დაპირისპირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - ბულინგი და საბოტაჟი(?!)

დაპირისპირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - ბულინგი და საბოტაჟი(?!)

მართალია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა კამათით და დაპირისპირებით წარიმართა, მაგრამ ამ ხმაურს ერთი დადებითი მომენტი უდავოდ ახლავს - რაკი ერთნამეთს უპირისპირდებიან, როგორც ჩანს, ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების ეპოქა დავძლიეთ. როდესაც შეკამათება და გაპროტესტება შესაძლებელია, იქ ტემპერატურა ყოველთვის მაღალია. მართალია, ასეთ დროს ბევრი უსიამოვნო ფაქტიც ტივტივებს ხოლმე, მაგრამ გაცილებით საშიშია ისეთი „ერთსულოვანი“ სხდომები, რომელიც წარსულიდან გვახსოვს.

იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ხმაური იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძისგან ვერ მიიღეს რამდენიმე კითხვაზე პასუხი, მათ შორის, თუ რატომ არ აწერს ხელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 34 მოსამართლის უვადოდ დამტკიცების საკითხს - როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაირკვა, ნინო გვენეტაძეს ამ დრომდე არ მოუწერია ხელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებისთვის, რომელიც გულისხმობს 34 მოსამართლის უვადოდ განმწესებას.

როგორც ჩანს, ნინო გვენეტაძისგან პასუხს ვერც სხდომის დასასრულს მიიღებენ, რადგან როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, მსგავს რეჟიმში მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლია და მის პოზიციებს საბჭოს წევრებს წერილობით გააცნობს.

„მე ვარ ძალადობის მსხვერპლი“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ - როგორც მან აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს წევრები ცდილობენ გააგრძელონ ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა და საბჭოს თავმჯდომარეს მიაღებინონ მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

საბჭოს წევრები 34 მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილების შემდეგ დამატებითი სხდომის ჩანიშვნის საკითხზე დაუპირისპირდნენ გვენეტაძეს.

ხმაური იმით დაიწყო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა ნინო გვენეტაძეს საბჭოს სხდომაზე მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კითხვით მიმართა და მისგან ერთგვარი განმარტებები მოითხოვა, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თავდაპირველად სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები უნდა განიხილონ, რის შემდეგაც მოხდება საკითხის დაყენება საბჭოს სხდომაზე. როგორც ნინო გვენეტაძემ განმარტა, ყველა კითხვას, სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხებდა.

საბჭოს წევრები თვლიან, რომ გვენეტაძე ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას აპირებდა.

„ვერ მეუბნებით და ვერ მიმითითებთ კანონის ვერც ერთ მუხლს, თუ პუნქტს, თუ რატომ არ გვცემთ პასუხს ახლა. ნუ გვექცევით ისე, როგორც მეფე ვეზირებს“, - მიმართა გვენეტაძეს საბჭოს წევრმა რევაზ ნადარაიამ. მის პოზიციას იზიარებენ სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილი, ასევე ვასილ მშვენიერაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და ლევან თევზაძე.

მოგვიანებით დაპირისპირება სხვა თემაზე მოხდა - ამჯერად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის კვოტით წარდგენილი წევრ ვახტანგ მჭედლიშვილსა და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრ ლევან თევზაძეს შორის.

იუსტიციის საბჭოს წევრები დამატებითი სხდომის დანიშვნის საკითხზე მსჯელობდნენ, სადაც სასამართლო ინსპექტორის კანდიდატების განხილვა უნდა მოხდეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მოითხოვდა, რომ თარიღი განსაზღვრულიყო მისი სამუშაო გრაფიკის მიხედვით, დამატებითი სხდომის დანიშვნის თარიღის შესახებ კი, ის ხვალ დილით 9 საათზე განაცხადებდა.

თავმჯდომარის პოზიციას არ დაეთანხმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. მისი თქმით, სხდომა უნდა დანიშნულიყო დღესვე და ეს თარიღი უნდა იყოს ოთხშაბათი, 18:00 საათი. ნინო გვენეტაძის პოზიცია გაიზიარა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

„ხშირად მახსოვს, როდესაც ერთმანეთის პოზიციას ვცემთ პატივს და არაერთხელ გაგვიწევია ანგარიში. დღეს ქალბატონი ნინო გვენეტაძე ითხოვს სხდომის თარიღის მოგვიანებით ჩანიშვნას და ვფიქრობ, მისი წინადადება უნდა გავიზიაროთ“, - განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა და აღნიშნა, რომ გვენეტაძეს იმდენი საქმე აქვს განხილული, რამდენიც საბჭოს არც ერთ წევრს.

ლევან თევზაძის გაღიზიანება სწორედ აღნიშულმა ფრაზამ გამოიწვია, რის შემდეგაც ვახტანგ მჭედლიშვილი და ლევან თევზაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„ამჟამად შენ ყვირილს არ ავყვები, თუმცა ცალკე დაგელაპარაკები სხვა გარემოში და დავილაპარაკოთ ბევრ რამეზე“, - მიმართა ვახტანგ მჭედლიშვილმა ლევან თევზაძეს.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი თვლის, რომ მსგავსი ტიპის კამათით ჩრდილი ადგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და წარმართული დიალოგი არ არის ჯანსაღი. ჯანეზაშვილმა მჭდლიშვილ-თევზაძის დაპირისპირებამდე არანაკლებ საინტერესო თემა წამოჭრა - მან საბჭოს სხვა წევრები ბულინგში (დაშინება, ჩაგვრა, დატერორება. რედ.) დაადანაშაულა.

„თქვენ არ იცით, რა არის ბულინგი და ღმერთმა დაგიფაროთ. როდესაც ამბობთ, რომ ჩრდილი ადგება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პირველ რიგში, თქვენ გაგაქვთ საბჭოს სხდომიდან საკითხები ჟურნალისტებთან“, - განაცხადა ლევან თევზაძემ ჯანეზაშვილის პასუხად.

კამათის გამო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე შესვენება რამდენჯერმე გამოცხადდა, თუმცა შემდეგ იუსტიციის საბჭოს სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით განახლდა.

მიმდინარეობდა თუ არა სხდომა ბულინგის ფონზე, ამას საზოგადოება გადაწყვეტდა, საბჭოს სხდომის ონლაინ-რეჟიმში ნახვა რომ შეძლებოდა. ასეთ შემთხვევაში, ალბათ გაცილებით საინტერესო დასკვნების გაკეთებაც იქნებოდა შესაძლებელი.

რაც შეეხება საჯაროობას და გამჭვირვალობას, როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს სხდომებისა და მათი საქმიანობის მეტი საჯაროობის ინიციატივით გამოდის.

როგორც ჯანეზაშვილმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ეხება წერილობითი ოქმების წარმოებას, ასევე საბჭოს მიერ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თანმხლები პროექტებისა და მასალების ატვირთვას ვებ-გვერდზე.

„ჩემი ინიციატივა ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ საჯაროობას სხდომის დოკუმენტაციის შესახებ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ დღის წესრიგს ტვირთავს, თუმცა არ იტვირთება ის პროექტები და მასალები, რომელიც ამ დღის წესრიგის საკითხებს ახლავს თან. მე ვფიქრობ, ჩვენი საქმიანობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას. ამ შემთხვევაში ცვლილებები წარმოდგენილი მაქვს, რომ ჩვენ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს რაიმე ტიპის საიდუმლოებას, იყოს საჯარო. ასევე გაკეთდეს ოქმები, რომელსაც ექნება წერილობითი ფორმა. ამჟამად მხოლოდ ვიდეო ოქმები კეთდება და ეს არაპრაქტიკულია, რაიმე საკითხით დაინტერესების შემთხვევაში მთლიანი ვიდეოჩანაწერის მოსმენაა საჭირო“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით 6 საკითხი იყო გათვალისწინებული. მათ შორის, საკითხი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ცერცვაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის თაობაზე.

მართალია, იუსტიციის საბჭოს წევრებმა ჯანეზაშვილს ინფორმაციის გაჟონვაში დასდეს ბრალი, მაგრამ ჟურნალისტებისთვის საკუთარი ეჭვების გამხელას საბჭოს სხვა წევრებიც არ ერიდებიან.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს სხდომაზე შესვენების დროს განუცხადა, მცდელობა, სხდომის ბოლოს მივიღოთ პასუხები, წარმოშობს ეჭვს, რომ ეს შესაძლოა, მოხდეს არა საბჭოს ფორმატში, არამედ პრივატულ ვითარებაში, დახურულ კარს მიღმა.

როგორც გიორგი მიქაუტაძემ განმარტა, ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს არ აქვს ხელი მოწერილი საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც 34 მოსამართლის უვადოდ განმწესების საკითხს ეხებოდა, კითხვებს წარმოშობს, რომელზეც თავმჯდომარე არ პასუხობს.

მიქაუტაძის თქმით, კითხვები ასევე იყო სამუშაო ჯგუფის მოწვევის პროცედურებთან და ნინო გვენეტაძის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

„თავმჯდომარე არ პასუხობს მოაწერს თუ არა საერთოდ ხელს. ამან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ასევე იყო კითხვები სამუშაო ჯგუფის მოწვევის პროცედურებზე. კითხვა დაისვა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებზეც. საბჭოს წევრებს ჰქონდათ გარკვეული კითხვები იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ მოუხადა ბოდიში ნინო გვენეტაძემ საბჭოს სახელით ნაზი ჯანეზაშვილს“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მისივე განმარტებით, მცდელობა, რომ სხდომის ბოლოს მივიღოთ პასუხები, წარმოშობს ეჭვს, რომ ეს შესაძლოა მოხდეს არა საბჭოს ფორმატში, არამედ პრივატულ ვითარებაში, დახურულ კარს მიღმა. უნდა გაიგონ მოსამართლეებმა, თუ რა პასუხი აქვს თავმჯდომარეს მათ საკითხთან მიმართებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტის კვოტით წარდგენილმა წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კი განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ეწევიან საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და იგი ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს და ფაქტობრივ გარემოებებს საზოგადოებას წერილობითი ფორმით წარუდგენს.

როგორც მჭედლიშვილმა აღნიშნა, სწორედ საბოტაჟის გამო ვერ ხერხდება მოქალაქეებისთვის მართლმსაჯულების მიღება. მისივე თქმით, ის ვერ მისცემს უფლებას მოსამართლე წევრებს გააგრძელონ საბოტაჟი.

„გასულ წელს ერთხელ დაავანონსე, რომ მოსამართლე წევრები ეწევიან საბოტაჟს ქვეყნის წინაშე. მე დღესაც ვიმეორებ, რომ ეს საბოტაჟი გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამ საბოტაჟის შედეგია ის, რომ დღეს მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი აღარ არის მოქალაქეებისთვის, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში 3-4 წლის განმავლობაში უწევს მოქალაქეებს მართლმსაჯულების მიღება. ეს არის შედეგი იმ ქცევების, რაც ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ მოსამართლე წევრების და მათ საბოტაჟის უფლებას ვერ მივცემთ“, - განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

როგორც მჭედლიშვილი აცხადებს, საბოტაჟის მიზანი არის თვითგადარჩენა და გავლენის სფეროების მოპოვება ისე, როგორც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში.

ყველა ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ სასამართლო რეფორმა გაატარა, თუმცა რაც დრო გადის, საზოგადოება კიდევ უფრო მეტად რწმუნდება, რომ სასამართლო რეფორმამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი.