში დაიღუპა პრინცი მანსურ ბენ მუქრინი, რომლის ვერტმფრენის ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ მაღალი თანამდებობების პირები.
გარდა ამისა, დიდ გავლენას ახდენს ოპეკის შეთანხმება მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის მორიგი სხდონა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 30 ნოემბერს არის დაგეგმილი, თუმცა უკვე წინასწარ ცნობილია, რომ შეთანხმება 2018 წლის მარტამდე გაგრძელდება.
ამასობაში მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციამ, საქართველოზე მეტად უარყოფითად იმოქმედა. საწვავი ყოველ კვირა ძვირდება და მცირე ავტოგასამართ სადგურებზეც კი მისი ფასი 2 ლარს გაუტოლდა. ბრენდირებულ აგს-ებზე ყველაზე იაფად ბენზინს და დიზელს „ლუკოილი“ ყიდის - 1 ლიტრს 2.08 ლარად.
კომპანია „სეტას“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში ფასები ადგილობრივ ბაზარზე კიდევ შეიცვლება და მომდევნო 1 კვირის განმავლობაში საწვავი 10 თეთრის ფარგლებში გაძვირდება.
„ბოლო პერიოდში ლარი უფასრუდება, რაც საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს საწვავის ფასზე საქართველოში. საბოლოო ჯამში, გაცვლითი კურსი და საერთაშორისო ფასი განსაზღვრავს ნავთობპროდუქტების ღირებულებას ადგილობრივ ბაზარზე. როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით სახეზეა საერთაშორისო ფასის ზრდა და ეროვნული ვალუტის დევალვაცია. ლარის ვარდნას ვაკვირდებით, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის ნეგატიური მოვლენაა. არ ვიცით, როგორ შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია. თუკი კურსი დასტაბილურდება, ამას იგრძნობს ბაზარიც, სხვა მხრივ, არასასიამოვნო ტენდენცია გაგრძელდება და ნავთობპროდუქტების გაძვირება გარდაუვალია“, - განაცხადა იაკობიძემ.