დენის ახალი ტარიფი თვის ბოლომდე გამოცხადდება

დენის ახალი ტარიფი თვის ბოლომდე გამოცხადდება

2-3 კვირაში ზუსტად იქნება ცნობილი დენის გადასახადი გაძვირდება თუ ჯერჯერობით იგივე დარჩება. ქვეყანაში და ენერგოსექტორში არსებული დაძაბული ვითარება, კომუნალური გადასახადების გაზრდის საფრთხეს ქმნის. ერთ-ერთი უმთავრესი მათ შორის ლარის დევალვაციაა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განმარტებით, სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს ერთი კონკრეტული თვის გაცვლითი კურსით არ ითვლის.

„ჩვენ როგორც წესი, ვუყურებთ საშუალო კურსს და ხვალ რაც არ უნდა მოხდეს, ზუსტად ვიცით, რომ 2017 წლის განმავლობაში საშუალო კურსი იყო 2.5-ის (1 აშშ დოლარი 2.5 ლარი ღირს) დონეზე. ამის გათვალისწინებით, კონკრეტული ერთი თვის კურსი არსებით გავლენას ტარიფზე ვერ მოახდენს. ჩვენ ისევ ავიღებთ იმ კურსს, რომელიც გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში. თუ ბიუჯეტის კანონი არ იქნა იმ დროისთვის, პროექტით გათვალისწინებულ კურსს ავიღებთ. რა თქმა უნდა, ლარის კურსს ტარიფზე გავლენა აქვს და ეს 2015 წელს გამოჩნდა, მაგრამ მაშინ ცვლილება ძალიან არსებითი იყო - 1.65 ლარიდან გადავთვალეთ ტარიფი 2.4-ის დონეზე“, - განმარტა ირინა მილორავამ.

გარდა ამისა, სამომხმარებლო ტარიფის ფორმირებაზე განსაკუთრებული გავლენა კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას აქვს.

„ეს არის კაპიტალტევადი საწარმოები და შესაბამისად, კაპიტალური დანახარჯების წილი ამ ტარიფში ძალიან მაღალია“, - აღნიშნა მან.

პარალელურად, ტარიფზე ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაც აისახება. „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოხმარების ზრდას და იგი გავლენას ახდენს როგორც განაწილების ტარიფზე, ისე ელექტროენერგიის, როგორც პროდუქტის ღირებულებაზე - როცა მოხმარება იზრდება, განაწილების ტარიფი მცირდება, მაგრამ გაზრდილი მოხმარება, ძვირიანი ელექტროენერგიის შესყიდვას ნიშნავს, ამდენად ამ კომპონენტს აქვს ორმხრივი ეფექტი“, - განმარტა სემეკის თავმჯდომარემ „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას.

სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს გადაწყვეტილი იქნება ელექტროენერგიის კომუნალური გადასახადი მოიმატებს თუ არა. მანამდე კი სემეკმა „ინტერ რაოს“ ინტერესი გაითვალისწინა და მის მფლობელობაში მყოფ, „ხრამჰესი 1“-ის წარმოების ტარიფი 1,58 თეთრით, ხოლო „ხრამჰესი 2“-ის ტარიფი 1,85 თეთრით გაიზარდა. რამდენადაც „თელასი“ უმეტესად სწორედ ამ ჰესებიდან მარაგდება, არის საფრთხე, რომ „ინტერ რაოს“ კუთვნილი ელექტროსადგურებისთვის ტარიფების ზრდა კომუნალურ გადასახადზეც აისახოს.

რუსულ ენერგოგიგანტი კარგა ხანია ლარის გაუფასურებისგან მიღებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ინვესტორი დავის მიმდინარეობისას სტიმულირებისა და ინვესტიციის ურთიერთდაცვის შეთანხმებას ეყრდნობა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ დაარღვია. საერთო ჯამში, კომპანია საქართველოსგან 175 მილიონ დოლარს ითხოვს.

ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე კი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე დავა „ინტერ რაომ“ დენის გადასახადის გაძვირების სანაცვლოდ შეაჩეროს. მართალია, ამაზე დანამდვილებით საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ ეჭვი არსებობს და არცთუ უსაფუძვლო.

„ვფიქრობ, „ინტერ რაოს“ აუცილებელი მოთხოვნა იქნება, რომ სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდოს. ველოდები, რომ ასეც მოხდება. არც ის არის გამორიცხული, ამის სანაცვლოდ რუსულმა კომპანიამ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დავა უკან გაითხოვოს. ყველაფერი იყო მიზანმიმართულად გაკეთებული და ამით საბოლოოდ ჩვენი მოსახლეობა დაზარალდება“, - აცხადებს ჭიჭინაძე.